სტარტაპ-სტატუსის გამარჯვებული MUZA და თინა დონაძის გამოცდილება

სტარტაპ-სტატუსის გამარჯვებული MUZA და თინა დონაძის გამოცდილება

ხშირად გვესმის, რომ ახალი თაობა ტექნოლოგიებმა დააშორა ისტორიასა და კულტურას, გვინდა სწორედ ტექნოლოგიების დახმარებით აღვადგინოთ ეს კავშირი.

MUZA აპლიკაციაა, რომელიც მუზეუმში ვიზიტს თამაშად აქცევს. გუნდში სამნი ვართ, მე, ქეთა ჩიღვინაძე და სალომე ნაფეტვარიძე. მალე, მუზეუმში სტუმრობა მეტად სახალისო და შემეცნებითი გახდება, განსაკუთრებით კი ბავშვებისთვის. სხვადასხვა სივრცესა და ექსპონატებზე მორგებული მისიები, გუნდური თამაში და ინტერაქცია მუზეუმში მიღებული ინფორმაციის დამახსოვრებას ამარტივებს. აპლიკაციას ექნება ისეთი ფუნქციები, როგორიცაა, სიჩქარის კონტროლი, რაც გარანტიას გვაძლევს, რომ ჩვენი მოთამაშეები დანარჩენი დამთვალიერებლებისთვის ‘შეუმჩნევლები იქნებიან. თამაშის ბოლოს კი ვიზიტორი კითხვარს ავსებს, რომ მიღებული ცოდნა გაამყაროს და გამოცადოს.

იდეამ რამდენიმე დემო დღე და კონკურსი გაიარა. MIT-ს გლობალურ სტარტაპ ლაბს, რეგიონში პირველად, ჩვენმა უნივერსიტეტმა BTU-მ უმასპინძლა. პროექტის ფინალურ დღეს Silknet-ის ფულადი პრიზი 10,000 ლარი მოვიგეთ. ამ თანხით აპლიკაციის საცდელ ვერსიაზე ვიმუშავეთ, რომელსაც მალე ვაჩვენებთ მომხმარებელს. ცოტა ხნის წინ BTU-ს სტარტაპ-სტატუსი მოგვენიჭა, რაც კიდევ უფრო დააჩქარებს პროდუქტის ბაზარზე ჩაშვებას.

პროექტზე მუშაობისას ბევრი ადამიანის აზრს ვითვალისწინებთ. ფსიქოლოგები, მასწავლებლები, ისტორიკოსები, მუზეუმის გუნდის წევრები გვეხმარებიან, რომ აპლიკაცია გამართული იყოს და სხვადასხვა ადამიანის ინტერესებს მოვარგოთ.

ჩემი ძირითადი ყოველდღიური საქმიანობა და როლი MUZA-ს გუნდში მარკეტინგულ კომუნიკაციებს უკავშირდება. ამ მიმართულებით თეორიული და პრაქტიკული ცოდნა პიარსკოლაში მივიღე, რაც ყოველ ეტაპზე მეხმარება. დღემდე ხშირად ვუბრუნდები ლექტორებს და მენტორებს სხვადასხვა რჩევისთვის. მიხარია, რომ ეს გუნდი გავიცანი და სამთვიანმა გამოცდილებამ ბევრი რამ მასწავლა.