ნინო ჯიბლაძე: „რომ არა ჟურნალისტის და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროფესია, დიპლომატი ვიქნებოდი“
ინტერვიუ ნავთობკომპანია „გალფის“ მარკეტინგის სამსახურის უფროს ნინო ჯიბლაძესთან
– რა სპეციალობის ბრძანდებით?
სპეციალობით ჟურნალისტი გახლავართ, 1992 წელს ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე, თუმცა შემდგომ სწავლა საზღვარგარეთ გავაგრძელე – საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების მიმართულებით.
– რა იყო პირველი სამსახური?
პირველი სამსახური რაც მახსენდება იყო არა ერთი, არამედ ორი – ვწერდი გაზეთ “დრონისთვის” და პარალელურად ვმუშაობდი ტელევიზიაში, გადაცემა “ჭორ ნიუზში” – ჟურნალისტად.
– ახლანდელი სამსახური და პოზიცია?
ახლა ვმუშაობ ნავთობკომპანია გალფში – ვარ მარკეტინგის სამსახურის უფროსი.
– თქვენი პირველი წარმატება?
ჩემი პირველი წარმატება 2000 წელს ამერიკის სამხედრო თანამშრომლობის სამსახურში გასაუბრების წარმატებით გავლა და 8 წლის განმავლობაში ამ სამსახურში მუშაობა იყო. ეს სამსახური მახსენდება, როგორც დიდი შრომისა და პასუხისმგებლობის გადანაწილების სწავლის პერიოდი.
– თქვენს მიერ გაკეთებული საქმე, პროექტი, რომლითაც დღემდე ამაყობთ?
მინდა გითხრათ, რომ სადღაც გულში ვამაყობ, რომ ოდესღაც ვწერდი რომანებს, და ჩემი პირველი რომანი გამოცემიდან სამ თვეში სრულად გაიყიდა, მაშინ ახალგაზრდებს ვხვდებოდი ხშირად – ერთად ვკითხულობდით, ვიზიარებდით ემოციებს, ვტიროდით, ვიცინოდით – მოკლედ ამ წიგნმა პროფესიული თვალსაზრისით ყველაზე დიდი სიხარული მომიტანა, გამოსვლიდან მალევე საბაზე იყო წარდგენილი საუკეთესო რომანებს შორის სადაც წარმოიდგინეთ – გურამ დოჩანაშვილის და აკა მორჩილაძის რომანებს გვერდით იყო ჩემი ტექსტიც. ეს იყო უდიდესი სიხარული, რაც არასოდეს მავიწყდება.
– რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს სფეროში ადამიანი იყოს წარმატებული? გარდა ცოდნისა, არის თუ არა განსაკუთრებული თვისებები საჭირო?
განსაკუთრებულ თვისებებში გამოვარჩევდი ემოციურობას, ამბიციურობას – ადამიანის სურვილს იაროს წინ და წინ, რომელსაც ვერაფერი აჩერებს – უამრავი წარმატების მოტანა შეუძლია. თქვენ იცნობთ ალბათ ქეისებს, სადაც ყველაზე წარმატებული ადამიანები ვერ ამთავრებენ სასწავლებლებს, მაგრამ ატრიალებენ სამყაროს თავიანთი ინოვაციური მიდგომებით და ზებუნებრივი ნიჭით.
– დღეს საქართველოში შესაძლებელია თუ არა PR-ის კარგად სწავლა, თუ მაინც საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა აუცილებელი?
ჩვენ გვყავს უამრავი სპეციალისტი, უჭკვიანესი ადამიანები, რომლებიც დღეს არ იზარებენ და ლექციებს კითხულობენ – მათგან უამრავი სასარგებლო ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.
– საქართველოში PR ისევეა აღქმული და გაგემული, რაც კლასიკური ფორმაა?
ვერ ვიტყვი, რომ დღევანდელ მსოფლიოში არსებობს პიარის კლასიკური მოდელი, რადგან ყველაფერი, რასაც პირადად მე მასწავლიდნენ – ნელ-ნელა ქრება ჩვენი მოქმედების არეალიდან, და უკვე სრულიად ახალი მიდგომები გადმოდის წინა პლანზე. თუ ადრე ინფორმაციის გასავრცელებლად მინიმუმ ერთი ღამე იყო საჭირო, რომ სიახლე გაზეთში დაბეჭდილიყო ახლა ნებისმიერი მსოფლიოს შემძვრელი ინფორმაციის გავრცელებას ზუსტად იმდენი წამი უნდა, რამდენიც ადამიანისთვის 140 სიმბოლოს აკრეფას მობილურში.
