დღეში ათობით კარს ვაღებთ. ზოგჯერ გაუაზრებლად,ზოგჯერ გამიზნულად,ზოგიერთი კარის გაღება ჰაერივით გჭირდება, ან უბრალოდ ვალდებული ხარ რომ გააღო… ზოგი კარი ბუტაფორიაა და უკან არაფერი გხვდება, მაგრამ არსებობს კარი, რომლის მიღმა უამრავი შესაძლებლობა და აღმოჩენაა. მე თქვენ სწორედ ამ უკანასკნელის შესახებ მოგიყვებით და გიამბობთ შთაბეჭდილებებზე, რომლებიც მისი პირველი გაღებისას გამიჩნდა.
2015 წელს დავამთავრე ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი. სულ მომწონდა პიარის სფერო, მაგრამ ვერ გადამეწყვიტა სად მიმეღო შესაბამისი განათლება, თან ხელს ისიც მიშლიდა, რომ ვმუშაობდი და თითქოს ამისთვის დრო არასდროს მქონდა.
და აი ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ჩემი შვილი – ნიკოლა, დეკრეტი და რატომაც არა… გადავწყვიტე ეს პერიოდი ნაყოფიერად გამომეყენებინა – მეგობრების რჩევით და „რევიუების“ წყალობით არჩევანი გაუ-თბილისის პიარსკოლაზე შევაჩერე და დავრეგისტრირდი. არ ველოდი, მაგრამ მალევე დამირეკეს და მითხრეს რომ 4 ადგილი იყო დარჩენილი, გასაუბრებაზე დამიბარეს. მივხვდი,რომ ყველას არ იღებდნენ და მეც მობილიზებული, თუმცა საკმაოდ დაძაბული მივედი გაუში გასაუბრებაზე.
და აი იმ კარსაც მივუახლოვდით, რომელიც სწორად შევაღე 🙂
ფოიე, ბევრი კიბე, შემდეგ მისაღები, თავაზიანი სახეები – „დაელოდეთ, ბატონი სოსო გაგესაუბრებათ“ და ცოტა ხნით ლოდინი. დამიძახეს, კარი გავაღე და აი ბატონი სოსოც, პიარსკოლისა და ჯეპრას დამფუძნებელი – მომღიმარი ადამიანი, რომელიც ისე პოზიტიურად, მაგრამ ცოტა მკაცრად (ეს ორი ერთად როგორ მოახერხა დღემდე ვერ ვხვდები) მესაუბრა, რომ ადგილზევე დავრწმუნდი – „ მე სწორი კარი შევაღე“. შემდეგ იყო ფიცი, რომელიც ეხებოდა სწავლასა და ლექციების არგაცდენას. ასე მივიღე ის, რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი – მე გავხდი პიარსკოლელი.
აქედან იწყება ის შესაძლებლობები და აღმოჩენები, რომლებიც კვირაში სამჯერ პიარსკოლის სასწავლო აუდიტორიის კარის გაღებას მოყვება ხოლმე.
ყოველი ახალი ლექცია საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენაა, ყველა ლექტორი და ჯგუფელი კი ახალი მეგობარი, რომლებიც ისე სწრაფად შემიყვარდნენ, თითქოს მანამდეც ვიცნობდი. საინტერესო საგნები და ლექციები მეხმარება სხვა თვალით შევხედო გარემოს და მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოვიყენო.
ეფექტური კომუნიკაციების ლექციის შემდეგ შევამჩნიე, რომ სოფო შუბლაძის სიტყვებმა გაჭრა, რაიმე საკითხზე აზრის გამოთქმისას საკუთარი სუბიექტური რეალობიდან აღარ გამოვდივარ და სხვა ადამიანების ადგილას თავის წარმოდგენა ჩვევაში გადამივიდა. ვისწავლე სწორი კომუნიკაცია და Body Language-ით დავინტერესდი.
ბრენდინგისა და მარკეტინგის ლექციების მერე ქუჩაში ან რომელიმე დაწესებულებაში ყოფნისას ისეთ მარკეტინგულ დეტალებზე დავიწყე კონცენტრაცია, რომ ერთხელ მაღაზიის კონსულტანტს რომელიღაც კომპანიის წარმომადგენელი ვეგონე. :))
საინტერესო თავგადასავალია ჯგუფური პროექტი – „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“, რომელიც ჩვენი პირველი რეალური პროექტია. პროექტზე მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს, თუმცა ჩვენი 5 კაციანი ჯგუფი უკვე ვიყავით გურჯაანშიც. პროექტის ფარგლებში ერთ-ერთი ჩვენი ჯგუფელის საოჯახო მეღვინეობასაც გავეცანით და მარკეტინგული კუთხით მისი ბიზნესის განვითარებაშიც ვიღებთ მონაწილეობას.
აი ასეთი კარი აქვს პიარსკოლას, კარი, რომელიც იმაზე მეტ ცოდნასა და გამოცდილებას მაძლევს, ვიდრე უნივერსიტეტის 4 წელი.
რაც მთავარია, ვიცი, რომ ეს კარი ბოლომდე არასდროს დაიკეტება და მთელი კარიერის განმავლობაში შევძლებ მასში შეიჭყიტვასა და მისგან რჩევის მიღებას.