ნიკა ქამუშაძე : „მედია საშუალების არჩევის პროცესში დიდ ყურადღებას მათ ოპერატიულობას ვაქცევ„

ნიკა ქამუშაძე : „მედია საშუალების არჩევის პროცესში დიდ ყურადღებას მათ ოპერატიულობას ვაქცევ„

ინტერვიუ  სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნიკა ქამუშაძესთან

-რომელი პიარ კომპანიები შთაგაგონებენ?

გლობალური პიარ სააგენტოებიდან, ალბათ როგორც უმეტესობა ამ დარგში მომუშავე ადამიანებისთვის, ჩემთვისაც მისაბაძი ამერიკული პიარ სააგენტოები არიან, რომლებიც მსოფლიო მნიშვნელობის ბრენდებთან მუშაობენ. განსაკუთრებით  გამოვყოფდი მარკეტინგული კომუნიკაციების სააგენტო „edelman”-ს, სხვათაშორის ისინი „holmes”-მა გასული წლის “2016 Global Agency of the Year” დაასახელა. აღსანიშნავია, მათი 60 წელზე მეტი დროის განმავლობაში დაგროვილი  გამოცდილება და კრეატივი, რომელიც ძალიან ბევრი გიგანტი ბრენდის პრომოუშენს, დაცვას და რეპუტაციას მოიცავს. “Edelman”-ის ნდობის ბარომეტრი  ყოველთვის  მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, რაც დიდი კონკურენციის ფონზე მათ უპირატესობას ანიჭებს.

-რომელ მედია საშუალებებს ადევნებთ თვალყურს ყოველდღიურად?

ჩემთვის საჭირო ინფორმაციას განსაზღვრული პრიორიტეტების მიხედვით ვყოფ, რომელიც პირველ რიგში, ჩემი ორგანიზაციის საქმიანობის დარგიდან გამომდინარეობს და ძირითადად ბიზნესს ეხება. შემდეგ ვახდენ ამ მიმართულებით აქტიური მედია საშუალებების იდენტიფიცირებას და ვხდები მათი საკომუნიკაციო არხების აქტიური მომხმარებელი. მედია მონიტორინგისთვის ასევე ვიყენებ პროგრამულ უზრუნველყოფას, თუმცა ხშირად ინფორმაცია დაგვიანებით იტვირთება და მარტო მაგის იმედად ყოფნას არავის ვურჩევ. მედია საშუალების არჩევის  პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ ოპერატიულობას, რომელიც ჩემს საქმიანობაში უმნიშვნელოვანესია.

-რა განსხვავებაა პიარსა და რეკლამას შორის?

კარგია რომ  განსხვავებაზე ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ბევრ ბიზნესს საქართველოში ჰგონია რომ პიარი და რეკლამა ერთი და იგივეა. პიარით დავიწყებ და გეტყვით, რომ  პიარი არის სტრატეიგული კომუნიკაციის პროცესის შემადგენელი ნაწილი, რომელმაც უნდა შექმნას ორმხრივი, მომგებიანი ურთიერთობა ორგანიზაციასა და მომხმარებელს შორის. პიარი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ამყარებ კომუნიკაციას შენს აუდიენციასთან და მიგაქვს მთავარი მესიჯები. მაშინ, როდესაც რეკლამაში  ფულს ვიხდით, პიარის კეთება ხშირად უფასოდ შეიძლება და ამისთვის მე პირადად მენიუში მაქვს პრესს-რელიზები, პრესს-კომფერენციები, ბრიფინგები, საეთერო დრო და ა.შ. სამაგიეროდ რეკლამის დროს, როდესაც ფულს, იხდი  განთავსებაში, შეგიძლია აკონტროლო კონტენტი, მომხმარებლის ჩართულობა და პროცესი გარკვეული მარკეტინგული მეტრიკებით შეაფასო.

განსხვავებებია ასევე ცნობიერებაში, რეკლამის დროს მომხმარებელმა იცის რომ ჩვენ ამაში ფული გვაქვს გადახდილი და ვცდილობთ პროდუქტი/სერვისი მივყიდოთ, ხოლო პიარის დროს შეიძლება ინფორმაცია მომხმარებლამდე მესამე მხარის მეშვეობით მივიდეს და უფრო დიდი დასხივება ქონდეს.

-თქვენი კარიერის განმავლობაში რომელი მედია განთავსებებით ამაყობთ?

