დროზე დავიწყოთ დროის მართვა! -

დროზე დავიწყოთ დროის მართვა!

დროზე დავიწყოთ დროის მართვა!

ისტორიულ ამბებს როცა ეცნობი, ზოგად კონტექსტში აფასებ მოვლენებს და უფრო რუკებით, თარიღებითა და საბოლოო გამარჯვებულის ვინაობით აფასებ ამა თუ იმ პერიოდს. როცა ისტორიული მოვლენის უშუალო მომსწრე ხდები, ახალი კორონავირუსის პანდემია აშკარად შეიძლება ასეთად მივიჩნიოთ, რომელიც ისტორიის წიგნების ნაწილი გახდება, მაშინ გიჭირს ამ ‘ისტორიულობის’ შეფასება, ყოველ შემთხვევაში, პროცესების განვითარების საწყის ეტაპზე, დიდი ალბათობით, წარმოდგენაც კი არ გაქვს იმაზე, თუ ‘რასთან გაქვს საქმე’.

როგორც წესი, თავიდან ბუნდოვანია კონტურები და შემდეგ, ნელ-ნელა, ეტაპობრივად იწყება ‘აზრზე მოსვლა’. მაგრამ 2020 წლის აპრილში უკვე ხვდები, რომ 2020 წლის იანვარში გონზე არ ყოფილხარ და ‘რაღაცა კორონავირუსიო’, რომ ამბობდი (არც ახალს უმატებდი წინ და COVID-19-ის წარწერა რომ გენახა სადმე, რამე წამლის ან საღებავის სახელი გეგონებოდა), საერთოდ ვერ აცნობიერებდი რეალურ მდგომარეობას. 2020 წლის აპრილში ასევე ხვდები, რომ წინ კიდევ ბევრი ‘სიურპრიზი’ შეიძლება გელოდებოდეს.

ახლა რომ ვიხსენებ ცოტა მეცინება კიდეც, როგორ ნელ-ნელა, მაგრამ საფუძვლიანად გაჩნდა ჩვენს ცნობიერებაში ახალი ტერმინები, ახალი ქცევები. როგორ ნელ-ნელა შევეჩვიეთ ეს ხვევნა-კოცნას და ჩახუტებას მოყვარული ქართველები შორიდან მისალმებას, სოციალურ დისტანცირებას, სახლიდან მუშაობას, ზუმში ჭუკჭუკს, ონლაინ სუფრებს, რიგებში დგომას და როგორ ‘დავიწყეთ’ პასუხისმგებლიანი ცხოვრება. ჰოდა, სწორედ სახლში მუშაობაზე მინდა გითხრათ ერთი ორი სიტყვა.

კარგია როცა არ ჩერდები, როცა გარშემო ყველაფერი გაჩერებულია. კარგია, როცა აგრძელებ საქმიანობას და ქმნი დოვლათს, რამდენადაც შესაძლებელია. კარგია რომ მხოლოდ ტელევიზორის, სთორების და ვიდეოების მაყურებელი არ ხარ და შენც ქმნი რაღაცას (ტიკ-ტოკის ვიდეოებს არ ვგულისხმობ და მრავალფეროვან კერძებს). მე მაგალითად, ძალიან მიხარია, რომ ‘ჯეპრა’ არ გაჩერებულა და ახალი პროექტებიც კი გამოჩნდა.

მაგრამ უკვე ვხვდები, რომ ცოტა ზედმეტებშიც გადავდივართ…

სპორტულ შარვალსა და პერანგში მუშაობა კი მოსახერხებელია, მითუმეტეს თუ გვერდით გიდგას მაცივარი და შეგიძლია გამოაღო და მეილის წერის მომენტში შეჭამო რაც გაგიხარდება, მაგრამ მეორეს მხრივ, ‘სულ სამსახურში ვარ’. მეილები მოდის ღამე, ონლაინ შეხვედრები ინიშნება საღამოს 7 საათის შემდეგ, სულ თათბირები და ქოლებია და როცა ფიქრობ, რომ მორჩა, დაღამდა და უნდა დავისვენოო, მერე შეიძლება უფრო მეტის გაკეთება მოგიწიოს. ჰოდა, რაღაც უნდა ვქნათ.

არ ვწუწუნებ და არც ვტრაბახობ. მე ისედაც, პრინციპში, სულ ვმუშაობ და მკაფიოდ არ მაქვს გაყოფილი სამუშაო და პირადი დრო. მე როცა დიდი ბიჭი გავხდი, მთავარი იყო სამუშაო გქონოდა და პირობებს ვინ უყურებდა?! მართლა არ ვწუწუნებ, მაგრამ მგონია, რომ მალე გადავიწვებით და ენთუზიაზმიც გაგვიქრება. ამიტომ, როგორც ოფისში ან სამუშაო ადგილზე ვაკეთებთ ხოლმე, უნდა დავხედოთ საათს და 7-ის შემდეგ ‘წავიდეთ სახლებში და დავისვენოთ’. თან, საცობების გავლაც არ მოგვიწევს.