შექმენი ხმაური ან მოკვდი
XXI საუკუნე. დრო, როდესაც ადამიანს 24 საათის განმავლობაში უამრავი ინფორმაციის მიღება და გაცვლა უწევს. საათობით ვსქროლავთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებს „ცერა თითით“, ვკითხულობთ, ვხედავთ და ვუსმენთ ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციას. დღესდღეობით ძალიან მარტივია, საზოგადოებას ნებისმიერი სიახლე აცნობო და იყოს „შენი ექსკლუზივი“. გაფართოვდა ადამიანების ფანტაზია და სიტყვა „კრეატივიც“ უფრო მოდური გახდა.
მსოფლიოს ტექნოლოგიურმა განვითარებამ ინფორმაციის გავრცელების სხვადასხვა ხერხი თუ მეთოდი გააჩინა. ერთ-ერთი ასეთია რეკლამა. ის მრავალი საუკუნის წინ დაიბადა და მას შემდეგ საკმაოდ შეიცვალა/გაიზარდა. უკვე დაუკითხავად იჭრება თითოეული ჩვენგანის სახლსა და ცხოვრებაში, ყოველდღე, ყოველ წუთსა და ყოველ წამს. ზოგს – ართობს, ზოგს – აშინებს, ზოგს კი – აღიზიანებს.
გვატყუებენ თუ თავს ვიტყუებთ?!
დევიდ ოგილევი, თანამედროვე სარეკლამო საქმიანობის ერთ-ერთი „მამა“ ამბობს: „თუ თქვენი რეკლამა დიდ იდეას არ შეიცავს, იგი ჩაივლის, როგორც გემი უმთვარო ღამეში.“
გადავხედოთ ისტორიას…
ძველი დრო
მარკეტინგისა და მედიის თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერი პირველი თანამედროვე ბრიტანელი პოლიტიკური ლიდერი და პრემიერ-მინისტრი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მან არჩევნებში სამჯერ გაიმარჯვა და პრემიერ-მინისტრის პოსტი 11 წლის განმავლობაში ეკავა, მისი 1979 წლის საარჩევნო კამპანია ყველაზე ინოვაციური გახლდათ.
ტეტჩერის გუნდს ისეთი რეკლამის შექმნა უნდოდა, როგორიც ამერიკის პრეზიდენტ, ლონდონ ჯონსონის გუნდმა 1964 წლის არჩევნებისთვის გამოიყენა. ეს იყო იმ დროისთვის ცნობილი და ძალიან ეფექტური რეკლამა : „გვირილა: გოგონა გორაკზე“. 2-3 წლის გოგონა აცლის გვირილას ფურცლებს და თან ითვლის ათამდე, უცებ მამაკაცის ხმა იწყებს დათვლას ათიდან ქვემოთ და როდესაც ნულს მიაღწევს, ეკრანი შავდება, ისმის ატომური ბომბის აფეთქების ხმა და ჩნდება სოკოს ფორმის ღრუბელი. მამაკაცის ხმა ამბობს: „ფსონები დადებულია. შევქმნათ სამყარო, სადაც ყველა ადამიანი ბედნიერად იცხოვრებს, თუ წავიდეთ სიბნელისაკენ? ან უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი, ან დავიხოცოთ. ხმა მიეცით პრეზიდენტ ჯონსონს 3 ნოემბერს. ფსონები საკმაოდ მაღალია იმისათვის, რომ სახლში დარჩეთ.” ჯონსონმა ამ არჩევნებში გაიმარჯვა.
ტეტჩერის გუნდის ერთ-ერთი წევრი ტიმ ბელი (მთავარი სარეკლამო აღმასრულებელი) ყვება: ჩვენ ვფიქრობდით ასეთი ტიპის რეკლამაზე, როგორც „წმინდა გრაალზე“, რომელსაც ყველგან აჩვენებდნენ, როგორც მოვლენას და რომელც არჩევნებში წარმატებას მოგვიტანდა.
აგვისტოში კონსერვატორებმა უზარმაზარი სარეკლამო ბილბორდები დადგეს მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 ადგილას. ბილბორდებზე გამოსახული იყო უმუშევართა გრძელი რიგი წარწერით: „ლეიბორისტები არ მუშაობენ“. სურათისთვის კონსერვატორული პარტიის წევრები გამოვიყენეთ, რათა ადამიანთა გრძელი რიგი შეგვექმნა.
ბელი იხსენებს, რომ მარგარეტ ტეტჩერის პირველი რეაქცია პოსტერზე ასეთი იყო: – კი მაგრამ რა არის ამაში განსაკუთრებული?
თუმცა ხანგრძლივი საუბრის შემდეგ მან განაცხადა: – მართლაც შესანიშნავია!
სულ მალე ეს ყველა მედიასაშუალებისათვის მთავარი განსახილველი თემა გახდა და მთელმა ქვეყანამ გაიგო პოსტერის შესახებ. იგი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ პოლიტიკურ რეკლამად იქცა.
