ბოლო 5 წელია სასტუმრო სფეროში ვმუშაობ, მანამდე კულტურის სამინისტროში ვცადე ბედი და კარგი გამოცდილების მიღების მიუხედავად, ზემოთხსენებული ჰოსპითალითი სფერო უფრო ჩემი აღმოჩნდა – რამოდენიმე დეპარტამენტი გამოვიცვალე და მხოლოდ ასე შევძელი უფრო სიღრმისეულად ამეთვისებინა მიმართულება, რომელიც ბევრისთვის მხოლოდ ღამის გასათევია. ყველა სამსახურში ვხედავდი PR-ში მოღვაწე გოგონებს, რომლებიც მუდმივად მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელებით იწონებდნენ თავს – ისე თითქოს ქორწილში პატარძლის მიერ ნასროლი თაიგული უნდა დაეჭირათ, მე თვითონ ამ სფეროში გამოცდილება ჯერ არ მქონია, მაგრამ მაინტერესებდა.
პიარსკოლაში პირველ დღეს მეც თამამად ჩავიცვი საუკეთესო მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი და ვეცადე მოვრგებოდი როლს, რომელიც საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიული ჩანდა. სწავლის დაწყებისთანავე ეტაპობრივად ჩამოვქვეითდი სპორტულ ფეხსაცმელზე და მივხვდი, რომ ქუსლის სიმაღლეში ან კაბის სიგრძეში სულაც არაა საქმე, რადგან თუ შენი მეხსიერება და გონება თევზისას გავს და 3 წამზე მეტხანს ინფორმაციას ვერ იმახსოვრებ მხოლოდ ესთეტიკური მხარე წარმატებას ვერ მოგიტანს. პიარ სფერო რეალურად ბევრ ცოდნას და შრომას მოითხოვს და მხოლოდ ვიზუალის იმედად ყოფნა არაფერს გვარგებს.
თბილისის პიარსკოლა არის ადგილი, სადაც მომღიმარი ლექტორები გვიზიარებენ წლების განმავლობაში დაგროვებულ შეუფასებელ ცოდნას და გამოცდილებას, რომელიც ჩვენთვის წარმატების მომტანი იქნება.