თამარ ნიბლაძე: „PR – ეს არის მუდმივი ფიქრი შენს მომხმარებელზე“

თამარ ნიბლაძე: „PR – ეს არის მუდმივი ფიქრი შენს მომხმარებელზე“

ინტერვიუ  ტკბილეულის მწარმოებელ  კომპანია „ბარამბოს“ პიარ-მენეჯერ თამარ ნიბლაძესთან

– რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

ბავშვობიდან აქტიური ვიყავი, მსიამოვნებდა ადამიანებთან კომუნიკაცია, ხშირად მქონდა სურვილი ორგანიზება გამეწია სხვადასხვა ღონისძიებისთვის და სტუდენტობაშიც ჩართული ვიყავი სხვადასხვა მასშტაბურ პროექტში. ვსწავლობდი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. პირველ კურსზე ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. მაშინ პოზიცია, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი, ძალიან იშვიათად გვხვდებოდა ქართულ კომპანიებში, ვითარდებოდა პიარი, სპეციალობა, რომელიც დღეს ასეთი აქტუალურია. რეალურად მე იმ პიარ-მენეჯერთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებმაც პრაქტიკიდან დაიწყეს, ისწავლეს, საკუთარი გამოცდილებით განვითარდნენ, ხოლო გარკვეული პერიოდის შემდეგ დაამატეს თეორია. მეც ასე განვითარდი, საკუთარ თავზე მუშაობით, დაუღალავი შრომით, იმაზე ფიქრით, თუ რა სიახლე უნდა შემეთავაზებინა ქართველი საზოგადოებისთვის. კარიერული ზრდის თვალსაზრისით ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა, რადგან მუდმივად ვითარდები, იძენ ახალ კონტაქტებს, ორგანიზების თვალსაზრისით იხვეწები და ბევრ ნიუანსს სწავლობ პრაქტიკაში, პიარი ეს არის მუდმივი ფიქრი შენს მომხმარებელზე, რომ ისეთი კომუნიკაცია დაამყარო ბრენდსა და მათ შორის, რომ ეს იყოს დადებითი (იმიჯის თვალსაზრისით, ცნობადობის ზრდის კუთხით). მთავარი მიზანი ჩემი მუშაობისას არის ის, რომ ლოიალური გავხადო ყველა იმ ბრენდის მიმართ, სადაც ვარ.


რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად პირველ რიგში, აუცილებელია განსაზღვრო აუდიტორია/სეგმენტი, ვისთვის გეგმავ კომუნიკაციას, შესაბამისად ის კამპანია/კომუნიკაცია ისე უნდა დაგეგმო, რომ შერჩეული ჯგუფის ინტერესებს შეესაბამებოდეს, მაგალითად – თუ მოზარდია ისეთი მიმართულებით დაამყარო კომუნიკაცია, რაც მას მოსწონს, დააინტერესებს და მისი ჩართულობა იქნება დიდი, თუ პატარა ბავშვია – ისეთი ინსტრუმენტები უნდა გამოიყენო, რაც მათ მოეწონებათ, ასევე მათ მშობლებს, რადგან ბავშვების შემთხვევაში მშობლები არიან გადაწყვეტილების მიმღები და ა.შ.

მნიშვნელოვანია შემოსავლების კუთხით სეგმენტის შერჩევაც – სწორად უნდა დაგეგმო კამპანია, ვისთან გინდა კომუნიკაცია დაამყარო საშუალო, თუ საშუალო და მაღალი შემოსავლების მქონე პირებთან. როდესაც პრემიუმ-პროდუქტის კამპანიაზე მუშაობ – ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს… წარმატებული კომუნიკაციისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსურად გამოიყენო ყველა პიარ ინსტრუმენტი, ასეე მარკეტინგული მიმართულებაც, იქნება ეს კვლევა თავდაპირველად, დაგეგმილი აქცია, სოციალურ მედიაში აქტივობა, თუ პირდაპირი კომუნიკაცია მომხმარებელთან. უნდა იყო თავაზიანი, დიდი მნიშვნელობა აქვს გულწრფელობას, პიროვნულ თვისებებს, პრეზენტაბელურობას, თავაზიანობას – რომ განწყობა რასაც შენ ქმნი – ასოცირდება შენი ბრენდის მიმართაც – შენ წარმოადგენ კომპანიას, რომლის სახეც ხარ და საზოგადოებასთან კომუნიკაციას ამყარებ ბრენდის სახელით.

– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

13 წელია ვარ ამ სფეროში, შესაბამისად ძალიან ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელე, რა თქმა უნდა უშეცდომო არავინ არის, მთავარია იყოთ მიზანზე ორიენტირებულნი, დასახოთ გეგმა, რომლის განხორციელებისთვის ყველა მიმართულებით აქტიურად იმუშავებთ, არ დაიღალოთ, მაშინაც კი როდესაც ფიქრობთ, რომ გადაიწვით, აუცილებელია რესტარტი – ეს შესაძლოა იყოს კონტაქტების განახლება, ახალი ტრეინინგი, ახალი გამოცდილება, გამოწვევები, რომლებიც აუცილებლად თქვენს თავს მუდმივად უნდა მოუწყოთ – იქნება ეს ახალი მიმართულების მოსინჯვა, თუ ზრდა სწავლა/განათლების კუთხით.
ყოველი დილა უნდა იწყებოდეს იმაზე ფიქრით, რომ აქტიური იყოთ, იფიქროთ ყველა სეზონზე რა სახის კომუნიკაცია სჭირდება თქვენს ბრენდს, საზოგადოების კეთილგანწყობის შენარჩუნებაზე უნდა იფიქროთ და მნიშვნელოვანია თქვენი როლი, როგორც PR მენეჯერის შიდა კორპორატიული მიმართულებითაც.
ლოიალურობა იწყება თქვენი თანამშრომლების გუნდურობით, მათი მოტივაციით და იმით რომ მათ გაუჩინოთ დადებითი განწყობა იმ კომპანიის მიმართ, რომელშიც ყველა ერთად ხართ ჩართული.

– რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

კარიერის დაწყებამდე, როდესაც ხარ გამოუცდელი უფრო განიცდი, ნერვიულობ თითოეულ ნაბიჯზე, კრიტიკულ სიტუაციაში, თუმცა დრო რომ გადის ხვდები, რომ შენ ყველაფერს სწორად აკეთებ, უბრალოდ ზოგჯერ ისეთ გარემოში გიწევს სიტუაციის მართვა, იქნება ეს სტრესული გარემო, თუ კრიტიკული შეტევა/აგორებული შავი PR – თავდასხმა კონკურენტი ბრენდების მხრიდან.  კრიზისული სიტუაციიდან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, მთავარია არ დაიბნე – სწორად დაგეგმო მოიგერიო და PR-ში აპრობირებული მეთოდებით უკუაქციო ეს შეტევა. აი სწორედ კარიერის დასაწყისში, როდესაც ვიხსენებ საკუთარ თავს – ამას ვუსურვებდი – ზედმეტად განვიცდიდი და ვნერვიულობდი – ნერვიულობა არაფერს მოგცემთ, უნდა მოიგერიოთ.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?
არც ერთი სამუშაო კვირა ერთმანეთს არ ჰგავს ბარამბოში და სწორედ ეს მომწონს ამ კომპანიაში, რომლის გუნდის წევრიც 5 წელია ვარ. აქ მუდმივად ვითარდები, მუდმივად სიახლეა, მუდმივად ახალ კამპანიას გეგმავ საკუთარ მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის. ყოველდღიურად ვიგეგმები, შემოსული შემოთავაზებების განხილვა, მეილებზე და ზარებზე პასუხი – არც ერთი წერილი არ რჩება უყურადღებოდ, აქციების დაგეგმვა – იქნება ეს თემატური აქცია სხვადასხვა ლოკაციაზე, თუ მარკეტების ქსელში, სოციალურ მედიაში აქტივობა – განსაზღვრა რა სახით დავამყაროთ კომუნიკაცია ჩვენს ფეისბუქ მომხმარებელთან, სოციალური პასუხისმგებლობის თემა, ყველა დღესასწაულზე, მიუსაფარ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მუდმივად ვეხმარებით, ურთიოერთობა პარტნიორ კომპანიებთან, ურთიერთობა მას-მედიის წარმომადგენლებთან, რადიოსთან/პრესასთან და ა.შ.

