საიმონ სინეკის რჩევები ბიზნესის მართვის შესახებ

რატომ ხდება ხშირად ისე, რომ კომპანიების მიღწევები ჩვენს მოლოდინებს აჭარბებს ან ეწინააღმდეგება ყველა ჩვენს ვარაუდს იმის შესახებ, რაც საყოველთაოდ შესაძლებელი გვგონია.

ეს ის კითხვაა, რომლითაც საიმონ სინეკი TED TALK-ზე მის ერთ-ერთ გამოსვლას იწყებს. სინეკი გვიყვება, თუ რატომ შეძლეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიც APPLE-ია წარმატების მიღწევა მაშინ, როდესაც სხვა კომპანიებმა, იმავე რესურსებით, მარცხი განიცადეს.

ამ ყველაფერს ის გვიხსნის იდეით, რასაც „დაიწყე კითხვით რატომ“-ს ეძახის. წარმოგიდგენთ ამ „ფილოსოფიის“ შეჯამებას და მის კავშირს მარკეტინგთან.

დაიწყე კითხვით: რატომ?

სინეკის თქმით, ფუნდამენტური განსხვავება APPLE-სა და სხვა დანარჩენ კომპანიებს შორის კითხვაში – რატომ? – მდგომარეობს.

და რას ნიშნავს ეს? კონცეფციის ასახსნელად, სინეკმა განავითარა „ოქროს წრე“:

 

  1. რატომ – გულისხმობს ბიზნესის ძირეულ პრინციპებს. ეს არის ის, რის გამოც ბიზნესი არსებობს
  2. როგორ – ეს არის ის, თუ როგორ ასრულებს ბიზნესის პრინციპებს
  3. რა – ეს არის ის, რასაც კომპანია აკეთებს ბიზნესის პრინციპების შესასრულებლად

მარტივად ჟღერს არა? არადა, ბევრი ბიზნესის მარცხს, სინეკის დაკვირვებით, სწორედ ამ წრის უკუღმა, არათანმიმდევრული შესრულება განაპირობებს. ისინი იწყებენ კითხვით „რა?“, და შემდეგ გადადიან კითხვაზე „როგორ?“. ეს კომპანიები ყურადღბას არც კი აქცევენ კითხვას „რატომ?. უფრო ზუსტად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არც კი იციან, რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი ყიდულობენ მიზეზს, რატომაც აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ

ეს ის ძირეული პრინციპია, რომელსაც ეფუძნება კომპანიის სტრუქტურა, კულტურა და ყველაფერი, რასაც აკეთებთ.

კითხვის „რატომ“ დასმის საუკეთესო მაგალითად სინეკი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ APPLE-ს მიიჩნევს. სტივ ჯობსმა მისი კომპანია სწორედ კითხვის „რატომ“ საფუძველზე დაარსა.

რატომ ვქმნით iPHONE-ს? რატომ ვქმნით Ipod-ს? რატომ ვქმნით Itune-ს? რატომ ვქმნით Macbook-ს?

პასუხი iPhone-ის შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო:

კომპანიები იმ დროისთვის უკვე აკეთებდნენ სმარტფონებს. სტივ ჯობს კი ღამით კოშმარები არ ასვენებდა, რომ ეპასუხა კითხვისთვის – თუ რაში ჭირდებოდა ხალხს Iphone მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ბევრი სხვა მოდელი არსებობდა გარშემო.

რატომ IPHONE?

იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ტელეფონის ახლიდან გამოგონებას

კითხვაზე „რატომ“ პასუხის გაცემას შემდგომ მოყვა სტივ ჯობსის მიერ  iPhone-ის პირველი წარდგენა 2007 წელს. ყველაფერი, რასაც ეს ტელეფონი გააკეთებდა, იყო გამოგონება.

2007 წელს გამოშვებული Iphone-ს ბევრი ის შესაძლებლობა არ ქონდა, რომელიც სხვა მაშინდელ მობილურ ტელეფონებს. თუმცა, Apple-მა შეძლო მომხმარებლის ლოიალურობის მოპოვება, რაც Iphone-ის შექმნის მიზეზებისა და მისი ფილოსოფიის გაჟღერებით შეძლო.

სიმონ სინეკის ეს ფილოსოფია მხოლოდ მილიონ დოლარიან ბიზნესებს არ ეხებათ. მას გავლენა ნებისმიერი ზომის ბიზნესის მარკეტინგზეც აქვს.

