ანი ხავთასის პირადი INSTAGRAM ბლოგი და მისი გამოცდილება

მას შემდეგ, რაც ვიზაჟისტობა შევისწავლე ინსტაგრამზე განვათავსე ჩემი ნამუშევრები იმ მიზნით, რომ ხალხს შეეტყო ჩემი საქმიანობის შესახებ. ჩემდა გასაკვირად მალევე წამოვიდა დაინტერესება და ხალხის ჩართულობა. თავიდან ბლოგის იდეა არ მქონდა, მაგრამ ნელ-ნელა დავიწყე ცოდნის გაზიარება და კიდევ უფრო გავაქტიურდი. ჩემი გვერდი სილამაზეს და თავის მოვლას ეხება.

პიარსკოლას დიდი როლი მოუძღვის ჩემს გაზრდაში, აქ მიღებული მარკეტინგული ცოდნა დამეხმარა დამესვა სწორი აქცენტები და ესა თუ ის პროდუქტი მომხმარებლამდე სწორად მიმეტანა. პიარსკოლიდან ბევრ სიკეთესთან ერთად ვისწავლე ისიც, რომ “მომხმარებელს”, ჩემს შემთხვევაში გამომწერებს, არასდროს უნდა მოვატყუო, მთავარია მათ გულწრფელი ემოცია გავუზიარო! ამიტომაც, ვფილტრავ კომპანიებსაც და კონკრეტულ პროდუქტებსაც. ვისწავლე სწორი კომუნიკაცია, როგორც ბრენდებთან,  ისე გამომწერებთან, რაც უმნიშვნელოვანესია.

ქალბატონი სოფო შუბლაძის ლექციების (ეფექტური კომუნიკაციები) დახმარებით უფრო გახსნილი და თავდაჯერებული ვარ, ბატონი ალექსანდრე გაბუნიას ლექციების (ვიზუალური მარკეტინგი) დახმარებით კი დეტალებზე ორიენტირებული გავხდი! “ბრენდინგი” კი იყო ის საგანი, რომელმაც ახალი იდეები და მათი სწორად განხორციელების სურვილი მომიტანა.

იხილეთ ანის პირადი ბლოგი: https://www.instagram.com/anixavtasii/

ყველაფერი აქედან იწყება

სკოლის დამამთავრებელ კლასებში ალბათ ძალიან ხშირია კითხვა – რა ფაკულტეტზე აბარებ? თუმცა 15-17 წლის ადამიანისთვის მაინც რთულია ამაზე ზუსტი და ჩამოყალიბებული პასუხი გასცე, მაგრამ ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის იყო – პიარზე! ჩემს ოჯახშიც ყველა განიხილავდა ამ საკითხს: ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რაზე და რომელ უნივერსიტეტში აბარებსო, არავინ აღიქვამდა სერიოზულად ჩემს პასუხს და მაინც სხვადასხვა პროფესიის ვარიანტებს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც არ იცვლებოდა.

არ ვიცი ჩემი ოჯახის მხრიდან ამ არასერიოზული დამოკიდებულების გამო თუ ჩემი გამბედაობის გამო, რატომღაც პიარზე მაინც არ ჩავაბარე და სხვა პროფესია ავირჩიე. უნივერსიტეტში სწავლების ოთხივე კურსზე ვცდილობდი თავისუფალ კრედიტებად მაინც ისეთი საგნები ამერჩია, რომლებიც პიარს შეეხებოდა, რათა უფრო მეტი რამ გამეგო ჩემი საოცნებო პროფესიის შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს სოციალურ ქსელში პიარსკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის მსგავსი ბლოგპოსტი ამომიგდო და მივხვდი რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. კურსისთვის გაზაფხულზე დავრეგისტრირდი, სწავლა კი სექტემბერში იწყებოდა, მახსოვს ამ 4 თვის განმავლობაში ყველას ძალიან ბედნიერი ვეუბნებოდი სექტემბრიდან პიარსკოლაში ვიწყებ სწავლასთქო და პირველად ცხოვრებაში სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გავიდოდა წლის ჩემთვის ყველაზე საყვარელი სეზონი, რომ 16 სექტემბერი მალე მოსულიყო.

პირველ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა  ლექტორებისა და  ჯგუფელების უშუალობამ, საინტერესო ლექციებმა ნერვიულობა გადაფარა, კიდევ უფრო მომანდომა რაც შეიძლება უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო, რომელიც არც ისეთი ადვილი და დავარცხნილი ყოფილა, როგორც გარედან ჩანდა. ამაში თითოეული ლექტორის გამოცდილების გაზიარებით დავრწმუნდი, რომლებიც გამუდმებით გვიმეორებდნენ, რომ პიარი მოითხოვს უდიდეს შრომას, რომელიც შეიძლება ხშირად არ დაგიფასდეს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ამ სიტყვებშიც კი ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა მათი პროფესიის მიმართ, რომ ყველაფერს გავიწყებდა და უფრო დიდ სურვილს გიჩენდა, რომ ამ რთულ და სტრესულ თავგადასავალში შენც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ყოფილიყავი.

თითოეული ლექცია თავისი ახალი ლექტორითა და საგნით ახალ გამოცდილებას გიზიარებს და ღრმა ცოდნას გაძლევს.

