პიარი მენდელსონის მარშით -

პიარი მენდელსონის მარშით

პიარი მენდელსონის მარშით

დიდი რომ გავიზრდები, პიარ მენეჯერი უნდა გამოვიდე. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი არა, პიარ მენეჯერი სულ სხვა ჟღერადობაა. ზოგადად, ენა ერის კულტურასა და მსოფლმხედველობაზე ბევრს ამბობს. P.R., ჩვენებურად – ს.უ. “სუ!”, გაჩუმებს, რაღაცის დამალვას გთხოვს, ზედმეტი ხმაურის გარეშე მოქმედება-მიჩქმალვას, გჩაგრავს, გსაყვედურობს . ერთი (ქართული) სიტყვით, ზემორე ბოდიალის არსი ეს არის : უცნაურია, საზოგადოებასთან ურთიერთობა რომ უცხო ხილია ჩვენისთანა გულღია ერისთვის.

და მაინც, რას მოიცავს ეს ურთიერთობა? სემ ბლეკს უთქვამს, რომ “PR ორგანიზაციას/პიროვნებასა და საზოგადოებას შორის ჰარმონიის მიღწევის მეცნიერება და ხელოვნებაა, რომლის მიზანია სიმართლესა და სრულ ინფორმირებულობაზე დამყარებული ურთიერთგაგების ჩამოყალიბება”. გამოდის, ამ პროფესიის ფილოსოფია თითოეულ ჩვენგანს უმარტივებს, ან ზოგჯერ ურთულებს ცხოვრებას. ასე ხშირად გვემართება. უნარს, რომელიც თანდაყოლილია, უცხო სახელს ვარქმევთ და რთულ, მიუღწეველ, სასწავლო მასალად ვაქცევთ. არადა, აგერ, სემს თუ დავუჯერებთ, საზოგადოებასთან ურთიერთობა ნებისმიერს ყოველდღე უწევს და ვინც “წესებს იცავს”, ჰარმონიასაც ის იღებს.

ცოლ-ქმრობა, როგორც საკომუნიკაციო კამპანია

არ მინდა ჩემი უცნაური აზრებით დაგაბნიოთ, ამიტომ მაგალითად  განვიხილოთ ქორწინება. ცოლქმრულ უღელში თქვენ თუ არა, თქვენი ახლობელი მაინც შებმულა. აქ ჰარმონიის მიღწევა ჭირს. რატომ? ერთმანეთის სრულად ინფორმირება არ გამოგვდის?! საზოგადოებასთან ურთიერთობა მეცნიერება და ხელოვნებააო, როგორც ჩანს, მხოლოდ სიმართლის თქმა არ კმარა, საჭიროა რუტინის გახალისება, სათქმელისთვის საუკეთესო სახის პოვნა, ერთგულების გასამყარებლად დაუზოგავი ძალისხმევა, მოულოდნელობებით განებივრება და საწყისი გრძნობების შენარჩუნება ან გამძაფრება, ჩვენს ენაზე, მრავალფეროვანი პიარ აქტივობებით, მომხმარებლის გადმოსაბირებლად თუ შესანარჩუნებლად, ცოლ-ქმრულ ამბავში კი – საწოლში მირთმეული საუზმით, სპონტანური მოგზაურობით, კარგი სუნამოთი ან მარტივი დაპირების შესრულებით. თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ, რომ წყვილები მაშინ რჩებიან ერთად და ბედნიერად, როცა ორივე მათგანი ყოველდღიურად ცდილობს გაითვალისწინოს მეორეს ხასიათი, სურვილი, ახირებები; ზოგჯერ, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბოდიში მოიხადოს და მუდმივად ფორმაში იყოს. ასე იქცევიან ჩვენი საყვარელი კომპანიებიც, გვთავაზობენ კამპანიებს, აქციებს, სერვისებს ან უბრალოდ სიტყვებს, ჩვენს გულს რომ უხარია, ისე. მაშინ ვდებთ ერთგულების ფიცს და რჩეულ ბრენდს არაფერში ვცვლით. ეს ის ჰარმონიაა, ყველა ცოლ-ქმარი თუ ბრენდ-მომხმარებელი რომ ოცნებობს, “მაგრამ ხანგრძლივ ეს სოფელი გაახარებს ვისმეს განა?!”

