ინტერვიუ დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერ ნუცა გედევანიშვილთან.
-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?
ჩემი პირველადი განათლება ბაკალავრიატში იყო დიპლომატია და საერთაშორისო ურთიერთობები. საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით საქმიანობის დაწყება იმ მომენტისთვის სპონტანური
იყო. სამსახურის პარალელურად ჩავაბარე და ავიღე მედია კომუნიკაციის მიმართულებით მაგისტრის ხარისხი.
კარიერაზე სიმართლე გითხრათ არ ვფიქრობ, ეს საქმიანობა ჩემთვის ძალიან საინტერესოა.
-რა არის საჭირო საზოგადოებასთან, წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?
პირველ რიგში, აქტივობის დაგეგმვა, რომლის დროსაც აუცილებლად ვითვალისწინებ – არსებულ რეალობას, საზოგადოების განწყობას და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ სიახლე ადამიანებისთვის იყოს მნიშვნელოვანი და პოზიტიური .
-3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მათ, ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.
პირველი – აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი საქმე და მოგწონდეს, რასაც აკეთებ.
მეორე – ფლობდე სრულ ინფორმაციას საკითხის გარშემო.
მესამე – მთავარია კარგად იცოდე საზოგადოების განწყობა და ითვალისწინებდე მათ ინტერესს.
-რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?
ახლა რომ ვიწყებდე ამ სფეროში საქმიანობას, კარგი იქნებოდა მცოდნოდა მარკეტინგის საფუძვლები.
–როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?
ჩვენი სამსახური „სსსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფი ზედამხედველობის სამსახური“ სულ რამდენიმე წელია რაც შეიქმნა. სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს, რათა ქვეყანა უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპულ სადაზღვევო სტანდარტებს. ძალიან ბევრი სიახლეა, ამიტომაც არც ერთი სამუშაო კვირა არ გავს ერთმანეთს, მაგრამ ყოველი კვირა საინტერესოა.
-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?
ჩვენს ტექნოლოგიურად განვითარებულ დროში მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიება არ წარმოადგენს სირთულეს და რა თქმა უნდა, პირადი კონტაქტები.
-როგორ იწყებთ სამუშაო დღეს?
სიახლეების გაცნობით, როგორც ჩემს სფეროში, ასევე ქვეყანაში. საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით.
-რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?
კომუნიკაციის უნარი, ღიაობა, ყველა კატეგორიის ადამიანებთან ურთიერთობა. ამაში იგულისხმება, როგორც მედია, ასევე ჩემი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე მომხმარებლებთან კონტაქტი და მათი ინტერესის დაკმაყოფილება.
-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?
გუნდურობას, პასუხისმგებლობას, ერთი მიზნისკენ და საერთო საქმის წარმატებისკენ სწრაფვას.
-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა, რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?
პირდაპირ კომუნიკაციას და ურთიერთობებს ვერანაირი ტექნოლოგია ვერ შეცვლის.
-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?
ბოლო წლებია ბევრი ინოვაციაა – სოციალური ქსელის, ონლაინ ვიდეობის, ბლოგების და ფორუმების მეშვეობით ხდება ბევრი პიარ აქტივობები. განვითარება ძალიან სწრაფად ხდება, რადგან 21-ე საუკუნე უამრავი სიახლით არის საინტერესო, ამიტომაც პიარიც მუდმივ განვითარებაშია.