fbpx

როგორ გავაკეთოთ ლიმონათი, თუ ლიმონი არ გვაქვს

როგორ გავაკეთოთ ლიმონათი, თუ ლიმონი არ გვაქვს

ისე გამოვიდა, რომ პიარისა და არტ მენეჯმენტის – ორ თავბრუდამხვევად საინტერესო სფეროს – მიჯნაზე მიწევს მუშაობა. და გეტყვით, პირველი – #culturematters და მეორე – კრეატიულობა სულაც არ არის ის, რასაც უმეტესობა მიიჩნევს.

2016 წელს ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში, ისევე როგორც ხუთ სხვა ქვეყანაში, რამდენიმე ათეული განსხვავებული დონისა და გამოცდილების მქონე ხელოვნებასთან დაკავშირებული სპეციალისტი შეირჩა, რომლებმაც ორწლიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა გაიარეს. მეც მათ რიცხვში მოვხვდი. დღეს, უკვე სტუდენტებს უნდა მოვუყვე, რა არის პიარი და რა არის კრეატიულობა, და რატომ ჭირდებიან ისინი ერთმანეთს.

დავიყწოთ იმით, რომ პიარი კრეატიული ინდუსტრიის ნაწილია. შემოქმედებითი საქართველოს კლასიფიკაციის თანახმად, 13 ქვედარგიდან ერთ-ერთი რეკლამაა, რომელშიც შედის: სარეკლამო სააგენტოების მომსახურება, საზოგადოებასთან ურთიერთობა, კომუნიკაცია, სარეკლამო პროდუქციის წარმოება, მედია რეპრეზენტაცია, საკონსულტაციო საქმიანობა.

ამგვარად, ჩვენ – პიარის ხალხი, ამ უზარმაზარი ოკეანეს პატარა (თუ დიდ) კუნძულებს წარმოვადგენთ.

მაგრამ რა არის ამ შემთხვევაში კრეატიული ინდუსტრია?

კულტურის სტრატეგია 2025-ის განმარტებას დავესეხები.

„შემოქმედებთი ინდუსტრიები – სექტორი, რომელიც ახორციელებს მხატვრული და შემოქმედებითი ხასიათის პროდუქტისა და მომსახურების წარმოებასა და გავრცელებას, განურჩევლად მათი კომერციული ღირებულებისა, და სხვადასხვა ინდუსტრიულ საქმიანობას, რომელიც შემოქმედებით და მხატვრულ ძალისხმევას ემყარება, ან/და იყენებს კულტურას, როგორც რესურსს ინდუსტრიული პროდუქტის შექმნაში“.

უკვე გასაგები ხდება, თუ რატომაა კრეატიულობის ცნება ჩვენთან ასე ახლოს. კიდევ ერთ მოსაზრებას მოვიყვან.

კრეატიული მარკეტინგის გურუს, დევიდ პერიშის წიგნს ეწოდება „მაისურები და პიჯაკები. შემოქმედებითი ბიზნეს გზამკვლევი“. და აი რატომაც.

„ჩემი ღრმა რწმენით, ყველაზე აღმაფრთოვანებელი შემოქმედება ის ალქიმიაა, რომელიც ერთმანეთში აზავებს ერთი შეხედვით შეუთავსებელ ინგრედიენტებს – იმას, რასაც ხშირად „ხელოვნებასა“ და „მეცნიერებას“ ვუწოდებთ: აღიარება, რომ ისინი სრულიადაც არ არიან საპირისპირონი და არ ვართ იძულებულნი, ავარჩიოთ მათგან ან ერთი, ან მეორე, არ არსებობს ასეთი ბინარული დაპორისპირება, არამედ ესაა ერთი მთლიანის ინი და იანი“.

მოდით გულწრფელად ვთქვათ, უმეტესობას კრეატიულობა დღემდე მხოლოდ კულტურასთან დაკავშირებული რამ ჰგონია.

