თეონა ახობაძე:PR და მარკეტინგი ცოცხალი ორგანიზმივით არის, რომელიც გამუდმებით პულსირებს -

თეონა ახობაძე:PR და მარკეტინგი ცოცხალი ორგანიზმივით არის, რომელიც გამუდმებით პულსირებს

თეონა ახობაძე:PR და მარკეტინგი ცოცხალი ორგანიზმივით არის, რომელიც გამუდმებით პულსირებს

ინტერვიუ სასტუმრო რედისონის პიარისა და მარკეტინგის მენეჯერ თეონა ახობაძესთან

რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი და მარკეტინგი  კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

-ამ ეტაპზე მარკეტინგის და კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციას ვიკავებ. საერთოდ, პროფესიით ტელე-რადიო ჟურნალისტი ვარ. წლების მანძილზე სწორედ ამ განხრით ვმუშაობდი. ასე რომ, კომუნიკაციის სფეროსთან და მედიასთან კავშირი ყოველთვის მქონდა. უცნაურია, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემი პირველივე სამსახური სწორედ PR-ით დაიწყო. ეს იყო სტაჟირება ევროინტეგრაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში. ამის შემდეგ წლების მანძილზე ვმუშაობდი სხვადასხვა მედია საშუალებებში კორესპონდენტად. ყველაზე დიდი ხანი ვიმუშავე „რუსთავი 2“-ში, სადაც  გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველო“-ში  თითქმის ექვსი წელი, არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად, გავატარე. ამ სამსახურმა პროფესიულ ზრდასთან ერთად გაცილებით მეტი, გუნდში მუშაობა მასწავლა. რაღაც ეტაპზე გავაცნობიერე, რომ მოვიდა განვითარების დრო და დიდ ბრიტანეთში სასწავლებლად გავემგზავრე, სადაც სწორედ PR-ს და ბრენდინგს ვსწავლობდი.

რაც შეეხება კარიერული ზრდის შესაძლებლობებს, ვფიქრობ, განვითარების საშუალებას ნებისმიერი სფერო იძლევა, სადაც არ უნდა მუშაობდე. დამოკიდებულია მხოლოდ იმაზე თუ რა მიდგომა გაქვს შენ საკუთარი საქმის მიმართ. 

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

-პასუხი კითხვაშივე ჩანს, ეს კომუნიკაციაა, რაც მარტივად, ურთიერთობას ნიშნავს.   მთავარი ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბებაა. ეს კი, არც თუ ისე იოლია. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ყველანი განსხვავებულები ვართ მსოფლმხედველობის, ქცევის, ემოციის, აღქმის და სხვა მრავალი ასპექტის თვალსაზრისით. ვფიქრობ, მთავარია გქონდეს უნარი დაამყარო ბუნებრივი და, ამავდროულად, საქმიანი ურთიერთობა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან, ესაუბრო მათ გასაგებ ენაზე და იყო გულწრფელი. მარკეტინგისა და PR-ის ძალიან სწრაფი განვითარების შესაბამისად ვითარდება მომხმარებლის ცნობიერებაც, დღეს „დაბალი ფასები, მაღალი ხარისხი“-ს უკვე არავის სჯერა, ამიტომ გულახდილობა აუცილებელია. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია უნდა მოუსმინო მომხარებელს და სწორედ გაიაზრო მათი მიზანი.

3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

-არ ვთვლი, რომ მე ვარ ის, ვინც რჩევები უნდა დაარიგოს, თუმცა, ვფიქრობ, არამარტო ამ სფეროში, არამედ ნებისმიერი დარგის სპეციალისტისთვის მნიშვნელოვანია  არასოდეს შეწყვიტო სწავლა და არ გაგიჩნდეს იმის შეგრძნება, რომ ისეთი დონის პროფესიონალი ხარ და სხვების რჩევას არ საჭიროებ, არასოდეს მოგერიდოს იმის აღიარება, რომ რაღაც არ იცი, მითუმეტეს კომუნიკაციის სფეროში. PR და მარკეტინგი ცოცხალი ორგანიზმივით არის, რომელიც გამუდმებით პულსირებს, ყოველდღიურად იცვლება და ვითარდება, სულ უნდა  ეცადო არ ჩამორჩე ტემპს. არ უნდა ითაკილო შრომა, ნებისმიერი სამუშაო იძლევა გამოცდილებას, რომელიც მომავალში აუცილებლად გამოგადგება და ბოლოს,  უნდა ეცადო იყო გაბედული, არ შეგეშინდეს შეცდომების დაშვების.

– რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

-ვისურვებდი რომ მეტი უცხო ენა ვიცოდე, ვფიქრობ, დღეს ორი ენის ცოდნა საკმარისი არ არის.  სულ ვნანობ, რომ ფრანგული ენის სწავლა შევწყვიტე. ვფიქრობ, კომუნიკაციის სფეროში ძალიან კარგია, როდესაც ადამიანებს მათ ენაზე ესაუბრები.  ეს ურთიერთობას გაცილებით მარტივს ხდის. იმედია მაქვს, გამოვნახავ დროს და გავაგრძელებ სწავლას.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

ტიპიური კვირები ჩემს სამსახურში თითქმის არ არის. ჩვენი კომპანიის სპეციფიკიდან გამომდინარე გვიწევს პარალელურად სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა, შესაბამისად სამუშაო დინამიკაც განსხვავებულია.  

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?  

-კონტაქტების მოსაპოვებლად ალბათ იდეალური ვარიანტი პირისპირ ურთიერთობაა, თუმცა დღეს ეს თითქმის შეუძლებელია აჩქარებული და დატვირთული ცხოვრების ტემპის გამო. საბედნიეროდ ტექნოლოგიურმა განვითარებამ მოიტანა ბევრი საკომუნიკაციო არხი, რომელიც პირდაპირ კონტაქტების დაგროვებაზეა ორიენტირებული.

-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

-ჩემი სამუშაო დღე იწყება სტანდარტულად აუცილებელი ყავით. ამის შემდეგ დგება დღის გეგმა. ეს ჩვევა ბოლო წლებია გამოვიმუშავე და ძალიან მეხმარება ორგანიზებაში. რა თქმა უნდა, ხშირად მიწევს მიმდინარე საქმეების ჩანაცვლება პრიორიტეტების მიხედვით, თუმცა საერთო ჯამში, მაინც ვცდილობ მივყვე გეგმას და არ გადავდო საქმეები. 

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

-ჩემი აზრით, პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანია შეგეძლოს ადამიანების მოსმენა. ამის შემდეგ ერთვება შენი პროფესიული თუ პიროვნული უნარ-ჩვევები. კომუნიკაციის დაწყებამდე უნდა გქონდეს ზუსტი სურათი თუ რას გეგმავ, გააზრებული მექანიკით და სასურველი შედეგით. ამის შემდეგ კი, იყენებ საკომუნიკაციო არხებს, რომელთა დახმარებითაც შენი სათქმელი მიგაქვს ადრესატამდე.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?  

-პასუხისმგებლობის გრძნობას, ამის გარეშე არ არსებობს ნდობა, ამ უკანასკნელის გარეშე კი, არ გამოდის თანამშრომლობა.  სხვისი შრომის პატივისცემის უნარს, თავმდაბლობას. ასევე ვაფასებ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი შეცდომების დანახვის და აღიარების უნარი აქვთ. ძალიან მნიშვნელოვანია გუნდში მუშაობის უნარი.

-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

-ვფიქრობ, ტექნოლოგიური განვითარება PR-ის, ისევე როგორც მარკეტინგის, მუშაობის ფორმას ცვლის და არა შინაარს. იცვლება მხოლოდ კომუნიკაციის მეთოდიკა, რაც ციფრულ განვითარებას მოაქვს. მასიური სოციალური პლატფორმები (Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn და ა.შ) გვაძლევს სამიზნე აუდიტორიის სპეციფიკაციის საშუალებას, თუმცა ამოსავალი წერტილი მაინც შედეგია, რომელზეც ორიენტირებული ვართ. რაც შეეხება ხელშეუხებელ პრაქტიკას, როგორც კომუნიკაციის ხერხს, ვფიქრობ, ეს, ისევ და ისევ,  პირისპირ ურთიერთობაა.

-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

რამდენიმე ტრენდს გამოვყოფდი, ერთ-ერთი კონტენტ მენეჯმენტია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა როგორც PR-ის და მარკეტინგის ახალი საკომუნიკაციო ინსტრუმენტი. აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს ეს ორი მიმართულება თითქმის მოიცავს კიდეც ერთმანეთს. დღეს მომხმარებელი ელოდება ამბავს, ისტორიას, რომელსაც ადამიანურ ენაზე მოუყვები. ასევე აღსანიშნავია, ვიზუალური კომუნიკაციაც, რომელიც ახალ საფეხურზე გადადის.  მოთხრობილ ან თუნდაც ტექსტუალურ ინფორმაციას ნელნელა ანაცვლებს ვიდეო, რომლის ყურების საშუალებაც უკვე რეალურ დროშია შესაძლებელი.  გასათვალისწინებელია ასევე კომუნიკაციის ტეროტორიის ზრდაც, რაც პროპორციულად დაკავშირებულია სოციალური მედია გიგანტების მასშტაბების ზრდასთან.  

Share Button