პიარი მაღალ ქუსლებზე

თანამედროვე მსოფლიოში ზოგიერთი პოლიტიკოსი არჩევნებს არჩევნებზე იგებს, მაშინ, როცა მისი კონკურენტები ისტორიულ წარსულში იკარგებიან. უამრავ ბრენდს შორის, მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია მომხმარებლისთვის თავის შეყვარება და რეიტინგებში პირველი ადგილის დაკავება. კამპანიების გამოგონება, შექმნა, შეფუთვა და ადამიანებისთვის მარტივად მიწოდება ისე რომ რამდენიმე წელი ახსოვდეთ, მხოლოდ რჩეული კომპანიების ხვედრია, ან კიდევ – ფუფუნება. რთულია კონკურენცია, 21-ე საუკუნის ფონზე კი – უფრო რთული…

„იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოთ, საჭიროა თქვენი კომპანია, პროდუქტები, იდეები, პოლიტიკა თუ წინადადებები მაქსიმალურად მიმზიდველად წარადგინოთ. ეს არის ის, რის გამოც ხალხი ყიდულობს კოსმეტიკურ საშუალებებს, რატომაც უნდა იყოს ვიტრინის დიზაინერების სამუშაო მაღალანაზღაურებადი და რატომაც აპრიალებენ ვაშლებს ვაშლის გამყიდველები.“ – ჯერემი ბულმორი.

საზოგადოება – კომპანიების სამიზნე ჯგუფია, რომელიც სხვადასხვა სეგმენტებად ვიწროვდება. ზოგ შემთხვევაში აუდიტორიას თინეიჯერები წარმოადგენენ, ან მხოლოდ მამაკაცები, შუა ხნის ქალბატონები, საქმიანი ადამიანები, დიასახლისები და ა. შ. ნებისმიერ შემთხვევაში, მთავარი გამოწვევა მათთან საუბარი და სათქმელის გასაგებ ენაზე მიტანაა.

დამოუკიდებელი ადამიანისთვის კი ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ურთიერთობები და კომუნიკაციაა. რა თქმა უნა, მნიშვნელოვანია ამ ურთიერთობების სწორად წარმართვა, ფიქრი და მსჯელობაც.

ამ ყველაფრის უკან, სხვადასხვა კომპანიებში დგანან ადამიანები, რომლებიც არ ნებდებიან, ცდილობენ განვითარებას, იღებენ გამოწვევებს, სწავლობენ და უძლებენ ყველა სირთულეს.

ვინ არიან ეს ადამინები? რა უნარებია საჭირო იმისათვის, რომ უფრო ხმამაღლა და მოსაწონად „იყვირო“, ვიდრე შენი კონკურენტები? რა ხერხებით უნდა ებრძლო გამოწვევებს? რა თვისებები უნდა გააჩნდეს პიარ მენეჯერს, რათა საკუთარი კომპანია არა კარგი, არამედ საუკეთესო გახადოს?

სახელი გვარი:  Public Relations

სქესი: მდედრობითი

ასაკი: 30 წელი

წარმომავლობა: აშშ

პროფესია: ჟურნალისტი, პიარ მენეჯერი

უყვარს: მაღალი ქუსლები, კლასიკური მუსიკა, ჭიქა – შავი ღვინო, ტანგო

ყურებამდეა შეყვარებული: წიგნებზე, საყვარელი პერსონაჟი – მარტინ იდენი, საყვარელი წიგნი – „გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა“, საყვარელი მწერალი – ერნესტ ჰემინგუეი

თავისუფალ დროს: მოგზაურობს, ყოველ ჯერზე ეცნობა სხვადასხვა ქვეყნის ქალაქებს, უყვარს განსკუთრებული და საინტერესო ადგილების აღმოჩენა

ცხოვრებისეული სლოგანი: არასოდეს თქვა არასოდეს!!! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!

საყვარელი ფერი: წითელის, შავისა და თეთრის კონტრასტი.

ჩაცმის სტილი: სადა კლასიკური, მუდამ მოწესრიგებული… კარადაში აქვს კაბები, კაბები და კიდევ კაბები

ძლიერი მხარე: ზე-ენერგიული, თავდაჯერებული, მიზანსწრაფული, საზოგადოებაში დამკვიდრებული აქვს საკუთარი იმიჯი და რეპუტაცია

სუსტი მხარე: ჯიუტი, მიმნდობი,  რეალისტისა და პესიმისტის ზღვარზე.

შესაძლებლობები:  თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხერხების ადვილად შესწავლა და გამოყენება, მუდმივად პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული.

საფრთხეები: დაღლილობისგან ან უძილობისგან მოულოდნელი სიკვდილი… 😀 უამინდობა

ყველა ასეთი თუ განსხვავებული პიარ მენეჯერის უკან უდიდესი პასუხისმგებლობა დგას. ყოველმა ასეთმა ტიპმა ნულიდან უნდა დაიწყოს და ყველა საფეხური გაიაროს, რომ პიარის სფეროში წარმატებას მიაღწიოს.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ თვისებასთან ერთად, უნდა იყოს მოქნილი, ერკვეოდეს ტექნოლოგიებში, წერდეს და მეტყველებდეს კარგად, უნდა იყოს სხარტი და დამაჯერებელი.

დიახ, პიარ მენეჯერი დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში. ეს გზა უამრავი წინააღმდეგობით არის სავსე, ხოლო მისი ოსტატობა სწორედ მაშინ ვლინდება, თუ როგორ გადალახავს სირთულეებს. იმისათვის, რომ ორგანიზაციას სარგებელი  მოუტანოს, უნდა იცოდეს საკუთარი კომპანიის ყველა პროდუქტი, უპირატესობა და რაც მთავარია, ადამიანებს გულწრფელად ესაუბროს. თუ ორგანიზაცია დამნაშავეა, „ბოდიშიც“ უნდა მოიხადოს და პასუხისმგებლობაც იკისროს.

დიახ, ამ ყველაფერს წლები და გამოცდილება სჭირდება, ის ყოველდღიური რუტინა, რომელიც ძალიან ბევრ წვრილმანს გასწავლის, არაერთი შეცდომის ხარჯზე.

