თამარ სადრაძე: „ეს იყო და არის სფერო, სადაც ვხედავდი და ვხედავ საკუთარ თავს საუკეთესო ჭრილში“
ინტერვიუ რადიოჰოლდინგ “ფორტუნას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ თამარ სადრაძესთან.
– რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
ბავშვობიდან ძალიან კომუნიკაბელური ვიყავი. ყოველთვის უამრავი მეგობარი მყავდა და რაც მთავარია, არასოდეს მიჭირდა ადამიანებთან კომუნიკაცია. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ზედგამოჭრილი პროფესიაა თავისი კარგი და საუკეთესო მხარეებით. ამ პროფესიაში უმთავრესია ვერბალური კომუნიკაცია, სიტყვა ქმნის აწმყოსა და მომავალს, სიტყვამ შეიძლება განსაზღვროს ჩვენი ბედი, მას აქვს დიდი ძალა, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე საქმეში.
მუდამ ვცდილობ, ყველგან და ყველაფერში პოზიტივი დავინახო, ალბათ ამ პროფესიამ სწორად დამანახა ის, რაც მე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ეს იყო და არის სფერო, სადაც ვხედავდი და ვხედავ საკუთარ თავს საუკეთესო ჭრილში. ყოველი დღე რადიო ჰოლდინგ ფორტუნაში სიახლის მომტანია: ვსაწლობ საკუთარი პრაქტიკანტებისგანაც კი. ახალგაზრდა თაობას აქვს იმის ძალა, რომ მოვლენებს სხვა კუთხით შეგახედოს. რადიოჰოლდინგ ფორტუნაში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. შეიძლება ითქვას, იქ ჩემი მეორე ოჯახია. ჰოლდინგში უამრავი პროფესიონალი მუშაობს და ერთ გუნდად შეკრულები ვაკეთებთ ჩვენს საყვარელ საქმეს.
– რა არის საჭირო საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
აუცილებელია ოპერატიულობა, ყოველთვის ხელმისაწვდომი უნდა იყო. სწრაფად გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეფექტური კომუნიკაცია. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს წინასწარი პოზიტიური მოლოდინების შექმნას. უმთავრესია ამ სფეროში შინაგანი განწყობა.
– 3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს?
ოპერატიულობა, სტრატეგიული აზროვნება, გამოუვალ სიტუაციაში სწრაფი ადაპტირებისა და სწაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი.
-რა ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?
ამ სფეროში მოღვაწე ყველა ადამიანმა უნდა გაითავისოს, რომ ცოდნაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მთავარი კაპიტალი სწორედაც რომ ცოდნაა, ამიტომ დაუღალავი შრომითა და საქმის დიდი სიყვარულით შეუძლებელია შედეგს ვერ მიაღწიო. ამ ყველაფერს საკუთარი გამოცდილება მალაპარაკებს.
– როგორია თქვენი ტიპური სამუშაო კვირა?
საოცარი(იცინის) შეხვედრები, შეკრებები, ღონისძიებები, კონფერენციები, ტრენინმგები, გასვლები ქალაქგარეთ(საქმიანი) და კიდევ ერთი ჩემთვის დამახასიათებელი თვისებაა მუდმივად ტელეფონზე საუბარი, ალბათ ეს პროფესიული ჩვევაა და ამავე დროს აუცილებლობაა.
– რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?
უკვე არაერთხელ აღვნიშნე, ამ სფეროში უმთავრესია კონტაქტები და სწორი კომუნიკაცია. ხშირად გაიღიმეთ, იყავით ოპერატიულები. ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც ცხოვრება გაცნობს, უმნიშველოვანესია. ასე რომ, ყველა და ყველაფერი საინტერესო უნდა იყოს თქვენთვის.
–როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?
მთავარი ატრიბუტი ჩემთვის ტელეფონთან ერთად გახლავთ ბლოკნოტი და ლეპტოპი, მის გარეშე ჩემი დღის, კვირისა თუ თვის დაგეგმვა შეუძლებელია. ვფიქრობ, ვგეგმავ, ვალაგებ და შემდეგ ყველაფერი ფანტასტიურადაა. სწორი მენეჯმენტი და მოვალეობების გადანაწილება საქმის წარმატებული განხორციელების გარანტია.
– რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?
ყველა თანამშრომელს უნდა მიუდგე ინდივიდუალურად, სხვათაშორის ყველაზე მეტად არ მიყვარს ამბიციური, მატყუარა ადამიანები, ზარმაცები და საქმის მიმართ უპასუხისმგებლოები, სწორედ ამიტომ ჩემს გუნდში და ზოგადად კომპანია რადიოჰოლდინგ ფორტუნაში ყველა თანამშრომელი შრომისმოყვარე, ოპერატიული და კომპეტენტურია. ალბათ, ეს არის ჩვენი ჰოლდინგის წარმატების საიდუმლო და ის, რომ წლების განმავლობაში ჰოლდინგში არსებული რადიოსადგურები ყოველთვის მოწინავე პოზიაციაზე არიან. პირველობას არავის უთმობს „ფორტუნა„ რომელიც 20 წლიან ისტორიას ითვლის. დღემდე ყველასათვის გამორჩეული განსაკუთრებული და უმნიშველოვანესი რადიოსადგურია „ოქროს სტანდარტი ეფემზე”. ”არ დაიდარდო” ხალხის რჩეული ტალღა დაბადებიდან 1 ადგილს არავის უთმობს რეიტინგებში, ”ფორტუნა პლუსს” თავის სფეროში ბადალი არ ყავს, უახლესი ჰიტებისა და ექსკლუზივების ტალღაა და ”ავტორადიო” რომელიც მე ძალიან მიყვარს ავტომოყვარულთა რადიოსადგური მას კონკურენტი არ გააჩნია, ”ავტორადიო” ეს არის ყველაზე სასიამოვნო გიდი ავტომოყვარულებისთვის.
– რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?
ადამიანური ურთიერთობები!
– რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?
ეს ის პროცესია, რომელიც სულ მიმდინარეობს, ვითარდება, იცვლება, იხვეწება, დროს მიყვება და ხანდახან ასწრებს. საზოგადოებასთან ურთიერთობა ინდივიდუალური ურთიერთობებით იწყება და სწორედ ეს ინდივიდუალური ურთიერთობა ქმნის ჩვენი და ჩვენი კომპანიის იმიჯს. ტრენდებზე და ინოვაციებზე ასე მოკლედ საუბარი შეუძლებელია, გეტყვით იმას, რომ ძალიან მახარებს ამ პროფესიისადმი ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბება, ინტერესი და გარდაუვალ აუცილებლობად აღქმა კომპანიების მხრიდან.