თეა ყიფშიძე პიარსკოლის შესახებ

თეა ყიფშიძე პიარსკოლის შესახებ

  1. როგორ მოქმედებს თხრობის ხელოვნება სხვადასხვა სფეროსა თუ ინდუსტრიაში?

თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ყველა დროსა და ეპოქაში, ყველა ქვეყანასა და ერში, დიდსა თუ პატარაში, მდიდრებსა თუ ღარიბებში, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იყო ამბავი. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ წერა-კითხვას დაეუფლებოდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, გაივლიდა ასწლეულებსა თუ ათასწლეულებს და ასე აღწევდა თანამედროვე საზოგადოებამდე. თუმცა, ერთია ამბავი და მეორე – როგორ გადასცემ, მიაწვდენ, შეფუთავ ამ ამბავს ანუ ცალკე ხელოვნებაა ამბის თხრობა.

ნებისმიერ სფეროსა თუ ინდუსტრიას, კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო სტრუქტურას საკუთარი საქმიანობისა თუ იმიჯისთვის, რეკლამირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება ამბავი, რომელსაც რაც უფრო შთამბეჭდავად გადასცემს სამიზნე აუდიტორიას, თავის უშუალო სეგმენტს, მით წარმატებული იქნება და გარანტირებულად დაიკავებს მეწინავე ადგილს. ადამიანებს ნაკლებად ამახსოვრდებათ სტატისტიკა და მშრალი ფაქტები, კარგად მოთხრობილი ისტორია კი იშვიათად ტოვებს ვინმეს გულგრილს.

  1. ინფორმაციით სავსე სამყაროში, როგორ შეიძლება მივიპყროთ აუდიტორიის ყურადღება ამბის თხრობის ხელოვნების ეფექტურად გამოყენებით სასურველი შედეგის მისაღებად? რამე მაგალითს ხომ ვერ გაიხსენებდით?

სამყაროში, სადაც დრო იმაზე სწრაფად მიქრის, ვიდრე წარმოგვიდგენია, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიით ყოველდღიურად ლამის სასწაულების მხილველები ვხდებით, სადაც ზედმეტს აღარავინ ლაპარაკობს და ისმენს, სასურველი შედეგის მისაღწევად მართლაც მნიშვნელოვანია სწორი ფორმისა და ხერხის, შესაფერისი ამბის ეფექტურად შერჩევა. ეს ერთის მხრივ რთული, მეორეს მხრივ კი მეტად აზარტული და საინტერესო ამოცანაა, რომლის გადაჭრაც უდიდესი სიამოვნების მომგვრელია. ამბის თხრობის ხელოვნება სწორი კომუნიკაციის საწინდარია.

ერთ-ერთ გამორჩეულად და დღესდღეობით აქტუალურად მიმაჩნია კამპანია, რომელიც პოპულარული პლატფორმის StelloGirls-ის დამფუძნებელმა აწარმოვა. მას სურდა, ახალ თაობას მეტი გაეგო ჰოლოკოსტის შესახებ და ამ მიზნით გამოიყენა რეალური ამბავი, რომელიც ევა ჰეიმანს გადახდა თავს. პირველსავე ბილბორდმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ყურადღება მიიქცია – რა იქნებოდა, ჰოლოკოსტის გოგონას ინსტაგრამი რომ ჰქონოდა? და პოსტერებზე მავთულხლართებს მიღმა მოზარდი გოგონას გამხდარ ხელს სმარტფონი ეჭირა. ასე გაჩნდა ექაუნთი – Eva’s Stories. ევას დღიურის მიხედვით ყოველდღიურად იდებოდა პოსტები. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კამპანიამ, რომელიც ისრაელელი ახალგაზრდების გაცნობიერებას ისახავდა მიზნად, იმაზე მეტი ადამიანი ჩაითრია, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ჩემთვის, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი და ამბის თხრობის ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითი.

  1. რისი მიღება შეუძლიათ სტუდენტებს თქვენი ლექციებიდან და რამდენად შესაძლებელია ამ ცოდნის რეალიზება მათ საქმიანობაში?

ჩვენ ეპოქაში, სადაც ცხოვრება „სთორებად“ იქცა, ყოველდღიურობა გვკარნახობს, რომ, დიახ, ამბავი მნიშვნელოვანია და, დიახ, თანამედროვეობა ჩვენგან ამ ამბის თხრობის განსაკუთრებულ ხერხებსაც ითხოვს. ვისურვებდი, ერთად გაგვეაზრებინა, რა ამბის და რა ფორმით გაზიარებას გადავწყვეტდით. შევეცადოთ, მოვყვეთ საკუთარ ამბებს, ოღონდ ისე, რომ ის დამაინტრიგებელი, ჩამთრევი, ემოციური და აქტუალური იყოს. ყველას ცხოვრებას აქვს რაღაც უნიკალური და განუმეორებელი, უბრალოდ მას შესაბამისი დანახვა და წარმოჩენა ჭირდება.

  1. რას ურჩევდით პიარსკოლის სტუდენტებს?

სწორად შეაფასონ, ვის, რას და რატომ უყვებიან. ვინ არის მათი აუდიტორია, ვისზე ცდილობენ ზემოქმედებას და რა არის მათი მიზანი. ამ შემთხვევაში ამბავიც მოიძებნება და ამ ამბის თხრობის ყველაზე ეფექტური ხერხიც. არასდროს დაიღალონ ძიებით, არ დანებდნენ და იბრძოლონ სასურველის მისაღწევად, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარია, ამბებს სულიერება არ  დაუკარგონ.