პიარსკოლამ ოცნება ამიხდინა და იმ გზის გაკვლევაში დამეხმარა, რომელსაც დიდი ხანია ვცდილობ. მასწავლა ამ პროფესიის სიღრმეები და ამავდროულად პრაქტიკაშიც გამომაცდევინა, სხვა მიმართულებით სვლა დამაწყებინა, რომელიც დარწმუნებული ვარ სწორ დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს.

პიარსკოლის გარემო

ჩვეულებრივ, მძიმე და დამღლელი სამუშაო დღის მიწურულს თბილი, მშვიდი და კომფორტული გარემო მჭირდება. როგორც წესი, ჭიქა ყავა მეგობრებთან ერთად, გემრიელი ვახშამი ოჯახთან ან უბრალოდ მარტო ყოფნა. ბოლო 3 თვეა, რაც ჩამონათვალს დაემატა პიარსკოლის ლექციები. პირველ დღეებშივე მივხვდი, რომ გარემო თბილიც იყო, მშვიდიც და კომფოტულიც, ამასთანავე უსაზღვროდ საინტერესო.

კვირაში სამჯერ, სამ საათიანი ლექციები საუკეთესო განტვირთვის საშუალებად იქცა ჩემთვის. გული მწყდება, რომ დასრულდა საოცარი ლექციები და რომ კვირაში 3 დღე ვეღარ მოვუსმენ იმ ლექტორებს, რომლებმაც ძალიან მოკლე დროში შეძლეს ჩემზე ისეთი შთაბეჭდილების მოხდენა, რომ მკაფიოდ მახსოვს თითოეულის ხმის ტემბრი, საუბრის მანერა, ენთუზიაზმი, ეიფორია და ზრუნვა.

ანა ჩხაიძე: ამ სფეროში კრეატიულობა ყოველთვის ფასდებოდა და დღესაც უმნიშვნელოვანესია

ინტერვიუ World Vision South Caucasus-ის კომუნიკაციების დირექტორ ანა ჩხაიძესთან

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ მუშაობა დავიწყე World Vision- ში კომუნიკაციების სპეციალისტად. განვითარების სფეროში მუშაობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და ძალიან მიხარია, რომ თანამონაწილე ვარ იმ დადებითი პროცესების, რასაც ეს ორგანიზაცია წლების მანძილზე ემსახურება. ბევრი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში შეგვიტანია წვლილი და მრავალი პოზიტიური ცვლილების უშუალო მონაწილე ვყოფილვართ. კონკრეტული ადამიანების ისტორიების, პრობლემებისა თუ წარმატებების გაზიარება წლებია ჩემი საქმიანობაა. დროთა განმავლობაში აუდიტორიასთან წვდომის ხერხები იცვლება, სოციალურმა ქსელებმა ბევრად უფრო საინტერესო და ინტენსიური გახადა ამ სფეროში მუშაობა.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია იცოდე თუ რა არის შენი მიზანი, რა მესიჯი გინდა მიიტანო საზოგადოებამდე. ამის შემდეგ იწყება ეფექტური გზების ძიება აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად – ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიულობა  და ასევე საკუთარი აუდიტორიის ცოდნა. საკმაოდ კომპლექსური საკითხია უმნიშვნელოვანესია ამ დროს მედიის თანადგომა, მათი დაინტერესება საკითხით.

ამ სფეროში ბევრი რამ იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია მიყვებოდე სიახლეებს, იცნობდე საკუთარ აუდიტორიას.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიური პროცესები მიმდინარეობს ორგანიზაციაში, განსხვავდება ჩემი სამუშაო კვირაც. ამჟამად ვცდილობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. კამპანიით #ესარარისჩემიარჩევანი #NotMyChoice გვსურს საზოგადოებას დავანახოთ მათი პრობლემები და ასევე ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია მათ ცხოვრების შეცვლა. შესაბამისად ჩემი საქმიანობა ამ ეტაპზე მოითხოვს აქტიურ მუშაობას სოციალურ ქსელებში და მედიის ჩართულობაზე ზრუნვას.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

პირველ რიგში, სტრატეგიულად აზროვნება, აუცილებელია გაიაზრო იმ ორგანიზაციის მიზნები და მოთხოვნები, სადაც მუშაობ. ამ სფეროში კრეატიულობა ყოველთვის ფასდებოდა და დღესაც უმნიშვნელოვანესია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და თემები, რაზეც მუშაობ. კონკრეტული ინიციატივის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა გუნდური მუშაობა, გუნდის თითოეული წევრის ძლიერი მხარეების დანახვა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ტრადიციული მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლა სოციალურმა არხებმა, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად ინფორმაციის ნაკადიც დიდია. ბევრად დაჩქარდა პროცესები, სოციალური მედია თავის წესებს გთავაზობს და აუცილებელია მუდმივად აყვე სიახლეებს. აუდიტორიასთან ცალმხრივი ურთიერთობა არ გაქვს, მუდმივ ინტერაქციაში ხარ მასთან, გაქვს შესაძლებლობა დააკვირდე მათ რეაქციებს რა შინაარსის მასალა იწვევს მათ მოწონებას, განსაზღვრო მათი ასაკობრივი ჯგუფი და შესაბამისად უფრო ეფექტურად მიაწოდო ინფორმაცია.

გაიზარდა მოთხოვნა კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ასევე ბევრად გაიზარდა მოთხოვნა ისტორიის ვიზუალურად გადმოცემაზე ( visual storytelling).