მარიამ მაღულარია: „აუცილებელია, იყო ღია, კომუნიკაბელური და გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ“ -

მარიამ მაღულარია: „აუცილებელია, იყო ღია, კომუნიკაბელური და გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ“

მარიამ მაღულარია: „აუცილებელია, იყო ღია, კომუნიკაბელური და გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ“

ინტერვიუ  კავკასიის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ მარიამ მაღულარიასთან.

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

-ეს თავისთავად მოხდა, გამომდინარე იქიდან რომ საინფორმაციო სამსახურში ჟურნალისტად ვმუშაობდი, სტატიებსაც ვწერდი და საზოგადოებას ინფორმაციას ვაწვდიდი, ადამიანებთან კომუნიკაცია ჩემთვის საყვარელ საქმედ იქცა. პიარი გაძლევს საშუალებას შენი კომპანიის მუშაობის დინამიკა და სიახლეები საზოგადოებას გააცნო, ამისთვის დღეს უკვე ბევრი პლატფორმა გვაქვს, რაც ცხადია, გულისხმობს იმას, რომ ჩვენი, პიარ მენეჯერების შესაძლებლობები იზრდება. კარიერული წინსვლაა, ისიც როცა შენი საქმე გიყვარს და ცდილობ სიახლეებს არასდროს ჩამორჩე.  ეს ზუსტად ჩემი საქმეა, ის არის რისი კეთებაც ყოველთვის მინდოდა.

რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

-იმ უნარების სწორად ცოდნა, რომლებიც აუცილებელია კომუნიკაციის სწორად წარმართვისთვის. კარგი გუნდი, რომელიც შენთან ერთად შრომობს ორგანიზაციის, კომპანიის, ჩვენს შემთხვევაში უნივერსიტეტის პოპულარიზაციისთვის.

– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

-რთულია რჩევის მიცემა, რადგან ეს ყველაფერი გამოცდილების მიღების შემდეგ მოდის, თუმცა ვიცი, აუცილებელია, იყო ხელმისაწვდომი/ღია, კომუნიკაბელური და ყველაზე მნიშვნელოვანი გიყვარდეს ის საქმე, რომელსაც აკეთებ, დავრწმუნდი, რომ სხვაგვარად არაფერი გამოდის.

-რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

-ჟურნალისტობისას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერებთან ხშირად ვკონტაქტობდი, დაახლოებით ვხვდებოდი მათი მუშაობის სპეციფიკას, თუმცა, მხოლოდ რელიზის მომზადება, რესპონდენტის შეთანხმება და კითხვებზე პასუხი არ არის ჩვენი საქმე, დღეს ვხვდები რომ გაცილებით შრომატევადი საქმეა, ვიდრე მეგონა. არ მაქვს პასუხი რისი ცოდნა მინდოდა კარიერის დაწყებამდე, სულ ვცდილობ ვისწავლო, მუდმივად, რადგან პიარი ძალიან ცოცხალი, აქტიური სფეროა.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

-მუდმივად ვმუშაობთ. მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტი აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტის ცხოვრებაში და მნიშვნელოვან პროცესებში. კვირის განმავლობაში ღონისძიებების დაგეგმვა, სოციალური არხებისა და მედიის მონიტორინგი, თანამშრომლებთან, სტუდენტებთან კომუნიკაცია და სხვა. განათლების სფერო საინტერესოა, როცა კავკასიის უნივერსიტეტში მუშაობ მრავალფეროვანი სამუშაო გარემო გარანტირებული გაქვს. 

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

-საზოგადოებასთან ურთიერთობა პირდაპირ პასუხობს ამ კითხვას, ურთიერთობით, კომუნიკაციით, კონტაქტით. ვგულისხმობ, ინფორმაციის მიწოდებით მეორე მხარის კმაყოფილებას. თუმცა ეს ინდივიდუალურია, მნიშვნელოვანია კონკრეტული შემთხვევების გათვალისწინება.

-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?

-ძველი ჩვევაა, გაღვიძებისთანავე გავეცნო სიახლეებს, უფრო ფართოდ ვიდრე კონკრეტული სფეროა, გავიგო რა ხდება, რადგან ყველა ინფორმაცია ახდენს გავლენას ამ პოზიციაზე მუშაობისას დღისა და კვირის დაგეგმვაში. არ მაქვს განსაკუთრებული რიტუალი, არც სტანდარტული პასუხი, მაგალითად: ყავით ვიწყებ დღეს😊 თუმცა, სასურველია, ნიუსების გაცნობისას, მეილის შემოწმებისას, დაგეგმილი დღის გადახედვისას მქონდეს კარგი განწყობა, რასაც დილიდან ვცდილობ.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

-კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, აუცილებელია იყო ინფორმირებული, იცოდე რა ხდება სამსახურში, შენს სფეროში, მედიაში და ა.შ არ უნდა ჩამორჩე, „პულსზე უნდა გედოს ხელი“ იყო ცნობისმოყვარე. გაიზიარო და მიიღო სხვათა შეხედულბებიც. იცოდე სწორი მესიჯების მიწოდება და კითხვები სწორად დასმა. მუდმივად იყო ხელმისაწვდომი, რადგან არასდროს იცი როდის იქნები საჭირო, როგორც შუამავალი.

რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?  

-სამართლიანობას, ობიექტურობას. სამუშაო გარემოში ამასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდურობაა.

– რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

საზოგადოებასთან ურთიერთობის სფერო იზრდება, მომიჯნავე სფეროების: მარკეტინგის, გაყიდვების, რეკლამის, სოციალური მედიის (როგორც პლატფორმის) და სხვა საკომუნიკაციო რგოლების, რიგ შემთხვევებში შერწყმის მიუხედავად, მნიშვნელოვანია შენი რეპუტაცია, შენდამი სანდოობის მაჩვენებელიც მაღალი იყოს. ამას ტექნოლოგიები ვერ ჩაანაცვლებს.

– რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

-ამბავს ისევ რელიზებით ვავრცლებთ, ვურეკავთ პროდიუსერებს, ვატყობინებთ საინფორმაციო სააგენტოების ხელმძღვანელებს, სხვადასხვა მედიასაშულების ჟურნალისტებს.. მაგრამ საკომუნიკაციო არხებით მესიჯების მიწოდება მარტივდება, უფრო ხელმისაწვდომი ხდება და ჩვენც ახალი მიდგომების შემუშვება გვიწევს.

Share Button