ქეთევან ჭინჭარაული პიარსკოლის შესახებ

  1. მსოფლიოში, რომელშიც სოციალურ მედია აკავშირებს ადამიანებს და ბრენდებს, რამდენად არის სოციალური მედიის ღრმა გაგება მნიშვნელოვანი და ღირებული?

სოციალური მედია იქცა ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილად, რომელიც აკავშირებს ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან. მან მოახდინა რევოლუცია ჩვენს კომუნიკაციაში, ინფორმაციის გაზიარებაში და ბიზნესის წარმართვაშიც კი. გარდა ამისა, სოციალურმა მედიამ გადამწყვეტი როლი ითამაშა მნიშვნელოვანი სოციალური საკითხების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობაში. ის იქცა აქტივიზმის მძლავრ ინსტრუმენტად, რომელიც საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი მოსაზრებები. რადგან ჩვენ ვაგრძელებთ ციფრული ეპოქის ათვისებას, სოციალური მედია უდავოდ გააგრძელებს ჩვენი სამყაროს ფორმირებას.

  1. როგორ იყენებენ კომპანიები სოციალურ მედიას?

. ნებისმიერი ზომის და ტიპის ბიზნესისთვის, იქნება ეს სტარტაპი თუ მრავალწლიანი კომპანია, მნიშვნელოვანია სოციალური მედია, იმისათვის, რომ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა ბრენდის მიმართ, მოიზიდოს ახალი მომხმარებლები, შექმნას ბრენდის იდენტობა და რაც მთავარია, უფრო ახლოს იყოს მომხმარებლებთან და ზუსტად იცოდეს რა და როგორ შესთავაზოს მათ.

  1. რითი დაეხმარება პიარსკოლის სტუდენტებს თქვენი ლექციები?

უფრო მეტად გააცნობიერონ რამხელა ძალაა სოციალური მედია. თითოეული სოციალური მედია პლატფორმის შესახებ გაიგონ ინფორმაცია და შემდეგ უკვე, პრაქტიკაში სწორად გამოიყენონ თითოეული მათგანი. რამხელა მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმილ რეკლამას და საერთოდ რატომ უნდა დახარჯონ შემდგომში კომპანიის ბიუჯეტი სოციალური მედიის რეკლამაში.

  1. რას ურჩევდით სოციალური მედიით დაინტერესებულ ადამიანებს?

თუ გაინტერესებთ სოციალური მედია, აუცილებლად ღრმად უნდა შესცუროთ და ნამდვილად მოგეწონებათ ეს მრავალფეროვანი სამყარო თავისი, მრავალმხრივი საინტერესო ნაწილებით.

P.S  მუდმივად გატესტეთ ყველაფერი, ვიზუალებიდან დაწყებული აუდიტორიებით დამთავრებული!

ნინი მეტრეველი პიარსკოლის შესახებ

   1.რა მნიშვნელობა აქვს მედია მენეჯმენტს დღევანდელ სამყაროში?

მედია ჯერ კიდევ რჩება სამიზნე აუდიტორიასთან კომუნიკაციის ერთ-ერთ მთავარ არხად. გარდა იმისა, რომ ტრადიციული, თუ ალტერნატიული მედია ჩვენთვის სასურველი ინფორმაციის გავრცელების საშუალებაა, მათ შეუძლიათ, კომპანიისა და კონკრეტული პირებისთვის საკომუნიკაციო კრიზისის შექმნა და გამძაფრებაც. შესაბამისად, არანაკლკებ მნიშვნელოვანია მედიასთან სტაბილური და კარგი ურთიერთობის შენარჩუნება.

  2.შეგიძლიათ გაგვიზიაროთ მედიამენეჯმენტის წარმატებული ისტორიის მაგალითი?

