პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრატურას ვამთავრებდი. ამ პერიოდში ხშირად მქონდა კითხვა, თუ რომელი სფერო შემესწავლა დამატებით. მინდოდა ისეთი პროფესიის შესწავლა, რომელიც ჩემს ბუნებასთან იქნებოდა ახლოს. ჩემი კომუნიკაბელურობიდან და ხასიათის სხვა თვისებებიდან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ პიარი აყო ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად და თავისუფლად ვიგრძნობდი, ასეც მოხდა…

კურსი სოფო შუბლაძემ გახსნა. სოფო გვიკითხავდა ეფექტური კომუნიკაციის ლექციებს. სოფო – უენერგიულესი, უნიჭიერესი, თავის პროფესიაზე შეყვარებული და გადარეული ადამიანი იყო. ზუსტად მან მომცა დამატებითი სტიმული, მოტივაცია და მუხტი იმისა, რომ გამეგრძელებინა პიარსკოლაში სწავლა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მერგო წილად გამეცნო ის და მონაწილეობა მიმეღო მის სუპერ სამოტივაციო და ენერგიის მომცემ ლექციებში.

უნდა აღინიშნოს, რომ პიარსკოლის ყველა ლექტორი გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. ისინი გვიზიარებენ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ თავიანთ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.

მსოფლიო პანდემია პიარსკოლაში სწავლის პერიოდში გამოცხადდა. ყველანი ავღმოჩნდით ერთმანეთისგან იზოლირებული, ამიტომაც მიმდინარე კურსიც შეჩერდა. თვითიზოლაციის პერიოდში, პიარსკოლის წარმომადგენლები გვერდში გვედგნენ და უსასყიდლოდ გვამხნევებდნენ ონლაინ ტრენინგებით. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სოსო გალუმაშვილს. იგი ყოველთვის გვაგრძნობინებდა, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და თვითიზოლაციის პერიოდი გამოგვეყენებინა თვითგანვითარებისთვის.

მოგვიანებით პიარსკოლის კურსი უკვე ახალი სახით, ონლაინ ჩართვების საშუალებით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვინდოდა აუდიტორიებში, ცოცხალ რეჟიმში გაგვერძელელებინა შეხვედრები, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმმა გაამართლა. ჩვენ, მოსწავლეებმა და პიარსკოლის წარმომადგენლებმა მარტივად ავუღეთ ონლაინ სწავლების რეჟიმს “ალღო” და დაწყებული საქმე ( კურსი) წარმატებულად მივიყვანეთ ბოლომდე.

პიარსკოლამ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა, შემიცვალა ხედვა. პიარსკოლის კურსის საშუალებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გამიფართოვდა ცოდნა არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული მიმართულებითაც. მიღებული ცოდნა მეხმარება, ფეხი ავუწყო თანამედროვე მოვლენებს და თავდაჯერებულად ვუპასუხო ახალ გამოწვევებს.

პიარსკოლას ვურჩევ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები, საკუთარ თავში ჩამოიყალიბოს ახალი ხედვა და მიზნები.

მე ვამაყობ რომ პიარსკოლის კურსდამთავრებული ვარ!

პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

პიარსკოლის შესახებ ყოველთვის ბევრი მსმენოდა და გამეგო. ვიცოდი, რომ ეს იყო განსაკუთრებული, საინტერესო და მრავალფეროვანი კურსი, თუმცა ის რაც გამოვცადე, ის პროცესები, რაშიც აქტიური მონაწილეობა მივიღე არის დაუვიწყარი გამოცდილება და მოგონება, რომელსაც კომუნიკაციების ჯადოსნურ სამყაროში შებიჯებას დავარქმევდი და რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ჩემთვის იმ წარმატებულ გადაწყვეტილებათა სიაში, რომლითაც ვამაყობ.

მთელი კურსის განმავლობაში აქამდე არსებულ თეორიულ ცოდნას ისეთი მიმართულება მიეცა, იმდენი ხედვა, ახალი იდეა დაიბადა, რომელთა სრულყოფილად განსახორციელებლად შეიძლება რამდენიმე წელიც დამჭირდეს.