მოდით განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი, რისი სწავლაც შეგვიძლია ფილოსოფიიდან – „დაიწყეთ კითხვით რატომ“:

  1. ბიზნესზე ფიქრისას, დასვით კითხვა „რატომ“

იცი, თუ არა რატომ აკეთებ ბიზნესს? (მინიშნება: პასუხი ფულის გამომუშავება არაა). იფიქრეთ, ბიზნესის ძირეულ მიზანზე, და შემდეგ იფიქრეთ, როგორ მოახდენთ პროდუქტის თუ სერვისის რეალიზაციას. როგორც სინეკმა აღმოაჩინა, ლოიალური მომხმარებლის ყოლა იმ ადამიანების მოზიდვაზეა დამოკიდებული, რომლებიც იზიარებენ თქვენს ძირეულ პრინციპებსა თუ ღირებულებებს.

თქვენ რომ რომელიმე ბიზნესის დამფუძნებელი იყოთ, ხომ ისურვებდით ადამიანებს სცოდნოდათ რა გახდა მიზეზი ბიზნესის შექმნისა? გაგება, თუ რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს, საფუძველია იმისა თუ როგორ მოახდინოთ კომუნიკაცია იმისა, თუ როგორ და რას აკეთებთ ამჟამად.

  1. განსაზღვრეთ სამიზნე სეგმენტი

ვინ შეიძლება იყიდოს თქვენი პროდუქტი? – მნიშვნელოვანია, გაიგოთ რატომ ყიდულობენ მომხმარებლების თქვენს პროდუქტს.

აუცილებლა უნდა გაიგოთ, რა არის ის შინაგანი მოტივაცია, რაც უჩნდება მომხმარებელს თქვენი პროდუქციის/სერვისის ყიდვამდე/მიღებამდე.

მომხმარებლის განსაზღვით, იმის გაგებით, თუ რა ჭირდებათ მათ, რას გრძნობენ პროდუქტის ყიდვამდე და ყიდვის შემდეგ, რამდენია მათი ბიუჯეტი – შეძლებთ გაიგოთ, რატომ იღებენ გადაწყვეტილებებს.

მომხმარებლის შეცნობა, მათი უპირატესობების, გამოწვევებისა და ღირებულებების დადგენა დაგეხმარებათ მარკეტინგული ისტორიის სტრატეგიულად პოზიციონირებაში – როდის სჭირდებათ მომხმარებლებს, მოისმინონ ან ნახონ ის.

მას მერე, რაც განსაზღვრავთ მესიჯს, ბრენდინგიც ყალიბდება და გამოქვეყნებული კონტენტის მეშვეობით (იქნება ეს ონლაინ მედია, სოციალრი ქსელები, ელ-ფოსტა თუ სხვა) შესაძლებლობა გეძლევათ ხმა მიაწვდინოთ თქვენთვის იდეალურ მომხმარებელს.

  1. აჯობეთ საკუთარ თავს

ერთ-ერთი რამ, რამაც Apple ასეთი პოპულარული გახადა იყო ის, თუ როგორ აღწერდნენ ისინი თავიანთ პროდუქტებს:

  1. „ამ მობილურს აქვს საუკეთესო კამერა, რაც კი აქამდე ჰქონია Iphone-ს“
  2. „ეს Imac ყველაზე ძლიერი კომპიუტერია, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია“                                                

Apple-ის მიზანი ყოველთვის იყო, ეჯობა საკუთარი თავისთვის. მათი ერთადერთი კონკურენტი წარსულში მიღწეული წარმატებაა. ისინი არ ცდილობენ შეადარონ საკუთარი თავი სხვა მობილურის, კომპიუტერის მწარმოებელ კომპანიებს. „ისინი თავიანთ თამაშს თამაშობენ“.

მენტორების რჩევები – ანუკი ცხოვრებაძე

კითხვა გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ მაშინ, როდესაც უნდა დავრჩეთ იქ სადაც ვართ. -ნეტა დამემახსოვრებინა ვინ თქვა

არც ფსიქოლოგი ვარ გირჩიოთ, როგორ გაიტანოთ თავი და ემოციური ჯანმრთელობა მსოფლიო პანდემიის პერიოდში და არც სამოტივაციო სპიკერი ვარ ორი სიტყვით სკამიდან თუ საწოლიდან თქვენი წამოხტომა შევძლო. მაგრამ გაგიზიარებთ  რჩევებს იმის შესახებ როგორ უნდა ან არ უნდა მოვიქცეთ.

