რას „გვაპარებს“ პიარსკოლა?

რას „გვაპარებს“ პიარსკოლა?

ბრენდინგის ლექცია დაგვეწყო. ლექტორმა, ეკო ჩუბინიძემ სტუდენტებს მოგვაყოლა ვინ ვიყავით და რამ მოგვიყვანა პიარსკოლაში. ამ დროისთვის უკვე პროექტზე სამუშაო ჯგუფებად გადანაწილებული ვიყავით. ყველამ ჩამოვთვალეთ სხვადასხვა მოსვლის მიზეზი და მოვიდა ჩემი სუპერ ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, ნიკა დევდარიანის ჯერი. ნიკამ არც აცია, არც აცხელა და ამ მიზეზებზე საუბრის დროს აღნიშნა – ბედნიერი ვარ, აქ რომ ასეთი მეგობრები შევიძინეო. რა თქმა უნდა, ამ განცხადებაზე „ცრემლი მოგვადგა კომენტარები“ არ დაგვიშურებია, მაგრამ ჯგუფის წევრებმა მართლა ვიგრძენით, რომ ყველანაირი „პიარული უნარ-ჩვევების გაუმჯობესების“ მიზნის დასახელების გარეშე, ნიკამ ყველა სტუდენტისთვის უკვე დამდგარი შედეგი დაასახელა.

პიარსკოლაში სწავლის დაწყების დღიდან პოზიტიური ამბები პერმანენტულად იმატებს. თუმცა, არც ე.წ. სიმწრის ცრემლები დაგკვლებია. ჩემი ჯგუფი პანტომიმის თეატრის კონკრეტულ პროექტზე მუშაობს და ერთ-ერთი სამუშაო შეხვედრა სწორედ თეატრში გაიმართა. სპექტაკლი, ოკუპაციის თემაზე, საუკეთესო საშუალება იყო პატრიოტიზმისა და უსამართლობის განცდების ერთობლიობის სადემონსტრაციოდ. მაგრამ, კრიტიკულად მნიშვნელოვანი კითხვა, რაც იქ დაგვებადა და ასევე სამომავლო გეგმების საწყისი წერტილიც გახდა, იყო –  „ეს თეატრი გაცილებით მეტ დაფასებას იმსახურებს – რა გავაკეთოთ ამისთვის?“

ეფექტური კომუნიკაციების ლექციებზე ასევე ერთ-ერთი ჯგუფური დავალება იყო, შეგვექმნა არარსებული პროდუქტი და წარმოგვედგინა პრეზენტაციის სახით. სწორედ ამ პრეზენტაციაზე მუშაობის დროს „შეიკრა“ ჩვენი ხუთეული (ახლა უკვე შვიდეული) და გამოვიგონეთ ბალიში, რომელიც ძილის დროს გონებაში ინფორმაციებს მხოლოდ ფიზიკურად და მენტალურად დატვირთულ, „გადამწვარ“ ადამიანებს უტვირთავდა. საბოლოო ჯამში, მშვენიერი გამოვიდა. ჰოდა, ამ ბალიშის იმედზე ვართ ახლაც, რომ ყოველ დედლაინამდე გადავიწვებით და მერე საკუთარ გამოგონებას ავამუშავებთ. არა, მართლა, „ზარმაცები, მაგრამ ნიჭიერები“ არ ვართ.

ალბათ შეამჩნიეთ, რომ რამდენიმე ზემოაღნიშნული ამოცანა სახალისო და საინტერესო პროცესი იქნებოდა. თუმცა, გაუს და კერძოდ პიარსკოლის სასწავლო მეთოდები რომ უკეთ გაგაცნოთ, აუცილებლად უნდა იცოდეთ ერთი რამ – დავალებების მიღების დროს,  გგონიათ, რომ ყველა ბედნიერია და ყველაფერი იდეალურადაა. ასევე გგონიათ, რომ მარტო არ ხართ და თქვენ ირგვლივ უამრავი დამხმარე ხელია…

მაგრამ, ნუ მოტყუვდებით, მეგობრებო! ამ მარტივად მოწოდებული ამოცანების უკან დგას თავდაუზოგავი მუშაობა, მუდმივი კვლევა და უამრავი გამოწვევა. მაგალითად, ისეთი გამოწვევა, როგორიცაა ჩვენს შემთხვევაში, პანტომიმის თეატრის შესახებ ცნობიერების ამაღლება, მათი შემოსავლების გაზრდა, მსახიობებისთვის სამუშაო პირობების გაუმჯობესება და ასევე, ერთ-ერთი ურთულესი გამოწვევა, რომლის შესრულებაც ნამდვილად გაგვიჭირდა, შაბათს „ფაბრიკაში“ პროექტზე სამუშაოდ ჯდომა. დიახ, თან შაბათს, თან „ფაბრიკაში“, თან „სამუშაოდ“ და თან „ჯდომა.“

ასე, რომ თავის დროზე ჩვენც სასიამოვნოდ მოტყუებულნი დავრჩით და მივხვდით, რომ რეალურად ბევრი, ძალიან ბევრი საქმე ასე მარტივად და პოზიტიურად „შემოგვაპარეს.“