პიარსკოლა – ეს არის თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ყველა დახურულ კარს მიღმა, ყველა მიუწვდომელ “ჭუჭრუტანაში” გაგახედებთ და დაგანახებთ რომ კომუნიკაციები იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით.

ახლა სეირნობ ქუჩებში,  უყურებ სარეკლამო ბანერებს, ბილბორდებს, გიგანტი ქართული თუ უცხოური კოპმანიების სარეკლამო და პიარ სტრატეგიებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს თითოეული პიარ კამპანია შენს თვალწინ შეიქმნა, თითქოს მათ დაგეგმვაში შენი წვლილი შეიტანე, იცი რა პროცესს რა მოყვა, როგორი პოზიციონირების განაცხადით, სტრატეგიით და სეგმენტაციით განხორციელდა. თითქოს წინასწარ იმუშავე კომპანიის იმ ტენდენციებსა და მიდგომებზე, რომელიც  მის იმიჯსა და რეპუტაციას უზრუნველყოფს, აანალიზებ ამ ყველაფერს და გრძნობ, რომ ეს სფერო შენია, სფერო, რომელშიც ბევრი გაქვს სათქმელი.

მე მიყვარს პიარსკოლა და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული ლექცია და ლექტორი. საალექციო საათები, რომელიც არასოდეს ყოფილა ისეთი საინტერესო და ჯადოსნური, როგორც 2019 წლის შემოდგომით..

და ბოლოს, იყო პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსდამთავრებული – ეს არის დიდი ძალისხმევა და გამოწვევაა, ერთგვარი გარანტი იპოვო საკუთარი თავი, გწამდეს შენი განუზომელი შესაძლებლობების და  იყო წარმატებული მთელი კარიერის განმავლობაში.

კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – უამრავი ფიქრი, აზრი, განცდა, ასოციაცია უკავშირდება ამ სიტყვებს.

ყოველდღიურად ვუყურებთ, ვკითხულობთ, ვხვდებით საინტერესო  ,,კონტენტს“, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველი სიტყვების თუ გამოსახულების უკან დგანან. მაგრამ ვგრძნობთ, ვგრძნობთ რომ ,,ფერად“ ეპოქაში ვცხოვრობთ, და კომუნიკაციაც, შესაბამისად, ,,მრავალფერია“ – ტრადიციული, ავანგარდული, თამამი, კონსერვატული, საინტერესო, მოსაწყენი, მიმზიდველი, ჩამთრევი…

თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი, ვაფასებდი და ვაკეთებდი… მაგრამ, 2020 წლის სექტემბერი სულ სხვა ,,ფერებით“ და სიახლით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. უცნაური და საოცარი, თითქოს, არაფერი ჩანდა – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი უნდა დაწყებულიყო პიარსკოლაში. დაიწყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. პანდემიამ და იზოლაციამ, პიარ სკოლის მე-40 ნაკადი (ციფრიც თითქოს საკრალური აღმოჩნდა – 20+20=40) zoom-ში შეგვახვედრა ერთმანეთს.

გარემო ნამდვილად არ იყო ტრადიციული – არ გვქონდა დაფა, მერხები და მხოლოდ ერთმანეთის სახეებს ვხედავდით. უცნაური გრძნობა მქონდა, რა უნდა მომხდარიყო, როგორ ან რატომ?… მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი; სწავლის პროცესი ,,საოცრებათა ქვეყანას“ დაემსგავსა და მეც ლუის ქეროლის ლეგენდარული პერსონაჟი – ელისი გავხდი. მოლოდინი ნამდვილად დიდი მქონდა, მაგრამ ის, რაც ვნახე, გავიგე და ვისწავლე, სტანდარტული განზომილების საზღვრებს გასცდა. გასცდა და მეც, გაოცებული და აღფრთოვანებული, კომუნიკაციების ჯადოსნურ ზღაპარში მოვხვდი.

არა, აქ არც ნახატი დეკორაციები იყო და არც გამოგონილი პერსონაჟები; ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვიყავით რეალურ დროსა და რეალურ ადგილას, მაგრამ, კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობდით საინტერესო ამბებით, თემებით, საკითხებით, პერსონაჟებით.

