შექმენი ხმაური ან მოკვდი

XXI  საუკუნე. დრო, როდესაც ადამიანს 24 საათის განმავლობაში უამრავი ინფორმაციის მიღება და გაცვლა უწევს. საათობით ვსქროლავთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს „ცერა თითით“, ვკითხულობთ, ვხედავთ და ვუსმენთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას. დღესდღეობით ძალიან მარტივია, საზოგადოებას ნებისმიერი სიახლე აცნობო და იყოს „შენი ექსკლუზივი“. გაფართოვდა ადამიანების ფანტაზია და სიტყვა „კრეატივიც“   უფრო მოდური გახდა.

მსოფლიოს ტექნოლოგიურმა განვითარებამ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ხერხი თუ მეთოდი გააჩინა. ერთ-ერთი ასეთია რეკლამა. ის მრავალი საუკუნის წინ დაიბადა და მას შემდეგ საკმაოდ შეიცვალა/გაიზარდა. უკვე დაუკითხავად იჭრება თითოეული ჩვენგანის სახლსა და ცხოვრებაში, ყოველდღე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს. ზოგს – ართობს, ზოგს – აშინებს, ზოგს კი – აღიზიანებს.

გვატყუებენ თუ თავს ვიტყუებთ?!

დევიდ ოგილევი, თანამედროვე სარეკლამო საქმიანობის ერთ-ერთი  „მამა“ ამბობს:  „თუ თქვენი რეკლამა დიდ იდეას არ შეიცავს, იგი ჩაივლის, როგორც გემი უმთვარო ღამეში.“

გადავხედოთ ისტორიას…

ძველი დრო

მარკეტინგისა და მედიის თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერი პირველი თანამედროვე ბრიტანელი პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრის პოსტი 11 წლის განმავლობაში ეკავა, მისი 1979 წლის საარჩევნო კამპანია ყველაზე ინოვაციური გახლდათ.

ტეტჩერის გუნდს ისეთი რეკლამის შექმნა უნდოდა, როგორიც ამერიკის  პრეზიდენტ, ლონდონ ჯონსონის გუნდმა 1964 წლის არჩევნებისთვის გამოიყენა. ეს იყო იმ დროისთვის ცნობილი და ძალიან ეფექტური რეკლამა : „გვირილა: გოგონა გორაკზე“.  2-3 წლის გოგონა აცლის გვირილას ფურცლებს და თან ითვლის ათამდე, უცებ მამაკაცის ხმა იწყებს დათვლას ათიდან ქვემოთ და როდესაც ნულს მიაღწევს, ეკრანი შავდება, ისმის ატომური ბომბის აფეთქების ხმა და ჩნდება სოკოს ფორმის ღრუბელი. მამაკაცის ხმა ამბობს: „ფსონები დადებულია. შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერად იცხოვრებს, თუ წავიდეთ სიბნელისაკენ? ან უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან დავიხოცოთ. ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს 3 ნოემბერს. ფსონები საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ სახლში დარჩეთ.”  ჯონსონმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა.

ტეტჩერის გუნდის ერთ-ერთი წევრი ტიმ ბელი (მთავარი სარეკლამო აღმასრულებელი) ყვება: ჩვენ ვფიქრობდით ასეთი ტიპის რეკლამაზე, როგორც „წმინდა გრაალზე“, რომელსაც ყველგან აჩვენებდნენ, როგორც მოვლენას და რომელც არჩევნებში წარმატებას მოგვიტანდა.

აგვისტოში კონსერვატორებმა  უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები დადგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ადგილას. ბილბორდებზე გამოსახული იყო უმუშევართა გრძელი რიგი წარწერით: „ლეიბორისტები არ მუშაობენ“. სურათისთვის კონსერვატორული პარტიის წევრები გამოვიყენეთ, რათა ადამიანთა გრძელი რიგი შეგვექმნა.

ბელი  იხსენებს, რომ მარგარეტ ტეტჩერის პირველი რეაქცია პოსტერზე ასეთი იყო: – კი მაგრამ რა არის ამაში განსაკუთრებული?

თუმცა ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მან განაცხადა: – მართლაც შესანიშნავია!

სულ მალე ეს ყველა მედიასაშუალებისათვის  მთავარი განსახილველი თემა გახდა და მთელმა ქვეყანამ გაიგო პოსტერის შესახებ. იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ რეკლამად იქცა.

ამ რეკლამამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ეს მართლაც შესანიშნავი იყო, – ამბობს ბელი. – ჩვენ არასდროს გაგვიმჟღავნებია  თუ ვინ იყვნენ  სინამდვილეში ფოტოზე გამოსახულნი და მთელი ამ აურზაურის ჩვენ  სასარგებლოდ გამოყენება შევძელით. დაახლოებით 50 000 გირვანქა სტერლინგით, რაც რეკლამისთვის დაიხარჯა, მედიის მთლიანად დაფარვა მოვახერხეთ. ამ მასშტაბის მედიასივრცის შესაძენად  მილიონები არ გვეყოფოდა.

ბევრი ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბური გავლენის მოხდენა შუძლია კრეატიულ  პოლიტიკურ რეკლამას. ეს  იყო უზარმაზარი, მკაფიო პოსტერი. გაზეთების რედაქტორები იძულებულნი გახდნენ, პოსტერის სანახავად წასულიყვნენ, რამაც თავისთავად, საზოგადოებაზე სარედაქციო გავლენა მოახდინა.“

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელმა  გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეფინათ ცნობილი რეკლამა მცირედი ცვლილებით: „ლეიბორისტები ისევ არ მუშაობენ“.

ბელი განმარტავს: ჩვენ მტკიცედ გვწამდა, რომ არჩევნებში  საზოგადოებისთვის გონივრული გზავნილის მიწოდებით გავიმარჯვებდით – „უიმედობა ლეიბორისტებთან ერთად ან უკეთესი მომავლის იმედი“.

1979 წლის 4 მაისს მარგარეტ ტეტჩერმა და კონსერვატორულმა პარტიამ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვეს.

დღევანდელი დროსაქართველო

წარმატებული ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – კარგი რეკლამის გაკეთებაა. “თანამედროვე” საქართველოში რეკლამის გამოყენების იდეა  კი ფართოდაა  გავრცელებული.

რას ვაკეთებთ ჩვენ საარჩევნო პერიოდში?

