ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ონლაინ სწავლება

ცხოვრების აჩქარებული რიტმი და ონლაინ სწავლება

არ მეგულება ადამიანი დასაქმების საიტისთვის ერთხელ მაინც რომ არ გადაევლოს თვალი. ჰოდა, რახან დასაქმების საიტზეც ყოფილხართ და ვაკანსიებიც მოგიძებნიათ გემახსოვრებათ, კომპანიები ხშირად ეძებენ 18 წლის ახალგაზრდებს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილებით, სტრესულ გარემოში მუშაოების და „მალტიტასკინგის“ უნარით.

18 წლის ახალგაზრდისთვის მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილების მოთხოვნის რა გითხრათ, თუმცა „მალტიტასკინგი“ და აჩქარებული ცხოვრების რიტმი 21-ე საუკუნის საჩუქარია, რაც გიბიძგებს არ შეწყვიტო განვითარებისკენ სწრაფვა.

რთულია იპოვო ბალანსი სამსახურს, პირად ცხოვრებას და პროფესიულ განვითარებას შორის. ცხოვრების რიტმის შენარჩუნების მიზნით, კვლევებმა აჩვენა მსოფლიოში სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართავს ონლაინ განათლებას.

ონლაინ განათლების მიღება, ერთი შეხედვით, მარტივი და მოსახერხებელია, თუმცა მნიშვნელოვანია ონლაინ კურსის არჩევისას 7 რამ  გაითვალისწინოთ:

1. შეიქმენი სასწავლო გარემო

ონლაინ კურსები სახლიდან გასვლას არ მოითხოვს, შეგიძლია ჩართო კომპიუტერი, ფინჯან ყავასთან ერთად კომფორტულად მოკალათდე სავარძელში და ლექციისთვის მოემზადო. კარგად ჟღერს, არა?! რამდენიმე წუთში აღმოაჩენ, რომ ყველა ცხოვრებისეული კატაკლიზმა იმ წუთებში ხდება, შენი ჩართულობა აუცილებელია და სალექციო პროცესში ვეღარ მონაწილეობ. მსგავსი შემთხვევისგან თავის არიდების მიზნით შეეცადე შეიქმნა მაქსიმალურად სამუშაო გარემო, გამორთე ტელეფონი და გააფრთხილე ოჯახის წევრები არ შეგაწუხონ.

2. შეამოწმეთ კომპიუტერი და ინტერნეტი

მნიშვნელოვანია სალექციო პროცესის დაწყებამდე შეამოწმო რამდენად გამართულად მუშაობს ინტერნეტი, კომპიუტერი და დამატებით ხომ არ გჭირდება რომელიმე პროგრამის ინსტალაცია. არატრადიციული განათლების დროს მცირე ტექნიკურ ხარვეზს შეუძლია ჩაშალოს სალექციო  პროცესი.

3. ჩაერთე სალექციო პროცესში

ონლაინ ლექციის დროს რთულია ჩაერთო სალექციო პროცესში, არ იცი როგორ დასვა კითხვა და არ იცნობ სტუდენტებს, ასეთ დროს მნივშნელოვანია, გაათვითცნობიერო სულელური შეკითხვები არ არსებობს.

4. გაიცანი კურსის მონაწილეები

თუ თქვენ ლექციებს ფიზიკურად ვერ ესწრებით, ეს არ ნიშნავს რომ კურსის მონაწილეების გაცნობა არ შეგიძლიათ. ინტერნეტის და სოციალური ქსელების საუკენეში შეგიძლია მარტივად დაამყარო ადამიანებთან კომუნიკაცია.

5. გააკეთე ჩანიშვნები

სალექციო პროცესში ლექტორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით შეიძლება გაგიჩნდეს კითხვები, რომელსაც მარტივად ვერ, ან არ დასვამ. გამოსავალი ჩანიშვნების გაკეთებაა. ონლაინ კურსები საუკეთესო საშუალებაა ლექციის პროცესშივე გააკეთო ჩანიშვნები, ინტერნეტში მარტივად იპოვო პასუხი და საკითხის მხოლოდ დამაზუსტებელი, ან განმრვცობი შეკითხვა დასვა.

6. შეეცადე ერთხელ მაინც დაესწრო ლექციას, ან ნახო სივრცე სადაც ლექციები მიმდინარეობს

ტრადიციულ სალექციო პროცესს უნიკალური ხიბლი და დადებითი მხარეები გააჩნია. რომელსაც ვერ უარვყოფთ, ამიტომ ერთხელ მაინც შეეცადე დაესწრო ლექციას. ეს დაგეხმარება უკეთესად გაიგო სალექციო პროცესის დინამიკა და გაიცნო კურსის მონაწილეები.

7. დაიცავი დისციპლინა

მნიშვნელოვანია, არ გამოტოვო ლექციები და სალექციო პროცესის დაწყებამდე მინიმუმ 5 წუთით ადრე სრულად მობილიზდე კომპიუტერთან, ისე, როგორც ამას ჩვეულებრივი, ტრადიციული ტიპის ლექციაზე გააკეთებდი. ონლაინ კურსები მოითხოვს თვითდისციპლინას და ენერგიას რეალური შედეგის მისაღებად.

დასაქმების საიტების ამბები უკვე მოგიყევით, ბოლოსკენ ჯობია გასაუბრების ეტაპზე გადავიდე. ბევრი ნერვიულობის, კომპანიის მოკვლევის და სავარაუდო კითხვებზე პასუხის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, გასაუბრებაზე ხშირად სვამენ კითხვას: – „სად ხედავ საკუთარ თავს 5 წლის შემდეგ?“, რასაც შეგიძლიათ კონტრშეკითხვით უპასუხოთ: „უკაცრავად, თქვენ საქართველოში ცხოვრობთ?“ ამ ყველაფრის მიუხედავად, თუ დამსაქმებელმა სამსახურში მაინც აგიყვანათ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ განვითარება და დაბალანსებულად შეეცადეთ ფეხი აუწყოთ სიახლეებს.

P.S. ჩუმად გეტყვით, პიარსკოლის ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის გავლა ონლაინაც შეიძლება.