სასიამოვნოდ გაოცებულს, ხშირად, დაძინება მიჭირდა, დიდხანს ვფიქრობდი იმ სახეებზე, სიმბოლოებზე, ფორმებზე, საკითხებზე, თემებზე, რასაც ვეცნობოდი. ზოგჯერ გული მწყდებოდა, საგნები მალე რომ მთავრდებოდა, თუმცა მოუთმენლად ველოდი ახალ თემებს, ახალ ლექტორებს, სიახლეებს, სასიამოვნოდ გაოცებას, გამოცდილების მიღებას.

ისე საოცრად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა ეს მოგზაურობა მალე დასრულებულიყო, მაგრამ ყველა დასაწყისს აქვს დასასრულიც. ჰო, ყველაფერი სრულდება… არა, არ სრულდება, გრძელდება ემოციების, ცოდნის, შთაბეჭდილებების, გამოცდილების მეშვეობით.

მე აღარ ვარ ის, ვინც აქ მოსვლამდე ვიყავი: ჩემთვის მარკეტინგული კომუნიკაცია ცხოვრების მანტრა გახდა,  ბრენდის შექმნა – დაუვიწყარი გამოცდილება, პიარ-გეგმის შედგენა – ემოციური ,,სთორი“, ყველაფერი ერთად კი – ცხოვრების სტრატეგია!..

მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

ბევრი ჩემი მეგობარი ყოფილა პიარსკოლელი, გავიკითხე, მოვიძიე, გავეცანი ინფორმაციებს პიარსკოლის კურსის შესახებ და სულ რამდენიმე წუთში მივიღე გადაწყვეტილება – დავრეგისტრირდი.

20 იანვარს დავიწყეთ სწავლა.. თუმცა, 2 თვეში Covid-19 შემოიჭრა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, გამოგვკეტა სახლებში და „დაგვაპაუზა“. სტუდენტების უმეტესობამ გადავწყვიტეთ, დავლოდებოდით პანდემიის გადავლას და კვლავ აუდიტორიაში გაგვეგრძელებინა სწავლა, თუმცა…

დისტანციურ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს… ლექტორების სიას თუ გადახედავთ, მიხვდებით თუ რა მიზეზით არ მსურდა სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება. სხვა ხიბლი აქვს რეალურ კომუნიკაციას, რეალურ აღქმად ემოციებს ასეთ ლექტორებთან ურთიერთობისას…

ახლა, უსამართლობა იქნება Covid-19-ს მადლობა არ ვუთხრა, იმისათვის რომ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ლექციებს განმეორებით, აწ უკვე ონლაინ რეჟიმში. სწავლა 20 სექტემბერს განვაახლეთ. პირველი გაოცება გასაუბრებისას, სოსო გალუმაშვილმა გამოიწვია, შემდეგ იყო ნინო ჩიჩუა, ანდრო მეტრეველი, მაიკო ძირკველიშვილი, კახა მაღრაძე, ნინი ლაშქარიშვილი და თითოული სხვა.. ესენი გახლავთ ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან თავიანთ საქმეზე და სასწაული გრძნობით გადმოგცემენ და გიზიარებენ პირად გამოცდილებას.

რატომ პიარსკოლა? – იმიტომ რომ ეს არის კურსი, სადაც შესაძლებლობა გაქვს დარწმუნდე საკუთარ თავში და თამამად თქვა – მე ეს შემიძლია! ჰო, შენ შეგიძლია უკეთ დაინახო შენი შესაძლებლობები! სწორად დაგეგმო და მართო ესა თუ ის პროექტი! შეიძინო საუკეთესო მეგობრები ლექტორებისა და სტუდენტების სახით! დარწმუნდე, რომ ჩვენი მომავალი მართლა ჩვენს ხელშია!

როგორია იყო პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი

გამარჯობა, მე ნინო ეფხოშვილი ვარ, პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების ტრენერი და ქოუჩი. უფრო მარტივად რომ ვთქვა ადამიანებს და ორგანიზაციებს ვეხმარები განვითარებაში, ცნობიერების ამაღლებაში და შედეგების გაუმჯობესებაში.