უამრავი პოსტერი კედლებზე, ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებზე, არაეფექტური ბილბორდები, რომლებიც არჩევნების დასრულების შემდეგაც წლობით რჩება და უფერულდება. უფასო პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც  „შავ პიარს“ ემსახურება და დაუსრულებელი დაპირებები პენსიის ზრდასა და უმუშევრობის გამოსწორებაზე. ესაა ჩვენი „პოლიტიკური კრეატივი“. არავის აზრადაც კი არ მოსდის გონივრული მესიჯების გაჟღერება, რომელიც უფრო პოზიტიური იქნება და მოგხიბლავს, როგორც მაყურებელს, ან – მსმენელს.

თუმცა, ამას კომერციულ რეკლამებზე ვერ ვიტყვით. ისინი უფრო ორიგინალურია. ზოგიერთი მათგანი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანის გონებაში ძალიან დიდხანს რჩება. თანამედროვე რეკლამის ხიბლი და ძალა დღესაც შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ ჩვენგანში. ამ ყველაფერზე კი კომპანიები საკმაოდ კარგად ზრუნავენ და ფინანსებსაც გვარიანად ხარჯავენ. რეკლამის მიერ უცებ ატეხილი ხმაური და ინტრიგა მაშინვე იზიდავს მომხმარებელს და კომპანიის მოგებაზე „ასხამს წყალს“.

თომას ჯეფერსონი ამბობს: „რეკლამის ხელოვნება სწორედ ის არის, რომ ადამიანს ფული იმაში დაახარჯვინოს, რაც შეიძლება დიდად არ სჭირდებოდეს.“

ჩვენც ასე ვართ, ამა თუ იმ კომპანიის რეკლამის გავლენის ქვეშ ვექცევით და ჩვენდა უნებურად, შესაძლოა ძალიან ბევრ ფულსაც ვხარჯავთ. სწორედ ამაშია ხიბლი, ის, ვინც ქმნის ხმაურს, ინარჩუნებს საზოგადოებაში მოთხოვნას და ვინც არა – კვდება, ან -ქრება… არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პოლიტიკოსი თუ რომელიმე ბიზნეს კომპანია. მთავარია გქონდეს „ბევრი ფული“ და იცოდე კარგი სარეკლამო კომპანიის მისამართი.

და ბოლოს…

P.S. როგორ შევქმნათ ხმაური?

ამ საკითხზე პიარსკოლაში აუცილებლად მოგიყვებიან გამოცდილი პროფესიონალები. 😉

სამყარო განსხვავებული რაკურსიდან

პიარსკოლა – აკადემიური და თბილი გარემო, პროფესიონალთა გუნდი და ნიჭიერი კურსელები.

აქ დასავლური ღირებულებების მქონე პროფესიონალთა გუნდია, რომლებიც ბოლომდე გიზიარებენ  საკუთარ გამოცდილებას და გაძლევენ ცოდნას, რომელიც მხოლოდ დიპლომის ფურცლად არ რჩება და მისი გამოყენება პირველ რიგში, პრაქტიკაში შეგვიძლია.

აქ დაგაფიქრებენ ისეთ საკითხებზე, რაზეც ჯერ არ გიფიქრია. დაგანახებენ სამყაროს იმ რაკურსით, საიდანაც ჯერ არ გიცდია მისი დანახვა და რაც მთავარია, დაგარწმუნებენ, რომ შენი მომავალი მხოლოდ შენს ხელშია.

საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით რომ – თუ ხარ საკუთარი თავის მაძიებელი და მუდმივად თვითგანვითარებაზე ორიენტირებული პიარსკოლა შენთვისაა.

გაიაზრე რა გინდა,  დაისახე მიზნები და მათ აუცილებლად მიაღწევ.

7-დან 10-მდე

ორშაბთი, ოთხშაბათი და პარასკევი –  ეს ის დღეებია, როცა (განსაკუთრებულად) სულ ფორმაში უნდა ვიყო.

პიარსკოლა – ადგილი, სადაც გხვდებიან ისე, როგორც საკუთარ სახლში, იგებ, სწავლობ და იცნობ იმაზე მეტს, ვიდრე უნივერსიტეტში გატარებული წლების დროს!!!

გუნდი – რომელიც პროფესიონალი ადამიანებისგან  არის დაკომლპექტებული. მათთან ურთიერთობა მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ გაძლევს. მეგობარი ლექტორები გასწავლიან და გიზიარებენ თავიანთ პრაქტიკულ გამოცდილებას.

სტუდენტები – აქ საოცარ ადამიანებს შეხვდებით. არ ვიცი როგორ, მაგრამ ყველა განსაკუთრებულმა და ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჩვენს ჯგუფში მოიყარა თავი. ბევრი მეგობარი შევიძინე, რისთვისაც პიარსკოლას დიდი მადლობა.

გარემო – იდიალური… ბევრი რამ შეუძლია ადამიანის გაღიმებულ სახეს და გულთბილ მისალმებას. საღამოს 7-დან 10 საათამდე დრო ისე გადის, რომ ყოველთვის რაღაცის ნაკლებობას გრძნობ, უფრო მეტი გინდა, უფრო მეტს ელი.

სიამაყის გრძნობა, რომ მე პიარსკოლელი ვარ მუდამ ჩემი თანმდევი იქნება.

პიარსკოლის პირველი კვირის შთაბეჭდილებები

პიარსკოლაში პირველივე დღიდან დამხვდა გარემო, რომელმაც ორმაგად გამიმძაფრა სწავლის სურვილი.

რატომ გადავწყვიტე ჩამებარებინა პიარსკოლაში?

პირველ რიგში, პიარი ჩემთვის საინტერესო სფეროა, სფერო, რომელიც დღევანდელ რეალობაში პროგრესული და შესაბამისად მოთხოვნადიცაა. პიარის შესაძლებობლები პრაქტიკულად  ყველა სფეროში გამოიყენება და გააჩნია უდიდესი რესურსი პირადი და პროფესიული ინტერესების შერწყმისთვის. ამ სფეროში არასოდეს მოიწყენთ, ის გპირდებათ მუდმივად განვითარებად და მრავალფეროვან გარემოს. ყოველივე ამის გამო გადავწყვიტე, პიარის საკითხებში გავთვიცნობიერებულიყავი და ჩავაბარე პიარსკოლაში.

Image may contain: 17 people, including Salome Kavtaradze, Irinka Abuladze, Mariam Bulkashvili, Nini Muzashvili, Keti Shervashidze, Andro Metreveli, Sofi Saganelidze and Tekla Turava, people smiling, people standing and indoor

სწავლა 2019 წლის 1 აპრილს დავიწყე. ნამდვილად არ მჯეროდა, რომ ეს მართლა რეალურად ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში. პირველივე ლექციიდან მივხვდი, რომ ეს ის ადგილია, რომელიც სინათლის კარებს გიღებს და შენი დასახული მიზნების განხორციელებაში გეხმარება. ეს ის ადგილია, სადაც სწავლობ, ვითარდები და კიდევ ერთ წარმატებულ ნაბიჯს დგამ კარიერულ ცხოვრებაში.