ნებისმიერი დიდი ბრენდის მედიასთან ურთიერთობა შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითად. ბაზარზე მოთამაშე ლიდერი ბრენდები საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებენ პიარსა და მარკეტინგში, რაც, თავისთავად, მოიცავს მედიასთან ურთიერთობასაც. რაც შეეხებათ უფრო მცირე ბიუჯეტიან კომპანიებს, ორგანიზაციებსა, თუ უბრალოდ საჯარო პირებს, ამ შემთხვევაში გადამწყვეტი ღიაობა, გულწრფელობა და გამჭვირვალობაა.

  3.რას სთავაზობს თქვენი ლექციები პიარსკოლის სტუდენტებს?

პიარსკოლისათვის სალექციო კურსის შედგენისას, აქცენტი ორ რამეზე გავაკეთე. პირველი – ვეცადე სტუდენტებისთვის მიმეცა ის პრაქტიკული ცოდნა, რაც სამომავლოდ აუცილებლად გამოადგებათ, თუკი ამ სფეროში გეგმავენ მუშაობას. მათ შეექმნებათ წარმოდგენა, როგორ მზადდება ესა თუ ის მედია პროდუქტი ჟურნალისტების მიერ; რა ინფორმაცია უნდა გაამზადონ ჟურნალისტებისთვის, რომ სასურველი მედია პროდუქტი მიიღონ; ზოგადად, რა მედია პროდუქტები არსებობს ქართულ ბაზარზე და რატომ არ არის ყველაფერი „სიუჟეტი“. ასევე, ისწავლიან, როგორ უნდა შეადგინონ მედია გეგმა და ბიუჯეტი. მეორე – როგორ შეიძლება ვიყოთ ორიგინალურები ინფორმაციის სამიზნე აუდიტორიაში გავრცელების დროს, რადგან მედია მხოლოდ ტელევიზია არ არის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მაგალითების წარდგენისა და თითოეული ქეისის განხილვის ფონზე მიმდინარეობს. მედია მენეჯმენტის კურსი არ არის მონოლოგის ფორმატი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჯგუფის თითოეულმა წევრმა გამოხატოს საკუთარი აზრი, რადგან ქეისები, რომლებსაც წარვადგენთ, არ არის უნაკლო.

 4.რა რჩევას მისცემდით პიარსკოლელებს და მედიამენეჯმენტით დაინტერესებულ ადამიანებს?

იმავეს, რასაც პიარსკოლელებს კურსის ბოლოს ვეუბნები ხოლმე – ჩართეთ თქვენი ფანტაზია, რადგან მედია ბევრის საშუალებას იძლევა. ასევე, ნუ იქნებით აგრესიულები მედიის წარმომადგენლების მიმართ, როდესაც ისინი, ავად თუ კარგად, თავიანთ საქმეს აკეთებენ.

 

თეა ყიფშიძე პიარსკოლის შესახებ

  1. როგორ მოქმედებს თხრობის ხელოვნება სხვადასხვა სფეროსა თუ ინდუსტრიაში?

თუ კარგად დავაკვირდებით, აუცილებლად აღმოვაჩენთ, რომ ყველა დროსა და ეპოქაში, ყველა ქვეყანასა და ერში, დიდსა თუ პატარაში, მდიდრებსა თუ ღარიბებში, უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი იყო ამბავი. ჯერ კიდევ მაშინ, სანამ წერა-კითხვას დაეუფლებოდნენ, ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა თაობიდან თაობას, გაივლიდა ასწლეულებსა თუ ათასწლეულებს და ასე აღწევდა თანამედროვე საზოგადოებამდე. თუმცა, ერთია ამბავი და მეორე – როგორ გადასცემ, მიაწვდენ, შეფუთავ ამ ამბავს ანუ ცალკე ხელოვნებაა ამბის თხრობა.

