თორნიკე გურული: „იმისათვის რომ იყო წარმატებული, მუდმივად უნდა გედოს ხელი მომხმარებლის პულსზე“
ინტერვიუ პსპ-ს სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის ხელმძღვანელ თორნიკე გურულთან.
-რა სპეციალობის ბრძანდებით?
რამდენიმე უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. საქართველოში ტექნიკურ უნივერსიტეტში პიარის მიმართულება დავამთავრე, ასევე პედაგოგიკის მიმართულება და გერმანიაში University of Technology Chemnitz, მედია კომუნიკაციის სპეციალობით.
-პირველი სამსახური:
უკვე დიდი დრო გავიდა, მას შემდეგ, რაც პირველად ვიშოვე ფული. ერთმანეთისაგან გავმიჯნავდი ფულის შოვნას და სამსახურს. 16 წლიდან დავიწყე ფულის შოვნა. სხვადასხვა დროს მიმუშავია მუშად, მიმტანად, უცხო ენების მასწავლებლად, ბიბლიოთეკარად, გიდად, სამკერვალო ფაბრიკაში თარჯიმნად და რა ვიცი, კიდევ რად აღარ. მსახიობის ჰონორარიც კი მაქვს მიღებული, კლიპებში მიღებდნენ ხოლმე.
პირველი, ყველაზე სერიოზული, სამსახური საერთაშორისო ტრენერობა იყო. თან ვსწავლობდი და თან ტრენინგებს ვატარებდი. საერთაშორისო ტრენერების მომზადების სამ წლიან პროგრამაში ვიღებდი მონაწილეობას და პარალელურად, ტრენინგებს მატარებინებდნენ, რომელშიც ძალიან კარგი ფული გამოვიმუშავე. პირველი ტრენინგი ვროცლავში (პოლონეთი) ჩავატარე. მაშინ ბოშის ფონდის ერთ-ერთი პროგრამის თეოდორ ჰოისის კოლეგიის 20 მონაწილე მყავდა და ჩემს პოლონელ და გერმანელ კოლეგებთან ერთად, მათ სოციალური პროექტების მართვას ვასწავლიდი.
-ახლანდელი სამსახური და პოზიცია?
ახლაც ბევრი მიმართულებით ვმუშაობ. პსპ-ში სააფთიაქო ქსელის მარკეტინგს ვხელმძღვანელობ, ასევე მართვის აკადემიის ტრენერი ვარ მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით. ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარის პროგრამის ხელმძღვანელი და სრული პროფესორი ვარ.
პატარა ბიზნესებიც მაქვს – საყვარელი ჰოსტელი ბროსეს ქუჩაზე და ტურისტული კომპანია.
– თქვენი პირველი წარმატება?
პიარის მიმართულებით შეიძლება წარმატებულად ჩავთვალო ჩემი გამოცდილება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“. აქ პიარის მიმართულებით ვმუშაობდი და ბევრი საინტერესო ქეისი გვქონდა. ესენი იყო: სანდრო გირგვლიანის ქეისი, ზურა ვაზაგაშვილის ქეისი და ბევრი ადამიანის უფლებების დაცვისათვის მიმართული კამპანიები.
–თქვენს მიერ გაკეთებული საქმე, პროექტი, რომლითაც დღემდე ამაყობთ?
ყველა პროექტი, რომელსაც მე ვაკეთებ ძალიან მიყვარს. თითქოს ჩემი მეგობრებივით არიან.
კომერციული მიმართულებით გამოვყოფდი სუპერმარკეტების სმარტის ქსელს. ეს ბიზნესი ვისოლ ჯგუფის შვილობილი კომპანიაა და იდეიდან ქსელამდე ჩემს ხელში ჩამოყალიბდა. ასევე პსპ აფთიაქის ახალი კონცეფციის აფთიაქები. 23 წლიანი გამოცდილების ბრენდის შეცვლაც, ვფიქრობ, საინტერესოა. ჩემი პროექტების მიმართ ემოციებიც მიჩნდება.
სოციალური მიმართულებიდან არ შემიძლია არ აღვნიშნო ფონდი „სიცოცხლის ხე“, რომლის ფარგლებში გაკეთებულმა საქმეებმა ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა.
-რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს სფეროში ადამიანი იყოს წარმატებული? გარდა ცოდნისა, განსაკუთრებული თვისებები თუ არის საჭირო.
