მიზნისკენ მიმავალი სწრაფი გზა
“თქვენ არ ხართ ვალდებული, რომ გაიმარჯვოთ, თუმცა ვალდებული ხართ, მუდმივად ცდილობდეთ ყოველდღიურად აკეთოთ იმის მაქსიმუმი, რაც შეგიძლიათ“ – მსგავსი სიტყვები ისმის ყოველი ლექციის დროს პიარსკოლაში. უკვე მესამე თვეა მათი მსმენელი ვარ და მგონია, რომ ამ სამ თვეში ძალიან გავიზარდე.
სასარგებლოსთან ერთად საინტერესო – სწორედ ესაა პიარსკოლა. ბევრი სასიამოვნო ლექცია, საინტერესო დისკუსია, ნიჭიერი ჯგუფელები, პროფესიონალი და წარმატებული ლექტორები, რომლებიც გამოცდილებას გვიზიარებენ.
პიარსკოლაში სწავლის გადაწყვეტილება მოულოდნელად მივიღე და ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი სწორად გადადგმული ნაბიჯია ჩემს ცხოვრებაში. პირველი ლექტორი და პირველი გაოცება – სოფო შუბლაძე და მისი უსაზღვრო ენერგია იყო, მერე იყო უძლიერესი მაიკო ძირკველიშვილი, ანდრო მეტრეველი… დავრწმუნდი, რომ ეს სწორედ ის იყო, რაც მინდოდა და მჭირდებოდა.
ვფიქრობ, სხვაგან ვერსად მივიღებდი იმ ცოდნას, რასაც პიარსკოლაში ვიღებ ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში. ისე ვერსად ვერ გავერკვეოდი საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში, როგორც პიარსკოლაში. საკუთარი თავის რწმენას ისე ვერსად განვიმტკიცებდი, როგორც აქ.
სწავლის დასრულებამდე სულ სამი კვირა დამრჩა. ვიცი, მომენატრება ეს სივრცე და გარემო, საინტერესო ადამიანები და პროფესიონალები. მიყვარს აქ გატარებული თითოეული წუთი და ვამაყობ, რომ „პიარსკოლელი“ მქვია.