პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსს, პიარსკოლის კურსდამთავრებული, ანა მარშანია აფასებს:
მოკლედ მოგვიყევი შენი საქმიანობის შესახებ..
ამჟამად ვმუშაობ რადიო „პალიტრაში“, საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციაზე, ასევე ვარ ტელეკომპანია PALITRANEWS-ის გადაცემა „აქტუალური თემის“ წამყვანი.
როგორ იყენებ პიარსკოლაში მიღებულ ცოდნას პრაქტიკულ საქმიანობაში?
სამუშაო პროცესში თავისთავად, თუმცა მის მიღმაც, აღსანიშნავია, რომ პიარსკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება მხოლოდ საქმეში არ ხდება. კურსის პირველი ლექცია ეფექტური კომუნიკაციების შესახებ ტარდება. დამეთანხმებით, რომ ეფექტური კომუნიკაციის დამყარება ყველასთან საჭიროა, შინ და გარეთ. კარგად მახსოვს, პირველივე ლექციის დასრულებისთანავე როგორ შევცვალე და დავხვეწე მიდგომები ადამიანებთან ურთიერთობისას, რამდენი ხარვეზი და ნაკლი დავინახე ჩემი თუ სხვების კომუნიკაციაში.
შენი აზრით, რა არის პიარსკოლის კურსის უპირატესობა? რატომ უნდა ისწავლონ მარკეტინგული კომუნიკაციების კურსზე?
პიარკოლაში ზუსტად იციან რა შესთავაზონ პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციებით დაინტერესებულ სტუდენტებს, რა მოთხოვნებია ბაზარზე. აქ საგნებს სფეროს ლიდერები ასწავლიან, შესაბამისად, მათ ყველაზე უკეთ იციან რა ხდება უშუალოდ მათ დარგში, რა სიახლეები და გამოწვევებია. თეორიული ნაწილის გარდა, ლექციებზე მნიშვნელოვანი დრო მათი მრავალწლიანი გამოცდილების გაზიარებას, კონკრეტული ქეისების განხილვას ეთმობა, შესაბამისად, პრაქტიკული ნაწილი ძალიან ინფორმაციული და საინტერესოა. ამასთან, აქ სტუდენტების სახით იკრიბებიან განსხვავებული პროფესიის, განსხვავებული ინტერესების მქონე ადამიანები, რაც თავის მხრივ, კონტაქტების დიდ წრესა და კაპიტალს ქმნის.
ყველაზე მეტად რა მოგეწონა კურსში?
იყო ლექცია და ლექტორი, მხოლოდ მისი ქვეკურსი რომ გამევლო, მხოლოდ მის მოსასმენად ღირდა პიარსკოლაში სწავლის დაწყება. ხშირად მიფიქრია, სიამოვნებით დავჯდებოდი სადმე, კუთხეში, მის სამუშაო ოთახში, მოვუსმენდი, დავაკვირდებოდი როგორ მუშაობს, როგორ გეგმავს. დიდი კომფორტი და გამართლებაა ასეთ ადამიანთან ურთიერთობა. ძალიან მაკლია და მენატრება… და წარმოიდგინეთ, მის გარდა იყო კიდევ 11 ლექტორი, თავისი საქმის მცოდნე და პროფესიონალი. შეიძლება გაგეცინოთ, მაგრამ ლექციების ვიდეოჩანაწერები აუდიო ფორმატში გადავიტანე, მობილურში გადავწერე და სამსახურიდან სახლში მიმავალი ყურსასმენებით ვუსმენ. სხვათაშორის, ბევრი მეკითხება რამდენად ეფექტური იყო კურსის ონლაინ ფორმატში გავლა. ბუნებრივია, რეალურ ურთიერთობებს არაფერი სჯობს, თუმცა ონლაინ ფორმატსაც თავისი პლიუსები აღმოაჩნდა. პირველ რიგში ის, რომ არც ერთი ლექცია არ გამიცდენია და კოვიდინფიცირებულმაც კი მოვახერხე კოვიდსასტუმროდან (სიცხიანმა და ზოგჯერ, ტკივილებით დაკლაკნილმა) ლექციებზე დასწრება.
რას ნიშნავს შენთვის იყოს პიარსკოლელი?
ვიყო პიარსკოლელი ნიშნავს ვიყო დიდი ოჯახის წევრი, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან, წარმატებულ, მიზანდასახულ, მოტივირებულ ადამიანებს. იყო პიარსკოლელი ნიშნავს გყავდეს საკონტაქტო პირი ყველგან, სადაც დაგჭირდება და რაც მთავარია, შენც იყო მათთვის ერთგვარი ხიდი, საყრდენი, საჭირო ადამიანი კომუნიკაციის პროცესში. საქმიანი კავშირების გარდა, ეს არის საინტერესო ადამიანების გამორჩეული ქსელი, გამორჩეული ურთიერთობებით.