ვიქტორია ჟიჟკო: ჩემთვის პიარ სფერო უამრავი შესაძლებლობების ნაკადი, მუდმივი სიახლე, ინოვაცია, საინტერესო პროექტები და კრეატიულობაა
ინტერვიუ კომპანია ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტალის მარკეტინგის სამსახურის უფროსთან, ვიქტორია ჟიჟკოსთან.
-რომელ პიარ კომპანიები შთაგაგონებენ?
-დღეს დღეობით მსოფლიოს მასშტაბით ბევრი წარმატებული პიარ სააგენტოა, თუმცა განსაკუთრებით განოვყოფდი Ketchum-ს, რომელსაც თითქმის 100 წლიანი წარმატებული ისტორია აქვს და ბევრი ინოვაციური პროდუქტი აქვს შექმნილი. ასევე აქვს ძლიერი კრიზისული მენეჯმენტი, რაც შემდგომში გამოიხატა მათი არაერთგზის თანამშრომლობით ამერიკის და შემდგომ რუსეთის მთავრობასთან. როგორც ვიცი რეკორდსმენიც კი არის – ყველაზე მეტი კანის ლომი აქვს მოგებული მიმდინარე წელს.
-მედია საშუალებებს ადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად?
-რადგანაც ჩემი სამუშაო გრაფიკი ფაქტობრივად 24/7-ზეა დღევანდელ პირობებში ყველაზე ოპტიმალური საშუალება ჩემი აზრით, მაინც ინტერნეტია. მასში გაერთიანებულია ტელევიზიაც, ბეჭდური მედიაც, სოციალური მედიაც და შესაბამისად ინფორმაციის მიღებაც წამებშია შესაძლებელი. მუდმივად ხაზზე და მოვლენების ეპიცენტრში ხარ.
– რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?
-ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა თუმცა საკმაოდ ლეგიტიმური ჩემი აზრით საქართველოს რეალობაში. სინამდვილეში, პიარსა და რეკლამას შორის უდიდესი სხვაობაა. პიარი გრძელვადიანი პროცესია, რომლის დროსაც ცდილობ შეიქმნა დადებითი, ან ზოგ შემთხვევაში უარყოფითი იმიჯი, რეპუტაცია და დამოკიდებული ხარ მედია საშუალებებზე. ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ შეკვეთილ სტატიებზე რომლებიც რეკლამაა, მაგრამ პიარი ხშირად ეშლებათ ხოლმე, მთავარია სოციუმის დამოუკიდებელი გამოხმაურება და ფიდბექი, შენ მხოლოდ ეხმარები აზრის ჩამოყალიბებაში. მოკლედ, პიარი წარმოადგენს დაგეგმილ და უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის კეთილსასურველი ურთიერთობების და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაზე და შენარჩუნებაზე
რეკლამის შემთხვევაში კი პირიქითაა. იხდი მედია სივრცის და დროის თანხას, გადიხარ კონკრეტულ სეგმენტზე, რომელსაც თავად ირჩევ. ეს არის სიახლის და მესიჯების მასმედიაში განთავსების კონტროლირებადი მეთოდი.
როგორ ახდენთ სოციალური მედიისა და პიარის ინტეგრაციას?
-სოციალური მედია პიარის ეერთ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ის თავიდანვე ინტეგრირებულია პიართან და ყოველ დღიური, ყოველწუთობრივი შეხებაც კი აქვს. საქართველოში სოციალური მედია ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სფეროა, შესაბამისად ყველაზე გამოყენებადი პიარ საქმიანობისთვის, პიარ კამპანიების დასაანონსებლად, ან თუნდაც უშუალოდ სოციალური მედიის გამოყენებით შექმნილი პიარ კამპანიებისთვის.
როგორ უმკლავდებით პიარ კრიზისულ მდგომარეობას კომპანიაში?
-კრიზისული პიარის მენეჯმენტი დროს ხდება იმ მოსალოდნელი კრიზისული სიტუაციების დროული იდენტიფიცირება, შეფასება და მოქმედება, რომელსაც შეიძლება პირდაპირი გავლენა ჰქონდეს ორგანიზაციაზე, მის იმიჯზე, მომხმარებელთან ურთიერთობასა და სხვა არანაკლებ მნიშვნელოვან ფაქტორებზე. ამიტომ საჭიროა მუდმივად იყო კონცენტრირებული ყველა დეტალზე, წინასწარ განსაზღვრო შესაძლო ფიდბექი და იყო მზად კონსტრუქციული კრიტიკისათვის. მნიშვნელოვანი ფაქტორია აღიარო და სწრაფად გამოასწორო საკუთარი შეცდომები, იყო მშვიდი და ორგანიზებული, რათა სწორედ მიმართო საკუთარი ძალები პრობლემის აღმოფხვრისათვის.
რა არის ყველაზე საინტერესო პიარ სფეროში მუშაობაში. რას გააუმჯობესებდით?
-ჩემთვის პიარ სფერო არის უამრავი შესაძლებლობების ნაკადი, მუდმივი სიახლე, ინოვაცია, საინტერესო პროექტები, ბევრი ბრეინსთორმინგი და კრეატიულობა. გავაუმჯობესებდი პიარ სფეროზე ინფორმირებულობას საქართველოში. სამწუხაროდ დღემდე ბევრი ვერ არჩევს მარკეტინგს, პიარს, რეკლამას, არის გარკვეული პრობლემები ცნობიერებასთან დაკავშირებით, თუმცა საბედნიეროდ ნელ ნელა მცირდება და პიარიც თავისი დანიშნულების კალაპოტში დგება.