– რამდენად ადვილად შეგიძლიათ კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და გადაწყვეტილების მიღება? მსგავსი შემთხვევა მოქმედებს თუ არა საქმის ხარისხზე?
კრიზისული სიტუაციები არასოდეს მაკლდა ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მიფიქრია, აი ამას უკვე ვეღარაფერი გამოასწორებსთქო, მაგრამ გამოსწორებაზე ზრუნვა და მოქმედებაც ზუსტად იმ წამიდანვე დამიწყია. ჩემს თავზე ბევრს ვერ გეტყვით, ვფიქრობ კრიზისების მართვა საინტერესო გამოცდილებაა, რომელიც საკმაოდ აძლიერებს პროფესიონალ ადამიანებს.
– რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდით, სად ხედავთ საკუთარ თავს?
ალბათ, ვიქნებოდი დიპლომატი, ამ პროფესიას ბავშობიდან ვეთაყვნები. დედაჩემთან ხშირად იყრიდნენ თავს საქართველოში მოწვეული დიპლომატები – ძირითადად ამერიკიდან. ეს ხდებოდა 90-იან წლებში, უმაღლესი რანგის პირები ჩვენთან 16 სართულზე ხშირად ფეხითაც ამოსულან. მაშინ არ იყო რესტორნები და კაფეები, ამიტომაც სახლებში ხდებოდა ქვეყნის საჭირბოროტო საკითხებზე საუბარი. ეს საღამოები განსაკუთრებით კარგად მახსენდება და ალბათ ამიტომაც ეს პროფესია ჩემთვის დღემდე საოცნებოდ დარჩა.
– რა არის თქვენი, როგორც საქმიანი ადამიანის ძლიერი მხარე და თვისებები?
ალბათ უფრო მეტად ის, რომ დროს სწორად ვანაწილებ და ვცდილობ, საქმე სხვებსაც გადავუნაწილო. მიყვარს კითხვა და სიახლეების თვალყურის დევნება, მომწონს წარმატებული ადამიანები, და მათგან ყოველთვის რაღაცას ვსწავლობ, ძალიან დიდ პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც საკუთარი ტვინით და მოხერხებულობით დიდ წარმატებას მიაღწია და ქვეყანას სარგებელი მოუტანა.
არასოდეს ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი, სულ მგონია, რაღაც მაკლია და ეს რაღაც ცოტას არასოდეს ნიშნავს. ჩემი თავით კმაყოფილი არასოდეს ვყოფილვარ და ეს ალბათ არ არის ნაკლი.
– რას გაძლევთ ის კომპანია, რომელშიც მუშაობთ? რით არის ის თქვენთვის საინტერესო?
კომპანია, სადაც ვმოღვაწეობ უამრავ კარგ რამეს მაძლევს – პირველი არის განვითარების შანსი, ჩვენ არასოდეს გვეუბნებიან უარს ახალ და არაორდინალურ წამოწყებებზე – ნუ თითქმის არასოდეს. მაძლევს შინაგან სიმშვიდეს – რადგან არის სტაბილური კომპანია, მაძლევს შესაძლებლობას ვისწავლო იმ პროფესიონალებისგან, რომლებიც აქ მუშაობენ. დიდ ენერგიას მაძლევს, რადგან ადამიანები ვინც აქ ვმუშაობთ ერთამენეთისთვის პატივისცემას და სიყვარულს არ ვიშურებთ, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.
– რა არის ის, რომელიც მუშაობაში ყველაზე დიდ დისკომფორტს გიქმნით?
დისკომფორტს შემიქმნიდა არასტაბილური გარემო, რომელიც აქ არ გვაქვს.
– სად ხედავთ თქვენს თავს 20 წლის შემდეგ?
ჩემს თავს ოცი წლის შემდეგ ვხედავ იქ, რის შექმნასაც თავად ვაპირებ ჩემი მომავლისთვის .