კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – უამრავი ფიქრი, აზრი, განცდა, ასოციაცია უკავშირდება ამ სიტყვებს.

ყოველდღიურად ვუყურებთ, ვკითხულობთ, ვხვდებით საინტერესო  ,,კონტენტს“, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველი სიტყვების თუ გამოსახულების უკან დგანან. მაგრამ ვგრძნობთ, ვგრძნობთ რომ ,,ფერად“ ეპოქაში ვცხოვრობთ, და კომუნიკაციაც, შესაბამისად, ,,მრავალფერია“ – ტრადიციული, ავანგარდული, თამამი, კონსერვატული, საინტერესო, მოსაწყენი, მიმზიდველი, ჩამთრევი…

თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი, ვაფასებდი და ვაკეთებდი… მაგრამ, 2020 წლის სექტემბერი სულ სხვა ,,ფერებით“ და სიახლით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. უცნაური და საოცარი, თითქოს, არაფერი ჩანდა – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი უნდა დაწყებულიყო პიარსკოლაში. დაიწყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. პანდემიამ და იზოლაციამ, პიარ სკოლის მე-40 ნაკადი (ციფრიც თითქოს საკრალური აღმოჩნდა – 20+20=40) zoom-ში შეგვახვედრა ერთმანეთს.

გარემო ნამდვილად არ იყო ტრადიციული – არ გვქონდა დაფა, მერხები და მხოლოდ ერთმანეთის სახეებს ვხედავდით. უცნაური გრძნობა მქონდა, რა უნდა მომხდარიყო, როგორ ან რატომ?… მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი; სწავლის პროცესი ,,საოცრებათა ქვეყანას“ დაემსგავსა და მეც ლუის ქეროლის ლეგენდარული პერსონაჟი – ელისი გავხდი. მოლოდინი ნამდვილად დიდი მქონდა, მაგრამ ის, რაც ვნახე, გავიგე და ვისწავლე, სტანდარტული განზომილების საზღვრებს გასცდა. გასცდა და მეც, გაოცებული და აღფრთოვანებული, კომუნიკაციების ჯადოსნურ ზღაპარში მოვხვდი.

არა, აქ არც ნახატი დეკორაციები იყო და არც გამოგონილი პერსონაჟები; ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვიყავით რეალურ დროსა და რეალურ ადგილას, მაგრამ, კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობდით საინტერესო ამბებით, თემებით, საკითხებით, პერსონაჟებით.

სასიამოვნოდ გაოცებულს, ხშირად, დაძინება მიჭირდა, დიდხანს ვფიქრობდი იმ სახეებზე, სიმბოლოებზე, ფორმებზე, საკითხებზე, თემებზე, რასაც ვეცნობოდი. ზოგჯერ გული მწყდებოდა, საგნები მალე რომ მთავრდებოდა, თუმცა მოუთმენლად ველოდი ახალ თემებს, ახალ ლექტორებს, სიახლეებს, სასიამოვნოდ გაოცებას, გამოცდილების მიღებას.

ისე საოცრად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა ეს მოგზაურობა მალე დასრულებულიყო, მაგრამ ყველა დასაწყისს აქვს დასასრულიც. ჰო, ყველაფერი სრულდება… არა, არ სრულდება, გრძელდება ემოციების, ცოდნის, შთაბეჭდილებების, გამოცდილების მეშვეობით.

მე აღარ ვარ ის, ვინც აქ მოსვლამდე ვიყავი: ჩემთვის მარკეტინგული კომუნიკაცია ცხოვრების მანტრა გახდა,  ბრენდის შექმნა – დაუვიწყარი გამოცდილება, პიარ-გეგმის შედგენა – ემოციური ,,სთორი“, ყველაფერი ერთად კი – ცხოვრების სტრატეგია!..

რატომ პიარსკოლა?

პიარსკოლა – ჩემი ცხოვრების დიდი და ძალიან მაგარი მოვლენაა.

ალბათ 10 წელი იქნება, ან უფრო მეტი, რაც თვალყურს ვადევნებ პიარსკოლის სოციალურ გვერდს და ყოველთვის ჩემთვის გონებაში წარმოვიდგენდი: მე რომ ამ მოვლენის მონაწილე ვიყო. და….

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან აქ დამხვდა პროფესიონალი ლექტორების გუნდი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ შენი განვითარებისთვის.

თითოეული ლექცია ჩემთვის და ჩემი ჯგუფელებისთვის იყო დღესასწაული, მათი დასრულების შემდეგ მიჩნდებოდა განცდა, ინტერესი, ნეტა შემდეგი რა იქნება?! და… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდეთ. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს ჩვენ და პიარსკოლა, ისეთი ტკბილი გახდა, მეცადინეობაში თეთრად გათენებული ყოველი ღამე, რომ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

რა შემძინა პიარსკოლამ?! საუკეთესო დღეები, მეგობრები, ახალი ურთიერთობები და ყველაფერი ის, რისი მიღებაც მსურდა.

რას გავაკეთებდი მომავალში ?! პიარსკოლაში ვისწავლიდი. უკვე პიარსკოლის კურსდამთავრებული რომ არ ვიყო…

რატომ ?! მოდი და ამ კითხვაზე თავად ეძიე პასუხი .