ნინი ხუროძე: „ყველაზე დიდი დისკომფორტი ბაზარზე, რიგ სფეროებში, პროფესიონალების ნაკლებობაა“

ნინი ხუროძე: „ყველაზე დიდი დისკომფორტი ბაზარზე, რიგ სფეროებში, პროფესიონალების ნაკლებობაა“

ინტერვიუ ფიტნესის საერთაშორისო ბრენდ  WorldClass-ის  მარკეტინგის და გაყიდვების დირექტორ ნინი ხუროძესთან

თქვენი პირველი წარმატება?

პირველი წარმატება, ჩემს მეორე და ძალიან საინტერესო სამსახურს უკავშირდება. ეს იყო ჩემი პირველი დამოუკიდებელი პროექტი, რომელზეც ვიმუშავე გიორგი პოპიაშვილთან და ირაკლი თოფურიასთან ერთად – ახალი ბრენდის ‘Pay Box’-ის შექმნა, რომელიც დღემდე საკმაოდ წარმატებით აგრძელებს მუშაობას და საინტერესოა, რომ სწორედ ისე ჩამოყალიბდა მომხმარებლის აღქმაში, როგორც მრავალი წლის წინ გვქონდა ჩაფიქრებული – დღეს მომხმარებელი თვითმომსახურების სხვადასხვა ბრენდების ტერმინალებს ‘Pay Box’-ს უწოდებს.

-თქვენს მიერ განხორციელებული პროექტი, რომლითაც დღემდე ამაყობთ?

ასეთი რამდენიმეა, თუმცა გამოვარჩევ საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია ‘იმედი ელ’-ში მუშაობის პერიოდს, როდესაც შეუდარებელ და არაჩვეულებრივ გუნდთან ერთად შევქმენით ახალი სადაზღვევო პროდუქტები და პროექტები, რომელიც დღემდე ინარჩუნებენ საუკეთესოს ტიტულს.

თუ არის ისეთი სფერო, სადაც ვერსადროს ვერ იმუშავებდით

გამოუვალ სიტუაციაში, მგონია, რომ ყველა ჩვენგანი ვალდებულია ნებისმიერი სფეროს საქმეს მოეჭიდოს. მადლობელი ვარ, რომ მსგავსი სიტუაცია არ მქონია და დღეს ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ თქვენს სფეროში ადამიანი იყოს წარმატებული. გარდა ცოდნისა, განსაკუთრებული თვისებები თუ არის საჭირო.

ჩვენს სფეროში წარმატების მისაღწევად პროფესიონალიზმთან და შრომისმოყვარებასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია გიყვარდეს ეს საქმე, ემოციური კავშირის გარეშე არაფერი გამოგივა. კრეატიულობა, ადამიანებთან კომუნიკაციის სიყვარული და ის, რასაც ვერასდროს ისწავლი – შინაგანი კულტურა და გემოვნება – ეს ფაქტორები გადამწყვეტია.

-დღეს საქართველოში შესაძლებელია თუ არა პიარის კარგად სწავლა, თუ მაინც საერთაშორისო ცოდნა და გამოცდილებაა აუცილებელი?

შეუძლებელი არაფერია, საქართველოში ძალიან ბევრი საინეტერესო სპეციალისტი გვყავს ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილებით, ჩემი აზრით, პირველ რიგში, მონდომება, ნიჭი და გამართლებაა საჭირო.

-რამდენად ადვილად შეგიძლიათ კრიზისული სიტუაციის განმუხტვა და გადაწყვეტილების მიღება? მოქმედებს თუ არა მსგავსი შემთხვევა საქმის ხარისხზე?

კრიზისული სიტუაციის მართვა ვისწავლე ლიბერთი ბანკში მუშაობის პერიოდში, სადაც ასეთი ტიპის მუშაობა თითქმის ჩვეული, ყოველდღიური რეჟიმი იყო. ასეთ სიტუაციაში ყველაზე მთავარია ნერვებმა არ გიმტყუნოს და შესრულებული სამუშაოს ხარისხის დაცვაზე იზრუნო.

-საინტერესო ეპიზოდი თქვენი ცხოვრებდან (საქმიანი), რომელმაც შეცვალა თქვენი ცხოვრება?

ზოგადად ჩემი საქმიანი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა ლადო გურგენიძესთან მუშაობამ, ეს იყო საწყის ეტაპზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ხოლო შემდგომ პერიოდში გამოცდილება, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა ჩემში.

-რომ არა ეს პროფესია, ვინ იქნებოდით, სად ხედავთ საკუთარ თავს?

სიამოვნებით ვიმუშავებდი გრაფიკული დიზაინის სფეროში, ვთვლი რომ დიზაინერები ყველაზე საინტერესო ადამიანიები არიან. ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ჩემი მეგობრების სიაში უნიჭიერესი და უკვე საკმაოდ წარმატებული არტ დირექტორები არიან, რომლებიც მუშაობენ როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზრებზე, უკვე არაერთი აღიარება მოიპოვეს და ფაქტიურად ჩვენი ქვეყნის ამბასადორები არიან. სიამოვნებით გავიზიარებდი მათ ნიჭს და ამ სფეროში ვიმუშავებდი.

-რა არის თქვენი, როგორც საქმიანი ადამიანის ძლიერი მხარე და თვისებები?

ჩემს მიერ გამოვლილმა გამოცდილებამ შემძინა ბევრი. საშუალება მომცა, მემუშავა საკუთარ ძლიერ და სუსტ თვისებებზე. ერთ-ერთ ძლიერ მხარედ ვთვლი სწორედ ამ გამოცდილებას, ამიტომ ყოველთვის ინტერესით ვეკიდები ახალ საქმეებს და გამოწვევებს.

-რა არის ის, რომელიც მუშაობაში ყველაზე დიდ დისკომფორტს გიქმნით?

ყველაზე დიდი დისკომფორტი ბაზარზე, რიგ სფეროებში, პროფესიონალების ნაკლებობა და ქართველი ხალხის მენტალობიდან გამომდინარე, სამუშაოს შესრულების პერმანენტული დაგვიანებაა.

სად ხედავთ თქვენს თავს 20 წლის შემდეგ?

20 წლის შემდეგ სიამოვნებით ავიღებდი კუთვნილ, გრძელვადიან შვებულებას მალდივების რომელიმე კუნძულზე.

Share Button