და მაინც, ვფიქრობ, მთავარია, გიყვარდეს რასაც აკეთებ და ყველა გამოწვევასა და სირთულესაც დაძლევ, მაშინაც კი, როცა შეიძლება ფეხქვეშ მიწა გეცლებოდეს ან ციდან მეტეორი ეშვებოდეს…

P.S. მე ნულიდან დავიწყე და გაუს პიარსკოლაში ვსწავლობ…. თუმცა, ჩემი ეს წერილი ზღვაში წვეთია, იმასთან შედარებით, თუ რამდენ სიახლეს გაეცნობით და ისწავლით აქ…  შეხვდებით ადამიანებს, რომლებმაც ფერადი კამპანიები შექმნეს და რომელთა გავლენის ქვეშაც დღემდე ვართ, ადამიანებს, რომლებმაც დიდი კრიზისები დაძლიეს სხვადასხვა ხერხებით, ადამიანებს, რომლებიც  გულწრფელად და გახსნილად გელაპარაკებიან, რომ თანამედროვეობა გაგაცნონ და შეგაგუონ. თითოეული მათი მცდელობა კი არის ის, რომ დაგანახონ, თუ რამხელა გავლენის მოხდენა შეუძლია სწორ კომუნიკაციას – საზოგადოებასთან.

როგორ გავაკეთოთ ლიმონათი, თუ ლიმონი არ გვაქვს

ისე გამოვიდა, რომ პიარისა და არტ მენეჯმენტის – ორ თავბრუდამხვევად საინტერესო სფეროს – მიჯნაზე მიწევს მუშაობა. და გეტყვით, პირველი – #culturematters და მეორე – კრეატიულობა სულაც არ არის ის, რასაც უმეტესობა მიიჩნევს.

2016 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში, ისევე როგორც ხუთ სხვა ქვეყანაში, რამდენიმე ათეული განსხვავებული დონისა და გამოცდილების მქონე ხელოვნებასთან დაკავშირებული სპეციალისტი შეირჩა, რომლებმაც ორწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა გაიარეს. მეც მათ რიცხვში მოვხვდი. დღეს, უკვე სტუდენტებს უნდა მოვუყვე, რა არის პიარი და რა არის კრეატიულობა, და რატომ ჭირდებიან ისინი ერთმანეთს.

დავიყწოთ იმით, რომ პიარი კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია. შემოქმედებითი საქართველოს კლასიფიკაციის თანახმად, 13 ქვედარგიდან ერთ-ერთი რეკლამაა, რომელშიც შედის: სარეკლამო სააგენტოების მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, სარეკლამო პროდუქციის წარმოება, მედია რეპრეზენტაცია, საკონსულტაციო საქმიანობა.

ამგვარად, ჩვენ – პიარის ხალხი, ამ უზარმაზარი ოკეანეს პატარა (თუ დიდ) კუნძულებს წარმოვადგენთ.

მაგრამ რა არის ამ შემთხვევაში კრეატიული ინდუსტრია?

კულტურის სტრატეგია 2025-ის განმარტებას დავესეხები.

„შემოქმედებთი ინდუსტრიები – სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

უკვე გასაგები ხდება, თუ რატომაა კრეატიულობის ცნება ჩვენთან ასე ახლოს. კიდევ ერთ მოსაზრებას მოვიყვან.

კრეატიული მარკეტინგის გურუს, დევიდ პერიშის წიგნს ეწოდება „მაისურები და პიჯაკები. შემოქმედებითი ბიზნეს გზამკვლევი“. და აი რატომაც.

„ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე აღმაფრთოვანებელი შემოქმედება ის ალქიმიაა, რომელიც ერთმანეთში აზავებს ერთი შეხედვით შეუთავსებელ ინგრედიენტებს – იმას, რასაც ხშირად „ხელოვნებასა“ და „მეცნიერებას“ ვუწოდებთ: აღიარება, რომ ისინი სრულიადაც არ არიან საპირისპირონი და არ ვართ იძულებულნი, ავარჩიოთ მათგან ან ერთი, ან მეორე, არ არსებობს ასეთი ბინარული დაპორისპირება, არამედ ესაა ერთი მთლიანის ინი და იანი“.

მოდით გულწრფელად ვთქვათ, უმეტესობას კრეატიულობა დღემდე მხოლოდ კულტურასთან დაკავშირებული რამ ჰგონია.

სინამდვილეში, კრეატიულობას მეცნიერული ახსნა აქვს. ამ თემის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიჰაი ჩიქსენტმიჰაი გამოყოფს სისტემების მოდელს. ის სამი დონისგან შედგება. პირველია დარგი. ის სიმბოლური წესებისა და პროცედურების ნაკრებისგან შედგება. ჩვენს შემთხვევაში დარგად კრეატიული ინდუსტრია შეიძლება ჩაითვალოს. მეორე დონეა სფერო, რომელიც „ყველა იმ ინდივიდს აერთიანებს, რომელიც კი მის სადარაჯოზე დგას“. ჩვენი სფერო კომუნიკაციებია, სტრატეგიული კომუნიკაციები, ან, გნებავთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

მესამე დონეს კი პიროვნება წარმოადგენს. რიგითი პიარის სპეციალისტი, მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენი კოლეგა.

ჩიქსენტმიჰაი დასძენს: „კრეატიულობის აქტი მაშინ ხდება, როცა პიროვნება დარგის სიმბოლოების მეშვეობით ახალ იდეას ქმნის, ახალ მოდელს ხედავს და შესაბამისი სფეროს ექსპერტები ამ სიახლის მის შესაფერის დარგში ჩართვას გადაწყვეტენ“.

ეს მეცნიერული მიდგომაა.

კრეატული კომუნიკაცია

იმედია, ცოტა მაინც დაგარწმუნეთ, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია კრეატიული უნდა იყოს. კიდევ უფრო რომ დაგარწმუნოთ, კრეატიულობის 10 ყველაზე ცნობილ განმარტებას მოვიყვან:

  1. კრეატიულობა განსხვავებულობის სურვილია!
  2. კრეატიულობა აძლევს ადამიანს საშუალებას იბრწყინოს, თავად თუ კოლექტიურად
  3. კრეატიულობა არის ისეთი რამ, რაც არ ისწავლება
  4. თანხვედრაში მოსული ორი იდეაა, რითაც სიახლე იქმნება
  5. კრატიულობა თქვენს გონებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
  6. რაღაცის ისევ და ისევ გაკეთებაა, სანამ ამ რამეს განსხვავებულად არ აქცევ
  7. კრეატიულობა ნიშნავს გჯეროდეს საკუთარი ინსტინქტების, რათა შექმნა რაღაც განსხვავებული, ამაღელვებელი და ფასეული
  8. მიუსადაგო წესები სიტუაციას
  9. კრატიულობა არის შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატო შენი თავი ისე, რომ ფრთები არ მოგეჭრას.
  10. კრატიულობა რაღაც ისეთია, რაც ზოგიერთებს თანდაყოლილი აქვთ, დანარჩნებს კი უბრალოდ არ გააჩნიათ.