ის შთაბეჭდილებები, რომელიც პირველივე ლექციიდან მივიღე ემოციებით აღსავსე იყო, ის მეგობრული გარემო, სადაც ავღმოჩნდი, ნამდვილად, დაუვიწყარია ჩემთვის.

პიარსკოლა ადგილია, სადაც სადაც საინტერესო ლექციებისა და საქმის მცოდნე პროფესიონალი ლექტორების დახმარებით მიიღებთ ცოდნას, რომელსაც თქვენს საქმიანობაში აუცილებლად გამოიყენებთ.

ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ონლაინ სწავლება

არ მეგულება ადამიანი დასაქმების საიტისთვის ერთხელ მაინც რომ არ გადაევლოს თვალი. ჰოდა, რახან დასაქმების საიტზეც ყოფილხართ და ვაკანსიებიც მოგიძებნიათ გემახსოვრებათ, კომპანიები ხშირად ეძებენ 18 წლის ახალგაზრდებს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სტრესულ გარემოში მუშაოების და „მალტიტასკინგის“ უნარით.

18 წლის ახალგაზრდისთვის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნის რა გითხრათ, თუმცა „მალტიტასკინგი“ და აჩქარებული ცხოვრების რიტმი 21-ე საუკუნის საჩუქარია, რაც გიბიძგებს არ შეწყვიტო განვითარებისკენ სწრაფვა.

რთულია იპოვო ბალანსი სამსახურს, პირად ცხოვრებას და პროფესიულ განვითარებას შორის. ცხოვრების რიტმის შენარჩუნების მიზნით, კვლევებმა აჩვენა მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ონლაინ განათლებას.

ონლაინ განათლების მიღება, ერთი შეხედვით, მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ონლაინ კურსის არჩევისას 7 რამ  გაითვალისწინოთ:

1. შეიქმენი სასწავლო გარემო

ონლაინ კურსები სახლიდან გასვლას არ მოითხოვს, შეგიძლია ჩართო კომპიუტერი, ფინჯან ყავასთან ერთად კომფორტულად მოკალათდე სავარძელში და ლექციისთვის მოემზადო. კარგად ჟღერს, არა?! რამდენიმე წუთში აღმოაჩენ, რომ ყველა ცხოვრებისეული კატაკლიზმა იმ წუთებში ხდება, შენი ჩართულობა აუცილებელია და სალექციო პროცესში ვეღარ მონაწილეობ. მსგავსი შემთხვევისგან თავის არიდების მიზნით შეეცადე შეიქმნა მაქსიმალურად სამუშაო გარემო, გამორთე ტელეფონი და გააფრთხილე ოჯახის წევრები არ შეგაწუხონ.

2. შეამოწმეთ კომპიუტერი და ინტერნეტი

მნიშვნელოვანია სალექციო პროცესის დაწყებამდე შეამოწმო რამდენად გამართულად მუშაობს ინტერნეტი, კომპიუტერი და დამატებით ხომ არ გჭირდება რომელიმე პროგრამის ინსტალაცია. არატრადიციული განათლების დროს მცირე ტექნიკურ ხარვეზს შეუძლია ჩაშალოს სალექციო  პროცესი.

3. ჩაერთე სალექციო პროცესში

ონლაინ ლექციის დროს რთულია ჩაერთო სალექციო პროცესში, არ იცი როგორ დასვა კითხვა და არ იცნობ სტუდენტებს, ასეთ დროს მნივშნელოვანია, გაათვითცნობიერო სულელური შეკითხვები არ არსებობს.

4. გაიცანი კურსის მონაწილეები

თუ თქვენ ლექციებს ფიზიკურად ვერ ესწრებით, ეს არ ნიშნავს რომ კურსის მონაწილეების გაცნობა არ შეგიძლიათ. ინტერნეტის და სოციალური ქსელების საუკენეში შეგიძლია მარტივად დაამყარო ადამიანებთან კომუნიკაცია.

5. გააკეთე ჩანიშვნები

სალექციო პროცესში ლექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეიძლება გაგიჩნდეს კითხვები, რომელსაც მარტივად ვერ, ან არ დასვამ. გამოსავალი ჩანიშვნების გაკეთებაა. ონლაინ კურსები საუკეთესო საშუალებაა ლექციის პროცესშივე გააკეთო ჩანიშვნები, ინტერნეტში მარტივად იპოვო პასუხი და საკითხის მხოლოდ დამაზუსტებელი, ან განმრვცობი შეკითხვა დასვა.

6. შეეცადე ერთხელ მაინც დაესწრო ლექციას, ან ნახო სივრცე სადაც ლექციები მიმდინარეობს

ტრადიციულ სალექციო პროცესს უნიკალური ხიბლი და დადებითი მხარეები გააჩნია. რომელსაც ვერ უარვყოფთ, ამიტომ ერთხელ მაინც შეეცადე დაესწრო ლექციას. ეს დაგეხმარება უკეთესად გაიგო სალექციო პროცესის დინამიკა და გაიცნო კურსის მონაწილეები.

7. დაიცავი დისციპლინა

მნიშვნელოვანია, არ გამოტოვო ლექციები და სალექციო პროცესის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე სრულად მობილიზდე კომპიუტერთან, ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი, ტრადიციული ტიპის ლექციაზე გააკეთებდი. ონლაინ კურსები მოითხოვს თვითდისციპლინას და ენერგიას რეალური შედეგის მისაღებად.

დასაქმების საიტების ამბები უკვე მოგიყევით, ბოლოსკენ ჯობია გასაუბრების ეტაპზე გადავიდე. ბევრი ნერვიულობის, კომპანიის მოკვლევის და სავარაუდო კითხვებზე პასუხის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, გასაუბრებაზე ხშირად სვამენ კითხვას: – „სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?“, რასაც შეგიძლიათ კონტრშეკითხვით უპასუხოთ: „უკაცრავად, თქვენ საქართველოში ცხოვრობთ?“ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ დამსაქმებელმა სამსახურში მაინც აგიყვანათ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ განვითარება და დაბალანსებულად შეეცადეთ ფეხი აუწყოთ სიახლეებს.

P.S. ჩუმად გეტყვით, პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გავლა ონლაინაც შეიძლება.

