პიარსკოლის მენტორების რჩევები – მანჩო ონიაშვილი

კარანტინის გამოცხადებიდან მალევე უამრავი რჩევა გავრცელდა იმაზე, თუ რა ვაკეთოთ სახლში, როგორ გავერთოთ, ვიმუშაოთ, რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ, რა მოვამზადოთ და ა.შ ჩემს ბლოგში უფრო მეტად პროფესიული კუთხით განვითარებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გამოიყენოთ ეს პერიოდი პროდუქტიულად და მიიღოთ მეტი ცოდნა მარკეტინგის სფეროში.

  1. დააკვირდი ტენდენციებს, როგორ იცვლება მომხმარებელი

დღევანდელმა სიტუაციამ სერიოზული გავლენა მოახდინა, როგორც საქართველოზე, ასევე მთელ მსოფლიოზე. შედეგად, შეიცვალა და ჯერ კიდევ იცვლება ადამიანების განწყობა, ფინანსური და სამსახურეობრივი მდგომარეობა, ჩვევები, ინტერესები, შესაბამისად მათი ქცევები და მოთხოვნილებებიც. დააკვირდი და თვალი ადევნე ტენდენციებს, რათა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა ახასიათებს ამა თუ იმ სეგმენტს და როგორი უნდა იყოს მათთან საკომუნიკაციო სტრატეგია.

ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა მიმდინარე სიტუაციის ჭრილში მომხმარებლების კვლევა. მაგალითად შეგიძლია გაეცნო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია მაკინზის კვლევის შედეგებს, რომელიც 40 ქვეყნის მოსახლეობას მოიცავს. ქართველ მომხმარებელზე Covid-19-ის გავლენა შეისწავლა IPSOS-მა, შედეგებს გაეცანი აქ. კონკრეტულად Z თაობა თუ გაინტერესებს, კანადურმა მარკეტინგულმა კომპანია Amlify Solutions-მა შეაფასა მათი ქცევის ცვლილება და საინტერესო მონაცემები გაგვიზიარა.

აქვე გირჩევ რამდენიმე ვებგვერდს, სადაც შეგიძლია პიარისა და მარკეტინგის სფეროს შესახებ სიახლეებსა და ტენდენციებს თვალი ადევნო: PRweek, Adweek, Provokemedia, Facebook News, Marketer.

  1. შეისწავლე სხვადასხვა კომპანიის ნაბიჯები Covid-19-ის წინააღმდეგ

პანდემიის განმავლობაში კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მოუწიათ არასტანდარტულად მოქმედება და სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირება. ბევრი მოერგო ახალ რეალობას და შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტისა თუ სერვისის დისტანციურად მიწოდება. ზოგ კომპანიას ახალ გარემოში გადასარჩენად თავისი ბიზნესმოდელის სრულიად შეცვლა და ტრანსფორმაცია დასჭირდა.  ზოგმა დროებით უფასო გახადა პროდუქტი ან მიტანის სერვისი, ზოგი კომპანია კი ბიზნესსაქმიანობის გარდა დამატებით ფასეულობებსაც სთავაზობს საზოგადოებას, როგორებიცაა მაგალითად, სოციალური დისტანცირებისას დროის პროდუქტიულად გასაყვანი აქტივობები (ვარჯიშები, კულინარია, ონლაინ გაკვეთილები…). ბევრი ორგანიზაცია CSR პროექტებსაც ახორციელებს – მაგალითად, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფა, დისტანციური სწავლისთვის საჭირო ინვენტარის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, უმუშევრად დარჩენილების ფულადი დახმარება და ა.შ

ჩემი რჩევა იქნება, მოიძიო და გააანალიზო კონკრეტული (ქართული და უცხოური) ბრენდების ქეისები, მათი გადაწყვეტილებები, ბიზნესმოდელის ცვლილებები, ანტიკრიზისული სტრატეგიები, საკომუნიკაციო კამპანიები. ძალიან საინტერესოა როგორ შეძლეს კომპანიებმა ასეთ არასტანდარტულ, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება, რამ განაპირობა მათი წარმატება ან წარუმატებლობა.

ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია გამოიყენო წინა პუნქტში რეკომენდებული ვებგვერდები. ასევე კარგი იქნება გაეცნო დამატებით ბიზნესლიტერატურას, რაც დაგეხმარება კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის პროცესის გააზრებაში. ამ თემაზე რეკომენდებული წიგნებია – როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი და ბიზნესმოდელების ნავიგატორი. ამ საკითხზე ასევე შეგიძლია მოუსმინო სოსო გალუმაშვილის ლაივებს ჯეპრას FB გვერდზე.

