პიარის და მარკეტინგის კურსის შეფასება

რატომ პიარსკოლა? ჩემი აზრით პასუხი მარტივია… დღეს, როდესაც ტექნოლოგიები უსწრაფესად ვითარდება, ყოველდღურად გვჭირდება გვქონდეს კომპეტენცია, როგორც მარკეტინგის მიმართულებით, ისე სოციალურ მედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ბიზნესი გაქვს, დასაქმებული ხარ კომპანიაში თუ ვიწრო მიმართულებით სპეციალიზდები.

პირადად მე ვთვლი, რომ ცოდნის გასაღრმავებლად, ნიშური ტრენინგები და კურსები იდეალური საშუალებაა, დაზოგო დრო და სწრაფად მიიღო მოკლე, დამუშავებული ინფორმაცია, რომელსაც მომდევნო დღესვე გამოიყენებ პრაქტიკაში. ზუსტად ამ მიზეზების გამო გავაკეთე არჩევანი პიარსკოლაზე.

ცალსახად პიარსკოლა არა მხოლოდ რაიმე ახლის შეძენაზეა, ჩემთვის საუბარია არაჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებთან ერთადაც ვსწავლობდი. ასევე ლექტორებზე, რომლებიც პირდაპირ აზიარებენ იმ ცოდნასა და გამოცდილებას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე დააგროვეს.

საბოლოოდ კი მიმაჩნია, რომ დღევანდელ დღეს, ნებისმიერ მიზანზე ორიენტირებულ ადამიანს,  საკუთარი განვითარება მუდმივად უნდა უნდოდეს, ყოველდღიურად უნდა ცდილობდეს შექმნას უკეთსი „მე“ რომელიც დაეხმარება მიაღწიოს დასახულს.

სწორედ ამიტომ, ყველას ვურჩევ გაიზიაროს ის გამოცდილება რომელიც ლექტორებმა ბევრი წლის განამვლობაში დააგროვეს, მიიღონ მათგან მაქსიმუმი მინიმალურ დროში და უკეთესი „მე-ს“ შენებაში, უმარტივესად გაიღრმავონ ცოდნა, რადგან ეს ის სფეროა, რომელიც ნებისმიერი სახის მოლაპარაკებასა თუ ბიზნესის მართვაში, დიდ როლს ითამაშებს.

პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის მაგისტრატურას ვამთავრებდი. ამ პერიოდში ხშირად მქონდა კითხვა, თუ რომელი სფერო შემესწავლა დამატებით. მინდოდა ისეთი პროფესიის შესწავლა, რომელიც ჩემს ბუნებასთან იქნებოდა ახლოს. ჩემი კომუნიკაბელურობიდან და ხასიათის სხვა თვისებებიდან გამომდინარე, ვიფიქრე, რომ პიარი აყო ის სფერო, რომელშიც თავს კომფორტულად და თავისუფლად ვიგრძნობდი, ასეც მოხდა…

კურსი სოფო შუბლაძემ გახსნა. სოფო გვიკითხავდა ეფექტური კომუნიკაციის ლექციებს. სოფო – უენერგიულესი, უნიჭიერესი, თავის პროფესიაზე შეყვარებული და გადარეული ადამიანი იყო. ზუსტად მან მომცა დამატებითი სტიმული, მოტივაცია და მუხტი იმისა, რომ გამეგრძელებინა პიარსკოლაში სწავლა. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მერგო წილად გამეცნო ის და მონაწილეობა მიმეღო მის სუპერ სამოტივაციო და ენერგიის მომცემ ლექციებში.

უნდა აღინიშნოს, რომ პიარსკოლის ყველა ლექტორი გამორჩეულია თავისი პროფესიონალიზმით. ისინი გვიზიარებენ არამხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ თავიანთ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას.

მსოფლიო პანდემია პიარსკოლაში სწავლის პერიოდში გამოცხადდა. ყველანი ავღმოჩნდით ერთმანეთისგან იზოლირებული, ამიტომაც მიმდინარე კურსიც შეჩერდა. თვითიზოლაციის პერიოდში, პიარსკოლის წარმომადგენლები გვერდში გვედგნენ და უსასყიდლოდ გვამხნევებდნენ ონლაინ ტრენინგებით. ამისთვის განსაკუთრებული მადლობა სოსო გალუმაშვილს. იგი ყოველთვის გვაგრძნობინებდა, რომ არ უნდა გავჩერებულიყავით და თვითიზოლაციის პერიოდი გამოგვეყენებინა თვითგანვითარებისთვის.