პიარი მაღალ ქუსლებზე

თანამედროვე მსოფლიოში ზოგიერთი პოლიტიკოსი არჩევნებს არჩევნებზე იგებს, მაშინ, როცა მისი კონკურენტები ისტორიულ წარსულში იკარგებიან. უამრავ ბრენდს შორის, მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია მომხმარებლისთვის თავის შეყვარება და რეიტინგებში პირველი ადგილის დაკავება. კამპანიების გამოგონება, შექმნა, შეფუთვა და ადამიანებისთვის მარტივად მიწოდება ისე რომ რამდენიმე წელი ახსოვდეთ, მხოლოდ რჩეული კომპანიების ხვედრია, ან კიდევ – ფუფუნება. რთულია კონკურენცია, 21-ე საუკუნის ფონზე კი – უფრო რთული…

„იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ, საჭიროა თქვენი კომპანია, პროდუქტები, იდეები, პოლიტიკა თუ წინადადებები მაქსიმალურად მიმზიდველად წარადგინოთ. ეს არის ის, რის გამოც ხალხი ყიდულობს კოსმეტიკურ საშუალებებს, რატომაც უნდა იყოს ვიტრინის დიზაინერების სამუშაო მაღალანაზღაურებადი და რატომაც აპრიალებენ ვაშლებს ვაშლის გამყიდველები.“ – ჯერემი ბულმორი.

საზოგადოება – კომპანიების სამიზნე ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა სეგმენტებად ვიწროვდება. ზოგ შემთხვევაში აუდიტორიას თინეიჯერები წარმოადგენენ, ან მხოლოდ მამაკაცები, შუა ხნის ქალბატონები, საქმიანი ადამიანები, დიასახლისები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა მათთან საუბარი და სათქმელის გასაგებ ენაზე მიტანაა.

დამოუკიდებელი ადამიანისთვის კი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ურთიერთობები და კომუნიკაციაა. რა თქმა უნა, მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების სწორად წარმართვა, ფიქრი და მსჯელობაც.

ამ ყველაფრის უკან, სხვადასხვა კომპანიებში დგანან ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან, ცდილობენ განვითარებას, იღებენ გამოწვევებს, სწავლობენ და უძლებენ ყველა სირთულეს.

ვინ არიან ეს ადამინები? რა უნარებია საჭირო იმისათვის, რომ უფრო ხმამაღლა და მოსაწონად „იყვირო“, ვიდრე შენი კონკურენტები? რა ხერხებით უნდა ებრძლო გამოწვევებს? რა თვისებები უნდა გააჩნდეს პიარ მენეჯერს, რათა საკუთარი კომპანია არა კარგი, არამედ საუკეთესო გახადოს?

სახელი გვარი:  Public Relations

სქესი: მდედრობითი

ასაკი: 30 წელი

წარმომავლობა: აშშ

პროფესია: ჟურნალისტი, პიარ მენეჯერი

უყვარს: მაღალი ქუსლები, კლასიკური მუსიკა, ჭიქა – შავი ღვინო, ტანგო

ყურებამდეა შეყვარებული: წიგნებზე, საყვარელი პერსონაჟი – მარტინ იდენი, საყვარელი წიგნი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“, საყვარელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი

თავისუფალ დროს: მოგზაურობს, ყოველ ჯერზე ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს, უყვარს განსკუთრებული და საინტერესო ადგილების აღმოჩენა

ცხოვრებისეული სლოგანი: არასოდეს თქვა არასოდეს!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

საყვარელი ფერი: წითელის, შავისა და თეთრის კონტრასტი.

ჩაცმის სტილი: სადა კლასიკური, მუდამ მოწესრიგებული… კარადაში აქვს კაბები, კაბები და კიდევ კაბები

ძლიერი მხარე: ზე-ენერგიული, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული, საზოგადოებაში დამკვიდრებული აქვს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია

სუსტი მხარე: ჯიუტი, მიმნდობი,  რეალისტისა და პესიმისტის ზღვარზე.

შესაძლებლობები:  თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხერხების ადვილად შესწავლა და გამოყენება, მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.

საფრთხეები: დაღლილობისგან ან უძილობისგან მოულოდნელი სიკვდილი… 😀 უამინდობა

ყველა ასეთი თუ განსხვავებული პიარ მენეჯერის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა დგას. ყოველმა ასეთმა ტიპმა ნულიდან უნდა დაიწყოს და ყველა საფეხური გაიაროს, რომ პიარის სფეროში წარმატებას მიაღწიოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად, უნდა იყოს მოქნილი, ერკვეოდეს ტექნოლოგიებში, წერდეს და მეტყველებდეს კარგად, უნდა იყოს სხარტი და დამაჯერებელი.

დიახ, პიარ მენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ეს გზა უამრავი წინააღმდეგობით არის სავსე, ხოლო მისი ოსტატობა სწორედ მაშინ ვლინდება, თუ როგორ გადალახავს სირთულეებს. იმისათვის, რომ ორგანიზაციას სარგებელი  მოუტანოს, უნდა იცოდეს საკუთარი კომპანიის ყველა პროდუქტი, უპირატესობა და რაც მთავარია, ადამიანებს გულწრფელად ესაუბროს. თუ ორგანიზაცია დამნაშავეა, „ბოდიშიც“ უნდა მოიხადოს და პასუხისმგებლობაც იკისროს.

დიახ, ამ ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება, ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ძალიან ბევრ წვრილმანს გასწავლის, არაერთი შეცდომის ხარჯზე.

და მაინც, ვფიქრობ, მთავარია, გიყვარდეს რასაც აკეთებ და ყველა გამოწვევასა და სირთულესაც დაძლევ, მაშინაც კი, როცა შეიძლება ფეხქვეშ მიწა გეცლებოდეს ან ციდან მეტეორი ეშვებოდეს…

P.S. მე ნულიდან დავიწყე და გაუს პიარსკოლაში ვსწავლობ…. თუმცა, ჩემი ეს წერილი ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, თუ რამდენ სიახლეს გაეცნობით და ისწავლით აქ…  შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც ფერადი კამპანიები შექმნეს და რომელთა გავლენის ქვეშაც დღემდე ვართ, ადამიანებს, რომლებმაც დიდი კრიზისები დაძლიეს სხვადასხვა ხერხებით, ადამიანებს, რომლებიც  გულწრფელად და გახსნილად გელაპარაკებიან, რომ თანამედროვეობა გაგაცნონ და შეგაგუონ. თითოეული მათი მცდელობა კი არის ის, რომ დაგანახონ, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სწორ კომუნიკაციას – საზოგადოებასთან.

როგორ გავაკეთოთ ლიმონათი, თუ ლიმონი არ გვაქვს

ისე გამოვიდა, რომ პიარისა და არტ მენეჯმენტის – ორ თავბრუდამხვევად საინტერესო სფეროს – მიჯნაზე მიწევს მუშაობა. და გეტყვით, პირველი – #culturematters და მეორე – კრეატიულობა სულაც არ არის ის, რასაც უმეტესობა მიიჩნევს.

