პიარის და მარკეტინგული კომუნიკაციების კურსის შეფასება
პიარსკოლის შესახებ ყოველთვის ბევრი მსმენოდა და გამეგო. ვიცოდი, რომ ეს იყო განსაკუთრებული, საინტერესო და მრავალფეროვანი კურსი, თუმცა ის რაც გამოვცადე, ის პროცესები, რაშიც აქტიური მონაწილეობა მივიღე არის დაუვიწყარი გამოცდილება და მოგონება, რომელსაც კომუნიკაციების ჯადოსნურ სამყაროში შებიჯებას დავარქმევდი და რომელიც მთელი ცხოვრება დარჩება ჩემთვის იმ წარმატებულ გადაწყვეტილებათა სიაში, რომლითაც ვამაყობ.
მთელი კურსის განმავლობაში აქამდე არსებულ თეორიულ ცოდნას ისეთი მიმართულება მიეცა, იმდენი ხედვა, ახალი იდეა დაიბადა, რომელთა სრულყოფილად განსახორციელებლად შეიძლება რამდენიმე წელიც დამჭირდეს.
პიარსკოლა – ეს არის თეორიულ ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელიც ყველა დახურულ კარს მიღმა, ყველა მიუწვდომელ “ჭუჭრუტანაში” გაგახედებთ და დაგანახებთ რომ კომუნიკაციები იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოიდგენდით.
ახლა სეირნობ ქუჩებში, უყურებ სარეკლამო ბანერებს, ბილბორდებს, გიგანტი ქართული თუ უცხოური კოპმანიების სარეკლამო და პიარ სტრატეგიებს და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს თითოეული პიარ კამპანია შენს თვალწინ შეიქმნა, თითქოს მათ დაგეგმვაში შენი წვლილი შეიტანე, იცი რა პროცესს რა მოყვა, როგორი პოზიციონირების განაცხადით, სტრატეგიით და სეგმენტაციით განხორციელდა. თითქოს წინასწარ იმუშავე კომპანიის იმ ტენდენციებსა და მიდგომებზე, რომელიც მის იმიჯსა და რეპუტაციას უზრუნველყოფს, აანალიზებ ამ ყველაფერს და გრძნობ, რომ ეს სფერო შენია, სფერო, რომელშიც ბევრი გაქვს სათქმელი.
მე მიყვარს პიარსკოლა და ქართულ ამერიკულ უნივერსიტეტში გატარებული თითოეული ლექცია და ლექტორი. საალექციო საათები, რომელიც არასოდეს ყოფილა ისეთი საინტერესო და ჯადოსნური, როგორც 2019 წლის შემოდგომით..
და ბოლოს, იყო პიარისა და ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურსდამთავრებული – ეს არის დიდი ძალისხმევა და გამოწვევაა, ერთგვარი გარანტი იპოვო საკუთარი თავი, გწამდეს შენი განუზომელი შესაძლებლობების და იყო წარმატებული მთელი კარიერის განმავლობაში.