მოგვიანებით პიარსკოლის კურსი უკვე ახალი სახით, ონლაინ ჩართვების საშუალებით გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველას გვინდოდა აუდიტორიებში, ცოცხალ რეჟიმში გაგვერძელელებინა შეხვედრები, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციების გამო ეს შეუძლებელი გახდა.

მაგრამ უნდა ითქვას, რომ ონლაინ სწავლების რეჟიმმა გაამართლა. ჩვენ, მოსწავლეებმა და პიარსკოლის წარმომადგენლებმა მარტივად ავუღეთ ონლაინ სწავლების რეჟიმს “ალღო” და დაწყებული საქმე ( კურსი) წარმატებულად მივიყვანეთ ბოლომდე.

პიარსკოლამ ბევრი რამ სხვა თვალით დამანახა, შემიცვალა ხედვა. პიარსკოლის კურსის საშუალებით საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში გამიფართოვდა ცოდნა არა მარტო თეორიული, არამედ პრაქტიკული მიმართულებითაც. მიღებული ცოდნა მეხმარება, ფეხი ავუწყო თანამედროვე მოვლენებს და თავდაჯერებულად ვუპასუხო ახალ გამოწვევებს.

პიარსკოლას ვურჩევ ყველას, განსაკუთრებით მათ, ვისაც სურს აღმოაჩინოს საკუთარ თავში ახალი უნარები და შესაძლებლობები, საკუთარ თავში ჩამოიყალიბოს ახალი ხედვა და მიზნები.

მე ვამაყობ რომ პიარსკოლის კურსდამთავრებული ვარ!

საიმონ სინეკის რჩევები ბიზნესის მართვის შესახებ

რატომ ხდება ხშირად ისე, რომ კომპანიების მიღწევები ჩვენს მოლოდინებს აჭარბებს ან ეწინააღმდეგება ყველა ჩვენს ვარაუდს იმის შესახებ, რაც საყოველთაოდ შესაძლებელი გვგონია.

ეს ის კითხვაა, რომლითაც საიმონ სინეკი TED TALK-ზე მის ერთ-ერთ გამოსვლას იწყებს. სინეკი გვიყვება, თუ რატომ შეძლეს ისეთმა კომპანიებმა, როგორიც APPLE-ია წარმატების მიღწევა მაშინ, როდესაც სხვა კომპანიებმა, იმავე რესურსებით, მარცხი განიცადეს.

ამ ყველაფერს ის გვიხსნის იდეით, რასაც „დაიწყე კითხვით რატომ“-ს ეძახის. წარმოგიდგენთ ამ „ფილოსოფიის“ შეჯამებას და მის კავშირს მარკეტინგთან.

დაიწყე კითხვით: რატომ?

სინეკის თქმით, ფუნდამენტური განსხვავება APPLE-სა და სხვა დანარჩენ კომპანიებს შორის კითხვაში – რატომ? – მდგომარეობს.

და რას ნიშნავს ეს? კონცეფციის ასახსნელად, სინეკმა განავითარა „ოქროს წრე“:

 

  1. რატომ – გულისხმობს ბიზნესის ძირეულ პრინციპებს. ეს არის ის, რის გამოც ბიზნესი არსებობს
  2. როგორ – ეს არის ის, თუ როგორ ასრულებს ბიზნესის პრინციპებს
  3. რა – ეს არის ის, რასაც კომპანია აკეთებს ბიზნესის პრინციპების შესასრულებლად

მარტივად ჟღერს არა? არადა, ბევრი ბიზნესის მარცხს, სინეკის დაკვირვებით, სწორედ ამ წრის უკუღმა, არათანმიმდევრული შესრულება განაპირობებს. ისინი იწყებენ კითხვით „რა?“, და შემდეგ გადადიან კითხვაზე „როგორ?“. ეს კომპანიები ყურადღბას არც კი აქცევენ კითხვას „რატომ?. უფრო ზუსტად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ არც კი იციან, რატომ აკეთებენ იმას, რასაც აკეთებენ.

ადამიანები არ ყიდულობენ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ. ისინი ყიდულობენ მიზეზს, რატომაც აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ

ეს ის ძირეული პრინციპია, რომელსაც ეფუძნება კომპანიის სტრუქტურა, კულტურა და ყველაფერი, რასაც აკეთებთ.