ნებისმიერ სფეროსა თუ ინდუსტრიას, კერძო ბიზნესსა თუ სახელმწიფო სტრუქტურას საკუთარი საქმიანობისა თუ იმიჯისთვის, რეკლამირებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის სჭირდება ამბავი, რომელსაც რაც უფრო შთამბეჭდავად გადასცემს სამიზნე აუდიტორიას, თავის უშუალო სეგმენტს, მით წარმატებული იქნება და გარანტირებულად დაიკავებს მეწინავე ადგილს. ადამიანებს ნაკლებად ამახსოვრდებათ სტატისტიკა და მშრალი ფაქტები, კარგად მოთხრობილი ისტორია კი იშვიათად ტოვებს ვინმეს გულგრილს.

  1. ინფორმაციით სავსე სამყაროში, როგორ შეიძლება მივიპყროთ აუდიტორიის ყურადღება ამბის თხრობის ხელოვნების ეფექტურად გამოყენებით სასურველი შედეგის მისაღებად? რამე მაგალითს ხომ ვერ გაიხსენებდით?

სამყაროში, სადაც დრო იმაზე სწრაფად მიქრის, ვიდრე წარმოგვიდგენია, სადაც სხვადასხვა ტექნოლოგიით ყოველდღიურად ლამის სასწაულების მხილველები ვხდებით, სადაც ზედმეტს აღარავინ ლაპარაკობს და ისმენს, სასურველი შედეგის მისაღწევად მართლაც მნიშვნელოვანია სწორი ფორმისა და ხერხის, შესაფერისი ამბის ეფექტურად შერჩევა. ეს ერთის მხრივ რთული, მეორეს მხრივ კი მეტად აზარტული და საინტერესო ამოცანაა, რომლის გადაჭრაც უდიდესი სიამოვნების მომგვრელია. ამბის თხრობის ხელოვნება სწორი კომუნიკაციის საწინდარია.

ერთ-ერთ გამორჩეულად და დღესდღეობით აქტუალურად მიმაჩნია კამპანია, რომელიც პოპულარული პლატფორმის StelloGirls-ის დამფუძნებელმა აწარმოვა. მას სურდა, ახალ თაობას მეტი გაეგო ჰოლოკოსტის შესახებ და ამ მიზნით გამოიყენა რეალური ამბავი, რომელიც ევა ჰეიმანს გადახდა თავს. პირველსავე ბილბორდმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და ყურადღება მიიქცია – რა იქნებოდა, ჰოლოკოსტის გოგონას ინსტაგრამი რომ ჰქონოდა? და პოსტერებზე მავთულხლართებს მიღმა მოზარდი გოგონას გამხდარ ხელს სმარტფონი ეჭირა. ასე გაჩნდა ექაუნთი – Eva’s Stories. ევას დღიურის მიხედვით ყოველდღიურად იდებოდა პოსტები. შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. კამპანიამ, რომელიც ისრაელელი ახალგაზრდების გაცნობიერებას ისახავდა მიზნად, იმაზე მეტი ადამიანი ჩაითრია, ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა. ჩემთვის, სწორედ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი და ამბის თხრობის ხელოვნების თვალსაჩინო მაგალითი.

  1. რისი მიღება შეუძლიათ სტუდენტებს თქვენი ლექციებიდან და რამდენად შესაძლებელია ამ ცოდნის რეალიზება მათ საქმიანობაში?

ჩვენ ეპოქაში, სადაც ცხოვრება „სთორებად“ იქცა, ყოველდღიურობა გვკარნახობს, რომ, დიახ, ამბავი მნიშვნელოვანია და, დიახ, თანამედროვეობა ჩვენგან ამ ამბის თხრობის განსაკუთრებულ ხერხებსაც ითხოვს. ვისურვებდი, ერთად გაგვეაზრებინა, რა ამბის და რა ფორმით გაზიარებას გადავწყვეტდით. შევეცადოთ, მოვყვეთ საკუთარ ამბებს, ოღონდ ისე, რომ ის დამაინტრიგებელი, ჩამთრევი, ემოციური და აქტუალური იყოს. ყველას ცხოვრებას აქვს რაღაც უნიკალური და განუმეორებელი, უბრალოდ მას შესაბამისი დანახვა და წარმოჩენა ჭირდება.

