ნინი მეტრეველი პიარსკოლის შესახებ

ნინი მეტრეველი პიარსკოლის შესახებ

   1.რა მნიშვნელობა აქვს მედია მენეჯმენტს დღევანდელ სამყაროში?

მედია ჯერ კიდევ რჩება სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ არხად. გარდა იმისა, რომ ტრადიციული, თუ ალტერნატიული მედია ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა, მათ შეუძლიათ, კომპანიისა და კონკრეტული პირებისთვის საკომუნიკაციო კრიზისის შექმნა და გამძაფრებაც. შესაბამისად, არანაკლკებ მნიშვნელოვანია მედიასთან სტაბილური და კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

  2.შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მედიამენეჯმენტის წარმატებული ისტორიის მაგალითი?

ნებისმიერი დიდი ბრენდის მედიასთან ურთიერთობა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად. ბაზარზე მოთამაშე ლიდერი ბრენდები საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებენ პიარსა და მარკეტინგში, რაც, თავისთავად, მოიცავს მედიასთან ურთიერთობასაც. რაც შეეხებათ უფრო მცირე ბიუჯეტიან კომპანიებს, ორგანიზაციებსა, თუ უბრალოდ საჯარო პირებს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ღიაობა, გულწრფელობა და გამჭვირვალობაა.

  3.რას სთავაზობს თქვენი ლექციები პიარსკოლის სტუდენტებს?

პიარსკოლისათვის სალექციო კურსის შედგენისას, აქცენტი ორ რამეზე გავაკეთე. პირველი – ვეცადე სტუდენტებისთვის მიმეცა ის პრაქტიკული ცოდნა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ, თუკი ამ სფეროში გეგმავენ მუშაობას. მათ შეექმნებათ წარმოდგენა, როგორ მზადდება ესა თუ ის მედია პროდუქტი ჟურნალისტების მიერ; რა ინფორმაცია უნდა გაამზადონ ჟურნალისტებისთვის, რომ სასურველი მედია პროდუქტი მიიღონ; ზოგადად, რა მედია პროდუქტები არსებობს ქართულ ბაზარზე და რატომ არ არის ყველაფერი „სიუჟეტი“. ასევე, ისწავლიან, როგორ უნდა შეადგინონ მედია გეგმა და ბიუჯეტი. მეორე – როგორ შეიძლება ვიყოთ ორიგინალურები ინფორმაციის სამიზნე აუდიტორიაში გავრცელების დროს, რადგან მედია მხოლოდ ტელევიზია არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაგალითების წარდგენისა და თითოეული ქეისის განხილვის ფონზე მიმდინარეობს. მედია მენეჯმენტის კურსი არ არის მონოლოგის ფორმატი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან ქეისები, რომლებსაც წარვადგენთ, არ არის უნაკლო.

 4.რა რჩევას მისცემდით პიარსკოლელებს და მედიამენეჯმენტით დაინტერესებულ ადამიანებს?

იმავეს, რასაც პიარსკოლელებს კურსის ბოლოს ვეუბნები ხოლმე – ჩართეთ თქვენი ფანტაზია, რადგან მედია ბევრის საშუალებას იძლევა. ასევე, ნუ იქნებით აგრესიულები მედიის წარმომადგენლების მიმართ, როდესაც ისინი, ავად თუ კარგად, თავიანთ საქმეს აკეთებენ.