კითხვის „რატომ“ დასმის საუკეთესო მაგალითად სინეკი ჩვენთვის ყველასთვის ნაცნობ APPLE-ს მიიჩნევს. სტივ ჯობსმა მისი კომპანია სწორედ კითხვის „რატომ“ საფუძველზე დაარსა.

რატომ ვქმნით iPHONE-ს? რატომ ვქმნით Ipod-ს? რატომ ვქმნით Itune-ს? რატომ ვქმნით Macbook-ს?

პასუხი iPhone-ის შემთხვევაში ძალიან მარტივი იყო:

კომპანიები იმ დროისთვის უკვე აკეთებდნენ სმარტფონებს. სტივ ჯობს კი ღამით კოშმარები არ ასვენებდა, რომ ეპასუხა კითხვისთვის – თუ რაში ჭირდებოდა ხალხს Iphone მაშინ, როდესაც უკვე ძალიან ბევრი სხვა მოდელი არსებობდა გარშემო.

რატომ IPHONE?

იმიტომ, რომ ჩვენ ვაპირებთ ტელეფონის ახლიდან გამოგონებას

კითხვაზე „რატომ“ პასუხის გაცემას შემდგომ მოყვა სტივ ჯობსის მიერ  iPhone-ის პირველი წარდგენა 2007 წელს. ყველაფერი, რასაც ეს ტელეფონი გააკეთებდა, იყო გამოგონება.

2007 წელს გამოშვებული Iphone-ს ბევრი ის შესაძლებლობა არ ქონდა, რომელიც სხვა მაშინდელ მობილურ ტელეფონებს. თუმცა, Apple-მა შეძლო მომხმარებლის ლოიალურობის მოპოვება, რაც Iphone-ის შექმნის მიზეზებისა და მისი ფილოსოფიის გაჟღერებით შეძლო.

სიმონ სინეკის ეს ფილოსოფია მხოლოდ მილიონ დოლარიან ბიზნესებს არ ეხებათ. მას გავლენა ნებისმიერი ზომის ბიზნესის მარკეტინგზეც აქვს.

მოდით განვიხილოთ რამოდენიმე საკითხი, რისი სწავლაც შეგვიძლია ფილოსოფიიდან – „დაიწყეთ კითხვით რატომ“:

  1. ბიზნესზე ფიქრისას, დასვით კითხვა „რატომ“

იცი, თუ არა რატომ აკეთებ ბიზნესს? (მინიშნება: პასუხი ფულის გამომუშავება არაა). იფიქრეთ, ბიზნესის ძირეულ მიზანზე, და შემდეგ იფიქრეთ, როგორ მოახდენთ პროდუქტის თუ სერვისის რეალიზაციას. როგორც სინეკმა აღმოაჩინა, ლოიალური მომხმარებლის ყოლა იმ ადამიანების მოზიდვაზეა დამოკიდებული, რომლებიც იზიარებენ თქვენს ძირეულ პრინციპებსა თუ ღირებულებებს.

თქვენ რომ რომელიმე ბიზნესის დამფუძნებელი იყოთ, ხომ ისურვებდით ადამიანებს სცოდნოდათ რა გახდა მიზეზი ბიზნესის შექმნისა? გაგება, თუ რატომ აკეთებთ ამ ყველაფერს, საფუძველია იმისა თუ როგორ მოახდინოთ კომუნიკაცია იმისა, თუ როგორ და რას აკეთებთ ამჟამად.

  1. განსაზღვრეთ სამიზნე სეგმენტი

ვინ შეიძლება იყიდოს თქვენი პროდუქტი? – მნიშვნელოვანია, გაიგოთ რატომ ყიდულობენ მომხმარებლების თქვენს პროდუქტს.

აუცილებლა უნდა გაიგოთ, რა არის ის შინაგანი მოტივაცია, რაც უჩნდება მომხმარებელს თქვენი პროდუქციის/სერვისის ყიდვამდე/მიღებამდე.

მომხმარებლის განსაზღვით, იმის გაგებით, თუ რა ჭირდებათ მათ, რას გრძნობენ პროდუქტის ყიდვამდე და ყიდვის შემდეგ, რამდენია მათი ბიუჯეტი – შეძლებთ გაიგოთ, რატომ იღებენ გადაწყვეტილებებს.

