ანა ჩხაიძე: ამ სფეროში კრეატიულობა ყოველთვის ფასდებოდა და დღესაც უმნიშვნელოვანესია

ინტერვიუ World Vision South Caucasus-ის კომუნიკაციების დირექტორ ანა ჩხაიძესთან

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

პროფესიით ჟურნალისტი ვარ, რამდენიმე წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ მუშაობა დავიწყე World Vision- ში კომუნიკაციების სპეციალისტად. განვითარების სფეროში მუშაობა იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ უკვე 10 წელია ამ ორგანიზაციაში ვმუშაობ და ძალიან მიხარია, რომ თანამონაწილე ვარ იმ დადებითი პროცესების, რასაც ეს ორგანიზაცია წლების მანძილზე ემსახურება. ბევრი ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებაში შეგვიტანია წვლილი და მრავალი პოზიტიური ცვლილების უშუალო მონაწილე ვყოფილვართ. კონკრეტული ადამიანების ისტორიების, პრობლემებისა თუ წარმატებების გაზიარება წლებია ჩემი საქმიანობაა. დროთა განმავლობაში აუდიტორიასთან წვდომის ხერხები იცვლება, სოციალურმა ქსელებმა ბევრად უფრო საინტერესო და ინტენსიური გახადა ამ სფეროში მუშაობა.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია იცოდე თუ რა არის შენი მიზანი, რა მესიჯი გინდა მიიტანო საზოგადოებამდე. ამის შემდეგ იწყება ეფექტური გზების ძიება აუდიტორიასთან კავშირის დასამყარებლად – ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია კრეატიულობა  და ასევე საკუთარი აუდიტორიის ცოდნა. საკმაოდ კომპლექსური საკითხია უმნიშვნელოვანესია ამ დროს მედიის თანადგომა, მათი დაინტერესება საკითხით.

ამ სფეროში ბევრი რამ იცვლება, ამიტომ მნიშვნელოვანია მიყვებოდე სიახლეებს, იცნობდე საკუთარ აუდიტორიას.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

იმის მიხედვით, თუ რამდენად აქტიური პროცესები მიმდინარეობს ორგანიზაციაში, განსხვავდება ჩემი სამუშაო კვირაც. ამჟამად ვცდილობთ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შეცვლას. კამპანიით #ესარარისჩემიარჩევანი #NotMyChoice გვსურს საზოგადოებას დავანახოთ მათი პრობლემები და ასევე ვაჩვენოთ, რომ შესაძლებელია მათ ცხოვრების შეცვლა. შესაბამისად ჩემი საქმიანობა ამ ეტაპზე მოითხოვს აქტიურ მუშაობას სოციალურ ქსელებში და მედიის ჩართულობაზე ზრუნვას.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

პირველ რიგში, სტრატეგიულად აზროვნება, აუცილებელია გაიაზრო იმ ორგანიზაციის მიზნები და მოთხოვნები, სადაც მუშაობ. ამ სფეროში კრეატიულობა ყოველთვის ფასდებოდა და დღესაც უმნიშვნელოვანესია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს ის საქმე, რასაც აკეთებ და თემები, რაზეც მუშაობ. კონკრეტული ინიციატივის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა გუნდური მუშაობა, გუნდის თითოეული წევრის ძლიერი მხარეების დანახვა და მათი პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ტრადიციული მედია საშუალებები ხშირ შემთხვევაში ჩაანაცვლა სოციალურმა არხებმა, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია და შესაბამისად ინფორმაციის ნაკადიც დიდია. ბევრად დაჩქარდა პროცესები, სოციალური მედია თავის წესებს გთავაზობს და აუცილებელია მუდმივად აყვე სიახლეებს. აუდიტორიასთან ცალმხრივი ურთიერთობა არ გაქვს, მუდმივ ინტერაქციაში ხარ მასთან, გაქვს შესაძლებლობა დააკვირდე მათ რეაქციებს რა შინაარსის მასალა იწვევს მათ მოწონებას, განსაზღვრო მათი ასაკობრივი ჯგუფი და შესაბამისად უფრო ეფექტურად მიაწოდო ინფორმაცია.

