მენტორების #რჩევები – რუსკა უსტიაშვილი
მოულოდნელად გაჩენილმა ვირუსმა ყველა ჩვენგანზე მოახდინა გავლენა. სოციალური დისტანცირება, თავისუფლების შეზღუდვა, ცხოვრების წესის რადიკალური ცვლილება, ნეგატიური ინფორმაცია დაავადებულებსა და გარდაცვლილებზე, შიში საკუთარი თუ ახლობლების ჯანმრთელობასა და ყველაზე დიდი – გაურკვევლობის შიში, როცა არ იცი როდის დასრულდება პანდემია და რა იქნება მერე – ეს ყველაფერი რთული გასაძლებია, ყველა ვაცნობიერებთ ამას.
ამ პერიოდში უამრავ რჩევას მოისმენდით როგორიც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან და სოციალური იზოლაციის დროს მოქცევასთან დაკავშირებით, ამიტომ თავს არ შეგაწყენთ ამ რჩევების გამეორებით.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანს გაგიმხელთ:
არ შეწყვიტოთ განვითარება, ოღონდ ეს თქვენი გადასაწყვეტია რა კუთხით – დამატებით ცოდნას და უნარებს შეიძენთ, ახალ ჰობს გაიჩენთ ან არსებულს განივითარებთ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობას გააღრმავებთ, მავნე ჩვევებზე იტყვით უარს და ჯანმრთელობას მიხედავთ, თუ უბრალოდ თქვენი თავის მოსმენას და მის უფრო სიღრმისეულად გაგებას დაიწყებთ, ეს არჩევანი თქვენი გასაკეთებელია.
ორი რამ ვიცით ზუსტად:
-
ეს ყველაფერი აუცილებლად ჩაივლის
-
ცოტათი შეცვლილ სამყაროს მივიღებთ და არა ისეთს, როგორშიც აქამდე ვცხოვრობდით
ამიტომ, მთავარია, რომ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, იმაზე ცოტა უკეთესები, იმაზე მეტად განვითარებულები ვიყოთ იმ კუთხით, რაც ყველაზე მეტად პრიორიტეტულია ჩვენთვის. ამით გავიადვილებთ იზოლაციის პროცესის გაძლებასაც და მერე უკვე, სახლებიდან რომ გავალთ, ბევრად ადაპტირებულები, ხალისიანები, ენერგიულები გავაგრძელებთ ჩვენი გეგმების და მიზნების განხორციელებას და იმ ცხოვრებით დატკბობას, რომელიც ახლა უფრო მეტად დავაფასეთ.
საკომუნიკაციო სფეროთი დაინტერესებულებს კი Coursera-ს 2 ონლაინ კურსს გირჩევთ:
-
Communication Strategies for a Virtual Age
-
Creative Thinking: Techniques and Tools for Success