მომხმარებლის შეცნობა, მათი უპირატესობების, გამოწვევებისა და ღირებულებების დადგენა დაგეხმარებათ მარკეტინგული ისტორიის სტრატეგიულად პოზიციონირებაში – როდის სჭირდებათ მომხმარებლებს, მოისმინონ ან ნახონ ის.

მას მერე, რაც განსაზღვრავთ მესიჯს, ბრენდინგიც ყალიბდება და გამოქვეყნებული კონტენტის მეშვეობით (იქნება ეს ონლაინ მედია, სოციალრი ქსელები, ელ-ფოსტა თუ სხვა) შესაძლებლობა გეძლევათ ხმა მიაწვდინოთ თქვენთვის იდეალურ მომხმარებელს.

  1. აჯობეთ საკუთარ თავს

ერთ-ერთი რამ, რამაც Apple ასეთი პოპულარული გახადა იყო ის, თუ როგორ აღწერდნენ ისინი თავიანთ პროდუქტებს:

  1. „ამ მობილურს აქვს საუკეთესო კამერა, რაც კი აქამდე ჰქონია Iphone-ს“
  2. „ეს Imac ყველაზე ძლიერი კომპიუტერია, რაც კი ოდესმე შეგვიქმნია“                                                

Apple-ის მიზანი ყოველთვის იყო, ეჯობა საკუთარი თავისთვის. მათი ერთადერთი კონკურენტი წარსულში მიღწეული წარმატებაა. ისინი არ ცდილობენ შეადარონ საკუთარი თავი სხვა მობილურის, კომპიუტერის მწარმოებელ კომპანიებს. „ისინი თავიანთ თამაშს თამაშობენ“.

კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში

ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები – უამრავი ფიქრი, აზრი, განცდა, ასოციაცია უკავშირდება ამ სიტყვებს.

ყოველდღიურად ვუყურებთ, ვკითხულობთ, ვხვდებით საინტერესო  ,,კონტენტს“, მაგრამ ვერ ვხედავთ იმ ადამიანებს, რომლებიც მიმზიდველი სიტყვების თუ გამოსახულების უკან დგანან. მაგრამ ვგრძნობთ, ვგრძნობთ რომ ,,ფერად“ ეპოქაში ვცხოვრობთ, და კომუნიკაციაც, შესაბამისად, ,,მრავალფერია“ – ტრადიციული, ავანგარდული, თამამი, კონსერვატული, საინტერესო, მოსაწყენი, მიმზიდველი, ჩამთრევი…

თითქოს ყველაფერი ვიცოდი, ყველაფერი მესმოდა, ყველაფერს ვხედავდი, ვაფასებდი და ვაკეთებდი… მაგრამ, 2020 წლის სექტემბერი სულ სხვა ,,ფერებით“ და სიახლით შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში. უცნაური და საოცარი, თითქოს, არაფერი ჩანდა – ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსი უნდა დაწყებულიყო პიარსკოლაში. დაიწყო კიდეც, მაგრამ არა ისე, როგორც დაგეგმილი გვქონდა. პანდემიამ და იზოლაციამ, პიარ სკოლის მე-40 ნაკადი (ციფრიც თითქოს საკრალური აღმოჩნდა – 20+20=40) zoom-ში შეგვახვედრა ერთმანეთს.

გარემო ნამდვილად არ იყო ტრადიციული – არ გვქონდა დაფა, მერხები და მხოლოდ ერთმანეთის სახეებს ვხედავდით. უცნაური გრძნობა მქონდა, რა უნდა მომხდარიყო, როგორ ან რატომ?… მაგრამ მოხდა ის, რასაც ვერასდროს წარმოვიდგენდი; სწავლის პროცესი ,,საოცრებათა ქვეყანას“ დაემსგავსა და მეც ლუის ქეროლის ლეგენდარული პერსონაჟი – ელისი გავხდი. მოლოდინი ნამდვილად დიდი მქონდა, მაგრამ ის, რაც ვნახე, გავიგე და ვისწავლე, სტანდარტული განზომილების საზღვრებს გასცდა. გასცდა და მეც, გაოცებული და აღფრთოვანებული, კომუნიკაციების ჯადოსნურ ზღაპარში მოვხვდი.