  1. გაიღმავე ცოდნა ციფრულ მარკეტინგში

კარანტინის, სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ციფრული მედიის როლი დღევანდელ საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. თუ ადრე მომხმარებელი შედარებით ნაკლებ დროს ატარებდა ინტერნეტში და კომპანიებს სჭირდებოდა მასთან კომუნიკაციისთვის სხვა არხების გამოყენებაც, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული მედიის სწორად და ეფექტურად მართვა.

ციფრულ მარკეტინგს დიდი პოტენციალი აქვს, კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება. გირჩევ, დაუთმო დრო ციფრული არხების სიღრმისეულ შესწავლას. ჩვენს ბაზარზე ყველაზე ხშირად გამოყენებადია Facebook-ი, Instagram-ი და Google-ი, ამიტომ თუ მათ შესაძლებლობებს დეტალურად ჯერ კიდევ არ იცნობ, სასწრაფოდ ჩაუჯექი. აქ შეგიძლია ნახო შესაბამისი რესურსები: Google, Facebook, Instagram; ასევე კარგი პლატფორმაა Skillshare, სადაც პირველი 2 თვე უფასოდ შეგიძლია გაიარო სასურველ თემაზე კურსები.

კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კიდევ ერთი სოციალური ქსელი – TikTok-ი. ის ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ სიახლეა, საზოგადოებასთან ერთად, მარკეტერებიც ნელ-ნელა ეცნობიან მის შესაძლებლობებს. არც შენ ჩამორჩე და ტექნიკურთან ერთად, მარკეტინგული კუთხითაც შეისწავლე ეს ქსელი. უცხოეთში ბრენდების მიერ კამპანიებში ტიკტოკის გამოყენების ბევრი წარმატებული ქეისი არსებობს. დასაწყისისთვის შეგიძლია ამ სტატიებს გადაავლო თვალი – ტიკტოკის გაიდი დამწყებისთვის, ტიკტოკი მარკეტერებისთვის.

რატომ პიარსკოლა?

პიარსკოლა – ჩემი ცხოვრების დიდი და ძალიან მაგარი მოვლენაა.

ალბათ 10 წელი იქნება, ან უფრო მეტი, რაც თვალყურს ვადევნებ პიარსკოლის სოციალურ გვერდს და ყოველთვის ჩემთვის გონებაში წარმოვიდგენდი: მე რომ ამ მოვლენის მონაწილე ვიყო. და….

რეალობამ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან აქ დამხვდა პროფესიონალი ლექტორების გუნდი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, რომლებიც დროს და ენერგიას არ იშურებენ შენი განვითარებისთვის.

თითოეული ლექცია ჩემთვის და ჩემი ჯგუფელებისთვის იყო დღესასწაული, მათი დასრულების შემდეგ მიჩნდებოდა განცდა, ინტერესი, ნეტა შემდეგი რა იქნება?! და… ასე ნაბიჯ-ნაბიჯ გავიზარდეთ. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს ჩვენ და პიარსკოლა, ისეთი ტკბილი გახდა, მეცადინეობაში თეთრად გათენებული ყოველი ღამე, რომ ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი.

რა შემძინა პიარსკოლამ?! საუკეთესო დღეები, მეგობრები, ახალი ურთიერთობები და ყველაფერი ის, რისი მიღებაც მსურდა.

რას გავაკეთებდი მომავალში ?! პიარსკოლაში ვისწავლიდი. უკვე პიარსკოლის კურსდამთავრებული რომ არ ვიყო…

რატომ ?! მოდი და ამ კითხვაზე თავად ეძიე პასუხი .

7-დან 10-მდე

ორშაბთი, ოთხშაბათი და პარასკევი –  ეს ის დღეებია, როცა (განსაკუთრებულად) სულ ფორმაში უნდა ვიყო.

პიარსკოლა – ადგილი, სადაც გხვდებიან ისე, როგორც საკუთარ სახლში, იგებ, სწავლობ და იცნობ იმაზე მეტს, ვიდრე უნივერსიტეტში გატარებული წლების დროს!!!

გუნდი – რომელიც პროფესიონალი ადამიანებისგან  არის დაკომლპექტებული. მათთან ურთიერთობა მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ გაძლევს. მეგობარი ლექტორები გასწავლიან და გიზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სტუდენტები – აქ საოცარ ადამიანებს შეხვდებით. არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა განსაკუთრებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჩვენს ჯგუფში მოიყარა თავი. ბევრი მეგობარი შევიძინე, რისთვისაც პიარსკოლას დიდი მადლობა.

გარემო – იდიალური… ბევრი რამ შეუძლია ადამიანის გაღიმებულ სახეს და გულთბილ მისალმებას. საღამოს 7-დან 10 საათამდე დრო ისე გადის, რომ ყოველთვის რაღაცის ნაკლებობას გრძნობ, უფრო მეტი გინდა, უფრო მეტს ელი.