მე კიდევ ერთს დავამატებდი. შემოქმედობითობა პიარში გამბედაობას მოითხოვს, დიდ სიყვარულს და ზოგჯერ იმაზე მეტის გადალახვას, ვიდრე თავად წარმოგედგინა.

კრეატიულობა, როგორც პიარ-ინსტრუმენტი, ყველას სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა – სპექტაკლის პრემიერას აპიარებ თუ მეტალურგიულ ქარხანას. ვიცი, ზოგიერთი კოლეგა არ დამეთანხმება, და იტყვის, რომ პიარი სტრუქტურასა და სტრატეგიაზე დგას. მაგრამ რუტინას რა ვუყოთ?

შემატეთ თქვენს საყვარელ საქმეს ცოტაოდენი ჯადოსნურობა. შექმენით თქვენი პირადი შუქურა.

პიარსკოლის პირველი კვირის ემოცია

ცხოვრებაში არც ისე ხშირად დგება ისეთი მომენტები, რომელიც არასდროს დაგავიწყდება. ემოციები, რომელიც სულ გინდა გაუზიარო მეგობრებს, ახლობლებს… ვეცდები ჩემს ფიქრებს მოვუყარო თავი და სწორად გადმოგცეთ ის შეგრძნებები, რომელსაც მე პიარსკოლაში განვიცდი. პირველ რიგში, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ სოსო გალუმაშვილს რომ მომცა შანსი, გავმხდარიყავი პიარსკოლელი და ეს პოსტი დამეწერა….

2019 წლის 21 იანვარს პირველი ლექცია გვქონდა ქალბატონ თეა გველესიანთან. 17:30 დან 18:30 საათამდე ვიდექი გაუ-ს ეზოში და ველოდი დროს, რომელიც ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპის პირველი ნაბიჯების დასაწყისი იყო. მოუთმენლად ველოდი ლექციის დაწყებას, რომელიც ნამდვილად ვიცოდი, შეცვლიდა ჩემს განწყობას…. გადავდგი პირველი ნაბიჯი და შევაღე გაუ-ს კარი, კარი, რომელიც პირველივე დღიდან გიზრდის თვითშეფასებას და გარწმუნებს შენს მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებაში. პიარსკოლა არის ადგილი, სადაც პირველივე დღეს, პირველივე ლექციაზე ხვდები რომ ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც უნდა მოხვდე იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიო…

მოკლედ დავწერ ქალბატონ თეაზე და მის მაღალ პროფესიონალიზმზე. პირველი ლექციის პირველი ლექტორი. ადამიანი, რომელმაც პირველივე დღეს შეძლო და ჩემი ბავშვური შიშები გააბათილა თავისი უშრეტი, პოზიტიური ენერგიით, ამაღლებული განწყობითა და აუდიტორიასთან უშუალო დამოკიდებულებით.

სახლში რომ ბრუნდები და უკვე იმაზე ფიქრობ, როდის  შეაღებ მეორედ, მესამედ და კიდევ ბევრჯერ კარს, სადაც გელიან და ზრუნავენ შენზე, გაძლევენ სტიმულს და ასმაგად გიზრდიან მოტივაციას დასახული მიზნების მისაღწევად…

მეორე და მესამე ლექციაზე გაცილებით მოტივირებული და ამაყი წავედი, მე უკვე პიარსკოლელი მერქვა.

ეს არის ადგილი, სადაც უნდა მოხვდე და თვითონ შეიგრძნო რას ნიშნავს იყო პიარსკოლელი…

გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ!

მილენიალები – უცნაური, არაორდინალური, სტერეოტიპების დამამსხვრეველი, ადაპტირებადი, სოციალურად აქტიური და სტრატეგიული, განსხვავებული მისწრაფებების და მოლოდინების მქონე თაობა. ეს არის თაობა, რომელიც  მსოფლიო მოსახლეობის 24%-ს შეადგენს და რომელიც 2020 წლისთვის მსოფლიოში სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი იქნება. გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ.

მილენიალები,  (Millennium – ათასწლეული), იგივე Y თაობა,  1980-1997 წლებში დაბადებული თაობა ვართ. ჩვენ ციფრული რევოლუციის ეპოქაში გავიზარდეთ. საკუთარი თვალით ვნახეთ ტექნოლოგიური წინსვლა და უსწრაფესი ცვლილებები, ფეხი ავუწყვეთ და ვადაპტირდით. ფაქტობრივად, ჩვენ მოვხვდით გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ეპიცენტრში. ყველა ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია და ძირეულად შეცვლილი ფასეულობები და დამოკიდებულებები ჩამოგვიყალიბა, განსხვავებული მოლოდინები შეგვიქმნა. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა ყველა დანარჩენი თაობისგან.

მარკეტერების თავის ტკივილი

მარკეტერებისთვის ყველაზე სასურველი სამიზნე აუდიტორია მილენიალები ვართ, რაოდენობიდან და მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდიანრე. თუმცა, ამის მიუხედავად, მათთვის ერთგვარ თავის ტკივილსაც წარმოვადგენთ – ჩვენზე არ მოქმედებს ტრადიციული სარეკლამო ხერხები და ჩვენი ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია. ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერს ვყიდულობთ, უბრალოდ, შევცვალეთ მიდგომა, თუ როგორ და რატომ ვაკეთებთ შენაძენს.

როგორ ვიქცევით

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თაობასთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ჩვენთვის ინფორმაციის გასაღები თითებსა და კლავიატურაშია – სასურველ პროდუქტზე ნებისმიერი სახის ინფორმაციას თავად ვეძებთ, ვკითხულობთ რევიუებს, რჩევას ვეკითხებით ახლობლებს ან თუნდაც ვირტუალურ მეგობრებს სოციალური ქსელებიდან. ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს – შევიძინოთ/ვისარგებლოთ თუ არა.