2016 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში, ისევე როგორც ხუთ სხვა ქვეყანაში, რამდენიმე ათეული განსხვავებული დონისა და გამოცდილების მქონე ხელოვნებასთან დაკავშირებული სპეციალისტი შეირჩა, რომლებმაც ორწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა გაიარეს. მეც მათ რიცხვში მოვხვდი. დღეს, უკვე სტუდენტებს უნდა მოვუყვე, რა არის პიარი და რა არის კრეატიულობა, და რატომ ჭირდებიან ისინი ერთმანეთს.

დავიყწოთ იმით, რომ პიარი კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია. შემოქმედებითი საქართველოს კლასიფიკაციის თანახმად, 13 ქვედარგიდან ერთ-ერთი რეკლამაა, რომელშიც შედის: სარეკლამო სააგენტოების მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, სარეკლამო პროდუქციის წარმოება, მედია რეპრეზენტაცია, საკონსულტაციო საქმიანობა.

ამგვარად, ჩვენ – პიარის ხალხი, ამ უზარმაზარი ოკეანეს პატარა (თუ დიდ) კუნძულებს წარმოვადგენთ.

მაგრამ რა არის ამ შემთხვევაში კრეატიული ინდუსტრია?

კულტურის სტრატეგია 2025-ის განმარტებას დავესეხები.

„შემოქმედებთი ინდუსტრიები – სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

უკვე გასაგები ხდება, თუ რატომაა კრეატიულობის ცნება ჩვენთან ასე ახლოს. კიდევ ერთ მოსაზრებას მოვიყვან.

კრეატიული მარკეტინგის გურუს, დევიდ პერიშის წიგნს ეწოდება „მაისურები და პიჯაკები. შემოქმედებითი ბიზნეს გზამკვლევი“. და აი რატომაც.

„ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე აღმაფრთოვანებელი შემოქმედება ის ალქიმიაა, რომელიც ერთმანეთში აზავებს ერთი შეხედვით შეუთავსებელ ინგრედიენტებს – იმას, რასაც ხშირად „ხელოვნებასა“ და „მეცნიერებას“ ვუწოდებთ: აღიარება, რომ ისინი სრულიადაც არ არიან საპირისპირონი და არ ვართ იძულებულნი, ავარჩიოთ მათგან ან ერთი, ან მეორე, არ არსებობს ასეთი ბინარული დაპორისპირება, არამედ ესაა ერთი მთლიანის ინი და იანი“.

მოდით გულწრფელად ვთქვათ, უმეტესობას კრეატიულობა დღემდე მხოლოდ კულტურასთან დაკავშირებული რამ ჰგონია.

სინამდვილეში, კრეატიულობას მეცნიერული ახსნა აქვს. ამ თემის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიჰაი ჩიქსენტმიჰაი გამოყოფს სისტემების მოდელს. ის სამი დონისგან შედგება. პირველია დარგი. ის სიმბოლური წესებისა და პროცედურების ნაკრებისგან შედგება. ჩვენს შემთხვევაში დარგად კრეატიული ინდუსტრია შეიძლება ჩაითვალოს. მეორე დონეა სფერო, რომელიც „ყველა იმ ინდივიდს აერთიანებს, რომელიც კი მის სადარაჯოზე დგას“. ჩვენი სფერო კომუნიკაციებია, სტრატეგიული კომუნიკაციები, ან, გნებავთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

მესამე დონეს კი პიროვნება წარმოადგენს. რიგითი პიარის სპეციალისტი, მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენი კოლეგა.

ჩიქსენტმიჰაი დასძენს: „კრეატიულობის აქტი მაშინ ხდება, როცა პიროვნება დარგის სიმბოლოების მეშვეობით ახალ იდეას ქმნის, ახალ მოდელს ხედავს და შესაბამისი სფეროს ექსპერტები ამ სიახლის მის შესაფერის დარგში ჩართვას გადაწყვეტენ“.

ეს მეცნიერული მიდგომაა.

კრეატული კომუნიკაცია

იმედია, ცოტა მაინც დაგარწმუნეთ, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია კრეატიული უნდა იყოს. კიდევ უფრო რომ დაგარწმუნოთ, კრეატიულობის 10 ყველაზე ცნობილ განმარტებას მოვიყვან:

  1. კრეატიულობა განსხვავებულობის სურვილია!
  2. კრეატიულობა აძლევს ადამიანს საშუალებას იბრწყინოს, თავად თუ კოლექტიურად
  3. კრეატიულობა არის ისეთი რამ, რაც არ ისწავლება
  4. თანხვედრაში მოსული ორი იდეაა, რითაც სიახლე იქმნება
  5. კრატიულობა თქვენს გონებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
  6. რაღაცის ისევ და ისევ გაკეთებაა, სანამ ამ რამეს განსხვავებულად არ აქცევ
  7. კრეატიულობა ნიშნავს გჯეროდეს საკუთარი ინსტინქტების, რათა შექმნა რაღაც განსხვავებული, ამაღელვებელი და ფასეული
  8. მიუსადაგო წესები სიტუაციას
  9. კრატიულობა არის შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატო შენი თავი ისე, რომ ფრთები არ მოგეჭრას.
  10. კრატიულობა რაღაც ისეთია, რაც ზოგიერთებს თანდაყოლილი აქვთ, დანარჩნებს კი უბრალოდ არ გააჩნიათ.

მე კიდევ ერთს დავამატებდი. შემოქმედობითობა პიარში გამბედაობას მოითხოვს, დიდ სიყვარულს და ზოგჯერ იმაზე მეტის გადალახვას, ვიდრე თავად წარმოგედგინა.

კრეატიულობა, როგორც პიარ-ინსტრუმენტი, ყველას სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა – სპექტაკლის პრემიერას აპიარებ თუ მეტალურგიულ ქარხანას. ვიცი, ზოგიერთი კოლეგა არ დამეთანხმება, და იტყვის, რომ პიარი სტრუქტურასა და სტრატეგიაზე დგას. მაგრამ რუტინას რა ვუყოთ?

შემატეთ თქვენს საყვარელ საქმეს ცოტაოდენი ჯადოსნურობა. შექმენით თქვენი პირადი შუქურა.

პიარსკოლის პირველი კვირის ემოცია

ცხოვრებაში არც ისე ხშირად დგება ისეთი მომენტები, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ემოციები, რომელიც სულ გინდა გაუზიარო მეგობრებს, ახლობლებს… ვეცდები ჩემს ფიქრებს მოვუყარო თავი და სწორად გადმოგცეთ ის შეგრძნებები, რომელსაც მე პიარსკოლაში განვიცდი. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სოსო გალუმაშვილს რომ მომცა შანსი, გავმხდარიყავი პიარსკოლელი და ეს პოსტი დამეწერა….