პირველ რიგში, საჭიროა, დაფიქრდეთ რა გინდათ მიიღოთ რამდენიმე თვიანი სახლში ყოფნისგან და საერთოდ გინდათ თუ არა მიიღოთ რაიმე. დაისახეთ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, შედეგსა და უშედეგობას შორის არჩევანი მარტივი გასაკეთებელია, შემდეგი ნაბიჯია უბრალოდ დილემა: სიზარმაცე თუ მოქმედება. ამ ორს შორის არჩევანის გაკეთებაში კი სწორედ, დასახული მიზნის მიღწევის მოტივაცია დაგეხმარებათ. მაგრამ მთავარია ეს მოტივაცია და შედეგის მიღების სურვილი თვითდისციპლინაში ასახოთ, რაშიც ძილის მოწესრიგება, ვარჯიშის დაწყება და დღის დაგეგმვის მარტივი მეთოდებიც დაგეხმარებათ.

თუმცა შეეცადეთ საკუთარ თავს სტრესი არ დაუმატოთ, შინაპატიმრობის სტრესიც გეყოფათ, თქვენი გეგმები მაქსიმალურ ბალანსში ამყოფეთ დასვენებასთან.

რჩევებს რაც შეეხებათ, ერთი ბანალური, თუმცა კონკურენტს რომ ვერ უპოვი ისეთი რჩევა მაქვს:

იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, თუმცა სწორად განსაზღვრეთ რამდენად ეხმიანება არჩეული ლიტერატურა არჩეულ მიზანს. შავი ჭირის წაკითხვას ყოველთვის მოასწრებთ, დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურას კი ხვალ შეიძლება ვადა გაუვიდეს და მოძველდეს.

საკომუნიკაციო სფეროსთვის,  როგორც სხვა სფეროებისთვის დღევანდელი ვითარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ გულწრფელად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაინც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ტურისტული თუ სხვა ის სფეროები, რომლებიც  საჭიროებდნენ სოციალურ ინტერაქციას და ვირტუალურ რეჟიმს ვერაფრით მოერგებოდნენ.

და ამ სფეროსთვისაც ალბათ ყველაზე საინტერესო პერიოდიცაა, თუ თქვენი პროფესია ამ სფეროს უკავშირდება ან მომავალში უნდა დაუკავშირდეს, გირჩევთ დააკვირდეთ კომპანიებს, ორგანიზაციებს, მთავრობებს, თუ როგორ კომუნიკაციას ინარჩუნებენ, რა აქტივობები  და როგორი ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან. ეს პერიოდი ავლენს არა მხოლოდ ლოიალურ მომხმარებელს, არამედ მომხმარებლის მიმართ ლოიალურ კომპანიებსაც.

თითქმის ყოველდღე სხვადასხვა კომპანია, ორგანიზაცია, უნივერსიტეტი საჯარო ონლაინ ლექციებს, საუბრებს, პრეზენტაციებს ატარებს უამრავ სხვადასხვა საკითხზე. მოიძიეთ და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემებს, მიიღეთ მაქსიმუმი დისტანცირებისგან.

პიარსკოლის მენტორების რჩევები – მანჩო ონიაშვილი

კარანტინის გამოცხადებიდან მალევე უამრავი რჩევა გავრცელდა იმაზე, თუ რა ვაკეთოთ სახლში, როგორ გავერთოთ, ვიმუშაოთ, რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ, რა მოვამზადოთ და ა.შ ჩემს ბლოგში უფრო მეტად პროფესიული კუთხით განვითარებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გამოიყენოთ ეს პერიოდი პროდუქტიულად და მიიღოთ მეტი ცოდნა მარკეტინგის სფეროში.

  1. დააკვირდი ტენდენციებს, როგორ იცვლება მომხმარებელი

დღევანდელმა სიტუაციამ სერიოზული გავლენა მოახდინა, როგორც საქართველოზე, ასევე მთელ მსოფლიოზე. შედეგად, შეიცვალა და ჯერ კიდევ იცვლება ადამიანების განწყობა, ფინანსური და სამსახურეობრივი მდგომარეობა, ჩვევები, ინტერესები, შესაბამისად მათი ქცევები და მოთხოვნილებებიც. დააკვირდი და თვალი ადევნე ტენდენციებს, რათა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა ახასიათებს ამა თუ იმ სეგმენტს და როგორი უნდა იყოს მათთან საკომუნიკაციო სტრატეგია.

ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა მიმდინარე სიტუაციის ჭრილში მომხმარებლების კვლევა. მაგალითად შეგიძლია გაეცნო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია მაკინზის კვლევის შედეგებს, რომელიც 40 ქვეყნის მოსახლეობას მოიცავს. ქართველ მომხმარებელზე Covid-19-ის გავლენა შეისწავლა IPSOS-მა, შედეგებს გაეცანი აქ. კონკრეტულად Z თაობა თუ გაინტერესებს, კანადურმა მარკეტინგულმა კომპანია Amlify Solutions-მა შეაფასა მათი ქცევის ცვლილება და საინტერესო მონაცემები გაგვიზიარა.

