მენტორების რჩევები – ანუკი ცხოვრებაძე

მენტორების რჩევები – ანუკი ცხოვრებაძე

კითხვა გვაძლევს საშუალებას ვიმოგზაუროთ მაშინ, როდესაც უნდა დავრჩეთ იქ სადაც ვართ. -ნეტა დამემახსოვრებინა ვინ თქვა

არც ფსიქოლოგი ვარ გირჩიოთ, როგორ გაიტანოთ თავი და ემოციური ჯანმრთელობა მსოფლიო პანდემიის პერიოდში და არც სამოტივაციო სპიკერი ვარ ორი სიტყვით სკამიდან თუ საწოლიდან თქვენი წამოხტომა შევძლო. მაგრამ გაგიზიარებთ  რჩევებს იმის შესახებ როგორ უნდა ან არ უნდა მოვიქცეთ.

პირველ რიგში, საჭიროა, დაფიქრდეთ რა გინდათ მიიღოთ რამდენიმე თვიანი სახლში ყოფნისგან და საერთოდ გინდათ თუ არა მიიღოთ რაიმე. დაისახეთ მოკლე და გრძელვადიანი მიზნები, შედეგსა და უშედეგობას შორის არჩევანი მარტივი გასაკეთებელია, შემდეგი ნაბიჯია უბრალოდ დილემა: სიზარმაცე თუ მოქმედება. ამ ორს შორის არჩევანის გაკეთებაში კი სწორედ, დასახული მიზნის მიღწევის მოტივაცია დაგეხმარებათ. მაგრამ მთავარია ეს მოტივაცია და შედეგის მიღების სურვილი თვითდისციპლინაში ასახოთ, რაშიც ძილის მოწესრიგება, ვარჯიშის დაწყება და დღის დაგეგმვის მარტივი მეთოდებიც დაგეხმარებათ.

თუმცა შეეცადეთ საკუთარ თავს სტრესი არ დაუმატოთ, შინაპატიმრობის სტრესიც გეყოფათ, თქვენი გეგმები მაქსიმალურ ბალანსში ამყოფეთ დასვენებასთან.

რჩევებს რაც შეეხებათ, ერთი ბანალური, თუმცა კონკურენტს რომ ვერ უპოვი ისეთი რჩევა მაქვს:

იკითხეთ რაც შეიძლება მეტი, თუმცა სწორად განსაზღვრეთ რამდენად ეხმიანება არჩეული ლიტერატურა არჩეულ მიზანს. შავი ჭირის წაკითხვას ყოველთვის მოასწრებთ, დღევანდელ სამეცნიერო ლიტერატურას კი ხვალ შეიძლება ვადა გაუვიდეს და მოძველდეს.

საკომუნიკაციო სფეროსთვის,  როგორც სხვა სფეროებისთვის დღევანდელი ვითარება დიდი გამოწვევაა, მაგრამ გულწრფელად უნდა აღვნიშნოთ, რომ მაინც ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია ვიდრე ტურისტული თუ სხვა ის სფეროები, რომლებიც  საჭიროებდნენ სოციალურ ინტერაქციას და ვირტუალურ რეჟიმს ვერაფრით მოერგებოდნენ.

და ამ სფეროსთვისაც ალბათ ყველაზე საინტერესო პერიოდიცაა, თუ თქვენი პროფესია ამ სფეროს უკავშირდება ან მომავალში უნდა დაუკავშირდეს, გირჩევთ დააკვირდეთ კომპანიებს, ორგანიზაციებს, მთავრობებს, თუ როგორ კომუნიკაციას ინარჩუნებენ, რა აქტივობები  და როგორი ურთიერთობა აქვთ საზოგადოებასთან. ეს პერიოდი ავლენს არა მხოლოდ ლოიალურ მომხმარებელს, არამედ მომხმარებლის მიმართ ლოიალურ კომპანიებსაც.

თითქმის ყოველდღე სხვადასხვა კომპანია, ორგანიზაცია, უნივერსიტეტი საჯარო ონლაინ ლექციებს, საუბრებს, პრეზენტაციებს ატარებს უამრავ სხვადასხვა საკითხზე. მოიძიეთ და დაესწარით თქვენთვის საინტერესო თემებს, მიიღეთ მაქსიმუმი დისტანცირებისგან.