სიამაყის გრძნობა, რომ მე პიარსკოლელი ვარ მუდამ ჩემი თანმდევი იქნება.

რატომ უნდა ისწავლო პიარი?

საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) ისეთი საქმეა, ნებისმიერ ორგანიზაციას, ან საქმეს რომ სჭირდება. შესაბამისად, ამ ზოგადი დასკვნითაც შეგვიძლია მისი სწავლების მნიშვნელობაზე დავიწყოთ საუბარი. თუმცა შეგვიძლია უფრო კონკრეტულადაც ავხსნათ ეს ამბავი და დაგანახოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცოდნის საჭიროება. მოდით მივყვეთ მარტივი ჭეშმარიტებების ჯაჭვს და იქნებ სინათლეც გამოჩნდეს გვირაბის ბოლოში.

1.  ყველა არის ჩართული კომუნიკაციაში. ანუ, პიროვნულ თუ ორგანიზაციულ დონეზე ვერავინ გაექცევა კომუნიკაციას და კომუნიკაცია საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთის მხრივ ყველას სჭირდება, რომ გააცნოს თავი გარემოს და მეორეს მხრივ საზოგადოებასაც სჭირდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ რას აკეთებს და რას წარმოადგენს. ინფორმაციის და მონაცემების მიმოცვლის გარეშე ვერაფერი გამოგვივა.

2. სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს. აუდიტორია მრავალფეროვანია, საინფორმაციო სივრცე კი – ჭრელი. ჩვენ კიდევ ამ ჭრელ სივრცეში, სადაც ყველაფერი არეულია და ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის ნაკადებია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ იმ მრავალფეროვან აუდიტორიამდე, გავაგებინოთ ეს ნათქვამი და თან ამით მოვიპოვოთ მათი მოწონება და ნდობა. ადვილია? არც ისე. ცოდნა სჭირდება.

3. ეს ზედა ორი მიზეზი უკვე ბევრმა გააცნობიერა და ახლა ან თვითონ ერკვევიან ეფექტიანი კომუნიკაციის წიაღსვლებში, ან მცოდნე და გამოცდილ ხალხს ეძებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პიარ სპეციალისტებზე მოთხოვნა არსებობს და ამ სფეროში დასაქმებასაც გააჩნია შესაბამისი პერსპექტივა. მარკშეიდერისა არ იყოს, ერთი-ორი პიარ მენეჯერი ყველას სჭირდება და ესეც პიარის სწავლის აუცილებლობის დამატებითი არგუმენტია.

რატომ უნდა ისწავლო პიარი პიარსკოლაში?

ნუ, იდეაში, პიარი პიარსკოლაში რომ უნდა ისწავლო, ეს ძალიან ლოგიკური და ცალსახაა, მაგრამ, რახან არ იშლით, მაინც აგიხსნით.

– აქ უბრალოდ გამოცდილი და პრაქტიკოსი ლექტორები კი არა, გამოცდილ და პრაქტიკოსების ლექტორებს ვინც ასწავლა თავის დროზე, ისეთი სპეციალისტები და ექსპერტები კითხულობენ ლექციებს. როცა რამე გიკეთებია და ამას ასწავლი ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როცა ბევრჯერ გიკეთებია და ნიუანსებში ერკვევი, ასე უკეთესად ასწავლი და ყველა მხარესაც დაანახებ სტუდენტს. ჩვენი ლექტორები კი სულ ზეგამოცდილები და ათას პროექტში ნამუშევრები არიან.

– ლექციებთან ერთად, პიარსკოლელები გუნდებად იყოფიან და მთელი კურსის განმავლობაში მუშაობენ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვასა და სპეციალური პროექტის მომზადებაზე, სადაც ყველა მიღებულ ინფორმაციას და ახალ ცოდნას იყენებენ. პროექტები როგორც წესი რეალური პრობლემების და სხვადასხვა კლიენტი კომპანიის თუ ბრენდის წინაშე მდგარი ასევე რეალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ესეც დამატებითი პლუსია.

– და ბოლოს, პიარსკოლაში მთავარი მაინც ნეთვორქინგი და კავშირებია. არ ვიცი ეს როგორ ხდება, ამაში ჩვენ დიდად ძალისხმევა არ ჩაგვიდია და ალბათ ვერც ჩავდებდით. ეს უბრალოდ ასე მოხდა და დღემდე პიარსკოლის კურსდამთავრებულები ჩვენი და რაც მთავარია, ერთმანეთის დიდ მეგობრებად რჩებიან.

მგონი საკმარისი მიზეზებია უკვე 😊