ყველაფერი აქედან იწყება
სკოლის დამამთავრებელ კლასებში ალბათ ძალიან ხშირია კითხვა – რა ფაკულტეტზე აბარებ? თუმცა 15-17 წლის ადამიანისთვის მაინც რთულია ამაზე ზუსტი და ჩამოყალიბებული პასუხი გასცე, მაგრამ ჩემი პასუხი ამ კითხვაზე ყოველთვის იყო – პიარზე! ჩემს ოჯახშიც ყველა განიხილავდა ამ საკითხს: ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რაზე და რომელ უნივერსიტეტში აბარებსო, არავინ აღიქვამდა სერიოზულად ჩემს პასუხს და მაინც სხვადასხვა პროფესიის ვარიანტებს მთავაზობდნენ, მაგრამ ჩემი პოზიცია მაინც არ იცვლებოდა.
არ ვიცი ჩემი ოჯახის მხრიდან ამ არასერიოზული დამოკიდებულების გამო თუ ჩემი გამბედაობის გამო, რატომღაც პიარზე მაინც არ ჩავაბარე და სხვა პროფესია ავირჩიე. უნივერსიტეტში სწავლების ოთხივე კურსზე ვცდილობდი თავისუფალ კრედიტებად მაინც ისეთი საგნები ამერჩია, რომლებიც პიარს შეეხებოდა, რათა უფრო მეტი რამ გამეგო ჩემი საოცნებო პროფესიის შესახებ. ერთ მშვენიერ დღეს სოციალურ ქსელში პიარსკოლის ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის მსგავსი ბლოგპოსტი ამომიგდო და მივხვდი რომ ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი. კურსისთვის გაზაფხულზე დავრეგისტრირდი, სწავლა კი სექტემბერში იწყებოდა, მახსოვს ამ 4 თვის განმავლობაში ყველას ძალიან ბედნიერი ვეუბნებოდი სექტემბრიდან პიარსკოლაში ვიწყებ სწავლასთქო და პირველად ცხოვრებაში სულმოუთქმელად ველოდებოდი როდის გავიდოდა წლის ჩემთვის ყველაზე საყვარელი სეზონი, რომ 16 სექტემბერი მალე მოსულიყო.
პირველ დღეს ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა ლექტორებისა და ჯგუფელების უშუალობამ, საინტერესო ლექციებმა ნერვიულობა გადაფარა, კიდევ უფრო მომანდომა რაც შეიძლება უფრო სიღრმისეულად შემესწავლა ეს სფერო, რომელიც არც ისეთი ადვილი და დავარცხნილი ყოფილა, როგორც გარედან ჩანდა. ამაში თითოეული ლექტორის გამოცდილების გაზიარებით დავრწმუნდი, რომლებიც გამუდმებით გვიმეორებდნენ, რომ პიარი მოითხოვს უდიდეს შრომას, რომელიც შეიძლება ხშირად არ დაგიფასდეს, მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ამ სიტყვებშიც კი ისეთი დიდი სიყვარული და პატივისცემა იგრძნობოდა მათი პროფესიის მიმართ, რომ ყველაფერს გავიწყებდა და უფრო დიდ სურვილს გიჩენდა, რომ ამ რთულ და სტრესულ თავგადასავალში შენც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ყოფილიყავი.
თითოეული ლექცია თავისი ახალი ლექტორითა და საგნით ახალ გამოცდილებას გიზიარებს და ღრმა ცოდნას გაძლევს.
პიარსკოლამ ოცნება ამიხდინა და იმ გზის გაკვლევაში დამეხმარა, რომელსაც დიდი ხანია ვცდილობ. მასწავლა ამ პროფესიის სიღრმეები და ამავდროულად პრაქტიკაშიც გამომაცდევინა, სხვა მიმართულებით სვლა დამაწყებინა, რომელიც დარწმუნებული ვარ სწორ დანიშნულების ადგილამდე მიმიყვანს.