მაიკო ძირკველიშვილი პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ? 

პირადად მე იმიტომ მომწონს პიარსკოლა და მეამაყება მისი გუნდის წევრობა, რომ ვფიქრობ, ეს სკოლა დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ეფექტიანად ორგანიზებული მოკლევადიანი სასწავლო პროგრამაა საქართველოში.

მის წარმატებულობას განაპირობებს, ერთის მხრივ, ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის გამართული ინფრასტრუქტურა და კომფორტული სასწავლო გარემო, მეორეს მხრივ – პრაქტიკოსი, თავის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებული პროფესიონალებისგან შემდგარი ლექტორების გუნდი, რომლებიც თეორიულ ცოდნასთან ერთად მდიდარ პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებენ მსმენელებს…

უკვე 11 წელია, თბილისის პიარსკოლა არსებობს და მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ჩემთვის ისაა, რომ ახალი სტუდენტების დიდი უმრავლესობა იმ კოლეგების, ნაცნობების რეკომენდაციით მოდიან პიარსკოლაში, რომლებმაც მანამდე დაამთავრეს ჩვენი პროგრამა.

და რაც, ალბათ, ყველაზე მთავარია – ამ წლების მანძილზე სულ უფრო მეტ საზოგადოებასთან ურთიერთობის წარმატებულ სპეციალისტს ვხედავ, რომლებმაც სწორედ პიარსკოლაში აიღეს “სტარტი” ამ ურთულეს პროფესიაში.

თუკი ხარისხი რეალური შედეგებით იზომება – მაშინ პიარსკოლას ნამდვილად აქვს უკვე შედეგების ის “პორტფელი”, რომელიც მის მაღალ ხარისხს ადასტურებს.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?

პიარსკოლის სტუდენტები მიიღებენ აუცილებელ საბაზისო ცოდნას არა მარტო საზოგადოებასთან ურთიერთობის, არამედ ყველა იმ მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით, რომლებთან ინტეგრირებულია დღეს თანამედროვე პიარი.

შესაბამისად, პიარსკოლის დასრულების შემდეგ თქვენ გექნებათ კომპლექსური ცოდნა და ფართო ხედვა სამარკეტინგო პროცესებისა, რაც დაგეხმარებათ წარმატებით გაართვათ თავი კომუნიკაციების მენეჯერის ფუნქციებს არა მარტო დიდ ორგანიზაციაში, როგორც კომუნიკაციის დეპარტამენტის გუნდის ერთმა წევრმა, ასევე – მცირე ზომის ორგანიზაციებშიც, სადაც მთელი კორპორაციული კომუნიკაციები, თავისი ყველა მიმართულებით, შესაძლოა თქვენი პასუხისმგებლობა იყოს…

პიარსკოლა თქვენ მოგცემთ მხოლოდ წარმატებული “სტარტისთვის” აუცილებელ საბაზისო ცოდნას და სწორ მიმართულებას იმისათვის, რომ პრაქტიკულ საქმიანობაში პროფესიულად კიდევ უფრო გაიზარდოთ…

  1. რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა აკეთებს არჩევანს პიარსკოლაზე?

ყველას, ვისაც აინტერესებს საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესია და სურს თავი მოსინჯოს ამ სფეროში, ვურჩევ, ამ გადაწყვეტილების მიღებისთანავე დარეგისტრირდეს პიარსკოლაში და 3 თვე დაუთმოს იმ სიკეთეების მიღებას, რაც ამ სკოლისგან უკვე მიიღო ათასზე მეტმა მისმა ყოფილმა სტუდენტმა, რომელთაგან ბევრი დღეს ამ სფეროში ძალიან ცნობილი და წარმატებული ადამიანია. მათაც სწორედ ასე დაიწყეს – ერთ მშვენიერ დღეს ადგნენ და დარეგისტრირდნენ პიარსკოლაში 🙂

დროზე დავიწყოთ დროის მართვა!