სიამაყე ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა ამ მიმართულებით ნამდვილად ყოფილა წარმატებები, რომელიც კონკრეტულ შედეგებში/ციფრებში გამოიხატა.

2016 წელს, წარმატებული ტურისტული სეზონი და მზარდი ტურისტული ნაკადების ტრენდი გახდა ინსპირაცია გაგვეკეთებინა პროდუქტი, რომელიც გულისხმობდა ინვესტორებისთვის, სასტუმრო-ინფრასტრუქტურის  მშენებლობის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა მახასიათებლების  სახელმწიფო ქონების შეთავაზებას. ვფიქრობ გუნდთან ერთად შევიმუშავეთ ეფექტური კომუნიკაციის გეგმა, სადაც ძირითადი აქცენტი პიარზე გაკეთდა. პროდუქტის ჩაშვებიდან ერთი წელიც არ გასულა და უკვე ათეულობით მილიონი ლარის ინვესტიციას ველოდებით.

-როგორ ახდენთ სოციალური მედიისა და პიარის ინტეგრაციას?

არ მეგულება ჟურნალისტი, რომელიც სოციალური ქსელის მომხმარებელი არ იყოს, შესაბამისად რელიზის გაგზავნას და იმის ლოდინს, თუ რომელი სააგენტო როდის დაწერს შენზე, ზოგჯერ ჯობია  ორგანიზაციის ფეისბუქზე ან ტვიტერზე შენით დაწერო და თუ კონტენტი კარგია, მას აუცილებლად წაიღებენ. ჩვენი ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე ამ ნაწილში კარგად მუშაობს სოციალური პროექტების  და სხვა ექსკლუზიური ინფორმაციის განთავსება.

როგორ დაახასიათებთ თქვენი სამუშაოს შედეგებს?

ვცდილობ, ჩემი საქმიანობა სინქრონში იყოს ორგანიზაციის მიზნებთან და ამის მიხედვით, ჩემს გუნდთან ერთად, ვგეგმავ მარკეტინგულ სტრატეგიას. საქმიანობის ეფექტიანობას ყოველთვის ვზომავ მარკეტინგული მეტრიკებით, სადაც ციფრებით შეგიძლია შედეგების ანალიზი. შედეგი სხვადასხვანაირი დგება, თუმცა მაქვს სიტუაციის კარგად შეფასების შესაძლებლობა.

ვფიქრობ, დღეს კონკურენტულ უპირატესობას აღწევს ის, ვისაც უკეთესი კრეატივი აქვს და კრეატივზე დიდ რესურს ხარჯავს, შესაბამისად, ვცდილობ, ამ მიმართულებით ვიყო აქტიური, მაგრამ სამწუხაროდ დროის რესურსი შეზღუდული მაქვს. ასე, რომ  თაიმ მენეჯმენტის ტრეინინგი ახლიდან უნდა გავიარო 🙂

-რას გააკეთებთ თუ კლიენტი ან მენეჯერი შეეწინააღმდეგება თქვენს პიარ სტრატეგიას?

პიარ სტრატეგიის შემუშავების პროცესში დიდ ყურადღებას ვაქცევ ციფრებით მოყვანილ სტატისტიკას და სხვა გაზომვად ინდიკატორებს, ამ დროს ადვილად კეთდება ანალიზი და იგეგმება კამპანია.

წინააღმდეგობის შემთხვევაში ჩავთვლი, რომ პიარის სტრატეგია აცდენილია ორგანიზაციის სტრატეგიულ მიზნებს და ამოცანებს.

-როგორ განმარტავთ thought leadership-ს?

კონკურენტული უპირატესობა, ბაზრის საჭიროებების სხვაზე ადრე განსაზღვრა და შენი ბიზნეს ამოცანების ადვილად მიღწევის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება.

-რა არის ყველაზე საინტერესო პიარ სფეროში მუშაობაში. რას გააუმჯობესებდით?

ჩემთვის ყველაზე საინტერესო ორგანიზაციის იმიჯის მართვაა, ვინაიდან ბრენდი უნდა იყოს მეტი ვიდრე ლოგო, სლოგანი და კორპორატიული ფერები. მნიშვნელოვანია ისეთი რეპუტაციის შექმნა, რომელიც ცნობიერებაში ასოცირდება ნდობასთან და პოზიტიურ მოლოდინთან, რაც ხშირად გაყიდვების ზრდის საშუალებაც არის. 

Share Button