გაიზარდა მოთხოვნა კვლევებზე დაფუძნებულ ინფორმაციაზე. ასევე ბევრად გაიზარდა მოთხოვნა ისტორიის ვიზუალურად გადმოცემაზე ( visual storytelling).  

ვალერი ფანცულაია: „საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი საზოგადოების ნდობის მოპოვებაა“

კავკასუს ბიზნეს ვიკის ინტერვიუ „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროს ვალერი ფანცულაიასთან

რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

რა თქმა უნდა ძალიან საინტერესოა და ამასთან ერთად საპასუხისმგებლოც, თანამედროვე ტრენდებს ეცნობი, სულ საჭიროა სიახლეების შესწავლა, ამასთან ერთად ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, ეს ყველაფერი კი ქმნის იმის საფუძველს , რომ იყო წარმატებული. ალბათ, არ არსებობს რაიმე კრიზისული სიტუაცია ან დაუძლეველი პრობლება, რომელსაც გამოცდილი პიარ სპეციალისტი ვერ დაძლევს.

არასდროს მიფიქრია თუ  რა შესაძლებლობას იძლევა პიარი კარიერული ზრდისთვის, რადგან შესაძლებლობებს ჩვენ თვითონ ვქმნით დასახული მიზნებით და განხორციელებული პროექტებით.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

წარმატებული კომუნიკაციისთვის აუცილებელია სწორი სტრატეგიის შემუშავება, რომელიც ეფუძნება არსებული სიტუაციის ანალიზს თუ რა სჭირდება საზოგადოებას, რას ელოდება ჩვენგან, შესაბამისი კომუნიკაციის გეგმის შემუშავება და საზოგადოებისთვის ძალიან მარტივ ენაზე მიწოდება. ამ დროს მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია იყოს ადვილად აღქმადი და ყველასთვის გასაგები, მიუხედავად იმისა, რა საშუალებებს გამოვიყენებთ ამისთვის. მთავარია, ამ შემთხვევაში, საზოგადოების ნდობის და პოზიტიური განწყობის მოპოვება.

–რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

პირველი ის, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორამცია მოიპოვონ და კარგად გაეცნონ იმ სფეროს, რა სფეროშიც იქნებიან დასაქმებული, რადგან შენ თუ არ იცნობ კარგად კომპანიის საქმიანობას, სხვას ვერ უამბობ მის შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია გადაწყვეტილების მიმღებ ყველა პირთან უშუალო კონტაქტი და კავშირი.

მეორე, მედიასთან ურთიერთობისთვის კარგი კონტაქტების დამყარება. ასევე მნიშვნელოვანია შესაბამის ექსპერტებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან კონტაქტები, რომლებსაც შეუძლიათ ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე.  მესამე კი – არ შეუშინდნენ პრობლემებსა და გამოწვევებს.

– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

პიარ სპეციალისტი  უნდა ფლობდეს ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის, პოლიტოლოგიის, სტრატეგიული მენეჯმენტის, მარკეტინგის, მედიასათან ურთიერთობის საფუძვლებს.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

სამუშაო კვირა  იწყება კვირის  გეგმის მიმოხილვით, შეხვედრებისა და აქტივობების მიხედვით. საერთოდ ერთი წლის გეგმა წინსაწარ გვაქვს შემუშავებული, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს გაუთვალისწინებელი და დაუგეგმავი, კრიზისული სიტუაციაც, რომლის ეფექტიანი მართვა სწრაფად უნდა მოხდეს.

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად? 

პირადი შეხვედრები, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილება. ასევე ახალი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება, პიარისა და მარკეტინგის  სფეროში დასაქმებულ პროფესიანალებთან უშუალო შეხვედრები, აზრთა გაცვლისა და რჩევების გასათვალისწინებლად.

-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

დილით, სანამ სამსახურში მივალ ვეცნობი დღის სიახლეებს დილის გადაცემებისა და სოციალური მედიის საშუალებით. სამუშაო დღე იწყება შეხვედრით, თანამშრომლებთან მიმდინარე სამუშაოსა და გეგმებთან დაკავშირებით. შემდეგ ხდება თანამშრომლებისათვის დავალებების გადანაწილება.  მნიშვნელოვან დროს ვუთმობ შიდაკორპორატიულ ურთიერთობებს სხვადასხვა საკითხებზე.

–რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

ბევრი მუშაობა საკუთარ თავზე, სტრატეგიული აზროვნება, კარგი კომუნიკაციის უნარი, უნდა სარგებლობდეს საზოგადოების ნდობით, სწრაფად და ეფექტიანად მართავდეს კრიზისულ სიტუაციას, გუნდური მუშაობის უნარი.

რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში? 

პროფესიონალიზმს, პუნქტუალობას, კრეატიულობას.

–რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

ადამიანურ ფაქტორს ვერანაირი ტექნოლოგია ჩაანაცვლებს. დღეს ბევრს საუბრობენ ხელოვნური ინტელექტის შექმნაზე და ადამიანის რობოტით ჩანაცვლებაზე.  საზოგადოებასთან ურთიერთობის უმთავრესი პრინციპი არის საზოგადაოების ნდობის მოპოვება, რასაც ადამიანური ურთიერთობები განაპირობებს. თუმცა ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუ ფანტასტიკურ ნაწარმოებებს დავუჯერებთ.

ციფრული ტექნოლოგიების განვითარებამ პიარზე  უდიდესი გავლენა მოახდინა; მივიღეთ მედიის ახალი სახე – სოციალური მედია, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება და უფრო ადვილს ხდის სხვადასხვა  სამიზნე ჯგუფეთან ურთიერთობას.  ვიზუალური სთორითელინგი სულ უფრო აქტიურად გამოიყემება პიარ კამპანიების დროს და ძალიან ეფექტიანი საშუალებაა. ასევე სოციალურმა მედიამ  წარმოშვა რეალურ დროში სწრაფი რეაგირების აუცილებლობა. ასე, რომ წარმატებული კამპანიების წარმართვისათვის დღეს კომპანიები უფრო ხშირად იყენებენ სოციალურ მედიას, რაც მომავალშიც გაგრძელდება.

ნიცა ჩოლოყაშვილი: „ყველაზე დიდი ადრენალინი ახალი წარმატებული პროექტია“

გთავაზობთ კავკასუს ბიზნეს ვიკის ინტერვიუს კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“  საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიცა ჩოლოყაშვილთან  

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

პროფესიით სოციოლოგი ვარ, თბილისის სახ. უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა, მეორე კურსიდან ტელევიზიაში მოვხვდი და 25 წლამდე აქტიურად ვიყავი ტელე-ჟურნალისტიკაში. ნიუსის რეპორტიორობა ერთგვარი ადრენალინია, რომელსაც რთულია შეელიო. მაგრამ, დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე, რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ცოტა განსხვავებულად განვითარებულიყო ჩემი კარიერა. იმ პერიოდში , 2001-2002 წლებში ძალიან საინტერესო და ტრენდული ხდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დისციპლინა. ჩემი ინტერესი იყო შემესწავლა და მემუშავა ამ მიმართულებით. ამისთვის დამჭირდა ცოდნის გაღრმავება. გავიარე სადიპლომო კურსი ლონდონის პიარ სკოლაში, სადაც წარმატებული კომპანიების მაგალითებით გვასწავლიდნენ გაერთიანებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. ჩემთან ერთად კურსზე ისხდნენ ისეთი დიდი კომპანიების თანამშრომლები, როგორიც არის ნესტლე, ბრიტანული ბანკები. კურსის დასრულების შემდეგ შევუდექი ამ სფეროში აქტიურ მუშაობას. იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო – 6 თვიანი სამუშაო გამოცდილებით, და ამ ეტაპზე არის კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო. თუმცა, ეს ეტაპი უკვე მეთორმეტე წელია გრძელდება.  სხვადასხვა ეტაპზე ვკითხულობდი ლექციებს – წერა პიარში, სტრატეგია და ტაქტიკა, კრიზის მენეჯმენტი.  ძალიან საინტეერსოა ის საქმე რასაც ვაკეთებ. პირველ რიგში, მხიბლავს ის, რომ მრავალმხრივია.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

გულწრფელობა, იმ თემებზე საუბარი, რაც აინტერესებს მიზნობრივ აუდიტორიას და აუცილებლად დიალოგის რეჟიმში ყოფნა.

