მარტა ქარუმიძე: „ადამიანების განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ ყოველთვის აისახება საქმეზე და შედეგზე“

მარტა ქარუმიძე: „ადამიანების განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ ყოველთვის აისახება საქმეზე და შედეგზე“

ინტერვიუ  სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ  მარტა ქარუმიძესთან

– რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

პიარ საქმიანობა ყოველთვის მაინტერესებდა, ხშირად ვადევნებდი თვალს პიარის უცხოურ მოდელებს, მაინტერესებდა რითი გამოირჩეოდნენ ისინი, რა გვქონდა საერთო… წლების მანძილზე ჟურნალისტიკის სფეროში ვმუშაობდი, შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება ამ სფეროში გადმომენაცვლა. საინტერესო პროფესიაა, მუდმივი სიახლეებითა და გეგმით, რომელიც შედეგით უნდა დასრულდეს. ხალხთან კომუნიკაცია ძალიან მომწონს, მიყვარს მათი ხედვისა და იდეების მოსმენა, ეს შემდგომ გეხმარება საქმიანობის სწორად წარმართვაში.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

ურთიერთობის უნარი და კომუნიკაცია, რომელიც არ უნდა გეზარებოდეს. თუ მოინდომებ ყველაფერი გამოდის, მთავარია სურვილი გქონდეს.

– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს

რჩევის მიცემა გამიჭირდება. ზოგადად ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს. ვფიქრობ, ვისაც პიარში უნდა მუშაობის დაწყება:

  1. მუდმივად უნდა ჰქონდეს ახალი იდეები, უნდა შეძლოს საზოგადოებამდე ამ იდეების სწორად მიტანა.
  2. სწრაფი რეაგირება, ვინაიდან დაგვიანებული რეაქცია შეიძლება არასწორად შეფასდეს.
  3. აკეთეთ მთელი გულით თქვენი საქმე, აუცილებლად მოსინჯეთ თქვენი ძალები, მაგრამ თუ თქვენ ფიქრობთ, რომ თქვენი ადგილი არაა ამა თუ იმ სფეროში, მაშინ განაგრძეთ ძებნა. ადამიანების განწყობა საკუთარი სამსახურის მიმართ ყოველთვის აისახება საქმესა და შედეგზე.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

ვუყურებ საინფორმაციო გამოშვებებს, ვეცნობი საინფორმაციო პორტალზე განთავსებულ სიახლეებს, ვურთიერთობ საზოგადოებასა და მედიასთან, მათთვის საინტერესო კითხვებს ვპასუხობ, ჩართული ვარ ჩვენი გუნდის სხვა წევრებთან ერთად ღონისძიებების, შეხვედრების ორგანიზებაში, ვწერ პრესრელიზებს და ა.შ.

– რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

ისევ კომუნიკაციის უნარი. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში ყველა ყველას იცნობს, საქმე მარტივდება. მე 10 წელზე მეტ ხანს ვმუშაობდი ჟურნალისტიკაში სხვადასხვა პოზიციაზე. ვფიქრობ, ჩემი პროფესია ძალიან დამეხმარა კონტაქტების მოპოვებაში.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

ჩემი აზრით, წარმატებას აქვს თავისი ეტაპები, გააჩნია ვის რა ეტაპი აკმაყოფილებს. ზოგადად მიმაჩნია, რომ ნებისმიერი წარმატება მიიღწევა შრომით. არ აქვს მნიშვნელობა პროფესიას, უბრალოდ არ უნდა დაგეზაროს. შეიძლება დროში გაიწელოს, მაგრამ წარმატება აუცილებლად მოვა.

რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

უბრალოდ, ადამიანური ურთიერთობები. ამას ვერაფერი ჩაანაცვლებს.

რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ბუნებრივია გასულ წლებთან შედარებით ყველაფერი შეცვლილია. ამას ხელი შეუწყლო სოციალურმა ქსელებმა. დღეს უფრო გამარტივდა საზოგადოებასთან ურთიერთობა, სოციალური ქსელი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მოქნილი წყარო 21-ე საუკუნეში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც აზრის დაფიქსირების თვალსაზრისით, ასევე კონკრეტული ფაქტის თუ პროდუქტის ცნობადობის გაზრდის კუთხით. დღეს ყველანაირი საშუალება არსებობს, რომ უფრო ეფექტურად წარმოაჩინო ორგანიზაცია, ბრენდი, დააფიქსირო აქტივობა. ამას თანამედროვე ტექნოლოგიები უწყობს ხელს.