სამოგზაუროდ წასვლამდე booking.com-სა და tripadvisor-ზე ვკითხულობთ რევიუებს, კინოთეატრშიც კი არ მივდივართ ისე, რომ imdb ან rotten tomatoes-ს არ გადავავლოთ თვალი, ბილეთებს კი ონლაინ ვყიდულობთ. ვშოპინგობთ amazon-სა და ebay-ზე, ტელევიზია youtube-ით ჩავანაცვლეთ და სასწავლო მიზნებისთვისაც აქტიურად ვიყენებთ. ვართ facebook-ის, instagram-ის, twitter-ის მომხმარებლები – ვქმნით ჯგუფებს და ინტეგრირებულები ვართ ინტერნეტ სამყაროში. გვიყვარს კონტენტის თავად შექმნა. როგორც კვლევებმა აჩვენა, მილენიალების 60%-ს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი აქვს, რომელსაც თავად მართავს.

გვიყვარს ყველაფერი ახალი, ტექნოლოგიური, სწრაფი და მარტივი – შთაბეჭდილება, ემოციები და დრო ჩვენთვის ყველაზე მთავარია.

გვესაუბრეთ

ჩვენ გვიყვარს ურთიერთობები, ამიტომ ძალიან ვაფასებთ, როცა კომპანია მეგობრულად გვესაუბრება. გვხიბლავს ნამდვილი, ემოციური ისტორიები – მოგვიყევით თქვენი ამბავი, რა დგას თქვენი ბრენდის უკან. როდესაც კარგ რევიუს გიკეთებთ – გამოხატეთ მადლიერება, თუ პრობლემას ვაწყდებით – აღიარეთ და გამოსწორების გზები შემოგვთავაზეთ, როდესაც ჰეშთეგით აღგნიშნავთ ან პოსტში გთაგავთ – უბრალოდ დაგვიკავშირდით. ჩვენთან საუბარი ჩვენი ნდობის და ლოიალობის მოპოვების პირდაპირპროპორციულია. ნურც WOM-ს  (Word of Mouth) დაივიწყებთ, ხმის გავრცელებას არ დაგზარდებით – ჩვენ ხომ მუდმივად ვპოსტავთ, ვაშეარებთ, ვტვიტავთ, უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ თანატოლებთან.

სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენ გვაქვს ამბიცია და გვჯერა, რომ სამყაროს შევცვლით. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც კარგად გააცნობიერა საფრთხეები და პრობლემები, რის წინაშეც ადამიანები დგანან. გლობალური კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგია, გმო, სიღარიბე და შიმშილი – ეს არასრული ჩამონათვალია, რაც გვაღელვებს და გვაფიქრებს, რის შეჩერებას და უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობთ. მაღალი CSR-ის მქონე კომპანიების მიმართ მომენტალურად გვიჩნდება კეთილგანწყობა. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოკლევადიანი საქველმოქმედო საქმიანობა, არამედ თქვენი სოციალური ინიციატივები უნდა იყოს მდგრადი გრძელვადიან პესპექტივაში. თქვენ გაქვთ რესურსი და ეკონომიკური ძალაუფლება ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი კატალიზატორები გახდეთ. ჩვენი კეთილგანწყობის მოპოვებაზე უკეთესი ჯილდო კი ისაა, რომ თქვენ რაღაც ძალიან კარგს აკეთებთ, რომ სამყარო უკეთესი გახდეს, თუნდაც მცირედით.

Influencer მარკეტინგი

ტრადიციული რეკლამები დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ. მათ დასაბლოკად აქტიურად ვიყენებთ skip ad-ს, adblock-ს, hide ad-ს და ა.შ. ანუ თქვენი რეკლამა ჩვენამდე არ აღწევს. თანამედროვე მარკეტოლოგები სტანდარტული რეკლამებიდან ინფლუენს მარკეტინგზე გადავიდნენ. ვინ არიან ინფლუენსერები და რა გავლენას ახდენენ ბრენდის წარმატებასა და ჩვენზე? ბრენდები ჩვენთან კომუნიკაციისთვის რამდენიმე ადამიანს ირჩევენ. ისინი კი სოციალური ქსელების მეშვეობით გვაწვდიან ინფორმაციას და გამოცდილებას გვიზიარებენ. ძირითადად, ინფლუენსერები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან, თუმცა ნელ-ნელა ეს ტენდენცია იცვლება და შესაძლოა ისინი რიგითმა ადამიანებმა ჩაანაცვლონ. ინფლუენს მარკეტინგის მთელი არსი კომპანიასა და ბრენდზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ონლაინ არხებით მთავარი მესიჯების ჩვენამდე მოტანაა. ჩვენ კი თაობა, რომელიც ინფორმაციას თავად ვამოწმებთ, სკეპტიკურად ვართ განწყობილი და საკმაოდ მომთხოვნებიც ვართ, ძალიან ვაფასებთ სიმართლეს და გამჭვირვალობას. ეს არ უნდა დაივიწყონ კომპანიებმა და ინფლუენსერებმა, რათა გრძელვადიანი ლოიალობა მოიპოვონ.

ბოლოს

მილენიალები ცნობისმოყვარე და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე თაობა ვართ. მარკეტოლოგები პრობლემურ მომხმარებლებად გვთვლიან, თუმცა სულაც არ ვეთანხმები: ჩვენ ვყიდულობთ მიზანს, იდეას, ცხოვრების სტილს. გვიყვარს, როცა თავისუფლები ვართ არჩევანში, სიამოვნებას გვანიჭებს პროცესებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა, გვიყვარს კომუნიკაცია და ყურადღების ცენტრში ყოფნა. კომპანიებს სიახლისა და ცვლილებებისკენ ვუბიძგებთ, ვაიძულებთ, დროს არ ჩამორჩნენ და მომზადებულები შეხვდნენ ჩვენი მომდევნო ახალი თაობის გამოწვევებს.

თამუნა როსტიაშვილი: „გეგმის მიხედვით მოქმედება და სხვადასხვა პროცესებზე სწორი რეაგირება მნიშვნელოვანია“

ინტერვიუ „ალტაოქეის“ მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორ თამუნა როსტიაშვილთან.

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, მარკეტინგი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტი, ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით, თავის მხრივ ვიწრო სპეციალობად ფინანსები ავირჩიე, მაგრამ მარკეტინგის მოდულები ყოველთვის რჩებოდა დამატებით საგნებად, რადგან ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო. როდესაც ჩემი პროფესიული მოღვაწეობა დავიწყე, მარკეტინგი იყო სწორედ ის მიმართულება, რომლშიც დავიწყე გამოცდილების დაგროვება.

მარკეტინგის სფეროში უკვე 8 წელია ვმოღვაწეობ.