ისტორიულ ამბებს როცა ეცნობი, ზოგად კონტექსტში აფასებ მოვლენებს და უფრო რუკებით, თარიღებითა და საბოლოო გამარჯვებულის ვინაობით აფასებ ამა თუ იმ პერიოდს. როცა ისტორიული მოვლენის უშუალო მომსწრე ხდები, ახალი კორონავირუსის პანდემია აშკარად შეიძლება ასეთად მივიჩნიოთ, რომელიც ისტორიის წიგნების ნაწილი გახდება, მაშინ გიჭირს ამ ‘ისტორიულობის’ შეფასება, ყოველ შემთხვევაში, პროცესების განვითარების საწყის ეტაპზე, დიდი ალბათობით, წარმოდგენაც კი არ გაქვს იმაზე, თუ ‘რასთან გაქვს საქმე’.

როგორც წესი, თავიდან ბუნდოვანია კონტურები და შემდეგ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყება ‘აზრზე მოსვლა’. მაგრამ 2020 წლის აპრილში უკვე ხვდები, რომ 2020 წლის იანვარში გონზე არ ყოფილხარ და ‘რაღაცა კორონავირუსიო’, რომ ამბობდი (არც ახალს უმატებდი წინ და COVID-19-ის წარწერა რომ გენახა სადმე, რამე წამლის ან საღებავის სახელი გეგონებოდა), საერთოდ ვერ აცნობიერებდი რეალურ მდგომარეობას. 2020 წლის აპრილში ასევე ხვდები, რომ წინ კიდევ ბევრი ‘სიურპრიზი’ შეიძლება გელოდებოდეს.

ახლა რომ ვიხსენებ ცოტა მეცინება კიდეც, როგორ ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში ახალი ტერმინები, ახალი ქცევები. როგორ ნელ-ნელა შევეჩვიეთ ეს ხვევნა-კოცნას და ჩახუტებას მოყვარული ქართველები შორიდან მისალმებას, სოციალურ დისტანცირებას, სახლიდან მუშაობას, ზუმში ჭუკჭუკს, ონლაინ სუფრებს, რიგებში დგომას და როგორ ‘დავიწყეთ’ პასუხისმგებლიანი ცხოვრება. ჰოდა, სწორედ სახლში მუშაობაზე მინდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა.

კარგია როცა არ ჩერდები, როცა გარშემო ყველაფერი გაჩერებულია. კარგია, როცა აგრძელებ საქმიანობას და ქმნი დოვლათს, რამდენადაც შესაძლებელია. კარგია რომ მხოლოდ ტელევიზორის, სთორების და ვიდეოების მაყურებელი არ ხარ და შენც ქმნი რაღაცას (ტიკ-ტოკის ვიდეოებს არ ვგულისხმობ და მრავალფეროვან კერძებს). მე მაგალითად, ძალიან მიხარია, რომ ‘ჯეპრა’ არ გაჩერებულა და ახალი პროექტებიც კი გამოჩნდა.

მაგრამ უკვე ვხვდები, რომ ცოტა ზედმეტებშიც გადავდივართ…

სპორტულ შარვალსა და პერანგში მუშაობა კი მოსახერხებელია, მითუმეტეს თუ გვერდით გიდგას მაცივარი და შეგიძლია გამოაღო და მეილის წერის მომენტში შეჭამო რაც გაგიხარდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ‘სულ სამსახურში ვარ’. მეილები მოდის ღამე, ონლაინ შეხვედრები ინიშნება საღამოს 7 საათის შემდეგ, სულ თათბირები და ქოლებია და როცა ფიქრობ, რომ მორჩა, დაღამდა და უნდა დავისვენოო, მერე შეიძლება უფრო მეტის გაკეთება მოგიწიოს. ჰოდა, რაღაც უნდა ვქნათ.