განვითარება, ცნობიერების ამაღლება და საკუთარი შედეგების გაუმჯობესება ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ მოვხვდი 2012 წელს პიარსკოლაში. 8 წლის წინ განსაკუთრებით დეფიციტური იყო საქართველოში ისეთი ადგილი, სადაც პიარზე და მარკეტინგული კომუნიკაციაზე შეგეძლო ყველაზე მაგარი ადამიანებისგან და პროფესიონალებისგან გესწავლა და მე ძალიან გამიმართლა. მაშინ ჯერ კიდევ კორპორატიულ სამყაროში ვიყავი და ჩემს კომპანიაში განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები შემოვიკრიბე და ერთად წავედით პიარ სკოლაში.

მერე სულ ვაკვირდებოდი ამ ადამიანების განვითარებას და შემთხვევით არ იყო რომ ისინი კომპანიის შიგნით თუ გარეთ გამორჩეულად ახერხებდნენ წინსვლას, ვფიქრობ რომ ამაში პიარსკოლას დიდი წვლილი მიუძღვის.

რამდენიმე წლის წინ კორპორატიულ სამყაროში მოღვაწეობის პარალელურად საკუთარი მისიაზე ორიენტირებული კომპანია დავაფუძნე _ ,,წარმატების სკოლა” და თავისუფალ დროს ტრენინგებს ვატარებდით ადამიანებისთვის, ვისთვისაც განვითარება და ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვანია. ცოტა ხნის წინ მთლიანად გადმოვერთე ამ საქმიანობაზე და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ის ვაკეთო რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია და ადამიანებს და ორგანიზაციებს დავეხმარო საკუთარი ღირებულებების გარკვევაში და საკუთარი ღირებულებების ერთგულებით შედეგების გაუმჯობესებაში.

ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერში პიასკოლა ძალიან დამეხმარა და ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა ლექტორს, რომლებისგანაც ვისწავლე ღირებულებების ერთგულება და მთლიანად პიარსკოლას, რომელიც არის ჩემთვის კარგი და სასარგებლო საქმის კეთების მაგალითი.

თათა კაპანაძე “კალეისი”-სა და პიარსკოლაში მიღებული გამოცდილების შესახებ

4 წლის წინ ერთ-ერთ  სტარტაპ კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სადაც უამრავი გამოცდილება დავაგროვე და განვვითარდი. დროთა განმავლობაში გამიჩნდა სურვილი, პარალელურად, საკუთარ გამოცდილებებზე დაყრდნობით, პატარა ბიზნესი წამომეწყო და აღმომეჩინა, გამომეცადა საკუთარი ძალები და შესაძლებლობები. ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად 2018 წელს შევქმენი ვერცხლის აქსესუარების კომპანია „კალეისი“, რომელიც მომხმარებელს მინიმალისტური სტილის, მაღალი ხარისხის ვერცხლით დამზადებულ აქსესუარებს სთავაზობს და გამოირჩევა ორიგინალური შეფუთვით.

რადგან აქამდე არ მქონია ბიზნესის კეთების გამოცდილება მივედი გადაწყვეტილებამდე რომ ჩემი ცოდნა უფრო მეტად გამეღრმავებინა და გამეფართოვებინა პიარისა და მარკეტინგის კუთხით, რადგან დღესდღეობით ამ ორი პროფესიის ცოდნის გარეშე ძალიან რთულია ბაზარზე პოზიციონირება და ბრენდის შექმნა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე პიარსკოლაში გამევლო პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგის კურსი და ჩემი არჩევანით ძალიან კმაყოფილი ვარ. გავიგე უამრავი რამ კვლევების, მარკეტინგის, ბრენდინგის, სოც.მედიისა და სხვა ბევრი საკომუნიკაციო არხის შესახებ. ვიმუშვე რეალურ პროექტზე და მთელი ეს სამთვიანი გამოცდილებები უფრო მეტად დამეხმარა საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.

კალეისი დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

იხილეთ კალეისის Facebook გვერდი მოცემულ ბმულზე: https://www.facebook.com/kaleisii/

ანი ხავთასის პირადი INSTAGRAM ბლოგი და მისი გამოცდილება

მას შემდეგ, რაც ვიზაჟისტობა შევისწავლე ინსტაგრამზე განვათავსე ჩემი ნამუშევრები იმ მიზნით, რომ ხალხს შეეტყო ჩემი საქმიანობის შესახებ. ჩემდა გასაკვირად მალევე წამოვიდა დაინტერესება და ხალხის ჩართულობა. თავიდან ბლოგის იდეა არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ცოდნის გაზიარება და კიდევ უფრო გავაქტიურდი. ჩემი გვერდი სილამაზეს და თავის მოვლას ეხება.