აქვე გირჩევ რამდენიმე ვებგვერდს, სადაც შეგიძლია პიარისა და მარკეტინგის სფეროს შესახებ სიახლეებსა და ტენდენციებს თვალი ადევნო: PRweek, Adweek, Provokemedia, Facebook News, Marketer.

  1. შეისწავლე სხვადასხვა კომპანიის ნაბიჯები Covid-19-ის წინააღმდეგ

პანდემიის განმავლობაში კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მოუწიათ არასტანდარტულად მოქმედება და სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირება. ბევრი მოერგო ახალ რეალობას და შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტისა თუ სერვისის დისტანციურად მიწოდება. ზოგ კომპანიას ახალ გარემოში გადასარჩენად თავისი ბიზნესმოდელის სრულიად შეცვლა და ტრანსფორმაცია დასჭირდა.  ზოგმა დროებით უფასო გახადა პროდუქტი ან მიტანის სერვისი, ზოგი კომპანია კი ბიზნესსაქმიანობის გარდა დამატებით ფასეულობებსაც სთავაზობს საზოგადოებას, როგორებიცაა მაგალითად, სოციალური დისტანცირებისას დროის პროდუქტიულად გასაყვანი აქტივობები (ვარჯიშები, კულინარია, ონლაინ გაკვეთილები…). ბევრი ორგანიზაცია CSR პროექტებსაც ახორციელებს – მაგალითად, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფა, დისტანციური სწავლისთვის საჭირო ინვენტარის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, უმუშევრად დარჩენილების ფულადი დახმარება და ა.შ

ჩემი რჩევა იქნება, მოიძიო და გააანალიზო კონკრეტული (ქართული და უცხოური) ბრენდების ქეისები, მათი გადაწყვეტილებები, ბიზნესმოდელის ცვლილებები, ანტიკრიზისული სტრატეგიები, საკომუნიკაციო კამპანიები. ძალიან საინტერესოა როგორ შეძლეს კომპანიებმა ასეთ არასტანდარტულ, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება, რამ განაპირობა მათი წარმატება ან წარუმატებლობა.

ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია გამოიყენო წინა პუნქტში რეკომენდებული ვებგვერდები. ასევე კარგი იქნება გაეცნო დამატებით ბიზნესლიტერატურას, რაც დაგეხმარება კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის პროცესის გააზრებაში. ამ თემაზე რეკომენდებული წიგნებია – როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი და ბიზნესმოდელების ნავიგატორი. ამ საკითხზე ასევე შეგიძლია მოუსმინო სოსო გალუმაშვილის ლაივებს ჯეპრას FB გვერდზე.

  1. გაიღმავე ცოდნა ციფრულ მარკეტინგში

კარანტინის, სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ციფრული მედიის როლი დღევანდელ საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. თუ ადრე მომხმარებელი შედარებით ნაკლებ დროს ატარებდა ინტერნეტში და კომპანიებს სჭირდებოდა მასთან კომუნიკაციისთვის სხვა არხების გამოყენებაც, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული მედიის სწორად და ეფექტურად მართვა.

ციფრულ მარკეტინგს დიდი პოტენციალი აქვს, კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება. გირჩევ, დაუთმო დრო ციფრული არხების სიღრმისეულ შესწავლას. ჩვენს ბაზარზე ყველაზე ხშირად გამოყენებადია Facebook-ი, Instagram-ი და Google-ი, ამიტომ თუ მათ შესაძლებლობებს დეტალურად ჯერ კიდევ არ იცნობ, სასწრაფოდ ჩაუჯექი. აქ შეგიძლია ნახო შესაბამისი რესურსები: Google, Facebook, Instagram; ასევე კარგი პლატფორმაა Skillshare, სადაც პირველი 2 თვე უფასოდ შეგიძლია გაიარო სასურველ თემაზე კურსები.

კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კიდევ ერთი სოციალური ქსელი – TikTok-ი. ის ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ სიახლეა, საზოგადოებასთან ერთად, მარკეტერებიც ნელ-ნელა ეცნობიან მის შესაძლებლობებს. არც შენ ჩამორჩე და ტექნიკურთან ერთად, მარკეტინგული კუთხითაც შეისწავლე ეს ქსელი. უცხოეთში ბრენდების მიერ კამპანიებში ტიკტოკის გამოყენების ბევრი წარმატებული ქეისი არსებობს. დასაწყისისთვის შეგიძლია ამ სტატიებს გადაავლო თვალი – ტიკტოკის გაიდი დამწყებისთვის, ტიკტოკი მარკეტერებისთვის.