პიარსკოლის მენტორი – სალომე ქვრივიშვილი

წელს პირველად მომიწია სტუდენტებთან მუშაობა პიარსკოლის მენტორის როლში. გავიცანი უამრავი ჭკვიანი და მონდომებული ადამიანი, ვნახე, როგორ არაჩვეულებრივად გაართვეს თავი რეალურ პროექტზე მუშაობას, უმოკლეს დროში დაგროვილი ცოდნით.

მენტორების საქმიანობა სტუდენტებთან ერთად საფინალო პროექტზე მუშაობას – დავალებების მიცემას, დროულ ვადებში შესრულების კონტროლსა და შესრულებულ სამუშაოზე რეკომენდაციების მიცემას გულისხმობს. პირველ რიგში, ეს ჩემთვისაც სრულიად ახალი გამოცდილება იყო. საკმაოდ რთულია, შეაფასო სხვების იდეები ისე, რომ არა მათი დემოტივაციის, არამედ ახალი იდეების შთაგონების წყაროც კი გახდე. რაც მთავარია, უნდა შეგეძლოს საკუთარი და სწორი ხედვების გამიჯვნა, რადგან, როგორც წესი, ეს ორი ყოველთვის ერთიდაიმავეს არ ნიშნავს.

ჩვენს გუნდს ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე მოუწია მუშაობა. მათ ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ საკომუნიკაციო კამპანია დაგეგმეს. ჩვეულებრივ, სოციალურ თემებზე კომუნიკაცია შედარებით კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს ხოლმე, თუმცა შეიძლება ითქვას, გუნდმა არაჩვეულებრივად გაართვა თავი. მუშაობის პროცესში გუნდის თითოეული წევრი პრობლემის უშუალო თანამონაწილე გახდა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ – მათგან უამრავი კრეატიული იდეა მოვისმინეთ.

თუმცა, საბოლოოდ, ჩვენი ერთობლივი მუშაობიდან მიღებული მთავარი გაკვეთილი მაინც გუნდში როლებისა და პასუხისმგებლობების სწორად გადანაწილების მნიშვნელობა აღმოჩნდა. ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა მოახერხა საკუთარი უნიკალური უნარები საერთო მიზნის მისაღწევად გამოეყენებინა, რასაც უშედეგოდ არ ჩაუვლია. ჩვენმა პროექტმა ჟიურის დიდი მოწონება და უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა.

პიარსკოლის მენტორი – ლალიტა კვიჟინაძე

წელს პირველად გავუწიე მენტორობა პიარსკოლის გუნდს. გავიარე ორ თვიანი თავგადასავალი, ძალიან ჭკვიან, კრეატიულ  და მონდომებულ ადამიანებთან ერთად.

რა იყო შენი, როგორც მენტორის როლი პროექტის მიმდინარეობისას?

ჩემი  და ჩემი მეწყვილის როლი იყო, სტუდენტებს დავხმარებოდით მთელი კურსის განმავლობაში დაგროვებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანის ეტაპზე. მათ საკმაოდ დატვირთული და მსუყე ლექციები ჰქონდათ. ისწვალეს ეფექტური კომუნიკაციისა და ამბის თხრობის ტექნიკები, ბრენდინგი, მედიასთან ურთიერთობა და სხვა ბევრი საინტერესო საგანი.

შემდეგ კი დადგა  ეტაპი, როცა  უნდა დაეწყოთ თვეების განმავლობაში  დაგროვებული ცოდნის კონკრეტულ, პრაქტიკულ პროექტში გამოყენება. თემა ძალიან საინტერესო იყო: მათ უნდა დაეგეგმათ ნაადრევი ქორწინების პრევენციის საინფორმაციო კამპანია.

ჩვენი მთავარი როლი იყო, პიარსკოლელებისთვის მიგვეცა მიმართულება, რეკომენდაციები, თუ როგორ გამოეყენებინათ თეორიული ცოდნა პრაქტიკაში და მაქსიმალურად  გაეერთიანებინათ ეს ცოდნა მათ კრეატიულ უნარებთან.

რას ითვალისწინებდი სტუდენტებთან ერთად პროექტზე მუშაობისას?

პირველ რიგში, ვცდილობდით, რომ მათი ნაშრომი ყოფილიყო ბრიფთან  – კამპანიის მიზნებთან, ამოცანებთან და სეგმენტთან შესაბამისობაში, ასევე, გამოყენებული ყოფილიყო სწორი არხები და მათთვის შესაბამისი კონტენტი.

თუმცა ეს ყველაფერი არ კმარა, უმნიშვნელოვანესი იყო, რომ ეს ნაშრომი  დასამახსოვრებლად გვექცია. ამ მხრივ კი ძლიერი უნდა ყოფილიყო, როგორც  წერილობითი, ასევე ვიზუალური ნაწილი, რომელიც ჩვენი პიარსკოლელების განსაკუთრებით ძლიერი მხარე გამოდგა.

დავალების შესრულება რამდენიმე ეტაპად იყო დაყოფილი. თითოეული ეტაპის დასაწყისში გვქონდა  შეხვედრები, სადაც ერთად განვიხილავდით, შესასრულებელ დავალებას, შემდეგ კი იმის მიხედვით ვნიშნავდით შეხვედრებს, თუ როგორ წარიმართებოდა პროცესი. ზოგჯერ კვირაში ერთი შეხვედრაც საკმარისი იყო, ბოლოს კი, როცა კრეატიულ კონცეფციასა და აქტივობებზე გადავედით, უფრო დინამიური შეხვედრები დავიწყეთ და ზოგჯერ ყოველდღეც ვხვდებოდით. პანდემიამ ამ მხრივ, შეიძლება ითქვას, ხელი შეგვიწყო  – ონლაინ შეხვედრები გაცილებით მოსახერხებელი აღმოჩნდა ამ ფორმატის სამუშოსთვის და ჩვენდა გასაკვირად, კრეატიული ბრეინშტორმინგებისთვისაც კი.

საბოლოოდ, ჩვენი ერთობლივი შრომა ნაყოფიერი გამოდგა და  გუნდმა ჟიურის უმაღლესი შეფასება დაიმსახურა. 🎉