პიარსკოლას დიდი როლი მოუძღვის ჩემს გაზრდაში, აქ მიღებული მარკეტინგული ცოდნა დამეხმარა დამესვა სწორი აქცენტები და ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლამდე სწორად მიმეტანა. პიარსკოლიდან ბევრ სიკეთესთან ერთად ვისწავლე ისიც, რომ “მომხმარებელს”, ჩემს შემთხვევაში გამომწერებს, არასდროს უნდა მოვატყუო, მთავარია მათ გულწრფელი ემოცია გავუზიარო! ამიტომაც, ვფილტრავ კომპანიებსაც და კონკრეტულ პროდუქტებსაც. ვისწავლე სწორი კომუნიკაცია, როგორც ბრენდებთან,  ისე გამომწერებთან, რაც უმნიშვნელოვანესია.

ქალბატონი სოფო შუბლაძის ლექციების (ეფექტური კომუნიკაციები) დახმარებით უფრო გახსნილი და თავდაჯერებული ვარ, ბატონი ალექსანდრე გაბუნიას ლექციების (ვიზუალური მარკეტინგი) დახმარებით კი დეტალებზე ორიენტირებული გავხდი! “ბრენდინგი” კი იყო ის საგანი, რომელმაც ახალი იდეები და მათი სწორად განხორციელების სურვილი მომიტანა.

იხილეთ ანის პირადი ბლოგი: https://www.instagram.com/anixavtasii/

სტარტაპ-სტატუსის გამარჯვებული MUZA და თინა დონაძის გამოცდილება

ხშირად გვესმის, რომ ახალი თაობა ტექნოლოგიებმა დააშორა ისტორიასა და კულტურას, გვინდა სწორედ ტექნოლოგიების დახმარებით აღვადგინოთ ეს კავშირი.

MUZA აპლიკაციაა, რომელიც მუზეუმში ვიზიტს თამაშად აქცევს. გუნდში სამნი ვართ, მე, ქეთა ჩიღვინაძე და სალომე ნაფეტვარიძე. მალე, მუზეუმში სტუმრობა მეტად სახალისო და შემეცნებითი გახდება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. სხვადასხვა სივრცესა და ექსპონატებზე მორგებული მისიები, გუნდური თამაში და ინტერაქცია მუზეუმში მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებას ამარტივებს. აპლიკაციას ექნება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა, სიჩქარის კონტროლი, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენი მოთამაშეები დანარჩენი დამთვალიერებლებისთვის ‘შეუმჩნევლები იქნებიან. თამაშის ბოლოს კი ვიზიტორი კითხვარს ავსებს, რომ მიღებული ცოდნა გაამყაროს და გამოცადოს.

იდეამ რამდენიმე დემო დღე და კონკურსი გაიარა. MIT-ს გლობალურ სტარტაპ ლაბს, რეგიონში პირველად, ჩვენმა უნივერსიტეტმა BTU-მ უმასპინძლა. პროექტის ფინალურ დღეს Silknet-ის ფულადი პრიზი 10,000 ლარი მოვიგეთ. ამ თანხით აპლიკაციის საცდელ ვერსიაზე ვიმუშავეთ, რომელსაც მალე ვაჩვენებთ მომხმარებელს. ცოტა ხნის წინ BTU-ს სტარტაპ-სტატუსი მოგვენიჭა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებას.

პროექტზე მუშაობისას ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებთ. ფსიქოლოგები, მასწავლებლები, ისტორიკოსები, მუზეუმის გუნდის წევრები გვეხმარებიან, რომ აპლიკაცია გამართული იყოს და სხვადასხვა ადამიანის ინტერესებს მოვარგოთ.