სინამდვილეში, კრეატიულობას მეცნიერული ახსნა აქვს. ამ თემის ერთ-ერთი ფუძემდებელი, მიჰაი ჩიქსენტმიჰაი გამოყოფს სისტემების მოდელს. ის სამი დონისგან შედგება. პირველია დარგი. ის სიმბოლური წესებისა და პროცედურების ნაკრებისგან შედგება. ჩვენს შემთხვევაში დარგად კრეატიული ინდუსტრია შეიძლება ჩაითვალოს. მეორე დონეა სფერო, რომელიც „ყველა იმ ინდივიდს აერთიანებს, რომელიც კი მის სადარაჯოზე დგას“. ჩვენი სფერო კომუნიკაციებია, სტრატეგიული კომუნიკაციები, ან, გნებავთ ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები.

მესამე დონეს კი პიროვნება წარმოადგენს. რიგითი პიარის სპეციალისტი, მე, თქვენ, ნებისმიერი ჩვენი კოლეგა.

ჩიქსენტმიჰაი დასძენს: „კრეატიულობის აქტი მაშინ ხდება, როცა პიროვნება დარგის სიმბოლოების მეშვეობით ახალ იდეას ქმნის, ახალ მოდელს ხედავს და შესაბამისი სფეროს ექსპერტები ამ სიახლის მის შესაფერის დარგში ჩართვას გადაწყვეტენ“.

ეს მეცნიერული მიდგომაა.

კრეატული კომუნიკაცია

იმედია, ცოტა მაინც დაგარწმუნეთ, რომ სტრატეგიული კომუნიკაცია კრეატიული უნდა იყოს. კიდევ უფრო რომ დაგარწმუნოთ, კრეატიულობის 10 ყველაზე ცნობილ განმარტებას მოვიყვან:

  1. კრეატიულობა განსხვავებულობის სურვილია!
  2. კრეატიულობა აძლევს ადამიანს საშუალებას იბრწყინოს, თავად თუ კოლექტიურად
  3. კრეატიულობა არის ისეთი რამ, რაც არ ისწავლება
  4. თანხვედრაში მოსული ორი იდეაა, რითაც სიახლე იქმნება
  5. კრატიულობა თქვენს გონებას თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.
  6. რაღაცის ისევ და ისევ გაკეთებაა, სანამ ამ რამეს განსხვავებულად არ აქცევ
  7. კრეატიულობა ნიშნავს გჯეროდეს საკუთარი ინსტინქტების, რათა შექმნა რაღაც განსხვავებული, ამაღელვებელი და ფასეული
  8. მიუსადაგო წესები სიტუაციას
  9. კრატიულობა არის შესაძლებლობა თავისუფლად გამოხატო შენი თავი ისე, რომ ფრთები არ მოგეჭრას.
  10. კრატიულობა რაღაც ისეთია, რაც ზოგიერთებს თანდაყოლილი აქვთ, დანარჩნებს კი უბრალოდ არ გააჩნიათ.

მე კიდევ ერთს დავამატებდი. შემოქმედობითობა პიარში გამბედაობას მოითხოვს, დიდ სიყვარულს და ზოგჯერ იმაზე მეტის გადალახვას, ვიდრე თავად წარმოგედგინა.

კრეატიულობა, როგორც პიარ-ინსტრუმენტი, ყველას სჭირდება. არა აქვს მნიშვნელობა – სპექტაკლის პრემიერას აპიარებ თუ მეტალურგიულ ქარხანას. ვიცი, ზოგიერთი კოლეგა არ დამეთანხმება, და იტყვის, რომ პიარი სტრუქტურასა და სტრატეგიაზე დგას. მაგრამ რუტინას რა ვუყოთ?

შემატეთ თქვენს საყვარელ საქმეს ცოტაოდენი ჯადოსნურობა. შექმენით თქვენი პირადი შუქურა.

Share Button