ჩემი აზრით, კომუნიკაციის სფეროში მომუშავე ადამიანებისათვის აუცილებელია შემოქმედებითი აზროვნება, შრომისმოყვარეობა, მუდმივი სწრაფვა ინოვაციებისკენ. იმისათვის რომ იყო წარმატებული, მუდმივად უნდა გედო ხელი მომხმარებლის პულსზე, რათა ზუსტად გრძნობდე, რა უნდა შენს მომხმარებელს. უნდა გიყვარდეს ადამიანები, მიუხედავად მათი მსოფლხედველობისა თუ სხვა მახასიათებლებისა.
-დღეს საქართველოში შესაძლებელია თუ არა PR-ის კარგად სწავლა, თუ მაინც საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა აუცილებელი?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პიარის მაგისტრატურა ნამდვილად ინოვაციური პროგრამაა. ვფიქრობ, მათ, ვისაც უნდა პიარის მიმართულებით საქართველოში თუ საზღვარგარეთ არსებული ცოდნა მიიღოს, კარგი პლატფორმაა. საზღვარგარეთ ცხოვრებას კიდევ სხვა უპირატესობები აქვს. საზღვარგარეთ სწავლით არამარტო კონკრეტული დარგი ვისწავლე, არამედ სხვანაირ ცხოვრებასაც შევეჩვიე და პიროვნულად განვითარდი.
-რამდენად ადვილად შეგიძლიათ კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და გადაწყვეტილების მიღება და მსგავსი შემთხვევა ხომ არ მოქმედებს ხოლმე საქმის ხარისხზე?
ამ თემაზე ბევრი მაქვს ნაფიქრი. ჩემი პირველი წიგნიც ამ მიმართულებით გამოვეცი და მიმაჩნია, რომ კრიზისის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი დაგეგმარებაა. თუ სწორად გეგმავ, ხარისხსზე ეს არ აისახება.
-საინტერესო ეპიზოდი თქვენი ცხოვრებდან(საქმიანი), რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?
როდესაც გერმანიაში უნივერსიტეტი დავამთავრე, ბევრს ვფიქრობდი, სად გავაგრძელებდი ცხოვრებას. მე საქართველო ავირჩიე. 2005 წელი იყო და საქართველოში ბევრი რამ იცვლებოდა. ჩემმა საქართველოში დაბრუნებამ მკვეთრად გადაწყვიტა ჩემი ამჟამინდელი ცხოვრების სტილი და რიტმი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე.
–რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდით, სად ხედავთ საკუთარ თავს?
ბავშვობაში ძალიან მომწონდა ორი პროფესია: მასწავლებლობა და პილოტობა. მასწავლებელი დავდექი – მუდმივად ტრენინგებს ვატარებ და საუნივერსიტეტო სწავლების პროცესშიც ვარ ჩართული. რომ არა ეს პროფესია, ალბათ პილოტი გავხდებოდი .
–რა არის თქვენი, როგორც საქმიანი ადამიანის ძლიერი მხარე და თვისებები?
ჩემი აზრით, ჩემი ყველაზე ძლიერი პიროვნული მხარე ჩემი დისციპლინა, კონცენტრაციის უნარი და მოთმინებაა. ასევე ძალიან მიყვარს სწავლა და ბევრ დროს ვუთმობ სიახლეების შემეცნებას. მგონია, რომ ჩემმა მრავალფეროვანმა დაკავებულმა ცხოვრებამ კარგი დაგეგმარების უნარი შემძინა და კარგად ვგეგმავ.
–რას გაძლევთ ის კომპანია, რომელშიც მუშაობთ? რით არის ის თქვენთვის საინტერესო?
ჩემთვის მნიშნელოვანია პიროვნული განვითარება და იდეების განხორციელების შესაძლებლობა. ასევე მნიშვნელობა აქვს პიროვნულ ურთიერთობებსაც. კომპანიები, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ ასეთ შესაძლებლობებს მაძლევენ და სიამოვნებით ვთანამშრომლობ მათთან.
–სად ხედავთ თქვენს თავს 20 წლის შემდეგ?
20 წლის შემდეგ მინდა ვაკეთებდეს იმას, რასაც ვაკეთებ დღეს. მინდა ვასწავლიდე ისევ და ვმუშაობდე კომუნიკაციის სფეროში. ამ დროს ვიქნები რამდენიმე წიგნის ავტორიც, რომელიც კომუნიკაციის თემებზე იქნება გამოცემული.