-3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

საზოგადოებასთან ურიერთობა ისეთი დისციპლინაა, რომლის ეფექტიანი მართვისთვის საჭიროა იყო მრავალმხრივ განათლებული, ფლობდე ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციას, როგორც მიმდინარე მოვლენების შესახებ ღია წყაროებში არსებულს, ასევე, კულუარულს. არ უნდა შემოიფარგლო იმ ამბებით, რომელიც კონკრეტულად იმ სეგმენტის გარშემო ვითარდება, რომელშიც მუშაობა გიწევს. ეს არის პროფესია, სადაც ხშირად განმსაზღვრელია ზოგადი ამბები: ის თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორი დინამიკაა ეკონომიკაში, რა სიახლეებია საგადასახადო კუთხით, რაზე მსჯელობს პარლამენტი და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად უნდა იყოთ ყველა ახალი ამბის საქმის კურსში და მთავარი, უნდა გიყვარდეთ ადამიანები და მათთან ურთიერთობა. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი უნდა გქონდეთ და თუ საჭიროა შუა გზაში ამ გადაწყვეტილების შეცვლის და სტრატეგიის გადახედვის.

რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

საკმაოდ მომზადებული მოვედი ამ სფეროში. ცოდნით ალბათ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა წლებმა მოიტანა ის, რომ უფრო გამომდის ემოციის მართვა. სიმშვიდე და ცივი გონებით მუშაობა ძალაინ მნიშვნელოვანია ამ სფეროში. 

-როგორია თქვენი ტიპური სამუშაო კვირა?

ყოველთვის აქტიური – პროექტები, შეხვედრები, თათბირები, პრეზენტაციები. ყველაზე დიდი ადრენალინი ახალი წარმატებული  პროექტია. წარმატების გაზომვა დღეს საკმაოდ მარტივია – სოციალური ქსელები იძლევა იმის საშუალებას, პირდაპირ უყურო მომხმარებლის რეაქციებს. 

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?  

მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ არ დაიზარონ, იარონ ყველა ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე, იყვნენ აქტიურები – გაიცნონ ახალი ადამიანები, გაატარონ დრო ახალ მეგობრებთან ერთად. ეს მარტივია, განსაკუთრებით მაშინ როცა ახალგაზრდა ხარ, არ გაწუხებს ოჯახური ვალდებულებები და საკუთარი დროის მართვის თავისუფლება გაქვს.  

– როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

მგონია, რომ უკვე მანიაკობაში გადამდის, მაგრამ როგორც კი მობილურზე ვთიშავ მაღვიძარას, მეორე რასაც ვაკეთებ ნიუსებს ვუყურებ, როგორც ქართულს ასევე, საერთაშორისოს.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

ბევრი უნარია საჭირო. მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი უნდა იყო – უნდა გქონდეს დროის მართვის უნარი.  გემოვნება სუბიექტური რამაა, მაგრამ უნდა გქოდეს განვითარებული კარგი გემოვნება, ადამიანები, როლებიც მარკეტინგში და პიარში მუშაობენ აუცილებლად დახვეწილი გემოვნების მქონენი უნდა იყვნენ, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანის და მეორეხარისხოვანის გარჩევის უნარი, მართვა უნდა იცოდე, რადგან პიარი მმართველობითი ფუნქციაა, სხვისი შრომის დაფასების უნარი. უსასრულოდ გრძელი შეიძლება იყოს ეს ჩამონათვალი.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?  

რწმენას. როცა აქვს ადამიანს უნარი გადადგას მთები იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. გულწრფელობას, საქმისადმი ერთგულებას, მეგობრობას.

-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

ურთიერთობები – ადამიანური ურთიერთობები.

-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები საქართველოში, თორემ მსოფლიოში ეს ტრენდი უკვე დიდი ხანია აღარაა. დიჯიტალი რომ ტრენდია ვიცით. ტრენდულია ინფლუენსერ მარკეტინგი. მოკლედ, უშუალო ურთიერთობები მომხმარებელსა და ბრენდებს შორის, გაცილებით სწრაფ რეაგირებებსა და გულახდილ ურთიერთობებს უდებს საფუძველს.