  1. რას ურჩევდით პიარსკოლის სტუდენტებს?

სწორად შეაფასონ, ვის, რას და რატომ უყვებიან. ვინ არის მათი აუდიტორია, ვისზე ცდილობენ ზემოქმედებას და რა არის მათი მიზანი. ამ შემთხვევაში ამბავიც მოიძებნება და ამ ამბის თხრობის ყველაზე ეფექტური ხერხიც. არასდროს დაიღალონ ძიებით, არ დანებდნენ და იბრძოლონ სასურველის მისაღწევად, რადგან ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მთავარია, ამბებს სულიერება არ  დაუკარგონ.

ნინო ჩიჩუა პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?

გაუ-თბილისის პიარკოლის სასწავლო პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი და მულტი-დისციპლინურია.  მოიცავს ყველა იმ საგანს და მიმართულებას, რაც უკავშირდება ბრენდის სტიმულირებასა და მის წარმატებით პოზიციონირებას ბაზარზე.

პრაქტიკოს ტრენერთა გუნდი და მათი მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს  სტუდენტებს, თეორიულ ცოდნასთან ერთად, პრაქტიკულ ქეისებს გაეცნონ და ასევე ეზიარონ თანამედროვე ტენდენციებს მარკეტინგისა და ციფრული კომუნიკაციების დინამიურ სამყაროში. სასწავლო პროცესი ინტერაქტიულ ხასიათს ატარებს, სადაც სტუდენტების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, საინტერესოა სტუდენტების მიერ გაზიარებული მაგალითების მოსმენა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა კურსის განმავლობაში შეძენილი კონტაქტები და ის ადამიანები, რომლებიც აუცილებლად გამოადგებათ სტუდენტებს მომავალ საქმიანობაში.

პიარსკოლის 12 წლიანი გამოცდილება არ არის ცოტა იმისათვის, რომ თამამად ისაუბრო გაუ-თბილისის პიარსკოლის კონკურენტულ უპირატესობასა და სიძლიერეზე.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?

სტუდენტები გაეცნობიან მარკეტინგის ძირითად საწყისებს და შეისწავლიან იმ კონცეპტუალურ საფუძვლებსა და ანალიტიკურ ინსტრუმენტებს, რასაც სტუდენტები გამოიყენებენ თავიანთი კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის ეფექტური დაგემვისა და განხორციელებისთვის.

სალექციო კურსი შედგება 3 ძირითადი კომპონენტისგან: ანალიტიკური, სტრატეგიული და ტაქტიკური მარკეტინგი.

კახა მაღრაძე პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?

ვისაც საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სისტემატიზაცია უნდა პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის კუთხით, ან უბრალოდ სურს გაიგოს ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ მუშაობს თანამედროვე მიზნობრივი კომუნიკაცია საქართველოში და გლობალურად, მე პიარსკოლას ვურჩევდი. გამოცდილი და მცოდნე ლექტორების კომბინაცია თეორიული ცოდნის მიღებისა და რეალური ქეისების განხილვის საშუალებასაძლევს პიარსკოლის სტუდენტებს. ამას ემატება სამთვიანი უწყვეტი პრაქტიკული მუშაობა ჯეპრას თანამშრომლების მენტორობის ქვეშ და ვიღებთ იდეალურ სასწავლო კურსს საქართველოში მოქმედი პიარმენეჯერებისთვის ან იმ ხალხისთვის, ვინც სფეროში შემოსვლით არის დაინტერესებული.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?

ცოდნის გამოყენების ამბავი თავად კურსდამთავრებულზეა დამოკიდებული და მის მონდომებაზე. თუმცა პიარსკოლის სასწავლო კურსი ისეა აწყობილი, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყოს პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციის მიმართულებით პრაქტიკული უნარების გამომუშავებას სტუდენტებში. ყველა საგანში არის პრაქტიკული ნაწილი და ამასთან ერთად, ის პროექტები, რომლებზეც სტუდენტები მთელი სამი თვის განმავლობაში მუშაობენ, სწორედ საქმისათვის მომზადებაზე არის ორიენტირებული.

