ტატა ხვედელიანი: „როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  მუშაობ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მუდმივად მზად უნდა იყო“

ტატა ხვედელიანი: „როდესაც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობ, ნებისმიერი გამოწვევისთვის მუდმივად მზად უნდა იყო“

ინტერვიუ შსს–ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროს ტატა ხვედელიანთან

-რომელ მედია საშუალებებს ადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესია  მაღალ ჩართულობას და სიახლეების მუდმივ გაცნობას მოითხოვს, ამიტომაც დილას მასმედიის ყველა საშუალების გაცნობით ვიწყებ. პირველ რიგში, ვეძებ სიახლეებს, რომლებიც ჩემს სამუშაო სფეროს კვეთს ან მნიშვნელოვანი და  საინტერესო ინფორმაციის მომცემია. თვალყურს ვადევნებ, როგორც ბეჭდურ და სოციალურ მედიას, ასევე რადიოსა და სატელევიზიო არხებს.

-რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?

პიარი გახლავთ საზოგადოებასთან ურთიერთობა, ეს არის სტრატეგიული კომუნიკაციის პროცესი. ჩვენ ვაცნობთ საზოგადოებას ამა თუ იმ პროდუქტს კომუნიკაციით და სხვადასხვაგვარი საშუალებებით , რომლებიც მიმართულია ცნობადობის ამაღლებისკენ და ჩვენი სიახლეების ფართო მასებისთვის გაცნობისკენ.

რეკლამა კი არის ერთ-ერთი ხერხი, გადაიხადო თანხა და  ამ გზით შეატყობინო საზოგადოებას შენს შესახებ.

საჯარო უწყებებების საქმიანობა დღესდღეობით მთლიანად აწყობილია საზოგადოებასთან ურთიერთობაზე. აუცილებელია, ადამიანებთან სწორი კომუნიკაცია, რათა თავიდან ავირიდოთ პიარ აქტივობის არასწორი ან უარყოფითი გაგება.

-დაასახელეთ თქვენი საუკეთესო პროექტი ან პერიოდი, რომლითაც ამაყობთ?

ყველაზე კარგად მახსენდება ჩემი შეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებაში ინკლუზიის პროგრამასთან. ვფიქრობ, ამ პროექტებში ჩართულობამ განაპირობა ჩემი პროფესიული ზრდა და დიდი გამოცდილების მიღება. საზოგადოების ამ ნაწილთან კომუნიკაცია გავრცელებული სტიგმის გამო თავიდან ძალიან რთული მეგონა, მაგრამ შევძელი მათთან ურთიერთობის დამყარება.

ახლა  შემიძლია ვთქვა, რომ დღესდღეობით მყავს უამრავი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  მეგობარი, ვფლობ ჟესტურ ენას და ერთხელ და სამუდამოდ ვთქვი უარი განსხვავებებზე.

-როგორ ახდენთ სოციალური მედიისა და პიარის ინტეგრაციას?

ვთვლი, რომ სოციალურ მედიას დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უკავია საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში. მას ფართოდ ვიყენებთ სხვადასხვა სიახლის დასაანონსებლად და ასევე საზოგადოებივი აზრის შესაქმნელად.

-რას გააკეთებთ თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება თქვენს პიარ სტრატეგიას?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის პროფესია დღითიდღე უფრო აქტუალური ხდება. შესაბამისად, ამ სფეროს მცოდნე სპეციალისტებზე მოთხოვნა სტაბილურად იზრდება. უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ნდობას, როდესაც ვმუშაობ ძალიან მჭირდება, რომ ჩემი ხელმძღვანელი მენდობოდეს და სჯეროდეს ჩემი ქმედებების. ამიტომაც, თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება ჩემს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას, შევეცდები ავუხსნა სტრატეგიის საჭიროება და დავარწმუნო მის ეფექტურობაში.

-გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება უარყოფით მედია შემოტევაზე, რომელსაც გამკლავებიხართ

როდესაც მუშაობ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, მუდმივად მზად უნდა იყო ნებისმიერი გამოწვევისთვის. ვფიქრობ, ყველა პიარ სპეციალისტს ჰქონია უარყოფითი მედია შემოტევა. ჩემს შემთხვევაში, ისევ საზოგადოებასთან ურთერთობითა და სწორი კომუნიკაციით გამოსწორდა ეს ამბავი.

-რა არის ყველაზე საინტერესო პიარ სფეროში მუშაობაში. რას გააუმჯობესებდით?

ძალიან მომწონს ეს სფერო და მასში კარგად ვგრძნობ თავს. ჩემთვის  ყველაზე საინტერესო არის კომუნიკაცია, რომელსაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან მომწონს ხალხთან ურთიერთობა. ასევე სწორად დაგეგმილი პიარ სტრატეგიის შედეგი. გავაუმჯობესებდი ხელმძღვანელობის მიდგომას პიარისადმი, რადგან ეს ძალიან მრავლისმომცველი სფეროა, სტრატეგიული და არ არის სწორი მასში მხოლოდ რამოდენიმე მიმართულების გამოყოფა და მხოლოდ მათი დახმარებით მუშაობა.