fbpx

გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ!

გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ!

მილენიალები – უცნაური, არაორდინალური, სტერეოტიპების დამამსხვრეველი, ადაპტირებადი, სოციალურად აქტიური და სტრატეგიული, განსხვავებული მისწრაფებების და მოლოდინების მქონე თაობა. ეს არის თაობა, რომელიც  მსოფლიო მოსახლეობის 24%-ს შეადგენს და რომელიც 2020 წლისთვის მსოფლიოში სამუშაო ძალის ნახევარზე მეტი იქნება. გამარჯობა, ეს ჩვენ ვართ.

მილენიალები,  (Millennium – ათასწლეული), იგივე Y თაობა,  1980-1997 წლებში დაბადებული თაობა ვართ. ჩვენ ციფრული რევოლუციის ეპოქაში გავიზარდეთ. საკუთარი თვალით ვნახეთ ტექნოლოგიური წინსვლა და უსწრაფესი ცვლილებები, ფეხი ავუწყვეთ და ვადაპტირდით. ფაქტობრივად, ჩვენ მოვხვდით გლობალიზაციისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ეპიცენტრში. ყველა ამ მოვლენამ დიდი გავლენა იქონია და ძირეულად შეცვლილი ფასეულობები და დამოკიდებულებები ჩამოგვიყალიბა, განსხვავებული მოლოდინები შეგვიქმნა. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვა ყველა დანარჩენი თაობისგან.

მარკეტერების თავის ტკივილი

მარკეტერებისთვის ყველაზე სასურველი სამიზნე აუდიტორია მილენიალები ვართ, რაოდენობიდან და მრავალმხრივი ინტერესებიდან გამომდიანრე. თუმცა, ამის მიუხედავად, მათთვის ერთგვარ თავის ტკივილსაც წარმოვადგენთ – ჩვენზე არ მოქმედებს ტრადიციული სარეკლამო ხერხები და ჩვენი ნდობის მოპოვება საკმაოდ რთულია. ეს არ ნიშნავს, რომ აღარაფერს ვყიდულობთ, უბრალოდ, შევცვალეთ მიდგომა, თუ როგორ და რატომ ვაკეთებთ შენაძენს.

როგორ ვიქცევით

მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს თაობასთან, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან. ჩვენთვის ინფორმაციის გასაღები თითებსა და კლავიატურაშია – სასურველ პროდუქტზე ნებისმიერი სახის ინფორმაციას თავად ვეძებთ, ვკითხულობთ რევიუებს, რჩევას ვეკითხებით ახლობლებს ან თუნდაც ვირტუალურ მეგობრებს სოციალური ქსელებიდან. ამის შემდეგ ვიღებთ გადაწყვეტილებებს – შევიძინოთ/ვისარგებლოთ თუ არა.

სამოგზაუროდ წასვლამდე booking.com-სა და tripadvisor-ზე ვკითხულობთ რევიუებს, კინოთეატრშიც კი არ მივდივართ ისე, რომ imdb ან rotten tomatoes-ს არ გადავავლოთ თვალი, ბილეთებს კი ონლაინ ვყიდულობთ. ვშოპინგობთ amazon-სა და ebay-ზე, ტელევიზია youtube-ით ჩავანაცვლეთ და სასწავლო მიზნებისთვისაც აქტიურად ვიყენებთ. ვართ facebook-ის, instagram-ის, twitter-ის მომხმარებლები – ვქმნით ჯგუფებს და ინტეგრირებულები ვართ ინტერნეტ სამყაროში. გვიყვარს კონტენტის თავად შექმნა. როგორც კვლევებმა აჩვენა, მილენიალების 60%-ს საკუთარი ვებ-გვერდი ან ბლოგი აქვს, რომელსაც თავად მართავს.

გვიყვარს ყველაფერი ახალი, ტექნოლოგიური, სწრაფი და მარტივი – შთაბეჭდილება, ემოციები და დრო ჩვენთვის ყველაზე მთავარია.

გვესაუბრეთ

ჩვენ გვიყვარს ურთიერთობები, ამიტომ ძალიან ვაფასებთ, როცა კომპანია მეგობრულად გვესაუბრება. გვხიბლავს ნამდვილი, ემოციური ისტორიები – მოგვიყევით თქვენი ამბავი, რა დგას თქვენი ბრენდის უკან. როდესაც კარგ რევიუს გიკეთებთ – გამოხატეთ მადლიერება, თუ პრობლემას ვაწყდებით – აღიარეთ და გამოსწორების გზები შემოგვთავაზეთ, როდესაც ჰეშთეგით აღგნიშნავთ ან პოსტში გთაგავთ – უბრალოდ დაგვიკავშირდით. ჩვენთან საუბარი ჩვენი ნდობის და ლოიალობის მოპოვების პირდაპირპროპორციულია. ნურც WOM-ს  (Word of Mouth) დაივიწყებთ, ხმის გავრცელებას არ დაგზარდებით – ჩვენ ხომ მუდმივად ვპოსტავთ, ვაშეარებთ, ვტვიტავთ, უწყვეტ კომუნიკაციაში ვართ თანატოლებთან.

სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენ გვაქვს ამბიცია და გვჯერა, რომ სამყაროს შევცვლით. ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც კარგად გააცნობიერა საფრთხეები და პრობლემები, რის წინაშეც ადამიანები დგანან. გლობალური კლიმატური ცვლილებები, ეკოლოგია, გმო, სიღარიბე და შიმშილი – ეს არასრული ჩამონათვალია, რაც გვაღელვებს და გვაფიქრებს, რის შეჩერებას და უკეთესობისკენ შეცვლას ვცდილობთ. მაღალი CSR-ის მქონე კომპანიების მიმართ მომენტალურად გვიჩნდება კეთილგანწყობა. ეს არ უნდა იყოს უბრალოდ მოკლევადიანი საქველმოქმედო საქმიანობა, არამედ თქვენი სოციალური ინიციატივები უნდა იყოს მდგრადი გრძელვადიან პესპექტივაში. თქვენ გაქვთ რესურსი და ეკონომიკური ძალაუფლება ამ ცვლილებების მნიშვნელოვანი კატალიზატორები გახდეთ. ჩვენი კეთილგანწყობის მოპოვებაზე უკეთესი ჯილდო კი ისაა, რომ თქვენ რაღაც ძალიან კარგს აკეთებთ, რომ სამყარო უკეთესი გახდეს, თუნდაც მცირედით.

Influencer მარკეტინგი

ტრადიციული რეკლამები დიდი ხანია წარსულს ჩავაბარეთ. მათ დასაბლოკად აქტიურად ვიყენებთ skip ad-ს, adblock-ს, hide ad-ს და ა.შ. ანუ თქვენი რეკლამა ჩვენამდე არ აღწევს. თანამედროვე მარკეტოლოგები სტანდარტული რეკლამებიდან ინფლუენს მარკეტინგზე გადავიდნენ. ვინ არიან ინფლუენსერები და რა გავლენას ახდენენ ბრენდის წარმატებასა და ჩვენზე? ბრენდები ჩვენთან კომუნიკაციისთვის რამდენიმე ადამიანს ირჩევენ. ისინი კი სოციალური ქსელების მეშვეობით გვაწვდიან ინფორმაციას და გამოცდილებას გვიზიარებენ. ძირითადად, ინფლუენსერები საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან, თუმცა ნელ-ნელა ეს ტენდენცია იცვლება და შესაძლოა ისინი რიგითმა ადამიანებმა ჩაანაცვლონ. ინფლუენს მარკეტინგის მთელი არსი კომპანიასა და ბრენდზე საზოგადოებრივი აზრის შექმნა და ონლაინ არხებით მთავარი მესიჯების ჩვენამდე მოტანაა. ჩვენ კი თაობა, რომელიც ინფორმაციას თავად ვამოწმებთ, სკეპტიკურად ვართ განწყობილი და საკმაოდ მომთხოვნებიც ვართ, ძალიან ვაფასებთ სიმართლეს და გამჭვირვალობას. ეს არ უნდა დაივიწყონ კომპანიებმა და ინფლუენსერებმა, რათა გრძელვადიანი ლოიალობა მოიპოვონ.

ბოლოს

მილენიალები ცნობისმოყვარე და მრავალფეროვანი ინტერესების მქონე თაობა ვართ. მარკეტოლოგები პრობლემურ მომხმარებლებად გვთვლიან, თუმცა სულაც არ ვეთანხმები: ჩვენ ვყიდულობთ მიზანს, იდეას, ცხოვრების სტილს. გვიყვარს, როცა თავისუფლები ვართ არჩევანში, სიამოვნებას გვანიჭებს პროცესებში ჩართულობა და კონტენტის შექმნა, გვიყვარს კომუნიკაცია და ყურადღების ცენტრში ყოფნა. კომპანიებს სიახლისა და ცვლილებებისკენ ვუბიძგებთ, ვაიძულებთ, დროს არ ჩამორჩნენ და მომზადებულები შეხვდნენ ჩვენი მომდევნო ახალი თაობის გამოწვევებს.

Share Button