ზურა ბალანჩივაძე პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?     

ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში ყოფილა ალბათ მომენტი, როცა არ ვიცით, რა გვინდა. გაუ-თბილისის პიარსკოლის ლექტორად ყოფნის ხუთწლიანი გამოცდილება მკარნახობს, რომ ყველაზე ხშირად ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოდიან აქ და შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ის, რასაც აქ ისწავლიან უკლებლივ ყველას გარკვეული დოზით სჭირდება. პიარი და მარკეტინგული კომუნიკაციები თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ცხოვრების წესია კარიერიიდან პიროვნულ დონემდე და პიარსკოლის კურსი ადამიანში სწორედ ამ უნარებს აღრმავებს და ავითარებს.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?         

პირადად ჩემი ლექციებიდან სტუდენტი უმთავრესად მიიღებს ხედვას. ვინაიდან სოციალურ ქსელებში ყველაფერი მალე იცვლება, სწორი მარკეტინგული და პიარკამპანიის წარმოებისთვის მთავარი იარაღი სწორი ხედვის, მართვის სისტემისა და შედეგების გაზომვის მეთოდის შემუშავებაა.

გიორგი ბერეჩიკიძე პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას?

პიარსკოლის უპირატესობას წარმოადგენს პრაქტიკოსი ლექტორები დიდი გამოცდილებით, კარგად შედგენილი, სტუდენტებზე მორგებული სასწავლო სტრუქტურა და საინტერესო საგნები.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?

სტუდენტი ისწავლის ონლაინ ხელსაწყოების ოპტიმალურად გამოყენებას სოციალური მედიის მიზნების შესრულებისთვის:

  • მიზნობრივი და გაზომვადი სოციალური მედიის კამპანიების სტრატეგიის შემუშავებას და დაგეგმვას;
  • შედეგების და რეპორტების კითხვას;
  • დამოუკიდებლად განახორციელებენ  კამპანიებს  და მოახდენენ ციფრული რეკლამების ოპტიმიზაციას.

თეა გველესიანი პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?

– გაუ-თბილისის პიარსკოლას აქვს თანამედროვე მეთოდებით სწავლების დიდი გამოცდილება და პროფესიულ სფეროში რეპუტაცია;

– აქ უნდა ჩააბარონ მათ, ვისაც სურს თეორიაზე დაფუძნებული პრაქტიკული ცოდნის მიღება პიარში;

– მხოლოდ პიარსკოლას აქვს ჰარმონიულად შერწყმული შედეგზე ორიენტირებული სწავლება და გართობა;

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში.

კლიენტებთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს პიარმენეჯერის საქმიანობის წარმატებას. ეფექტური კომუნიკაციის ლექციებიდან სტუდენტი მიიღებს ცოდნას საქმიანი კომუნიკაციის შესახებ. ისწავლის ისეთ კომუნიკაციურ ტექნიკებს, როგორიცაა: ინფორმაციის სწორად გადაცემა, მოსმენა, შეკითხვების დასმა, რთული სიტუაციების მართვა, საჯარო გამოსვლა.

  1. რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა აკეთებს არჩევანს პიარსკოლაზე?

პიარსკოლის მთელი გუნდი, გელით რომ გაგიზიაროთ ცოდნა, გამოცდილება, გაზარდოს თქვენი პროფესიული თავდაჯერებულობა, გამოავლინოს თქვენი შესაძლებლობები და მხარი დაგიჭიროთ კარიერულ წარმატებაში.

თამარ ცინცაძე პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?