2019 წლის 21 იანვარს პირველი ლექცია გვქონდა ქალბატონ თეა გველესიანთან. 17:30 დან 18:30 საათამდე ვიდექი გაუ-ს ეზოში და ველოდი დროს, რომელიც ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის პირველი ნაბიჯების დასაწყისი იყო. მოუთმენლად ველოდი ლექციის დაწყებას, რომელიც ნამდვილად ვიცოდი, შეცვლიდა ჩემს განწყობას…. გადავდგი პირველი ნაბიჯი და შევაღე გაუ-ს კარი, კარი, რომელიც პირველივე დღიდან გიზრდის თვითშეფასებას და გარწმუნებს შენს მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებაში. პიარსკოლა არის ადგილი, სადაც პირველივე დღეს, პირველივე ლექციაზე ხვდები რომ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა მოხვდე იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო…

მოკლედ დავწერ ქალბატონ თეაზე და მის მაღალ პროფესიონალიზმზე. პირველი ლექციის პირველი ლექტორი. ადამიანი, რომელმაც პირველივე დღეს შეძლო და ჩემი ბავშვური შიშები გააბათილა თავისი უშრეტი, პოზიტიური ენერგიით, ამაღლებული განწყობითა და აუდიტორიასთან უშუალო დამოკიდებულებით.

სახლში რომ ბრუნდები და უკვე იმაზე ფიქრობ, როდის  შეაღებ მეორედ, მესამედ და კიდევ ბევრჯერ კარს, სადაც გელიან და ზრუნავენ შენზე, გაძლევენ სტიმულს და ასმაგად გიზრდიან მოტივაციას დასახული მიზნების მისაღწევად…

მეორე და მესამე ლექციაზე გაცილებით მოტივირებული და ამაყი წავედი, მე უკვე პიარსკოლელი მერქვა.

ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოხვდე და თვითონ შეიგრძნო რას ნიშნავს იყო პიარსკოლელი…

გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ!

მილენიალები – უცნაური, არაორდინალური, სტერეოტიპების დამამსხვრეველი, ადაპტირებადი, სოციალურად აქტიური და სტრატეგიული, განსხვავებული მისწრაფებების და მოლოდინების მქონე თაობა. ეს არის თაობა, რომელიც  მსოფლიო მოსახლეობის 24%-ს შეადგენს და რომელიც 2020 წლისთვის მსოფლიოში სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი იქნება. გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ.

მილენიალები,  (Millennium – ათასწლეული), იგივე Y თაობა,  1980-1997 წლებში დაბადებული თაობა ვართ. ჩვენ ციფრული რევოლუციის ეპოქაში გავიზარდეთ. საკუთარი თვალით ვნახეთ ტექნოლოგიური წინსვლა და უსწრაფესი ცვლილებები, ფეხი ავუწყვეთ და ვადაპტირდით. ფაქტობრივად, ჩვენ მოვხვდით გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ეპიცენტრში. ყველა ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია და ძირეულად შეცვლილი ფასეულობები და დამოკიდებულებები ჩამოგვიყალიბა, განსხვავებული მოლოდინები შეგვიქმნა. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა ყველა დანარჩენი თაობისგან.

მარკეტერების თავის ტკივილი

მარკეტერებისთვის ყველაზე სასურველი სამიზნე აუდიტორია მილენიალები ვართ, რაოდენობიდან და მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდიანრე. თუმცა, ამის მიუხედავად, მათთვის ერთგვარ თავის ტკივილსაც წარმოვადგენთ – ჩვენზე არ მოქმედებს ტრადიციული სარეკლამო ხერხები და ჩვენი ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია. ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერს ვყიდულობთ, უბრალოდ, შევცვალეთ მიდგომა, თუ როგორ და რატომ ვაკეთებთ შენაძენს.

როგორ ვიქცევით

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თაობასთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ჩვენთვის ინფორმაციის გასაღები თითებსა და კლავიატურაშია – სასურველ პროდუქტზე ნებისმიერი სახის ინფორმაციას თავად ვეძებთ, ვკითხულობთ რევიუებს, რჩევას ვეკითხებით ახლობლებს ან თუნდაც ვირტუალურ მეგობრებს სოციალური ქსელებიდან. ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს – შევიძინოთ/ვისარგებლოთ თუ არა.

სამოგზაუროდ წასვლამდე booking.com-სა და tripadvisor-ზე ვკითხულობთ რევიუებს, კინოთეატრშიც კი არ მივდივართ ისე, რომ imdb ან rotten tomatoes-ს არ გადავავლოთ თვალი, ბილეთებს კი ონლაინ ვყიდულობთ. ვშოპინგობთ amazon-სა და ebay-ზე, ტელევიზია youtube-ით ჩავანაცვლეთ და სასწავლო მიზნებისთვისაც აქტიურად ვიყენებთ. ვართ facebook-ის, instagram-ის, twitter-ის მომხმარებლები – ვქმნით ჯგუფებს და ინტეგრირებულები ვართ ინტერნეტ სამყაროში. გვიყვარს კონტენტის თავად შექმნა. როგორც კვლევებმა აჩვენა, მილენიალების 60%-ს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი აქვს, რომელსაც თავად მართავს.

გვიყვარს ყველაფერი ახალი, ტექნოლოგიური, სწრაფი და მარტივი – შთაბეჭდილება, ემოციები და დრო ჩვენთვის ყველაზე მთავარია.

გვესაუბრეთ

ჩვენ გვიყვარს ურთიერთობები, ამიტომ ძალიან ვაფასებთ, როცა კომპანია მეგობრულად გვესაუბრება. გვხიბლავს ნამდვილი, ემოციური ისტორიები – მოგვიყევით თქვენი ამბავი, რა დგას თქვენი ბრენდის უკან. როდესაც კარგ რევიუს გიკეთებთ – გამოხატეთ მადლიერება, თუ პრობლემას ვაწყდებით – აღიარეთ და გამოსწორების გზები შემოგვთავაზეთ, როდესაც ჰეშთეგით აღგნიშნავთ ან პოსტში გთაგავთ – უბრალოდ დაგვიკავშირდით. ჩვენთან საუბარი ჩვენი ნდობის და ლოიალობის მოპოვების პირდაპირპროპორციულია. ნურც WOM-ს  (Word of Mouth) დაივიწყებთ, ხმის გავრცელებას არ დაგზარდებით – ჩვენ ხომ მუდმივად ვპოსტავთ, ვაშეარებთ, ვტვიტავთ, უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ თანატოლებთან.

სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენ გვაქვს ამბიცია და გვჯერა, რომ სამყაროს შევცვლით. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც კარგად გააცნობიერა საფრთხეები და პრობლემები, რის წინაშეც ადამიანები დგანან. გლობალური კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგია, გმო, სიღარიბე და შიმშილი – ეს არასრული ჩამონათვალია, რაც გვაღელვებს და გვაფიქრებს, რის შეჩერებას და უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობთ. მაღალი CSR-ის მქონე კომპანიების მიმართ მომენტალურად გვიჩნდება კეთილგანწყობა. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოკლევადიანი საქველმოქმედო საქმიანობა, არამედ თქვენი სოციალური ინიციატივები უნდა იყოს მდგრადი გრძელვადიან პესპექტივაში. თქვენ გაქვთ რესურსი და ეკონომიკური ძალაუფლება ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი კატალიზატორები გახდეთ. ჩვენი კეთილგანწყობის მოპოვებაზე უკეთესი ჯილდო კი ისაა, რომ თქვენ რაღაც ძალიან კარგს აკეთებთ, რომ სამყარო უკეთესი გახდეს, თუნდაც მცირედით.

Influencer მარკეტინგი

ტრადიციული რეკლამები დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ. მათ დასაბლოკად აქტიურად ვიყენებთ skip ad-ს, adblock-ს, hide ad-ს და ა.შ. ანუ თქვენი რეკლამა ჩვენამდე არ აღწევს. თანამედროვე მარკეტოლოგები სტანდარტული რეკლამებიდან ინფლუენს მარკეტინგზე გადავიდნენ. ვინ არიან ინფლუენსერები და რა გავლენას ახდენენ ბრენდის წარმატებასა და ჩვენზე? ბრენდები ჩვენთან კომუნიკაციისთვის რამდენიმე ადამიანს ირჩევენ. ისინი კი სოციალური ქსელების მეშვეობით გვაწვდიან ინფორმაციას და გამოცდილებას გვიზიარებენ. ძირითადად, ინფლუენსერები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან, თუმცა ნელ-ნელა ეს ტენდენცია იცვლება და შესაძლოა ისინი რიგითმა ადამიანებმა ჩაანაცვლონ. ინფლუენს მარკეტინგის მთელი არსი კომპანიასა და ბრენდზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ონლაინ არხებით მთავარი მესიჯების ჩვენამდე მოტანაა. ჩვენ კი თაობა, რომელიც ინფორმაციას თავად ვამოწმებთ, სკეპტიკურად ვართ განწყობილი და საკმაოდ მომთხოვნებიც ვართ, ძალიან ვაფასებთ სიმართლეს და გამჭვირვალობას. ეს არ უნდა დაივიწყონ კომპანიებმა და ინფლუენსერებმა, რათა გრძელვადიანი ლოიალობა მოიპოვონ.

ბოლოს

მილენიალები ცნობისმოყვარე და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე თაობა ვართ. მარკეტოლოგები პრობლემურ მომხმარებლებად გვთვლიან, თუმცა სულაც არ ვეთანხმები: ჩვენ ვყიდულობთ მიზანს, იდეას, ცხოვრების სტილს. გვიყვარს, როცა თავისუფლები ვართ არჩევანში, სიამოვნებას გვანიჭებს პროცესებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა, გვიყვარს კომუნიკაცია და ყურადღების ცენტრში ყოფნა. კომპანიებს სიახლისა და ცვლილებებისკენ ვუბიძგებთ, ვაიძულებთ, დროს არ ჩამორჩნენ და მომზადებულები შეხვდნენ ჩვენი მომდევნო ახალი თაობის გამოწვევებს.

პიარი მენდელსონის მარშით

დიდი რომ გავიზრდები, პიარ მენეჯერი უნდა გამოვიდე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არა, პიარ მენეჯერი სულ სხვა ჟღერადობაა. ზოგადად, ენა ერის კულტურასა და მსოფლმხედველობაზე ბევრს ამბობს. P.R., ჩვენებურად – ს.უ. “სუ!”, გაჩუმებს, რაღაცის დამალვას გთხოვს, ზედმეტი ხმაურის გარეშე მოქმედება-მიჩქმალვას, გჩაგრავს, გსაყვედურობს . ერთი (ქართული) სიტყვით, ზემორე ბოდიალის არსი ეს არის : უცნაურია, საზოგადოებასთან ურთიერთობა რომ უცხო ხილია ჩვენისთანა გულღია ერისთვის.

და მაინც, რას მოიცავს ეს ურთიერთობა? სემ ბლეკს უთქვამს, რომ “PR ორგანიზაციას/პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიის მიღწევის მეცნიერება და ხელოვნებაა, რომლის მიზანია სიმართლესა და სრულ ინფორმირებულობაზე დამყარებული ურთიერთგაგების ჩამოყალიბება”. გამოდის, ამ პროფესიის ფილოსოფია თითოეულ ჩვენგანს უმარტივებს, ან ზოგჯერ ურთულებს ცხოვრებას. ასე ხშირად გვემართება. უნარს, რომელიც თანდაყოლილია, უცხო სახელს ვარქმევთ და რთულ, მიუღწეველ, სასწავლო მასალად ვაქცევთ. არადა, აგერ, სემს თუ დავუჯერებთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა ნებისმიერს ყოველდღე უწევს და ვინც “წესებს იცავს”, ჰარმონიასაც ის იღებს.

ცოლ-ქმრობა, როგორც საკომუნიკაციო კამპანია

არ მინდა ჩემი უცნაური აზრებით დაგაბნიოთ, ამიტომ მაგალითად  განვიხილოთ ქორწინება. ცოლქმრულ უღელში თქვენ თუ არა, თქვენი ახლობელი მაინც შებმულა. აქ ჰარმონიის მიღწევა ჭირს. რატომ? ერთმანეთის სრულად ინფორმირება არ გამოგვდის?! საზოგადოებასთან ურთიერთობა მეცნიერება და ხელოვნებააო, როგორც ჩანს, მხოლოდ სიმართლის თქმა არ კმარა, საჭიროა რუტინის გახალისება, სათქმელისთვის საუკეთესო სახის პოვნა, ერთგულების გასამყარებლად დაუზოგავი ძალისხმევა, მოულოდნელობებით განებივრება და საწყისი გრძნობების შენარჩუნება ან გამძაფრება, ჩვენს ენაზე, მრავალფეროვანი პიარ აქტივობებით, მომხმარებლის გადმოსაბირებლად თუ შესანარჩუნებლად, ცოლ-ქმრულ ამბავში კი – საწოლში მირთმეული საუზმით, სპონტანური მოგზაურობით, კარგი სუნამოთი ან მარტივი დაპირების შესრულებით. თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ წყვილები მაშინ რჩებიან ერთად და ბედნიერად, როცა ორივე მათგანი ყოველდღიურად ცდილობს გაითვალისწინოს მეორეს ხასიათი, სურვილი, ახირებები; ზოგჯერ, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბოდიში მოიხადოს და მუდმივად ფორმაში იყოს. ასე იქცევიან ჩვენი საყვარელი კომპანიებიც, გვთავაზობენ კამპანიებს, აქციებს, სერვისებს ან უბრალოდ სიტყვებს, ჩვენს გულს რომ უხარია, ისე. მაშინ ვდებთ ერთგულების ფიცს და რჩეულ ბრენდს არაფერში ვცვლით. ეს ის ჰარმონიაა, ყველა ცოლ-ქმარი თუ ბრენდ-მომხმარებელი რომ ოცნებობს, “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?!”