მარკეტინგის სფერო არის აქტიური, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომელიც მუდმივად ახალ გამოწვევებს გვთავაზობს. ამ სფეროში მუშაობისას უნდა იყოს მიზანდასახული, კომუნიკაბელური და მოტივირებული ამა თუ იმ პროექტის და ყოველდღიური ამოცანების და გამოწვევების განხორციელებისთვის.

რატომ მარკეტინგი? რადგან ის დაკავშირებულია ინოვაციებთან. ეს საუკუნე კი ცვლილებების პერიოდია, რომლებთანაც მუდმივად  უნდა მოვახდინოთ ადაპტირება. მარკეტინგი ხელს უწყობს ინოვაციას. ის გვეხმარება, ვიფიქროთ ჩარჩოების მიღმა და შევქმნათ ახალი მიდგომები სხვადასხვა საკითხებისთვის და პრობლემებისთვის. ეს არის ის, რაც ბიზნესის სამყაროში განსხვავებას, ინოვაციასთან ადაპტირებისა და შესრულების საშუალებას იძლევა. ამიტომაც მარკეტინგის პროფესია თქვენს ცხოვრებაში ბევრ პოზიტივს მოიტანს.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

მნიშვნელოვანია, სწორი კომუნიკაციის ჩამოყალიბება, ინფორმაციის სწორად მიწოდება და იმის განსაზღვრა, თუ რა გზით ვაწვდით ამ ინფორმაციას.

როგორც მარკეტინგი, ყოველთვის ვცდილობ გავითვალისწინო მომხმარებლის ინტერესები და სურვილები და სწორი კომუნიკაცია მოვახდინო მათთან.

3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს

პირველ რიგში, უნდა იყოთ სოციალური, უნდა გქონდეთ პიროვნული და პროფესიონალური თვისებების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ეფექტურად იმუშაოთ გუნდთან, მიიღწვოდეთ თქვენი მიზენებისთვის, იყოთ გამბედავი, კრეატიული. უნდა შეგეძლოთ გეგმის მიხედვით მოქმედება და სწორი რეაგირება სხვადასხვა პროცესებზე.

წარმატებული მარკეტინგის სპეციალისტი უნდა იყოს “flexible”, გახსნილი, კარგი მსმენელი, კრეატიული, მომხმარებელზე ორიენტირებული.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

სფერო, რომელშიც დღეს ვმოღვაწეობ არის ძალიან აქტიური. ყოველი სამუშაო კვირა არის მრავალფეროვანი, მოიცავს სხვადასხვა მარკეტინგული ნაბიჯების დაგეგმვისა და იმპლემენტაციის პროცესს, კომუნიკაციას პარტნიორებთან, საზოგადოებასთან და თანამშრომლებთან.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?

პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა – ეს არის ის თვისებები, რასაც ვაფასებ ადამიანებში.

მარტა ქარუმიძე: „ადამიანების განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ ყოველთვის აისახება საქმეზე და შედეგზე“

ინტერვიუ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ  მარტა ქარუმიძესთან

– რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

პიარ საქმიანობა ყოველთვის მაინტერესებდა, ხშირად ვადევნებდი თვალს პიარის უცხოურ მოდელებს, მაინტერესებდა რითი გამოირჩეოდნენ ისინი, რა გვქონდა საერთო… წლების მანძილზე ჟურნალისტიკის სფეროში ვმუშაობდი, შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ამ სფეროში გადმომენაცვლა. საინტერესო პროფესიაა, მუდმივი სიახლეებითა და გეგმით, რომელიც შედეგით უნდა დასრულდეს. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მომწონს, მიყვარს მათი ხედვისა და იდეების მოსმენა, ეს შემდგომ გეხმარება საქმიანობის სწორად წარმართვაში.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

ურთიერთობის უნარი და კომუნიკაცია, რომელიც არ უნდა გეზარებოდეს. თუ მოინდომებ ყველაფერი გამოდის, მთავარია სურვილი გქონდეს.

– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს

რჩევის მიცემა გამიჭირდება. ზოგადად ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ვფიქრობ, ვისაც პიარში უნდა მუშაობის დაწყება:

  1. მუდმივად უნდა ჰქონდეს ახალი იდეები, უნდა შეძლოს საზოგადოებამდე ამ იდეების სწორად მიტანა.
  2. სწრაფი რეაგირება, ვინაიდან დაგვიანებული რეაქცია შეიძლება არასწორად შეფასდეს.
  3. აკეთეთ მთელი გულით თქვენი საქმე, აუცილებლად მოსინჯეთ თქვენი ძალები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ადგილი არაა ამა თუ იმ სფეროში, მაშინ განაგრძეთ ძებნა. ადამიანების განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ ყოველთვის აისახება საქმესა და შედეგზე.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს, ვეცნობი საინფორმაციო პორტალზე განთავსებულ სიახლეებს, ვურთიერთობ საზოგადოებასა და მედიასთან, მათთვის საინტერესო კითხვებს ვპასუხობ, ჩართული ვარ ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ღონისძიებების, შეხვედრების ორგანიზებაში, ვწერ პრესრელიზებს და ა.შ.

– რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

ისევ კომუნიკაციის უნარი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს, საქმე მარტივდება. მე 10 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში სხვადასხვა პოზიციაზე. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა კონტაქტების მოპოვებაში.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

ჩემი აზრით, წარმატებას აქვს თავისი ეტაპები, გააჩნია ვის რა ეტაპი აკმაყოფილებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წარმატება მიიღწევა შრომით. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროს. შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ წარმატება აუცილებლად მოვა.

რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობები. ამას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ბუნებრივია გასულ წლებთან შედარებით ყველაფერი შეცვლილია. ამას ხელი შეუწყლო სოციალურმა ქსელებმა. დღეს უფრო გამარტივდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური ქსელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოქნილი წყარო 21-ე საუკუნეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც აზრის დაფიქსირების თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული ფაქტის თუ პროდუქტის ცნობადობის გაზრდის კუთხით. დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ უფრო ეფექტურად წარმოაჩინო ორგანიზაცია, ბრენდი, დააფიქსირო აქტივობა. ამას თანამედროვე ტექნოლოგიები უწყობს ხელს.

თორნიკე გურული: „იმისათვის რომ იყო წარმატებული, მუდმივად უნდა გედოს ხელი მომხმარებლის პულსზე“

ინტერვიუ პსპ-ს  სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელ თორნიკე გურულთან.

-რა სპეციალობის ბრძანდებით?

რამდენიმე უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარის მიმართულება დავამთავრე, ასევე პედაგოგიკის მიმართულება და გერმანიაში University of Technology Chemnitz, მედია კომუნიკაციის სპეციალობით.