ვფიქრობ, მეგობრული და უშუალო გარემო მნიშვნელოვანია. ის, რომ სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა ლექტორებთან ჰქონდეთ ახლო ურთიერთობა, ჰკითხონ რჩევები, როგორც სწავლის პროცესში, ასევე სწავლის დასრულების შემდეგ. ამით ისინი იფართოვებენ პროფესიულ წრეს, რაც მომავალში აუცილებლად გამოადგებათ.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში. 

გამომდინარე იქიდან, რომ სარეკლამო სააგენტოში მუშაობის გამოცდილება მაქვს, ჩემი სალექციო კურსის ფარგლებში სტუდენტებს სარეკლამო ინსდუსტრიას სწორედ სააგენტოს პერსპექტივიდან ვაჩვენებ. ვცდილობ, ავუხსნა როგორია სინამდვილეში დამკვეთის და სააგენტოს ურთიერთობა, რა შეცდომები არ უნდა დაუშვან ამ ურთიეთობის დროს. მიმოვიხილავ სარეკლამო სფეროს გლობალურ დონეზე და ვაჩვენებ პრაქტიკულ გადაწყვეტებს, სხვადასხვა ვიდეო ქეისებს იმისთვის, რომ სწორი წარმოდგენა შეექმნათ რა ხდება მსოფლიო ბაზარზე, როგორი პროდუქტი იქმნება ჩვენთან, შეადარონ, დაფიქრდნენ და უფრო გაბედული გადაწყვეტილებები მიიღონ.

ეკო ჩუბინიძე პიარსკოლის შესახებ

  1. თქვენი აზრით, რა უპირატესობები აქვს გაუ-თბილისის პიარსკოლას და რატომ უნდა ჩააბარონ აქ?

პიარსკოლა გამოირჩევა ამ სფეროში დიდი გამოცდილების მქონე პრაქტიკოსი ლექტორების სიმრავლით. შესაბამისად, სტუდენტებს გარდა თეორიული ცოდნის მიღებისა, ლექციებზე რეალური ქეისების განხილვის საშუალება აქვთ, რაც უფრო საინტერესოს და ეფექტურს ხდის სასწავლო პროცესს. ამასთანავე, თითოეული ჯგუფი ერთი გუნდია, სტუდენტებსა და ლექტორებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობაა, რაც უზრუნველყოფს მათ შორის ინტერეაქციის და სწავლის ხარისხის მუდმივ განვითარებას.

  1. რას მიიღებს სტუდენტი თქვენი ლექციებიდან და როგორ გამოიყენებს მიღებულ ცოდნას მომავალ საქმიანობაში?

ბრენდინგის კურსის განმავლობაში, სტუდენტები რეალური ბრენდების დღეს მიმდინარე ქეისების მაგალითებზე გაანალიზებენ ბრენდინგის მნიშვნელობასა და დანიშნულებას. ისინი მიიღებენ პრაქტიკულ ინსტრუმენტებს, რომლებიც მათ სამომავლოდ დაეხმარება ბრენდინგის პროცესის ამოცანების განსაზღვრასა და პროექტის მართვაში. ბრენდის სტრატეგია, ვიზუალური ბრენდინგი, ვერბალური ბრენდინგი და ბრენდის გაცოცხლება სალექციო კურსის ძირითადი კომპონენტებია. თითოეული მათგანი სტუდენტებს შეუქმნის ცხად წარმოდგენას რა საშუალებებით უნდა შექმნან და მართონ ბრენდები.

  1. რას ურჩევდით მათ, ვინც ახლა აკეთებს პიარსკოლაზე არჩევანს?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კომპონენტი ინდუსტრიაში მომუშავე წარმატებულ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბება და არსებული ტრენდების ცოდნაა. ამასთანავე, სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია სტუდენტების პრაქტიკულ სამუშაოებში ჩართულობა. ჩემი რჩევა იქნება, მომავალმა სტუდენტებმა სწორედ ამ საკითხებზე მოიძიონ ინფორმაცია და ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღონ გადაწყვეტილება არჩევანის გაკეთების დროს.