ჩემი ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა და როლი MUZA-ს გუნდში მარკეტინგულ კომუნიკაციებს უკავშირდება. ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პიარსკოლაში მივიღე, რაც ყოველ ეტაპზე მეხმარება. დღემდე ხშირად ვუბრუნდები ლექტორებს და მენტორებს სხვადასხვა რჩევისთვის. მიხარია, რომ ეს გუნდი გავიცანი და სამთვიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა.

COVID-19 შემოქმედებითად

#culturematters

2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც დიდი კრიზისის და გამოწვევების პერიოდი. ასე მგონია, პანდემია ყველას და ყველაფერს შეეხო – კონკრეტული ადამიანებიდან გლობალურ ინდუსტრიებამდე.

თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა პირველმა პანდემიის დარტყმა ზუსტად შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა განიცადეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცხადია, არც საქართველო გახდა გამონაკლისი. პირიქით, ჩვენს ქვეყანაში კრიზისის შედეგები გაცილებით უფრო სავალალოა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

გარდა იმისა, რომ დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ ანტიკრიზისული გეგმის შესრულებაზე, პარალელურად არაერთმა სახელმწიფო უწყებამ თუ კერძო ფონდმა დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რა ზარალი მიაყენა პანდემიამ შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს, რა არის სამოქმედო გეგმა და როგორი იქნება პოსტ-კრისიზუსული პერიოდი.

რატომაა მნიშვნელოვანი ორივე პროცესის პარალელურად განხორციელება? პასუხი მარტივია.

მოდით გავიხსენოთ, რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები. საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის თანახმად, ეს არის „სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები მრავალფეროვანი კულტურული პროდუქტის შექმნით ავითარებს კულტურის ეკონომიკას და გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას უწყობს ხელს. ამ პროცესის მსოფლიო ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 111 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება (საშუალოდ 12%). კოსმიური, და ამავდროულად სრულიად რეალისტური ციფრებია.

შედარებისთის, 2017 წლის იუნესკოს რეპორტის თანახმად, საქართველოში კულტურის ეკონომიკა საერთო შემოსავლის 2.8% შეადგენდა. და ეს ციფრი ვერ იქნება ბევრად გაზრდილი მიმდინარე პერიოდისთვის.

კვლევის შედეგები

საქართველოს მთავრობისთვის ანტი-კრიზისული გეგმის ბოლო პუნქტში შემოქმედებითი საქმიანობა „ყველა სხვა საქმიანობასთან“ ერთადაა მოხსენიებული. დამეთანხმებით, შემოქმედებითი სექტორის ყოველგვარი პრიორიტეტებიდან ამოღება დიდი საფრთხის შემცველია.

იმის გასარკვევად, როგორი გავლენა იქონია გლობალური პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი სფეროს სექტორზე, ოთხმა კულტურის ლიდერმა (ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი, ელენე მეჩითოვა და ნინო წითლანაძე) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ კითხვარი – „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“.

კვლევა 30 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოიკითხა 81 ადამიანი, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებიდან. აქედან 63% – ხელოვანები და 33,3% – არტ მენეჯერები და კულტურის ლიდერი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კრიზისმა სექტორის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. 23% აცხადებს, რომ საქმიანობის ადაპტირების გეგმა არ აქვს იმ დროს, როცა 53% ჯერ ჩამოყალიბებულიც არ არის.

მთლიანობაში, კვლევის შედეგები, ერთდროულად მოსალოდნელიც იყო და მოულოდნელად პესიმისტურიც.

  1. გამოკითხულთა 44.7% შემოსავლის გარეშე დარჩა;
  2. 45.7% ხელოვანს შემოსავლის სხვა ალტერნატიული წყარო არ აქვს;
  3. 71.6% აცხადებს, რომ აპრილი-ივნისის თვეში დაგეგმილი ყველა შემოქმედებითი აქტივობის გადადება მოუწია;
  4. ყველაზე ხშირად, გადადებულ ან გაუქმებულ პროექტებში მოიაზრებიან ფესტივალები (27.9%), მუსიკოსები (14.7%) და გამოფენები (7.3%)
ონლაინი თუ არაფერი?

პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა, და ერთ-ერთი მთავარი გლობალური ტენდენციაა საქმიანობის მაქსიმალურად ონლაინ სივრცეში გადატანა. ჩვენ ვკითხეთ კვლევის რესპონდენტებს, რამდენად შესაძლებელია მათი პროექტების ონლაინში გადატანა.