არ ვწუწუნებ და არც ვტრაბახობ. მე ისედაც, პრინციპში, სულ ვმუშაობ და მკაფიოდ არ მაქვს გაყოფილი სამუშაო და პირადი დრო. მე როცა დიდი ბიჭი გავხდი, მთავარი იყო სამუშაო გქონოდა და პირობებს ვინ უყურებდა?! მართლა არ ვწუწუნებ, მაგრამ მგონია, რომ მალე გადავიწვებით და ენთუზიაზმიც გაგვიქრება. ამიტომ, როგორც ოფისში ან სამუშაო ადგილზე ვაკეთებთ ხოლმე, უნდა დავხედოთ საათს და 7-ის შემდეგ ‘წავიდეთ სახლებში და დავისვენოთ’. თან, საცობების გავლაც არ მოგვიწევს.

პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსი

„მოგესალმებით, გილოცავთ პიარსკოლის დიდ ოჯახში შემოსვლას“ – ასე იწყება პიარსკოლის ეფექტური კომუნიკაციების ქვეკურსის პირველი მეცადინეობა. ეს პირველი ქვეკურსია და კეთილგანწყობილი კომუნიკაციის საშუალებით აქ იწყება ყინულის ლღობა, დისტანციის შემცირება  ერთმანეთისთვის უცხო ადამიანებს შორის, რომელიც კურსის ბოლოს მეგობრობით გრძელდება ხოლმე.

ეფექტური ინტერპერსონალური საქმიანი კომუნიკაციის ქვეკურსის ფარგლებში პიარსკოლელები ეუფლებიან კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიც არის ინფორმაციის სწორად გადაცემა, აქტიური და პასიური მოსმენა, უკუკავშირის მიცემა და მიღება, პრეზენტაციის ტექნიკა. ეს ის უნარებია, რომელიც პიარმენეჯერებს ეხმარება პროფესიული საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. მოკლე კურსის ფარგლებში ნასწავლი საკვანძო კომუნიკაციური ტექნიკები  აძლევს  შესაძლებლობას სტუდენტებს თავდაჯერებულად იმოქმედონ  და მიაღწიონ მიზანს საქმიან სიტუაციაში. ამ შედეგის ერთგვარი გატესტვა კურსის ბოლოს, პროექტების პრეზენტაციების დროს ხდება ხოლმე. საგამოცდო პრეზენტაციები აჯამებს მთლიანი კურსის ფარგლებში მიღებულ ცოდნას და გავარჯიშებული უნარების დემონსტრირების შესაძლებლობას აძლევს სტუდენტებს.

ყოველი ჯგუფი თავისი უნიკალობითა და მრავალფეროვნებით ამდიდრებს პიარსკოლას  და ქმნის ახალ გამოცდილებას, როგორც ჯგუფის წევრებისთვის, ისე ლექტორებისთვის.

დაიწყე სწავლა პიარსკოლის “მარკეტინგული კომუნიკაციების” ზამთრის კურსზე.

რატომ უნდა ისწავლო პიარი?

საზოგადოებასთან ურთიერთობა (პიარი) ისეთი საქმეა, ნებისმიერ ორგანიზაციას, ან საქმეს რომ სჭირდება. შესაბამისად, ამ ზოგადი დასკვნითაც შეგვიძლია მისი სწავლების მნიშვნელობაზე დავიწყოთ საუბარი. თუმცა შეგვიძლია უფრო კონკრეტულადაც ავხსნათ ეს ამბავი და დაგანახოთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ცოდნის საჭიროება. მოდით მივყვეთ მარტივი ჭეშმარიტებების ჯაჭვს და იქნებ სინათლეც გამოჩნდეს გვირაბის ბოლოში.

