COVID-19 შემოქმედებითად

COVID-19 შემოქმედებითად

#culturematters

2020 წელი ისტორიაში შევა, როგორც დიდი კრიზისის და გამოწვევების პერიოდი. ასე მგონია, პანდემია ყველას და ყველაფერს შეეხო – კონკრეტული ადამიანებიდან გლობალურ ინდუსტრიებამდე.

თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, ერთ-ერთმა პირველმა პანდემიის დარტყმა ზუსტად შემოქმედებითმა ინდუსტრიებმა განიცადეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ცხადია, არც საქართველო გახდა გამონაკლისი. პირიქით, ჩვენს ქვეყანაში კრიზისის შედეგები გაცილებით უფრო სავალალოა, ვიდრე ევროპის სხვა ქვეყნებში.

გარდა იმისა, რომ დიდი ქვეყნები, როგორიცაა აშშ, გერმანია, საფრანგეთი, პორტუგალია, დიდი ბრიტანეთი და სხვა, დაუყოვნებლივ გადავიდნენ ანტიკრიზისული გეგმის შესრულებაზე, პარალელურად არაერთმა სახელმწიფო უწყებამ თუ კერძო ფონდმა დაიწყო იმის გამოკვლევა, თუ რა ზარალი მიაყენა პანდემიამ შემოქმედებითი ინდუსტრიების სფეროს, რა არის სამოქმედო გეგმა და როგორი იქნება პოსტ-კრისიზუსული პერიოდი.

რატომაა მნიშვნელოვანი ორივე პროცესის პარალელურად განხორციელება? პასუხი მარტივია.

მოდით გავიხსენოთ, რა არის შემოქმედებითი ინდუსტრიები. საქართველოს კულტურის სტრატეგია 2025-ის თანახმად, ეს არის „სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

აქ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიები მრავალფეროვანი კულტურული პროდუქტის შექმნით ავითარებს კულტურის ეკონომიკას და გლობალურად, ნებისმიერი ქვეყნის კეთილდღეობას და წინსვლას უწყობს ხელს. ამ პროცესის მსოფლიო ლიდერია დიდი ბრიტანეთი, სადაც შემოქმედებითი ეკონომიკის შემოსავალი წელიწადში დაახლოებით 111 მილიარდ გირვანქა სტერლინგს უტოლდება (საშუალოდ 12%). კოსმიური, და ამავდროულად სრულიად რეალისტური ციფრებია.

შედარებისთის, 2017 წლის იუნესკოს რეპორტის თანახმად, საქართველოში კულტურის ეკონომიკა საერთო შემოსავლის 2.8% შეადგენდა. და ეს ციფრი ვერ იქნება ბევრად გაზრდილი მიმდინარე პერიოდისთვის.

კვლევის შედეგები

საქართველოს მთავრობისთვის ანტი-კრიზისული გეგმის ბოლო პუნქტში შემოქმედებითი საქმიანობა „ყველა სხვა საქმიანობასთან“ ერთადაა მოხსენიებული. დამეთანხმებით, შემოქმედებითი სექტორის ყოველგვარი პრიორიტეტებიდან ამოღება დიდი საფრთხის შემცველია.

იმის გასარკვევად, როგორი გავლენა იქონია გლობალური პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა საქართველოს შემოქმედებითი სფეროს სექტორზე, ოთხმა კულტურის ლიდერმა (ლევან გელიაშვილი, ზვიად ელიზიანი, ელენე მეჩითოვა და ნინო წითლანაძე) საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შევიმუშავეთ კითხვარი – „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“.

კვლევა 30 მარტიდან 28 აპრილის ჩათვლით მიმდინარეობდა. გამოიკითხა 81 ადამიანი, შემოქმედებითი ინდუსტრიის სხვადასხვა მიმართულებიდან. აქედან 63% – ხელოვანები და 33,3% – არტ მენეჯერები და კულტურის ლიდერი.

საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კრიზისმა სექტორის წარმომადგენლების უდიდესი ნაწილი გაურკვევლობის წინაშე დააყენა. 23% აცხადებს, რომ საქმიანობის ადაპტირების გეგმა არ აქვს იმ დროს, როცა 53% ჯერ ჩამოყალიბებულიც არ არის.