შედეგად, 46.9% აცხადებს, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მათი პროექტების გარკვეული ფორმით ტრანსფორმირება, 45,7% კი ამბობს, რომ მათი საქმიანობის ფორმატის შეცვლა შეუძლებელია. და მხოლოდ 7,4%-თვის საქმიანობის ვირტუალიზაცია სრულად შესაძლებელია.

აქედან გამომდინარეობს გამოკითხულთა 21.8% მოსაზრება, რომ ერთერთი გამოსავალია ონლაინ პლატფორმების შექმნა, სადაც არტისტები თვითრეალიზებას შეძლებენ, გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ.

მთლიანობაში, კვლევიდან გამომდინარე, ანტიკრიზისული ზომები სფეროს წარმოადგენლებს ასე ესახებათ: ფულადი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (32%), ახალი საგრანტო კონკურსები, რომელიც არსებულ რეალობას მოერგება (28%),  საგადასახადო შეღავათები (4.6%) და ა.შ.

სრულად კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://cutt.ly/iycnrnN

შემოქმედებითი კომუნიკაცია

2020 წლის მარტში კულტურის ლიდერთან, ფესტივალ Black Sea Sound და გალერეა ART UP-ის დამფუძნებელთან ლევან გელიაშვილთან ერთად შევქმენით ონლაინ პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“, რომელიც დღეისთვის სფეროს 500-მდე წარმოამდგენელს აერთიანებს.

ესაა სივრცე, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სფეროს ირგვლივ, როგორც კონკრეტული პრობლემების, ისე საერთო გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. კველვა „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“ კი ჯგუფის პირველი ინიციატივა გახდა.

ყველა ექსპერტი და პროფესიონალი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პოსტ-კრიზისული პერიოდი კიდევ უფრო რთული და გამოწვევებით სავსე იქნება. სფეროს პროფესიონალებს შორის აქტიური აზრთა მიმოცლვა და სხვა დაინტერესებულ სექტორებთან დაკავშირება (როგორიცაა ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები) ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, პოსტ-კრიზისულ პერიოდს თუ არ შეამსუბუქებს, უფრო ცხადს მაინც გახდის. თუ თვლით, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები თქვენი გამოწვევებიცაა, შემოგვიერთდით:

https://www.facebook.com/groups/217748876091631/

რა მომცა პიარსკოლამ?

ეს ის პერიოდია, როდესაც პირველ ნაბიჯებს ვდგავდი მარკეტინგის სფეროში, მჭირდებოდა ჩემი თეორიული ცოდნის უფრო გაღრმავება და პრაქტიკული მაგალითებით განმტკიცება. პიარსკოლამ მომცა სწორედ ეს. აქ გამომუშავებული უნარ-ჩვევები და მიღებული ცოდნა მეხმარება, სწორად დავგეგმო და ვმართო სხვადასხვა პროექტი.

გარდა პროფესიული გამოცდილებისა, პიარსკოლამ მომცა საკუთარი თავის რწმენა, მოკლე დროში უკეთ დავინახე ჩემი შესაძლებლობები და შევიძინე საუკეთესო მეგობრები.

ლექტორების სიას თუ გადახედავთ, აუცილებლად მიხვდებით რატომ ავირჩიე პიარსკოლა. აქ დამხვდა გამოცდილი და პროფესიონალი ლექტორების გუნდი, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად არიან დასახმარებლად. თეორიულ ნაწილთან ერთად, ბევრი პრაქტიკული რჩევაც მივიღე. ეს ის ადგილია, სადაც არასდროს გეზარება მისვლა და შენი ცხოვრების დიდი და საინტერესო ნაწილი ხდება.

ვთვლი, რომ კარიერული განვითარების ყველა ეტაპზე საჭიროა ახალი გამოწვევების მიღება და თეორიული თუ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმტკიცება. სწორედ ამ მიზნით მივედი პიასკოლაში და ცოდნის გაღრმავების გარდა, მივიღე უამრავი დადებითი ემოცია საუკეთესო ლექტორებისგან და ჯგუფის წევრებიასგნ.