კარანტინის გამოცხადებიდან მალევე უამრავი რჩევა გავრცელდა იმაზე, თუ რა ვაკეთოთ სახლში, როგორ გავერთოთ, ვიმუშაოთ, რას ვუყუროთ, რა წავიკითხოთ, რა მოვამზადოთ და ა.შ ჩემს ბლოგში უფრო მეტად პროფესიული კუთხით განვითარებაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. გაგიზიარებთ რამდენიმე რჩევას, როგორ გამოიყენოთ ეს პერიოდი პროდუქტიულად და მიიღოთ მეტი ცოდნა მარკეტინგის სფეროში.
-
დააკვირდი ტენდენციებს, როგორ იცვლება მომხმარებელი
დღევანდელმა სიტუაციამ სერიოზული გავლენა მოახდინა, როგორც საქართველოზე, ასევე მთელ მსოფლიოზე. შედეგად, შეიცვალა და ჯერ კიდევ იცვლება ადამიანების განწყობა, ფინანსური და სამსახურეობრივი მდგომარეობა, ჩვევები, ინტერესები, შესაბამისად მათი ქცევები და მოთხოვნილებებიც. დააკვირდი და თვალი ადევნე ტენდენციებს, რათა შეგეძლოს იმის განსაზღვრა, თუ რა ახასიათებს ამა თუ იმ სეგმენტს და როგორი უნდა იყოს მათთან საკომუნიკაციო სტრატეგია.
ბევრმა ორგანიზაციამ ჩაატარა მიმდინარე სიტუაციის ჭრილში მომხმარებლების კვლევა. მაგალითად შეგიძლია გაეცნო მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანია მაკინზის კვლევის შედეგებს, რომელიც 40 ქვეყნის მოსახლეობას მოიცავს. ქართველ მომხმარებელზე Covid-19-ის გავლენა შეისწავლა IPSOS-მა, შედეგებს გაეცანი აქ. კონკრეტულად Z თაობა თუ გაინტერესებს, კანადურმა მარკეტინგულმა კომპანია Amlify Solutions-მა შეაფასა მათი ქცევის ცვლილება და საინტერესო მონაცემები გაგვიზიარა.
აქვე გირჩევ რამდენიმე ვებგვერდს, სადაც შეგიძლია პიარისა და მარკეტინგის სფეროს შესახებ სიახლეებსა და ტენდენციებს თვალი ადევნო: PRweek, Adweek, Provokemedia, Facebook News, Marketer.
-
შეისწავლე სხვადასხვა კომპანიის ნაბიჯები Covid-19-ის წინააღმდეგ
პანდემიის განმავლობაში კომპანიებს მსოფლიოს მასშტაბით მოუწიათ არასტანდარტულად მოქმედება და სიტუაციასთან სწრაფად ადაპტირება. ბევრი მოერგო ახალ რეალობას და შეძლო მომხმარებლისთვის პროდუქტისა თუ სერვისის დისტანციურად მიწოდება. ზოგ კომპანიას ახალ გარემოში გადასარჩენად თავისი ბიზნესმოდელის სრულიად შეცვლა და ტრანსფორმაცია დასჭირდა. ზოგმა დროებით უფასო გახადა პროდუქტი ან მიტანის სერვისი, ზოგი კომპანია კი ბიზნესსაქმიანობის გარდა დამატებით ფასეულობებსაც სთავაზობს საზოგადოებას, როგორებიცაა მაგალითად, სოციალური დისტანცირებისას დროის პროდუქტიულად გასაყვანი აქტივობები (ვარჯიშები, კულინარია, ონლაინ გაკვეთილები…). ბევრი ორგანიზაცია CSR პროექტებსაც ახორციელებს – მაგალითად, ფსიქოლოგიური კონსულტაციები, მედიკამენტებითა და საკვებით უზრუნველყოფა, დისტანციური სწავლისთვის საჭირო ინვენტარის მიწოდება ახალგაზრდებისთვის, უმუშევრად დარჩენილების ფულადი დახმარება და ა.შ
ჩემი რჩევა იქნება, მოიძიო და გააანალიზო კონკრეტული (ქართული და უცხოური) ბრენდების ქეისები, მათი გადაწყვეტილებები, ბიზნესმოდელის ცვლილებები, ანტიკრიზისული სტრატეგიები, საკომუნიკაციო კამპანიები. ძალიან საინტერესოა როგორ შეძლეს კომპანიებმა ასეთ არასტანდარტულ, კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება, რამ განაპირობა მათი წარმატება ან წარუმატებლობა.
ინფორმაციის მოსაძიებლად შეგიძლია გამოიყენო წინა პუნქტში რეკომენდებული ვებგვერდები. ასევე კარგი იქნება გაეცნო დამატებით ბიზნესლიტერატურას, რაც დაგეხმარება კომპანიების ბიზნესმოდელების ტრანსფორმაციის პროცესის გააზრებაში. ამ თემაზე რეკომენდებული წიგნებია – როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი და ბიზნესმოდელების ნავიგატორი. ამ საკითხზე ასევე შეგიძლია მოუსმინო სოსო გალუმაშვილის ლაივებს ჯეპრას FB გვერდზე.
-
გაიღმავე ცოდნა ციფრულ მარკეტინგში
კარანტინის, სოციალური დისტანცირებისა და გადაადგილების შეზღუდვის პირობებში, ციფრული მედიის როლი დღევანდელ საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. თუ ადრე მომხმარებელი შედარებით ნაკლებ დროს ატარებდა ინტერნეტში და კომპანიებს სჭირდებოდა მასთან კომუნიკაციისთვის სხვა არხების გამოყენებაც, ახლა სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ციფრული მედიის სწორად და ეფექტურად მართვა.
ციფრულ მარკეტინგს დიდი პოტენციალი აქვს, კიდევ უფრო განვითარდება და დაიხვეწება. გირჩევ, დაუთმო დრო ციფრული არხების სიღრმისეულ შესწავლას. ჩვენს ბაზარზე ყველაზე ხშირად გამოყენებადია Facebook-ი, Instagram-ი და Google-ი, ამიტომ თუ მათ შესაძლებლობებს დეტალურად ჯერ კიდევ არ იცნობ, სასწრაფოდ ჩაუჯექი. აქ შეგიძლია ნახო შესაბამისი რესურსები: , Facebook, Instagram; ასევე კარგი პლატფორმაა Skillshare, სადაც პირველი 2 თვე უფასოდ შეგიძლია გაიარო სასურველ თემაზე კურსები.
კარანტინის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა კიდევ ერთი სოციალური ქსელი – TikTok-ი. ის ქართული ბაზრისთვის ჯერ კიდევ სიახლეა, საზოგადოებასთან ერთად, მარკეტერებიც ნელ-ნელა ეცნობიან მის შესაძლებლობებს. არც შენ ჩამორჩე და ტექნიკურთან ერთად, მარკეტინგული კუთხითაც შეისწავლე ეს ქსელი. უცხოეთში ბრენდების მიერ კამპანიებში ტიკტოკის გამოყენების ბევრი წარმატებული ქეისი არსებობს. დასაწყისისთვის შეგიძლია ამ სტატიებს გადაავლო თვალი – ტიკტოკის გაიდი დამწყებისთვის, ტიკტოკი მარკეტერებისთვის.