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

როდესაც ხარ PR, მნიშვნელოვანია გქონდეს კონტაქტების ბაზა, იცნობდე საჭირო ადამიანებს, კარგი ურთიერთობა გქონდეს მას-მედიასთან, პრესასთან/რადიოსთან, სხვადასხვა კომპანიის მარკეტინგთან/PR-თან, რადგან ეს სამუშაოს პროცესს გიმარტივებს. კონტაქტების მოსაპოვებლად წყარო ესე შეგვიძლია ჩამოვთვალოთ – გაცნობითი სახის შეხვედრა, პრეს-კონფერენცია ჟურნალისტებთან კომუნიკაციის დასამყარებლად, სხვადასხვა კომპანიაში სტუმრობა მათი გუნდის წევრების გაცნობის მიზნით, შესაძლოა დაგეგმოთ თქვენი ბრენდის შესახებ პრეზენტაცია და წარადგინოთ, პრეზენტაციებზე და სხვადასხვა ივენთებზე აქტიური ჩართულობა, სხვადასხვა ჯგუფში გაწევრიანება, სადაც ბევრი თქვენივე პროფესიის ადამიანი იყრის თავს და ა.შ. მაინც კონტაქტების მოსაპოვებლად ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე წლებია საჭირო  ამ სფეროში მუშაობისას – ბუნებრივად იძენთ საჭირო კონტაქტებს.

-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

ჩემი სამუშაო დღე იწყება ბარამბოს შოკოლადით,  შემდეგ იმაზე ფიქრით დღეს რა სახის აქტივობა დავგეგმო, კამპანია – განვსაზღვრო კომუნიკაციის ინსტრუმენტები, სეგმენტი და სამიზნე აუდიტორიის შერჩევის შემდეგ აქტიურად დავამყარო კონტაქტი მომხმარებელთან. ყოველდღიური კორესპოდენცია – შემოსული წერილები კომპანიაში, შემოთავაზებების განხილვა, სოციალურ მედიაში აქტივობა, ურთიერთობა პრესასთან, საიმიჯო მასალის მომზადება და ა.შ.

– რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?
წარმატებული PR მენეჯერი უნდა იყოს მოტივაციით სავსე, უყვარდეს საკუთარი საქმე, კომუნიკაბელური უნდა იყოს, აქტიური, ჰქონდეს ლიდერული უნარ-ჩვევები, უყვარდეს აუდიტორიის წინაშე გამოსვლა, ორატორი უნდა იყოს, თავაზიანი, ზრდილობიანი, პრეზენტაბელური და უნდა ჰქონდეს ბევრი კონტაქტი, ასევე კრეატიული და სწორად უნდა განსაზღვროს სამიზნე აუდიტორია, ვისთანაც აპირებს კომუნიკაციის დმყარებას. შრომისმოყვარეობა და პასუხისმგებლობა აუცილებელი უნარია.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?  

სამუშაო გარემოში ვაფასებ ადამიანში გუნდურობას, ერთგულებას, პასუხისმგებლობის გრძნობას, მოტივირებულობას – კორექტულობას, კოლეგებთან მიმართებაში მის განწყობას და დამოკიდებულებას.

-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

პრაქტიკა ყველაზე მნიშვნელოვანია, დააკვირდით თქვენი მუშაობის სპეციფიკას, რადგან რაღაც ტექნოლოგია შეიძლება ამართლებდეს სხვა ბრენდის მომხმარებელთან კომუნიკაციისას, მაგრამ თქვენი კომპანიისთვის პირიქით შეიძლება აგრესია გამოიწვიოს საზოგადოების მხრიდან. მუდმივად უნდა დააკვირდეთ თქვენს ბრენდს შვილივით, რა იქნება მისთვის უკეთესი, რა გაზრდის, რა მოუტანს აღიარებას და რა ტექნოლოგიით ჩამოუყალიბებთ დადებით განწყობას საზოგადოებაში. რაღაც თუ არ ამართლებს, სხვა მიმართულება სცადეთ და არასდროს დანებდეთ. პრაქტიკაში დიდ გამოცდილებას მიიღებთ.

-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ბევრი ინოვაცია და ტრენდი იკვეთება. დღეს მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გადატრიალება სოციალურმა მედიამ მოახდინა, კერძოდ Facebook-მა ფაქტიურად მსოფლიოში როლი დააკარგინა ნაწილობრივ მას-მედიას, ბეჭდურ მედიას – მომხმარებლის ჩართულობა დიდია და უკურექციასაც იგებ, პირდაპირი კომუნიკაციის დმყარება შეგიძლია საკუთარ მომხმარებელთან. სხვადასხვა ტრენდია პერიოდულად  – მუდმივად ცვლიან ალგორითმებს, ერთი პერიოდი იყო გიფების ბუმი, შემდეგ ვიდეოები, ეხლა სთორია facebook-ზე აქტუალური, გამოწვევებიც ტრენდულია, თემატური ჩარჩოები პროფილზე და ასე შემდეგ.