fbpx

პაატა ლაგვილავა: „კრეატიულობაა ის, რასაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის“

პაატა ლაგვილავა: „კრეატიულობაა ის, რასაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის“

ინტერვიუ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს პაატა ლაგვილავასთან

-რატომ გადაწყვიტეთ ამ სფეროში საქმიანობა და რა შესაძლებლობებს იძლევა, პიარი კარიერული ზრდის თვალსაზრისით?

თითქმის ათი წელი აქტიურ ჟურნალისტიკაში ვიყავი, გაზეთებში, ინტერნეტგამოცემებში, ტელევიზიებში. 2014 წელს იყო შემოთავაზება გუბერნატორის ადმინისტრაციისგან, რომ წავსულიყავი მათთან პრესსამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ამაზე ძალიან ბევრი ვიფიქრე, ადვილი ნამდვილად არ იყო. სფეროები თითქმის ერთმანეთს გავს, მაგრამ ძალიან ბევრი სხვაობაა, თუმცა ჟურანლისტურმა გამოცდილებამ, რეგიონის საჭიროებების, პრობლემების ცოდნამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი. თავიდან, ვფიქრობდი, რომ ეს დროებითი იქნებოდა, მაგრამ ახლა ვამბობ, რომ პიარი ჩემთვის ახალი შესაძლებლობაა – მუდმივი ძიების და განვითარებისთვის. ეს სფერო ძალიან მომწონს.

-რა არის საჭირო საზოგადოებასთან წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად?

წარმატებული კომუნიკაციის ჩამოსაყალიბებლად, პირველ რიგში, საჭიროა, ურთიერთობის უნარი, ცოდნა, გამოცდილება. უნდა იყოს ნდობა, რომლის მოპოვებაც ადვილი არ არის. ნდობის მოპოვებისა და განმტკიცებისთვის, აუცილებელია კოპლექსური მუშაობა, უმნიშვნელო ტყუილიც კი არ უნდა გაიპაროს, უმნიშვნელო გულგრილობა არ უნდა მოხდეს, კრიზისების დროს საზოგადოების ინფორირებულობა უნდა იყოს მაქსიმალური. აუცილებელია, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. დღეში რამდენიმე შეტყობინება შემოდის ჩვენს ოფიციალურ გვერდებზე, რაზეც დროულ რეაგირებას ვახდენთ. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მისწეროს, თავის პრობლემაზე ესაუბროს და ჰქონდეს კომუნიკაცია მაშინ, როცა სურს.

მიმაჩნია, რომ საზოგადოებასთან სწორი და წარმატებული კომუნიცაციის მისაღწევად, აუცილებელია, ვიცოდეთ რა გვინდა, რისი მიწოდება გვინდა, რა სეგმენტმა უნდა მიიღოს ეს ინფორმაცია. წარმატებული კომუნიკაციისთვის, ასევე აუცილებელია – უშუალობა, სიმარტივე და კრეატივი, რომელიც დასამახსოვრებელს და განსხვავებულს გახდის ჩვენს ხაზს.

-3 რჩევა, რომელსაც მისცდემდით მას ვისაც ამ სფეროში მოღვაწეობა სურს.

პირველი და უმთავრესი, ეს არის მაქსიმალურის ჩადება იმ საქმეში, რასაც აკეთებთ. არ უნდა არსებობდეს სიტყვები: დღეს იყოს, მოვისტუმრებ, გადავაგორებ, ეს არ შემიძლია, ეს დღე როდის ჩაძაღლდება. ჩვენს სფეროში არ არსებობს კონკრეტული დრო და გრაფიკი. უნდა გვიყვარდეს და გვიხაროდეს  ის საქმე, რომელსაც ვაკეთებთ!

მეორე: უნდა იცოდეთ მიზანი, ძირფესვიანად უნდა იცნობდეთ სეგმენტს, არასდროს უნდა გაართულოთ სათქმელი და მისი გადმოცემის გზები.

მესამე და უმთავრესი, კრიზისების მართვის და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარის ქონაა, ასეთ დროს რეაგირება უნდა იყოს დროული და სწორად შერჩეული.

-რის ცოდნის ქონას ისურვებდით კარიერის დაწყებამდე პიარის სფეროში?

დასაწყისშივე მსურდა, მცოდნოდა კრიზისების და კონფლიქტების მოგვარების და რეაგირების ხელოვნება. როდესაც წავედი ამ სფეროში, მით უმეტეს საჯარო სამსახურში, ვიფიქრე, რომ პირველი, რაც დამჭირდებოდა კრიზისებზე და კონფლიქტებზე რაგირება იქნებოდა, რაც მერწმუნეთ, ადვილი ნამდვილად არა არის. თუმცა ალღო მალევე ავუღე, ძალიან ბევრი მასალა მოვიძიე, შევისწავლე და შესაბამისი განათლებაც მივიღე. თუმცა, სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.

როგორია თქვენი ტიპიური სამუშაო კვირა?