-პირველი სამსახური:

უკვე დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც პირველად ვიშოვე ფული. ერთმანეთისაგან გავმიჯნავდი ფულის შოვნას და სამსახურს. 16 წლიდან დავიწყე ფულის შოვნა. სხვადასხვა დროს მიმუშავია მუშად, მიმტანად, უცხო ენების მასწავლებლად, ბიბლიოთეკარად, გიდად, სამკერვალო ფაბრიკაში თარჯიმნად და რა ვიცი, კიდევ რად აღარ. მსახიობის ჰონორარიც კი მაქვს მიღებული, კლიპებში მიღებდნენ ხოლმე.

პირველი, ყველაზე სერიოზული, სამსახური საერთაშორისო ტრენერობა იყო. თან ვსწავლობდი და თან ტრენინგებს ვატარებდი. საერთაშორისო ტრენერების მომზადების სამ წლიან პროგრამაში ვიღებდი მონაწილეობას და პარალელურად, ტრენინგებს მატარებინებდნენ, რომელშიც ძალიან კარგი ფული გამოვიმუშავე. პირველი ტრენინგი ვროცლავში (პოლონეთი) ჩავატარე. მაშინ ბოშის ფონდის ერთ-ერთი პროგრამის თეოდორ ჰოისის კოლეგიის 20 მონაწილე მყავდა და ჩემს პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად, მათ სოციალური პროექტების მართვას ვასწავლიდი.

-ახლანდელი სამსახური და პოზიცია?

ახლაც ბევრი მიმართულებით ვმუშაობ. პსპ-ში სააფთიაქო ქსელის მარკეტინგს ვხელმძღვანელობ, ასევე მართვის აკადემიის ტრენერი ვარ მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით. ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარის პროგრამის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი ვარ.

პატარა ბიზნესებიც მაქვს – საყვარელი ჰოსტელი ბროსეს ქუჩაზე და ტურისტული კომპანია.

თქვენი პირველი წარმატება?

პიარის მიმართულებით შეიძლება წარმატებულად ჩავთვალო ჩემი გამოცდილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აქ პიარის მიმართულებით ვმუშაობდი და ბევრი საინტერესო ქეისი გვქონდა. ესენი იყო: სანდრო გირგვლიანის ქეისი, ზურა ვაზაგაშვილის ქეისი და ბევრი ადამიანის უფლებების დაცვისათვის მიმართული კამპანიები.

თქვენს მიერ გაკეთებული საქმე, პროექტი, რომლითაც დღემდე ამაყობთ?

ყველა პროექტი, რომელსაც მე ვაკეთებ ძალიან მიყვარს. თითქოს ჩემი მეგობრებივით არიან.

კომერციული მიმართულებით გამოვყოფდი სუპერმარკეტების სმარტის ქსელს. ეს ბიზნესი ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და იდეიდან ქსელამდე ჩემს ხელში ჩამოყალიბდა. ასევე პსპ აფთიაქის ახალი კონცეფციის აფთიაქები. 23 წლიანი გამოცდილების ბრენდის შეცვლაც, ვფიქრობ, საინტერესოა. ჩემი პროექტების მიმართ ემოციებიც მიჩნდება.

სოციალური მიმართულებიდან არ შემიძლია არ აღვნიშნო ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის ფარგლებში გაკეთებულმა საქმეებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.

-რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს სფეროში ადამიანი იყოს წარმატებული? გარდა ცოდნისა, განსაკუთრებული თვისებები თუ არის საჭირო.

ჩემი აზრით, კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის აუცილებელია შემოქმედებითი აზროვნება, შრომისმოყვარეობა, მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისკენ. იმისათვის რომ იყო წარმატებული, მუდმივად უნდა გედო ხელი მომხმარებლის პულსზე, რათა ზუსტად გრძნობდე, რა უნდა შენს მომხმარებელს. უნდა გიყვარდეს ადამიანები, მიუხედავად მათი მსოფლხედველობისა თუ სხვა მახასიათებლებისა.

-დღეს საქართველოში შესაძლებელია თუ არა PR-ის   კარგად სწავლა, თუ მაინც  საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა აუცილებელი?

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარის მაგისტრატურა ნამდვილად ინოვაციური პროგრამაა. ვფიქრობ, მათ, ვისაც უნდა პიარის მიმართულებით საქართველოში თუ საზღვარგარეთ არსებული ცოდნა მიიღოს, კარგი პლატფორმაა. საზღვარგარეთ ცხოვრებას კიდევ სხვა უპირატესობები აქვს. საზღვარგარეთ სწავლით არამარტო კონკრეტული დარგი ვისწავლე, არამედ სხვანაირ ცხოვრებასაც შევეჩვიე და პიროვნულად განვითარდი.

-რამდენად ადვილად შეგიძლიათ  კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი შემთხვევა ხომ არ მოქმედებს ხოლმე საქმის ხარისხზე?

ამ თემაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. ჩემი პირველი წიგნიც ამ მიმართულებით გამოვეცი და მიმაჩნია, რომ კრიზისის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დაგეგმარებაა. თუ სწორად გეგმავ, ხარისხსზე ეს არ აისახება.

-საინტერესო ეპიზოდი თქვენი ცხოვრებდან(საქმიანი), რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?

როდესაც გერმანიაში უნივერსიტეტი დავამთავრე, ბევრს ვფიქრობდი, სად გავაგრძელებდი ცხოვრებას. მე საქართველო ავირჩიე. 2005 წელი იყო და საქართველოში ბევრი რამ იცვლებოდა. ჩემმა საქართველოში დაბრუნებამ მკვეთრად გადაწყვიტა ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების სტილი და რიტმი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.

რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდით, სად ხედავთ საკუთარ თავს?

ბავშვობაში ძალიან მომწონდა ორი პროფესია: მასწავლებლობა და პილოტობა. მასწავლებელი დავდექი – მუდმივად ტრენინგებს ვატარებ და საუნივერსიტეტო სწავლების პროცესშიც ვარ ჩართული. რომ არა ეს პროფესია, ალბათ პილოტი გავხდებოდი .

რა არის თქვენი, როგორც საქმიანი ადამიანის ძლიერი მხარე და თვისებები?