„ამ რეკლამამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ეს მართლაც შესანიშნავი იყო, – ამბობს ბელი. – ჩვენ არასდროს გაგვიმჟღავნებია თუ ვინ იყვნენ სინამდვილეში ფოტოზე გამოსახულნი და მთელი ამ აურ–ზაურის ჩვენ სასარგებლოდ გამოყენება შევძელით. დაახლოებით 50 000 გირვანქა სტერლინგით, რაც რეკლამისთვის დაიხარჯა, მედიის მთლიანად დაფარვა მოვახერხეთ. ამ მასშტაბის მედიასივრცის შესაძენად მილიონები არ გვეყოფოდა.
ბევრი ვერ აცნობიერებს, რა მასშტაბური გავლენის მოხდენა შუძლია კრეატიულ პოლიტიკურ რეკლამას. ეს იყო უზარმაზარი, მკაფიო პოსტერი. გაზეთების რედაქტორები იძულებულნი გახდნენ, პოსტერის სანახავად წასულიყვნენ, რამაც თავისთავად, საზოგადოებაზე სარედაქციო გავლენა მოახდინა.“
არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბელმა გადაწყვიტა, კიდევ ერთხელ გამოეფინათ ცნობილი რეკლამა მცირედი ცვლილებით: „ლეიბორისტები ისევ არ მუშაობენ“.
ბელი განმარტავს: ჩვენ მტკიცედ გვწამდა, რომ არჩევნებში საზოგადოებისთვის გონივრული გზავნილის მიწოდებით გავიმარჯვებდით – „უიმედობა ლეიბორისტებთან ერთად ან უკეთესი მომავლის იმედი“.
1979 წლის 4 მაისს მარგარეტ ტეტჩერმა და კონსერვატორულმა პარტიამ საყოველთაო არჩევნებში გაიმარჯვეს.
დღევანდელი დრო – საქართველო
წარმატებული ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი – კარგი რეკლამის გაკეთებაა. “თანამედროვე” საქართველოში რეკლამის გამოყენების იდეა კი ფართოდაა გავრცელებული.
რას ვაკეთებთ ჩვენ საარჩევნო პერიოდში?
უამრავი პოსტერი კედლებზე, ავტობუსებსა და სამარშუტო ტაქსებზე, არაეფექტური ბილბორდები, რომლებიც არჩევნების დასრულების შემდეგაც წლობით რჩება და უფერულდება. უფასო პოლიტიკური რეკლამები, რომლებიც „შავ პიარს“ ემსახურება და დაუსრულებელი დაპირებები პენსიის ზრდასა და უმუშევრობის გამოსწორებაზე. ესაა ჩვენი „პოლიტიკური კრეატივი“. არავის აზრადაც კი არ მოსდის გონივრული მესიჯების გაჟღერება, რომელიც უფრო პოზიტიური იქნება და მოგხიბლავს, როგორც მაყურებელს, ან – მსმენელს.
თუმცა, ამას კომერციულ რეკლამებზე ვერ ვიტყვით. ისინი უფრო ორიგინალურია. ზოგიერთი მათგანი იმდენად ეფექტურია, რომ ადამიანის გონებაში ძალიან დიდხანს რჩება. თანამედროვე რეკლამის ხიბლი და ძალა დღესაც შთაბეჭდილებას ახდენს თითოეულ ჩვენგანში. ამ ყველაფერზე კი კომპანიები საკმაოდ კარგად ზრუნავენ და ფინანსებსაც გვარიანად ხარჯავენ. რეკლამის მიერ უცებ ატეხილი ხმაური და ინტრიგა მაშინვე იზიდავს მომხმარებელს და კომპანიის მოგებაზე „ასხამს წყალს“.
თომას ჯეფერსონი ამბობს: „რეკლამის ხელოვნება სწორედ ის არის, რომ ადამიანს ფული იმაში დაახარჯვინოს, რაც შეიძლება დიდად არ სჭირდებოდეს.“
ჩვენც ასე ვართ, ამა თუ იმ კომპანიის რეკლამის გავლენის ქვეშ ვექცევით და ჩვენდა უნებურად, შესაძლოა ძალიან ბევრ ფულსაც ვხარჯავთ. სწორედ ამაშია ხიბლი, ის, ვინც ქმნის ხმაურს, ინარჩუნებს საზოგადოებაში მოთხოვნას და ვინც არა – კვდება, ან -ქრება… არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს პოლიტიკოსი თუ რომელიმე ბიზნეს კომპანია. მთავარია გქონდეს „ბევრი ფული“ და იცოდე კარგი სარეკლამო კომპანიის მისამართი.
და ბოლოს…
P.S. როგორ შევქმნათ ხმაური?
ამ საკითხზე პიარსკოლაში აუცილებლად მოგიყვებიან გამოცდილი პროფესიონალები. 😉