ზოგადად არ მიყვარს სამსახური, რომელიც ერთგვაროვანია, ამიტომაც მიყვარდა ჟურნალისტიკა და ამიტომაც ვარ ახლა დაკავებული პიარით. ჩვენი საქმიანობის არცერთი დღე, არცერთი კვირა არ გავს ერთმანეთს. მუდმივად ახალი გამოწვევებია, ახალი საკითხებია, ახალი გეგმებია. არასდროს არ გავს ერთი დღე მეორეს, რიტმი არსებობს, მოსასწრებია, საჩქაროა, რაც არ გაძლევს მოდუნების საშუალებას. ამიტომაც მიყვარს ეს პროფესია. კვირა, რა თქმა უნდა, იწყება მედიაგეგმების გადანაწილებით, განხილვებით. ყოველ პარასკევს ვადგენთ შემდეგი კვირის მედიაგეგმას, რომელიც აგებულია, როგორც გუბერნტატორის ადმინისტრაციის, ასევე ჩვენთან შემავალი მუნიციპალიტეტების აქტივობებზე. ამის მიხედვით ხდება ღონისძიებების მომზადება, ანონსების, მასალების მედიისთვის მიწოდება, საზოგადოებამდე მიტანა. თუმცა ძალიან ბევრია დაუგეგმავი ღონისძიებები, რომელზეც მეტი სამუშაოა, რადგან ფორსმაჟორულად ხდება მომზადება.

კვირის განმავლობაში ასევე ვამუშავებთ სხვადასხვა მიმართულებებს, ეს არის სოციალური მედიის სეგმენტი, გამოხმაურებები, მათზე მუშაობა, საკითხების დამუშავება და ასე შემდეგ.

-რა გზები მიგაჩნიათ საუკეთესოდ კონტაქტების და წყაროების მოსაპოვებლად?

პირველ რიგში, უმთავრესია ადამიანური ურთიერთობები, დიპლომატიური მიდგომები, ნდობის ფაქტორის ჩამოყალიბება, საქმიანი ურთიერთობების სწორად წარმართვა. პირადად მე, კონტაქტების და წყაროების პრობლემა არ მქონია, რადგან წლების განმავლობაში მედიაში ვმუშაობდი და კონტაქტების და წყაროების წრე საკმაოდ გაფართოებული მქონდა. ვცდილობ, ეს წრე მუდმივად გავზარდო. მეტი კონტაქტი ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს.

რა უნარებია საჭირო წარმატებული პიარ მენეჯერისთვის?

უნდა იყოს კრეატიული, ლიდერი, დიპლომატი, გუნდური მოთამაშე, უნდა ჰქონდეს კრიზისების მართვის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი.

-რა თვისებებს აფასებთ ადამიანებში, სამუშაო გარემოში?

პირველ რიგში, უმთავრესია პასუხისმგებლობა. თუ პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა არ არსებობს, საქმე არასდროს კეთდება ხარისხიანად. ასევე აუცილებელია, იმ საქმის სიყვარული, რასაც ვაკეთებთ, თუ ადამიანს ეს არ აქვს, მაშინ არასდროს მიდის აუდიტორიამდე ის სათქმელი, რისი მიტანაც ჩვენ გვინდა. ვაფასებ გადაწყვეტილებების დროულად მიღების უნარს, ჩვენი სფერო ისეთია, რომ ძალიან ხშირად ფორსმაჟორულ ვითარებაში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება, ბევრი ფიქრის დრო არა არის, ყოველი წუთი მნიშვნელოვანია, ასეთ დროს კი უმნიშვნელოვანესია სწორი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. ვაფასებ გუნდურ მოთამაშეებს, მითუმეტეს პიარში, სადაც მეტი აზრი, მეტი მსჯელობა უკეთეს შედეგს დებს.

-რა არის საუკეთესო პიარ პრაქტიკა რომელსაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის?

ჩემი აზრით, კრეატიულობაა ის, რასაც ტექნოლოგია ვერ შეცვლის, თუმცა ტექნოლოგიის დახმარებით მისი გაფართოების საშუალებები დღითიდღე იზრდება.

-რა ტრენდები და ინოვაციები იკვეთება საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში?

ინფორმაცია დამოკლდა, არავის სცალია იმისთვის რომ უზარმაზარი მასალა იკითხოს, ამიტომაც აუცილებელი გახდა მიწოდებული მასალა იყოს მოკლე, ლაკონური, ამომწურავი. წინ წამოიწია ვიზუალურმა მხარემ. მიწოდებული ვიზუალი, დიდი ხანია უკვე გასცდა მხოლოდ ფოტო და ვიდეო კადრებს. საჭირო გახდა მისი გაცოცხლება, გახალისება. ეს სფერო დინამიურია, მუდმივად ვითარდება და ის, რაც დღეს ტრენდულია შესაძლოა ერთ თვეში უკვე სხვა საფეხურზე იყოს.

Share Button