მთლიანობაში, კვლევის შედეგები, ერთდროულად მოსალოდნელიც იყო და მოულოდნელად პესიმისტურიც.

  1. გამოკითხულთა 44.7% შემოსავლის გარეშე დარჩა;
  2. 45.7% ხელოვანს შემოსავლის სხვა ალტერნატიული წყარო არ აქვს;
  3. 71.6% აცხადებს, რომ აპრილი-ივნისის თვეში დაგეგმილი ყველა შემოქმედებითი აქტივობის გადადება მოუწია;
  4. ყველაზე ხშირად, გადადებულ ან გაუქმებულ პროექტებში მოიაზრებიან ფესტივალები (27.9%), მუსიკოსები (14.7%) და გამოფენები (7.3%)
ონლაინი თუ არაფერი?

პანდემიამ ადამიანების ცხოვრების წესი შეცვალა, და ერთ-ერთი მთავარი გლობალური ტენდენციაა საქმიანობის მაქსიმალურად ონლაინ სივრცეში გადატანა. ჩვენ ვკითხეთ კვლევის რესპონდენტებს, რამდენად შესაძლებელია მათი პროექტების ონლაინში გადატანა.

შედეგად, 46.9% აცხადებს, რომ სამომავლოდ შესაძლებელია მათი პროექტების გარკვეული ფორმით ტრანსფორმირება, 45,7% კი ამბობს, რომ მათი საქმიანობის ფორმატის შეცვლა შეუძლებელია. და მხოლოდ 7,4%-თვის საქმიანობის ვირტუალიზაცია სრულად შესაძლებელია.

აქედან გამომდინარეობს გამოკითხულთა 21.8% მოსაზრება, რომ ერთერთი გამოსავალია ონლაინ პლატფორმების შექმნა, სადაც არტისტები თვითრეალიზებას შეძლებენ, გარკვეული თანხის მიღების სანაცვლოდ.

მთლიანობაში, კვლევიდან გამომდინარე, ანტიკრიზისული ზომები სფეროს წარმოადგენლებს ასე ესახებათ: ფულადი დახმარება სახელმწიფოს მხრიდან (32%), ახალი საგრანტო კონკურსები, რომელიც არსებულ რეალობას მოერგება (28%),  საგადასახადო შეღავათები (4.6%) და ა.შ.

სრულად კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://cutt.ly/iycnrnN

შემოქმედებითი კომუნიკაცია

2020 წლის მარტში კულტურის ლიდერთან, ფესტივალ Black Sea Sound და გალერეა ART UP-ის დამფუძნებელთან ლევან გელიაშვილთან ერთად შევქმენით ონლაინ პლატფორმა „შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები“, რომელიც დღეისთვის სფეროს 500-მდე წარმოამდგენელს აერთიანებს.

ესაა სივრცე, სადაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს, სფეროს ირგვლივ, როგორც კონკრეტული პრობლემების, ისე საერთო გამოწვევების გაზიარების შესაძლებლობა და მათი გადაჭრის გზებზე ერთობლივად მსჯელობის შესაძლებლობა აქვთ. კველვა „COVID-19-ის გავლენა შემოქმედებით ინდუსტრიებზე“ კი ჯგუფის პირველი ინიციატივა გახდა.

ყველა ექსპერტი და პროფესიონალი თანხმდება, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ პოსტ-კრიზისული პერიოდი კიდევ უფრო რთული და გამოწვევებით სავსე იქნება. სფეროს პროფესიონალებს შორის აქტიური აზრთა მიმოცლვა და სხვა დაინტერესებულ სექტორებთან დაკავშირება (როგორიცაა ბიზნეს სექტორი, სტარტაპერები, მედია, სტუდენტები) ეფექტური გადაწყვეტილებების მისაღებად, პოსტ-კრიზისულ პერიოდს თუ არ შეამსუბუქებს, უფრო ცხადს მაინც გახდის. თუ თვლით, რომ შემოქმედებითი ინდუსტრიების გამოწვევები თქვენი გამოწვევებიცაა, შემოგვიერთდით:

https://www.facebook.com/groups/217748876091631/