ჩემი აზრით, ჩემი ყველაზე ძლიერი პიროვნული მხარე ჩემი დისციპლინა, კონცენტრაციის უნარი და მოთმინებაა. ასევე ძალიან მიყვარს სწავლა და ბევრ დროს ვუთმობ სიახლეების შემეცნებას. მგონია, რომ ჩემმა მრავალფეროვანმა დაკავებულმა ცხოვრებამ კარგი დაგეგმარების უნარი შემძინა და კარგად ვგეგმავ.

რას გაძლევთ ის კომპანია, რომელშიც მუშაობთ? რით არის ის თქვენთვის საინტერესო?

ჩემთვის მნიშნელოვანია პიროვნული განვითარება და იდეების განხორციელების შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ურთიერთობებსაც. კომპანიები, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ ასეთ შესაძლებლობებს მაძლევენ და სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან.

სად ხედავთ თქვენს თავს 20 წლის შემდეგ?

20 წლის შემდეგ მინდა ვაკეთებდეს იმას, რასაც ვაკეთებ დღეს. მინდა ვასწავლიდე ისევ და ვმუშაობდე კომუნიკაციის სფეროში.  ამ დროს ვიქნები რამდენიმე წიგნის ავტორიც, რომელიც კომუნიკაციის თემებზე იქნება გამოცემული.

ტატა ხვედელიანი: „როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მუდმივად მზად უნდა იყო“

ინტერვიუ შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროს ტატა ხვედელიანთან

-რომელ მედია საშუალებებს ადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესია  მაღალ ჩართულობას და სიახლეების მუდმივ გაცნობას მოითხოვს, ამიტომაც დილას მასმედიის ყველა საშუალების გაცნობით ვიწყებ. პირველ რიგში, ვეძებ სიახლეებს, რომლებიც ჩემს სამუშაო სფეროს კვეთს ან მნიშვნელოვანი და  საინტერესო ინფორმაციის მომცემია. თვალყურს ვადევნებ, როგორც ბეჭდურ და სოციალურ მედიას, ასევე რადიოსა და სატელევიზიო არხებს.

-რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?

პიარი გახლავთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი. ჩვენ ვაცნობთ საზოგადოებას ამა თუ იმ პროდუქტს კომუნიკაციით და სხვადასხვაგვარი საშუალებებით , რომლებიც მიმართულია ცნობადობის ამაღლებისკენ და ჩვენი სიახლეების ფართო მასებისთვის გაცნობისკენ.

რეკლამა კი არის ერთ-ერთი ხერხი, გადაიხადო თანხა და  ამ გზით შეატყობინო საზოგადოებას შენს შესახებ.

საჯარო უწყებებების საქმიანობა დღესდღეობით მთლიანად აწყობილია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. აუცილებელია, ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია, რათა თავიდან ავირიდოთ პიარ აქტივობის არასწორი ან უარყოფითი გაგება.

-დაასახელეთ თქვენი საუკეთესო პროექტი ან პერიოდი, რომლითაც ამაყობთ?

ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამასთან. ვფიქრობ, ამ პროექტებში ჩართულობამ განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა და დიდი გამოცდილების მიღება. საზოგადოების ამ ნაწილთან კომუნიკაცია გავრცელებული სტიგმის გამო თავიდან ძალიან რთული მეგონა, მაგრამ შევძელი მათთან ურთიერთობის დამყარება.

ახლა  შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით მყავს უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მეგობარი, ვფლობ ჟესტურ ენას და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი განსხვავებებზე.

-როგორ ახდენთ სოციალური მედიისა და პიარის ინტეგრაციას?

ვთვლი, რომ სოციალურ მედიას დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. მას ფართოდ ვიყენებთ სხვადასხვა სიახლის დასაანონსებლად და ასევე საზოგადოებივი აზრის შესაქმნელად.

-რას გააკეთებთ თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება თქვენს პიარ სტრატეგიას?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესია დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ამ სფეროს მცოდნე სპეციალისტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ნდობას, როდესაც ვმუშაობ ძალიან მჭირდება, რომ ჩემი ხელმძღვანელი მენდობოდეს და სჯეროდეს ჩემი ქმედებების. ამიტომაც, თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება ჩემს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას, შევეცდები ავუხსნა სტრატეგიის საჭიროება და დავარწმუნო მის ეფექტურობაში.

-გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება უარყოფით მედია შემოტევაზე, რომელსაც გამკლავებიხართ

როდესაც მუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მუდმივად მზად უნდა იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის. ვფიქრობ, ყველა პიარ სპეციალისტს ჰქონია უარყოფითი მედია შემოტევა. ჩემს შემთხვევაში, ისევ საზოგადოებასთან ურთერთობითა და სწორი კომუნიკაციით გამოსწორდა ეს ამბავი.

-რა არის ყველაზე საინტერესო პიარ სფეროში მუშაობაში. რას გააუმჯობესებდით?

ძალიან მომწონს ეს სფერო და მასში კარგად ვგრძნობ თავს. ჩემთვის  ყველაზე საინტერესო არის კომუნიკაცია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მომწონს ხალხთან ურთიერთობა. ასევე სწორად დაგეგმილი პიარ სტრატეგიის შედეგი. გავაუმჯობესებდი ხელმძღვანელობის მიდგომას პიარისადმი, რადგან ეს ძალიან მრავლისმომცველი სფეროა, სტრატეგიული და არ არის სწორი მასში მხოლოდ რამოდენიმე მიმართულების გამოყოფა და მხოლოდ მათი დახმარებით მუშაობა.

რას „გვაპარებს“ პიარსკოლა?

ბრენდინგის ლექცია დაგვეწყო. ლექტორმა, ეკო ჩუბინიძემ სტუდენტებს მოგვაყოლა ვინ ვიყავით და რამ მოგვიყვანა პიარსკოლაში. ამ დროისთვის უკვე პროექტზე სამუშაო ჯგუფებად გადანაწილებული ვიყავით. ყველამ ჩამოვთვალეთ სხვადასხვა მოსვლის მიზეზი და მოვიდა ჩემი სუპერ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნიკა დევდარიანის ჯერი. ნიკამ არც აცია, არც აცხელა და ამ მიზეზებზე საუბრის დროს აღნიშნა – ბედნიერი ვარ, აქ რომ ასეთი მეგობრები შევიძინეო. რა თქმა უნდა, ამ განცხადებაზე „ცრემლი მოგვადგა კომენტარები“ არ დაგვიშურებია, მაგრამ ჯგუფის წევრებმა მართლა ვიგრძენით, რომ ყველანაირი „პიარული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების“ მიზნის დასახელების გარეშე, ნიკამ ყველა სტუდენტისთვის უკვე დამდგარი შედეგი დაასახელა.