არა, აქ არც ნახატი დეკორაციები იყო და არც გამოგონილი პერსონაჟები; ჩვენ ნამდვილი ადამიანები ვიყავით რეალურ დროსა და რეალურ ადგილას, მაგრამ, კომუნიკაციების საოცრებათა ქვეყანაში ვმოგზაურობდით საინტერესო ამბებით, თემებით, საკითხებით, პერსონაჟებით.

სასიამოვნოდ გაოცებულს, ხშირად, დაძინება მიჭირდა, დიდხანს ვფიქრობდი იმ სახეებზე, სიმბოლოებზე, ფორმებზე, საკითხებზე, თემებზე, რასაც ვეცნობოდი. ზოგჯერ გული მწყდებოდა, საგნები მალე რომ მთავრდებოდა, თუმცა მოუთმენლად ველოდი ახალ თემებს, ახალ ლექტორებს, სიახლეებს, სასიამოვნოდ გაოცებას, გამოცდილების მიღებას.

ისე საოცრად ვგრძნობდი თავს, არ მინდოდა ეს მოგზაურობა მალე დასრულებულიყო, მაგრამ ყველა დასაწყისს აქვს დასასრულიც. ჰო, ყველაფერი სრულდება… არა, არ სრულდება, გრძელდება ემოციების, ცოდნის, შთაბეჭდილებების, გამოცდილების მეშვეობით.

მე აღარ ვარ ის, ვინც აქ მოსვლამდე ვიყავი: ჩემთვის მარკეტინგული კომუნიკაცია ცხოვრების მანტრა გახდა,  ბრენდის შექმნა – დაუვიწყარი გამოცდილება, პიარ-გეგმის შედგენა – ემოციური ,,სთორი“, ყველაფერი ერთად კი – ცხოვრების სტრატეგია!..

მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება

ბევრი ჩემი მეგობარი ყოფილა პიარსკოლელი, გავიკითხე, მოვიძიე, გავეცანი ინფორმაციებს პიარსკოლის კურსის შესახებ და სულ რამდენიმე წუთში მივიღე გადაწყვეტილება – დავრეგისტრირდი.

20 იანვარს დავიწყეთ სწავლა.. თუმცა, 2 თვეში Covid-19 შემოიჭრა თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში, გამოგვკეტა სახლებში და „დაგვაპაუზა“. სტუდენტების უმეტესობამ გადავწყვიტეთ, დავლოდებოდით პანდემიის გადავლას და კვლავ აუდიტორიაში გაგვეგრძელებინა სწავლა, თუმცა…

დისტანციურ სწავლებას თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვს… ლექტორების სიას თუ გადახედავთ, მიხვდებით თუ რა მიზეზით არ მსურდა სწავლის დისტანციურ რეჟიმში გაგრძელება. სხვა ხიბლი აქვს რეალურ კომუნიკაციას, რეალურ აღქმად ემოციებს ასეთ ლექტორებთან ურთიერთობისას…

ახლა, უსამართლობა იქნება Covid-19-ს მადლობა არ ვუთხრა, იმისათვის რომ მომცა შესაძლებლობა დავსწრებოდი ლექციებს განმეორებით, აწ უკვე ონლაინ რეჟიმში. სწავლა 20 სექტემბერს განვაახლეთ. პირველი გაოცება გასაუბრებისას, სოსო გალუმაშვილმა გამოიწვია, შემდეგ იყო ნინო ჩიჩუა, ანდრო მეტრეველი, მაიკო ძირკველიშვილი, კახა მაღრაძე, ნინი ლაშქარიშვილი და თითოული სხვა.. ესენი გახლავთ ადამიანები, რომლებიც შეყვარებულები არიან თავიანთ საქმეზე და სასწაული გრძნობით გადმოგცემენ და გიზიარებენ პირად გამოცდილებას.

რატომ პიარსკოლა? – იმიტომ რომ ეს არის კურსი, სადაც შესაძლებლობა გაქვს დარწმუნდე საკუთარ თავში და თამამად თქვა – მე ეს შემიძლია! ჰო, შენ შეგიძლია უკეთ დაინახო შენი შესაძლებლობები! სწორად დაგეგმო და მართო ესა თუ ის პროექტი! შეიძინო საუკეთესო მეგობრები ლექტორებისა და სტუდენტების სახით! დარწმუნდე, რომ ჩვენი მომავალი მართლა ჩვენს ხელშია!