ცოლ-ქმრის ჩხუბი, როგორც ორგანიზაციული კრიზისი

ნებისმიერ ურთიერთობაში ხშირია კრიზისი. მისი განეიტრალება და შემდგომ რეპუტაციის აღდგენა კი რთული საფეხურია. კრიზისს ზოგჯერ ჩვენივე საქციელით ან მისი გამჟღავნებით ვქმნით, ზოგჯერ კი ბოროტი მეზობლები/კონკურენტი ბრენდები აგორებენ მას ხელოვნურად. ქორწინება აქაც იდეალური მაგალითია, ცოლქმრულ ჩხუბთან ერთად. დავუშვათ, თქვენ აწყენინეთ მეუღლეს. მორალისტურ-შთამაგონებელი ფრაზების წერა არ მჩვევია, ამიტომ ამ ამბის ემოციური ნაწილი გამოვტოვოთ და ცივი გონებით განვიხილოთ. როგორ ჯობია ცოლმა/ქმარმა თქვენგანვე მოისმინოს აღიარება და ბოდიში თუ მეზობლისგან ცხელ გულზე დამატებული საყვედურები?! თუ ურთიერთობის გაგრძელება გინდათ, ალბათ ჯობს თქვენივე ვერსია მოუყვეთ, ბოდიშის განსაკუთრებული ფორმა მოძებნოთ, გაანებივროთ და შერიგების შემდეგ დიდხანს ისმინოთ ამ ამბის შემახსენებელი ფრაზები მანამ, სანამ პრობლემა სრულად არ მოგვარდება და ნდობას თავიდან არ დაიმსახურებთ. ასეა კომპანიის, ორგანიზაციის შემთხვევაშიც: შეცდომის აღიარება, ზარალის ანაზღაურება და სხვა უამრავი გზა ზოგჯერ კრიზისიდან გამოსავალია. ხშირად, კრიზისი შანსია რათა უკეთ წარმოაჩინო თავი, დაანახო მეუღლესა თუ მომხმარებელს აქამდე დამალული კარგი თვისებები, დაუმტკიცო, რომ ის შენთვის მართლაც ძვირფასია. ეს კარგი შემთხვევა. თუმცა, სხვაგვარადაც ხდება:  ვითარება იმდენად რთული, “უპატიებელი” და უმართავია, რომ ყველაფერი განქორწინებით / ბაზრიდან გაქრობით სრულდება.

სუ! პიარ მენეჯერო!

არსებობენ კომპანიები, “სუ! პიარ მენეჯერო” პრინციპით რომ მუშაობენ, საზოგადოებასთან ურთიერთობა “არ სჭირდებათ” და თავს მშვენივრად გრძნობენ. ჰყავთ პიარ მენეჯერი, რომელსაც იშვიათ შემთხვევაში სულ რამდენიმე წუთით უსმენენ, ისიც მაშინ, როცა მდგომარეობა გამოუვალი ეჩვენებათ. ქართულ ბაზარზე ბევრია ასეთი, გარანტირებული ფულის პატრონი, მონოპოლისტი კომპანია, რომელმაც იცის, მომხმარებელს ალტერნატივა არ აქვს, ნებისმიერ შეცდომას პატიობს, ფასის ცვლილებასაც იტანს და არაფერს ითხოვს. ასეთი კომპანია მოძალადე ქმარს ჰგავს. სულ რომ ყვირის, უხასიათობით გშხამავს, ფეხი ფეხზე აქვს გადადებული არხეინად, იმის იმედით, რომ მეუღლე არსად წავა. ნუ იფიქრებთ, რომ ეს პოსტი ქალთა უფლებებზე სალაპარაკოდ გამოვიყენე, ჩემი სქესის წარმომადგენლებიც მიმართავენ მსგავს ხერხებს. მაგრამ შედეგი ერთია, ადრე თუ გვიან ასეთი ურთიერთობები ინგრევა, მიზეზი კი ხან კონკურენტის გამოჩენაა, ხანაც გადაღლა და ყველაფერზე უარის თქმა. მსგავსი კავშირი იძულებითია, დიდხანს რომც გაძლოს, ბედნიერებასა და იმ, ზემოხსენებულ ჰარმონიას მაინც არ მოიტანს.

 ჰარმონიული ურთიერთობები

ეს იმ მაგალითთა მცირე განხილვაა, ყოველდღე რომ ვაწყდებით. ნებისმიერ საქმეს, წამოწყებასა თუ გართობას თან ახლავს ურთიერთობების ჯაჭვი. მთელი ეს ფილოსოფია, სწორი ფორმები, ახალი გზები, გამორჩეულობა, პიროვნული თვისებები ჰარმონიის მიღწევაში გვეხმარება. დავუბრუნდეთ ისევ პიარს, ვფიქრობ, საქმე აბრევიატურაშია: ასეა, როცა სათქმელს კვეც, ზოგჯერ შინაარსსაც აცლი, “საზოგადოებასთან ურთიერთობა”-ს “სუ!”-დ გარდაქმნი და ყველაფერს აფუჭებ. ეს მეცნიერება და ხელოვნება ფანტაზიის გათავისუფლებას, უმართავი ვითარების მართვას, ზოგჯერ არაადეკვატურ ქცევასაც კი მოითხოვს.  სიყვარული, ერთგულება და სხვა პათეტიკური ცნებები აქაც ადგილზეა, როგორც ნებისმიერ კავშირში. ერთი სიტყვით (თუმცა ბევრად მეტი გამომივიდა), საზოგადოებასთან ურთიერთობა მთელი ხელოვნებაა, არ არსებობს ადამიანი, კომპანია თუ ორგანიზაცია, მიუხედავად ასაკისა, სქესისა თუ ინტერესებისა, ამ ხელოვნების დაუფლების გარეშე რომ შეძლოს ჰარმონიის მიღწევა.

Share Button