პიარსკოლაში სწავლის დაწყების დღიდან პოზიტიური ამბები პერმანენტულად იმატებს. თუმცა, არც ე.წ. სიმწრის ცრემლები დაგკვლებია. ჩემი ჯგუფი პანტომიმის თეატრის კონკრეტულ პროექტზე მუშაობს და ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა სწორედ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი, ოკუპაციის თემაზე, საუკეთესო საშუალება იყო პატრიოტიზმისა და უსამართლობის განცდების ერთობლიობის სადემონსტრაციოდ. მაგრამ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა, რაც იქ დაგვებადა და ასევე სამომავლო გეგმების საწყისი წერტილიც გახდა, იყო –  „ეს თეატრი გაცილებით მეტ დაფასებას იმსახურებს – რა გავაკეთოთ ამისთვის?“

ეფექტური კომუნიკაციების ლექციებზე ასევე ერთ-ერთი ჯგუფური დავალება იყო, შეგვექმნა არარსებული პროდუქტი და წარმოგვედგინა პრეზენტაციის სახით. სწორედ ამ პრეზენტაციაზე მუშაობის დროს „შეიკრა“ ჩვენი ხუთეული (ახლა უკვე შვიდეული) და გამოვიგონეთ ბალიში, რომელიც ძილის დროს გონებაში ინფორმაციებს მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად დატვირთულ, „გადამწვარ“ ადამიანებს უტვირთავდა. საბოლოო ჯამში, მშვენიერი გამოვიდა. ჰოდა, ამ ბალიშის იმედზე ვართ ახლაც, რომ ყოველ დედლაინამდე გადავიწვებით და მერე საკუთარ გამოგონებას ავამუშავებთ. არა, მართლა, „ზარმაცები, მაგრამ ნიჭიერები“ არ ვართ.

ალბათ შეამჩნიეთ, რომ რამდენიმე ზემოაღნიშნული ამოცანა სახალისო და საინტერესო პროცესი იქნებოდა. თუმცა, გაუს და კერძოდ პიარსკოლის სასწავლო მეთოდები რომ უკეთ გაგაცნოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი რამ – დავალებების მიღების დროს,  გგონიათ, რომ ყველა ბედნიერია და ყველაფერი იდეალურადაა. ასევე გგონიათ, რომ მარტო არ ხართ და თქვენ ირგვლივ უამრავი დამხმარე ხელია…

მაგრამ, ნუ მოტყუვდებით, მეგობრებო! ამ მარტივად მოწოდებული ამოცანების უკან დგას თავდაუზოგავი მუშაობა, მუდმივი კვლევა და უამრავი გამოწვევა. მაგალითად, ისეთი გამოწვევა, როგორიცაა ჩვენს შემთხვევაში, პანტომიმის თეატრის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი შემოსავლების გაზრდა, მსახიობებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ასევე, ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა, რომლის შესრულებაც ნამდვილად გაგვიჭირდა, შაბათს „ფაბრიკაში“ პროექტზე სამუშაოდ ჯდომა. დიახ, თან შაბათს, თან „ფაბრიკაში“, თან „სამუშაოდ“ და თან „ჯდომა.“

ასე, რომ თავის დროზე ჩვენც სასიამოვნოდ მოტყუებულნი დავრჩით და მივხვდით, რომ რეალურად ბევრი, ძალიან ბევრი საქმე ასე მარტივად და პოზიტიურად „შემოგვაპარეს.“

ნუცა გედევანიშვილი -„მთავარია, კარგად იცოდე საზოგადოების განწყობა და ითვალისწინებდე მათ ინტერესს.“

ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნუცა  გედევანიშვილთან.

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

ჩემი პირველადი განათლება ბაკალავრიატში იყო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები. საზოგადოებასთან ურთიერთობის  მიმართულებით საქმიანობის დაწყება იმ მომენტისთვის სპონტანური
იყო. სამსახურის პარალელურად ჩავაბარე და ავიღე მედია კომუნიკაციის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი.

კარიერაზე სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, ეს საქმიანობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.

-რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

პირველ რიგში, აქტივობის დაგეგმვა, რომლის დროსაც აუცილებლად ვითვალისწინებ – არსებულ რეალობას, საზოგადოების განწყობას და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სიახლე ადამიანებისთვის იყოს მნიშვნელოვანი და პოზიტიური .

-3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

პირველი – აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მოგწონდეს, რასაც აკეთებ.

მეორე –  ფლობდე სრულ ინფორმაციას საკითხის გარშემო. 

მესამე – მთავარია კარგად იცოდე საზოგადოების განწყობა და ითვალისწინებდე მათ ინტერესს.

-რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

ახლა რომ ვიწყებდე ამ სფეროში საქმიანობას, კარგი იქნებოდა მცოდნოდა მარკეტინგის საფუძვლები.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

ჩვენი სამსახური „სსსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფი ზედამხედველობის სამსახური“ სულ რამდენიმე წელია რაც შეიქმნა. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სადაზღვევო სტანდარტებს. ძალიან ბევრი სიახლეა, ამიტომაც არც ერთი სამუშაო კვირა არ გავს ერთმანეთს, მაგრამ ყოველი კვირა საინტერესოა.

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

ჩვენს ტექნოლოგიურად განვითარებულ დროში მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიება არ წარმოადგენს სირთულეს და რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტები.

-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

სიახლეების გაცნობით, როგორც ჩემს სფეროში, ასევე ქვეყანაში. საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით.

-რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

კომუნიკაციის უნარი, ღიაობა, ყველა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა. ამაში იგულისხმება, როგორც მედია, ასევე ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებლებთან კონტაქტი და მათი ინტერესის დაკმაყოფილება.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?

გუნდურობას, პასუხისმგებლობას, ერთი მიზნისკენ და საერთო საქმის წარმატებისკენ სწრაფვას.

-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

პირდაპირ კომუნიკაციას და ურთიერთობებს ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის.

-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ბოლო წლებია ბევრი ინოვაციაა – სოციალური ქსელის, ონლაინ ვიდეობის, ბლოგების და ფორუმების მეშვეობით ხდება ბევრი პიარ აქტივობები.  განვითარება ძალიან სწრაფად ხდება, რადგან 21-ე საუკუნე უამრავი სიახლით არის საინტერესო, ამიტომაც პიარიც მუდმივ განვითარებაშია.