ცოლ-ქმრის ჩხუბი, როგორც ორგანიზაციული კრიზისი

ნებისმიერ ურთიერთობაში ხშირია კრიზისი. მისი განეიტრალება და შემდგომ რეპუტაციის აღდგენა კი რთული საფეხურია. კრიზისს ზოგჯერ ჩვენივე საქციელით ან მისი გამჟღავნებით ვქმნით, ზოგჯერ კი ბოროტი მეზობლები/კონკურენტი ბრენდები აგორებენ მას ხელოვნურად. ქორწინება აქაც იდეალური მაგალითია, ცოლქმრულ ჩხუბთან ერთად. დავუშვათ, თქვენ აწყენინეთ მეუღლეს. მორალისტურ-შთამაგონებელი ფრაზების წერა არ მჩვევია, ამიტომ ამ ამბის ემოციური ნაწილი გამოვტოვოთ და ცივი გონებით განვიხილოთ. როგორ ჯობია ცოლმა/ქმარმა თქვენგანვე მოისმინოს აღიარება და ბოდიში თუ მეზობლისგან ცხელ გულზე დამატებული საყვედურები?! თუ ურთიერთობის გაგრძელება გინდათ, ალბათ ჯობს თქვენივე ვერსია მოუყვეთ, ბოდიშის განსაკუთრებული ფორმა მოძებნოთ, გაანებივროთ და შერიგების შემდეგ დიდხანს ისმინოთ ამ ამბის შემახსენებელი ფრაზები მანამ, სანამ პრობლემა სრულად არ მოგვარდება და ნდობას თავიდან არ დაიმსახურებთ. ასეა კომპანიის, ორგანიზაციის შემთხვევაშიც: შეცდომის აღიარება, ზარალის ანაზღაურება და სხვა უამრავი გზა ზოგჯერ კრიზისიდან გამოსავალია. ხშირად, კრიზისი შანსია რათა უკეთ წარმოაჩინო თავი, დაანახო მეუღლესა თუ მომხმარებელს აქამდე დამალული კარგი თვისებები, დაუმტკიცო, რომ ის შენთვის მართლაც ძვირფასია. ეს კარგი შემთხვევა. თუმცა, სხვაგვარადაც ხდება:  ვითარება იმდენად რთული, “უპატიებელი” და უმართავია, რომ ყველაფერი განქორწინებით / ბაზრიდან გაქრობით სრულდება.

სუ! პიარ მენეჯერო!

არსებობენ კომპანიები, “სუ! პიარ მენეჯერო” პრინციპით რომ მუშაობენ, საზოგადოებასთან ურთიერთობა “არ სჭირდებათ” და თავს მშვენივრად გრძნობენ. ჰყავთ პიარ მენეჯერი, რომელსაც იშვიათ შემთხვევაში სულ რამდენიმე წუთით უსმენენ, ისიც მაშინ, როცა მდგომარეობა გამოუვალი ეჩვენებათ. ქართულ ბაზარზე ბევრია ასეთი, გარანტირებული ფულის პატრონი, მონოპოლისტი კომპანია, რომელმაც იცის, მომხმარებელს ალტერნატივა არ აქვს, ნებისმიერ შეცდომას პატიობს, ფასის ცვლილებასაც იტანს და არაფერს ითხოვს. ასეთი კომპანია მოძალადე ქმარს ჰგავს. სულ რომ ყვირის, უხასიათობით გშხამავს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული არხეინად, იმის იმედით, რომ მეუღლე არსად წავა. ნუ იფიქრებთ, რომ ეს პოსტი ქალთა უფლებებზე სალაპარაკოდ გამოვიყენე, ჩემი სქესის წარმომადგენლებიც მიმართავენ მსგავს ხერხებს. მაგრამ შედეგი ერთია, ადრე თუ გვიან ასეთი ურთიერთობები ინგრევა, მიზეზი კი ხან კონკურენტის გამოჩენაა, ხანაც გადაღლა და ყველაფერზე უარის თქმა. მსგავსი კავშირი იძულებითია, დიდხანს რომც გაძლოს, ბედნიერებასა და იმ, ზემოხსენებულ ჰარმონიას მაინც არ მოიტანს.

 ჰარმონიული ურთიერთობები

ეს იმ მაგალითთა მცირე განხილვაა, ყოველდღე რომ ვაწყდებით. ნებისმიერ საქმეს, წამოწყებასა თუ გართობას თან ახლავს ურთიერთობების ჯაჭვი. მთელი ეს ფილოსოფია, სწორი ფორმები, ახალი გზები, გამორჩეულობა, პიროვნული თვისებები ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება. დავუბრუნდეთ ისევ პიარს, ვფიქრობ, საქმე აბრევიატურაშია: ასეა, როცა სათქმელს კვეც, ზოგჯერ შინაარსსაც აცლი, “საზოგადოებასთან ურთიერთობა”-ს “სუ!”-დ გარდაქმნი და ყველაფერს აფუჭებ. ეს მეცნიერება და ხელოვნება ფანტაზიის გათავისუფლებას, უმართავი ვითარების მართვას, ზოგჯერ არაადეკვატურ ქცევასაც კი მოითხოვს.  სიყვარული, ერთგულება და სხვა პათეტიკური ცნებები აქაც ადგილზეა, როგორც ნებისმიერ კავშირში. ერთი სიტყვით (თუმცა ბევრად მეტი გამომივიდა), საზოგადოებასთან ურთიერთობა მთელი ხელოვნებაა, არ არსებობს ადამიანი, კომპანია თუ ორგანიზაცია, მიუხედავად ასაკისა, სქესისა თუ ინტერესებისა, ამ ხელოვნების დაუფლების გარეშე რომ შეძლოს ჰარმონიის მიღწევა.