ნიცა ჩოლოყაშვილი: „ყველაზე დიდი ადრენალინი ახალი წარმატებული პროექტია“
გთავაზობთ კავკასუს ბიზნეს ვიკის ინტერვიუს კომპანია „აიდიეს ბორჯომი საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნიცა ჩოლოყაშვილთან
-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
პროფესიით სოციოლოგი ვარ, თბილისის სახ. უნივერსიტეტი დავამთავრე, თუმცა, მეორე კურსიდან ტელევიზიაში მოვხვდი და 25 წლამდე აქტიურად ვიყავი ტელე-ჟურნალისტიკაში. ნიუსის რეპორტიორობა ერთგვარი ადრენალინია, რომელსაც რთულია შეელიო. მაგრამ, დადგა პერიოდი, როცა გადავწყვიტე, რომ ჩემთვის საინტერესო იქნებოდა ცოტა განსხვავებულად განვითარებულიყო ჩემი კარიერა. იმ პერიოდში , 2001-2002 წლებში ძალიან საინტერესო და ტრენდული ხდებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის დისციპლინა. ჩემი ინტერესი იყო შემესწავლა და მემუშავა ამ მიმართულებით. ამისთვის დამჭირდა ცოდნის გაღრმავება. გავიარე სადიპლომო კურსი ლონდონის პიარ სკოლაში, სადაც წარმატებული კომპანიების მაგალითებით გვასწავლიდნენ გაერთიანებულ მარკეტინგულ კომუნიკაციებს. ჩემთან ერთად კურსზე ისხდნენ ისეთი დიდი კომპანიების თანამშრომლები, როგორიც არის ნესტლე, ბრიტანული ბანკები. კურსის დასრულების შემდეგ შევუდექი ამ სფეროში აქტიურ მუშაობას. იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო – 6 თვიანი სამუშაო გამოცდილებით, და ამ ეტაპზე არის კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო. თუმცა, ეს ეტაპი უკვე მეთორმეტე წელია გრძელდება. სხვადასხვა ეტაპზე ვკითხულობდი ლექციებს – წერა პიარში, სტრატეგია და ტაქტიკა, კრიზის მენეჯმენტი. ძალიან საინტეერსოა ის საქმე რასაც ვაკეთებ. პირველ რიგში, მხიბლავს ის, რომ მრავალმხრივია.
–რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
გულწრფელობა, იმ თემებზე საუბარი, რაც აინტერესებს მიზნობრივ აუდიტორიას და აუცილებლად დიალოგის რეჟიმში ყოფნა.
-3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.
საზოგადოებასთან ურიერთობა ისეთი დისციპლინაა, რომლის ეფექტიანი მართვისთვის საჭიროა იყო მრავალმხრივ განათლებული, ფლობდე ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაციას, როგორც მიმდინარე მოვლენების შესახებ ღია წყაროებში არსებულს, ასევე, კულუარულს. არ უნდა შემოიფარგლო იმ ამბებით, რომელიც კონკრეტულად იმ სეგმენტის გარშემო ვითარდება, რომელშიც მუშაობა გიწევს. ეს არის პროფესია, სადაც ხშირად განმსაზღვრელია ზოგადი ამბები: ის თუ რა ხდება ქვეყანაში, როგორი დინამიკაა ეკონომიკაში, რა სიახლეებია საგადასახადო კუთხით, რაზე მსჯელობს პარლამენტი და ასე შემდეგ. ანუ მუდმივად უნდა იყოთ ყველა ახალი ამბის საქმის კურსში და მთავარი, უნდა გიყვარდეთ ადამიანები და მათთან ურთიერთობა. გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი უნდა გქონდეთ და თუ საჭიროა შუა გზაში ამ გადაწყვეტილების შეცვლის და სტრატეგიის გადახედვის.
– რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?
საკმაოდ მომზადებული მოვედი ამ სფეროში. ცოდნით ალბათ ბევრი რამ ვიცოდი, თუმცა წლებმა მოიტანა ის, რომ უფრო გამომდის ემოციის მართვა. სიმშვიდე და ცივი გონებით მუშაობა ძალაინ მნიშვნელოვანია ამ სფეროში.
-როგორია თქვენი ტიპური სამუშაო კვირა?
ყოველთვის აქტიური – პროექტები, შეხვედრები, თათბირები, პრეზენტაციები. ყველაზე დიდი ადრენალინი ახალი წარმატებული პროექტია. წარმატების გაზომვა დღეს საკმაოდ მარტივია – სოციალური ქსელები იძლევა იმის საშუალებას, პირდაპირ უყურო მომხმარებლის რეაქციებს.
-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?
მე ჩემს სტუდენტებს ყოველთვის ვურჩევ, რომ არ დაიზარონ, იარონ ყველა ღონისძიებაზე, პრეზენტაციაზე, იყვნენ აქტიურები – გაიცნონ ახალი ადამიანები, გაატარონ დრო ახალ მეგობრებთან ერთად. ეს მარტივია, განსაკუთრებით მაშინ როცა ახალგაზრდა ხარ, არ გაწუხებს ოჯახური ვალდებულებები და საკუთარი დროის მართვის თავისუფლება გაქვს.
– როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?
მგონია, რომ უკვე მანიაკობაში გადამდის, მაგრამ როგორც კი მობილურზე ვთიშავ მაღვიძარას, მეორე რასაც ვაკეთებ ნიუსებს ვუყურებ, როგორც ქართულს ასევე, საერთაშორისოს.
– რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?
ბევრი უნარია საჭირო. მრავალმხრივ განვითარებული ადამიანი უნდა იყო – უნდა გქონდეს დროის მართვის უნარი. გემოვნება სუბიექტური რამაა, მაგრამ უნდა გქოდეს განვითარებული კარგი გემოვნება, ადამიანები, როლებიც მარკეტინგში და პიარში მუშაობენ აუცილებლად დახვეწილი გემოვნების მქონენი უნდა იყვნენ, ადამიანებთან ურთიერთობის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანის და მეორეხარისხოვანის გარჩევის უნარი, მართვა უნდა იცოდე, რადგან პიარი მმართველობითი ფუნქციაა, სხვისი შრომის დაფასების უნარი. უსასრულოდ გრძელი შეიძლება იყოს ეს ჩამონათვალი.
-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?
რწმენას. როცა აქვს ადამიანს უნარი გადადგას მთები იმისათვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს. გულწრფელობას, საქმისადმი ერთგულებას, მეგობრობას.
-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?
ურთიერთობები – ადამიანური ურთიერთობები.
-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?
სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტები საქართველოში, თორემ მსოფლიოში ეს ტრენდი უკვე დიდი ხანია აღარაა. დიჯიტალი რომ ტრენდია ვიცით. ტრენდულია ინფლუენსერ მარკეტინგი. მოკლედ, უშუალო ურთიერთობები მომხმარებელსა და ბრენდებს შორის, გაცილებით სწრაფ რეაგირებებსა და გულახდილ ურთიერთობებს უდებს საფუძველს.