1.  ყველა არის ჩართული კომუნიკაციაში. ანუ, პიროვნულ თუ ორგანიზაციულ დონეზე ვერავინ გაექცევა კომუნიკაციას და კომუნიკაცია საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ერთის მხრივ ყველას სჭირდება, რომ გააცნოს თავი გარემოს და მეორეს მხრივ საზოგადოებასაც სჭირდება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ რას აკეთებს და რას წარმოადგენს. ინფორმაციის და მონაცემების მიმოცვლის გარეშე ვერაფერი გამოგვივა.

2. სწორი და ეფექტიანი კომუნიკაციის წარმოება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გამოჩნდეს. აუდიტორია მრავალფეროვანია, საინფორმაციო სივრცე კი – ჭრელი. ჩვენ კიდევ ამ ჭრელ სივრცეში, სადაც ყველაფერი არეულია და ინფორმაციის უზარმაზარი მოცულობის ნაკადებია, ჩვენ უნდა მოვახერხოთ, რომ ჩვენი სათქმელი მივიტანოთ იმ მრავალფეროვან აუდიტორიამდე, გავაგებინოთ ეს ნათქვამი და თან ამით მოვიპოვოთ მათი მოწონება და ნდობა. ადვილია? არც ისე. ცოდნა სჭირდება.

3. ეს ზედა ორი მიზეზი უკვე ბევრმა გააცნობიერა და ახლა ან თვითონ ერკვევიან ეფექტიანი კომუნიკაციის წიაღსვლებში, ან მცოდნე და გამოცდილ ხალხს ეძებენ. ეს კი ნიშნავს იმას, რომ პიარ სპეციალისტებზე მოთხოვნა არსებობს და ამ სფეროში დასაქმებასაც გააჩნია შესაბამისი პერსპექტივა. მარკშეიდერისა არ იყოს, ერთი-ორი პიარ მენეჯერი ყველას სჭირდება და ესეც პიარის სწავლის აუცილებლობის დამატებითი არგუმენტია.

რატომ უნდა ისწავლო პიარი პიარსკოლაში?

ნუ, იდეაში, პიარი პიარსკოლაში რომ უნდა ისწავლო, ეს ძალიან ლოგიკური და ცალსახაა, მაგრამ, რახან არ იშლით, მაინც აგიხსნით.

– აქ უბრალოდ გამოცდილი და პრაქტიკოსი ლექტორები კი არა, გამოცდილ და პრაქტიკოსების ლექტორებს ვინც ასწავლა თავის დროზე, ისეთი სპეციალისტები და ექსპერტები კითხულობენ ლექციებს. როცა რამე გიკეთებია და ამას ასწავლი ეს, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ როცა ბევრჯერ გიკეთებია და ნიუანსებში ერკვევი, ასე უკეთესად ასწავლი და ყველა მხარესაც დაანახებ სტუდენტს. ჩვენი ლექტორები კი სულ ზეგამოცდილები და ათას პროექტში ნამუშევრები არიან.

– ლექციებთან ერთად, პიარსკოლელები გუნდებად იყოფიან და მთელი კურსის განმავლობაში მუშაობენ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვასა და სპეციალური პროექტის მომზადებაზე, სადაც ყველა მიღებულ ინფორმაციას და ახალ ცოდნას იყენებენ. პროექტები როგორც წესი რეალური პრობლემების და სხვადასხვა კლიენტი კომპანიის თუ ბრენდის წინაშე მდგარი ასევე რეალური ამოცანების გადაჭრას ემსახურება. ესეც დამატებითი პლუსია.

– და ბოლოს, პიარსკოლაში მთავარი მაინც ნეთვორქინგი და კავშირებია. არ ვიცი ეს როგორ ხდება, ამაში ჩვენ დიდად ძალისხმევა არ ჩაგვიდია და ალბათ ვერც ჩავდებდით. ეს უბრალოდ ასე მოხდა და დღემდე პიარსკოლის კურსდამთავრებულები ჩვენი და რაც მთავარია, ერთმანეთის დიდ მეგობრებად რჩებიან.

მგონი საკმარისი მიზეზებია უკვე 😊